რუსეთი და უკრაინა დეფოლტის საფრთხის წინაშე დგანან. ამ ქვეყნების ეკონომიკური კატასტროფა საქართველოსაც სერიოზულად დააზარალებს. ინფლაცია და ვალუტის დევალვაცია, შესაძლოა, ვეღარც ჩვენ ავიცილოთ თავიდან.
რუსეთის სახელმწიფო დუმის საბიუჯეტო და საგადასახადო კომიტეტი მიმოქცევიდან ამერიკული დოლარის ამოღების საკითხს უახლოეს ხანში განიხილავს. სათათბიროს დეპუტატის ევგენი ფედოროვის განმარტებით, რადიკალური ზომის გატარება ხელს რუსული ვალუტის გამყარებას შეუწყობს. „მთავარია ახლა ეკონომიკას მივხედოთ. ჩვენ უნდა შევზღუდოთ დოლარის მიმოქცევა და ყველა სისტემა რუბლზე უნდა გადავიყვანოთ, მათ შორის, კრედიტირებაც და ინვესტიციებიც“, - განაცხადა ფედოროვმა.
ამგვარი გადაწყვეტილებისა და ზოგადად ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, ამერიკელი ფინანსისტი ჯორჯ სოროსი მიიჩნევს, რომ რუსეთში, შესაძლოა, დეფოლტი მოხდეს.
როგორც სოროსი თავის სტატიაში წერს, სანქციებმა და ნავთობზე მსოფლიო ფასის ვარდნამ რუსული ეკონომიკა სერიოზულად დააზარალა და 1998 წლის მსგავსი ფინანსური კრიზისი გამოიწვია. „თუმცა, 1998 წლისგან განსხვავებით, რუსეთის საგარეო ვალი კერძო სექტორზე გადის, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ კრიზისი რუსეთში დეფოლტს გამოიწვევს. მოვლენების ამ სცენარით განვითარებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება როგორც მსოფლიო, ისე ევროკავშირის ეკონომიკისთვის“, - იქვე მიანიშნებს ამერიკელი ფინანსისტი.
დეფოლტის წინაშე მარტოოდენ რუსეთი არ დგას, იგივე რისკის წინაშეა უკრაინაც. ამ ქვეყნის ეკონომიკას კოლაფსს ლამის, ყოველ დღე უწინასწარმეტყველებენ. საქმე ისაა, რომ დეფოლტის თავიდან ასაცილებლად უკრაინას კიდევ 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება იმ 17 მილიარდის გარდა, რომელიც უკვე გამოუყვეს. ამდენი თანხის მოზიდვა კი უკვე ძალიან რთულია. უკრაინის ეკონომიკის ახალმა მინისტრმა აივარას აბრომავიჩუსმა უკვე განაცხადა კიდეც, რომ უკრაინა, არსებითად უკვე ბანკროტია.
კიევის უარი, შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, კრედიტორებს აიძულებს გაყიდონ ობლიგაციები. სამშაბათს 2017 წელს დასაფარი ობლიგაციები რეკორდულად დაბალ ფასად იყიდებოდა. ქვეყნის ვალის ტვირთი გაცილებით დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო.
„რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ და ქვეყნის აღმოსავლეთის სამრეწველო რაიონების ამბოხებულთა მხარდაჭერამ დაანგრია უკრაინის სახელმწიფო ფინანსები და ეკონომიკა“, - აღნიშნავს „ფაინენშელ თაიმსი“.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავდაპირველად იმედოვნებდა, რომ უკრაინის ეკონომიკა 2014 წლის მონაცემებით 5%-ით შემცირდებოდა. ახლა კი გაუარესებული პროგნოზი, ანუ ეკონომიკის 6,5%-იანი ვარდნაც კი ოპტიმისტურად გამოიყურება. ზოგიერთი ეკონომისტი უკრაინის მშპ-ს 8%-ით შემცირებას ელოდება.
ქვეყნის ნაციონალური ბანკის ხელმძღვანელი ვალერია გონტარევა 2014 წლის ოქტომბერში უფრო პესიმისტურ პროგნოზს აკეთებდა და ეკონომიკის 9%-იან რეცესიაზე საუბრობდა.
გარდა საბიუჯეტო დეფიციტისა და გრივნის მკვეთრი დევალვაციისა, უკრაინის სუვერენული ვალი წელს შესაძლოა მშპ-ს 90%-ს გაუტოლდეს.
სავალუტო ფონდის შეფასებით, დეფოლტის თავიდან ასაცილებლად უკრაინას კიდევ 15 მილიარდი დოლარი დასჭირდება. ამ საკითხების განსახილველად სსფ-ს მორიგი ინსპექციის კიევში ჩასვლა 14 იანვარსაა დაგეგმილი.
რა გავლენას მოახდენს ამ ორი ქვეყნის დეფოლტი საქართველოზე, ამის წარმოდგენაც კი რთულია. ორივე მათგანი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, მათ შორის, ექსპორტის კუთხით. ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილიც რუსეთ-უკრაინიდან იგზავნება. ბოლო დროს ტურისტების რაოდენობაც მკვეთრად გაზრდილია. თუკი ორივე ქვეყნის ეკონომიკა კატასტროფას განიცდის, საქართველოც დიდი რისკის წინაშე დადგება.