ავტომფლობელებს 2017 წლამდე არ შეაწუხებენ

ავტომფლობელებს 2017 წლამდე არ შეაწუხებენ

ავტომობილების ტექდათვალიერება რომ ნამდვილად გადაიდო, ამას ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს. 2013 წლიდან მოყოლებული ეს უკვე მეორე გადადებაა.

ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ ბოლო დროს გავრცელებულ ინფორმაციას თითქოსდა 2015 წლის 1-ლი მარტიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება აღდგება. მათი ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციის შედეგად მთავრობამ 2017 წლისთვის გადადო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, იმ სტანდარტებზე ერთბაშად გადასვლა, რომელიც ევროპაშია, ალბათ, მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნება. თუმცა, ტექდათვალიერების ორიწლით გადადება არ გულისხმობს იმას, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ახლავე არ დაიწყება. მინისტრის შეფასებით, სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სტრატეგია, რათა ქვეყანა 2017 წელს მომზადებული შეხვდეს.

ექსპერტების აზრით, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შედეგად მინიმუმ 300 000 ადამიანი ავტომობილის გარეშე დარჩებოდა. ამიტომ დროებითი გადავადება ვითარებას ცოტათი განმუხტავს.

კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენელი, ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ტექნიკური დათვალიერების ნორმები 2 კრიტერიუმად იყოფა: ეკოლოგიური და საგზაო უსაფრთხოება.

„ჯერ ეკოლოგიურ უსაფრთხოებას შევეხოთ: ავტომობილის გამონაბოლქვში ტოქსიკური აირები გარკვეულ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ამის გამო ავტომობილს აქვს სპეციალური კატალიზატორი, რომელიც ატმოსფეროში გამოფრქვეული მავნე აირების გამოყოფას ხელს უშლის და აჩერებს, მაგრამ საქართველოში ძალიან დაბალი ხარისხის საწვავია, ჩვენ ვიყენებთ აზერბაიჯანულ საწვავს, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს, შესაბამისად, კატალიზატორებიც ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან და მათ ხსნიდნენ.

ხშირად მძღოლები კატალიზატორს იღებდნენ იმიტომაც, რომ ის ძვირადღირებული ლითონისაგან იყო დამზადებული და ჩამბარებელ პუნქტებში აბარებდნენ. ამასთანავე, არსებობდა მითი, რომ კატალიზატორის ამოღებით საწვავის ეკონომიას შეძლებდნენ - სწორედ ამ სამმა ფაქტორმა განაპირობა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ავტომფლობელების 80 პროცენტს მანქანიდან კატალიზატორი ამოღებული აქვს, ხოლო თუ ავტომობილს კატალიზატორი არა აქვს, ის ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმებს.

არანაკლებ მნიშვნელოვანი კრიტერიუმია გამართული სამუხრუჭე სისტემა, განათების სისტემა და მაშუქები. ეს ყველაფერი მწყობრში უნდა იყოს, ისევე, როგორც საქარე მინა და ცეცლმაქრი, ავტომობილში აუცილებლად უნდა იყოს საავტომობილო აფთიაქი და სხვა ბევრი წვრილმანი რამ... ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა მოთხოვნებია, მაგალითად, გერმანიაში 600-მდე კრიტერიუმი არსებობს, რომელიც ავტომანქანამ ტექდათვალიერების დროს უნდა გაიაროს.

საქართველოში ეს ნორმები რომ გადმოვიღოთ, ჩვენი ავტომობილების 80 პროცენტზე მეტი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ამიტომ, ჩვენ ჯერ მინიმალური მოთხოვნებით უნდა დავიწყოთ, როგორიც თუნდაც საავტომობილო აფთიაქი, ცეცხლმაქრი ან სამუხრუჭე სისტემაა და მერე გადავიდეთ უფრო რთულ ეტაპზე. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირებულობა, რომ ის არ მოხდეს, რაც ღვედების შემოღების შემდეგ მოხდა: ეს ცვლილება ერთი ხელის მოსმით შემოიღეს, რამაც საზოგადოებაში ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია“, - აცხადებს ურუშაძე.

ავტომობილებზე სავალდებულო ტექდათვალიერება 2004 წელს გაუქმდა. მაშინ „საგზაო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში გაკეთდა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ტექდათვალიერება 2013 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა განახლებულიყო, თუმცა პროცესი ჯერ 2015 წლამდე გადაიდო, ახლა კი - 2017-მდე.