ენერგეტიკული (ჰ)აბები

ენერგეტიკული (ჰ)აბები

რუსული მედია ამტკიცებს, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბის შექმნას აპირებს, რომელიც ინდუსტრიული „მეგობრობის ხიდის“ ფუნქციას შეასრულებს სამხრეთ კავკასიას, რუსეთსა და ევროკავშირს შორის. ამის თაობაზე განცხადება გიორგი ჭანტურიამ გააკეთა, რომელსაც ენერგეტიკულ ბიზნესში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობდა.

პროექტის ღირებულება 17 მლრდ აშშ დოლარია და მთავარი ინდუსტრიული ცენტრი, ფოთთან ახლოს, სუფსის დასახლებაში უნდა განთავსდეს. ჭანტურიას თქმით, ეს პროექტი ჯერ კიდევ 90-იან წლებში შემუშავდა და დღეს საქართველოს მისი განახლება შეუძლია. მთავარი დამფინანსებლები კი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნები, არამედ რუსეთიც იქნება, რაც პროექტის წარმატების შანსს გაზრდის.

პროექტის განხორციელება შესაძლოა უკვე სექტემბერშიც დაიწყოს. მის ინიციატორად კი, ჭანტურიას თქმით, გამოდის ქართულ-ამერიკული კომპანია „ინტერ ენერჯი გრუპი“. პროექტში აუცილებლად ჩაერთვება აზერბაიჯანიც და ყაზახეთიც, ასევე ამავე ქვეყნებში მოქმედი დასავლური კომპანიები.

გიორგი ჭანტურიას ინფორმაციით, ნოვოროსისკიდან სუფსამდე, აფხაზეთის გავლით მილსადენის მშენებლობის პროექტი არსებობს, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანზე რუსეთის ნავთობსადენების მიერთების შესაძლებელს გახდის.

საქართველოში რუსული მედიის ინფორმაცია მაშინვე აიტაცეს და მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი კომენტარცი გაკეთდა. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძე მთავრობას მოუწოდა განმარტოს, ენერგეტიკული ჰაბის შექმნაში რომელი კომპანიები იქნებიან ჩართულნი. ასეთ პროექტებზე ჭორების დონეზე არ საუბრობენ, შესაბამისად, რა პროექტი მზადდება, უნდა განიმარტოს.

„მთავრობის პოზიცია უნდა მოვისმინოთ და გავიგოთ რაზეა საუბარი. გვაინტერესებს, ამ პროცესში ის კომპანიები თუ მონაწილეობენ, რომლებიც ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობენ. საქართველო ენერგეტიკულ სფეროში რუსეთთან ისედაც თანამშრომლობს, რადგან ქართულ მხარეს ექსპორტზე ელექტროენერგია გააქვს, მაგრამ როცა საუბარია ისეთ კომპანიებზე, რომლებიც დე ფაქტო აფხაზეთში უკანონოდ საქმიანობენ, ეს საქართველოს ინტერსებს პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - განაცხადა ბარამიძემ.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერმა გია ვოლსკიმ კი პირდაპირ განაცხადა, რომ ჰაბის პროექტი, რაზეც გიორგი ჭანტურია საუბრობს, სახელწიფო დონეზე არ განიხილება. მისი ინფორმაციით, ამ თემაზე ჭანტურიამ საუბარი მაშინ დაიწყო, როცა აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა და თბილისის მერობის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.

„ეს პროექტი სახელმწიფო დონეზე არც მაშინ და არც ახლა არ განხილულა. როდესაც ჭანტურია ისეთ მდგომარეობაში ჩააყენეს, რომ თავი ქრისტიან-დემოკრატების სახელით თბილისის მერობის კანდიდატად დააყენა, მას სწორედ ასეთი პროექტი ჰქონდა. დამაინტერესდა, შევხვდი და ვესაუბრე. აღნიშნული პროექტი გულისხმობდა სუფსაში, ამერიკელების ფინანსური მონაწილეობით ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების აშენებას. მაშინ მან ამ პროექტის პრეზიდენტაციაც გამართა. ვკითხე კიდეც, ქალაქის მერობისთვის ბრძოლა ხომ არ შეუშლიდა ხელს პროექტის რეალიზაციაში, რაზეც ბუნდოვანი პასუხი მივიღე“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ვალიშვილი ადასტურებს, რომ სუფსაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე ინვესტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა.

„რამდენიმე თვის წინათ ეკონომიკის სამინისტროში გარკვეული მიწის ნასყიდობასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. იყო ინვესტორი, რომელსაც გერმანელი პარტნიორები ჰყავდა. როგორც მე ვიცი, გიორგი ჭანტურია თავიდან იყო ჩართული, თუმცა შემდგომ ბოლო შეხვედრების დროს ნამდვილად არ მინახავს. იგეგმებოდა გარკვეული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც არ გაფორმებულა. ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ეკონომიკის სამინისტროს ექნება“, - განაცხადა ვალიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, მოლაპარაკებები სუფსის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიაზე გარკვეული მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მიმდინარეობდა, რათა შემდგომ ნავთობგადამამუშავებელი და ქიმიური ქარხანა აშენებულიყო.

„ყოველ შემთხვევაში, იყო მობილური ტიპის ეტაპობრივად განვითარების პერსპექტივა. ბუნებრივია, საუბარი იყო მთავრობასთან გასაფორმებელ გარკვეულ მემორანდუმებზე, რომელიც, ჩემი ინფორმაციით, არ შედგა. მოლაპარაკებები საკმაოდ დიდხანს გაიწელა“, - აღნიშნა ვალიშვილმა.

რა შეეხება იმ ინფორმაციას, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბის აშენებას რუსეთის მონაწილეობით გეგმავს, ვალიშვილს რუსების თაობაზე ინფორმაცია საერთოდ არ აქვს და აცხადებს, რომ ინვესტორს გერმანელი პარტნიორები ჰყავდა.

„ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჰყავდათ გერმანელი პარტნიორები, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები არიან ევროპაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მშენებლობაში, ოპერირებაში“, - განაცხადა ვალიშვილმა და დასძინა, რომ ეს თემა უკვე ბევრი თვეა არ გააქტიურებულა, თავად მოლაპარაკება კი დაახლოებით, ერთი წლის წინ მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ენერგეტიკული ჰაბის იდეის ავტორი გიორგი ჭანტურია 1995-2004 წლებში საქართველოში საერთაშორისო გაზის კორპორაციის პრეზიდენტი იყო, 2004-2010 წლებში კი აზერბაიჯანის სახელმწიფო გაზის კომპანიის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტი ეკავა.