ონლაინ თამაშებს შსს უტევს

ონლაინ თამაშებს შსს უტევს

საქართველოში, შესაძლოა, ონლაინ თამაშები აიკრძალოს. ბოლო 2 წელიწადში ეს მეორე შეტევაა აზარტულ ბიზნესზე. პირველი დეპუტატმა კობა დავითაშვილმა განახორციელა, თუმცა პარლამენტმა მისი კანონპროექტი პირველი მოსმენის შემდეგ დააკონსერვა. ამჯერად სათამაშო ბიზნესს შინაგან საქმეთა სამინისტრო უტევს. ონლაინ თამაშების ამკრძალავი კანონპროექტი შსს-ს უკვე მზად აქვს და მას საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს განსახილველად გადაუგზავნის.

„სხვადასხვა გამოკითხვით, ონლაინთამაშებით არასრულწლოვანთა70 პროცენტია დაკავებული. ეს იყო საჯარო გამოკითხვა და დარწმუნებული ვარ, ეს ციფრი კიდევ უფრო მაღალია. ჩვენ მზად გვაქვს სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც ამის რეგულაციას მოვახდენთ, არა მხოლოდ არასრულწლოვნებთან, არამედ, ზოგადად, სათამაშო ბიზნესთან მიმართებაში. ჩვენ სერიოზულად ვთანამშრომლობდით, ყველა უწყებასთან, იყო გარკვეული შენიშვნები და კანონპროექტიც გვაქვს იმ კონდიციამდე მიყვანილი, რომ პარლამენტს განსახილველად წარვუდგინოთ.

არის კითხვა - რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ეს გადაწყვეტილება ეკონომიკისთვის, მაგრამ ჩვენ უნდა მოვახერხოთ ბალანსის დაცვა ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის უფლებებს შორის. მხოლოდ ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე არ უნდა გადაწყდეს საკითხი. ამით ჩვენ იმ ტენდენციასაც ავუბამთ მხარს, რომელიც, ზოგადად, ევროკავშირისთვის არის დამახასიათებელი. იქ ეს რეგულაციები ცხადზე უცხადესი და აუცილებელი კრიტერიუმია“, -აღნიშნავს შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორია.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, მომავალ წელს ონლაინ თამაშები არ აიკრძალება. თამაშებზე გარკვეულ ასაკამდე დაწესდება შეზღუდვა.

„ონლაინ თამაშების საერთო აკრძალვასთან დაკავშირებით, თუ ასეთი ტიპის კანონპროექტი არსებობს, ეს ეკონომიკის სამინისტროში არ მომზადებულა. საუბარი მიმდინარეობდა მხოლოდ იმაზე, რომ თამაშები გარკვეულ ასაკამდე შეიზღუდოს და გაკონტროლდეს“, -განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან ახვლედიანი კი აცხადებს, რომ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს სხვადასხვა სპორტული ტელეარხის დახურვას, სათამაშო ბიზნესის ჩავარდნას და ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლის ვარდნას. ახვლედიანი კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში „იატაკქვეშა“ აზარტული თამაშების განვითარებას არ გამორიცხავს.

2013 წელს აზარტული და სხვა, ფულზე თამაშებთან დაკავშირებული საწარმოების ჯამურმა ბრუნვამ დაახლოებით 1.213 მილიარდი ლარი შეადგინა. სათამაშო ბიზნესისა და ნებართვის მოსაკრებლის ჯამურმა მოცულობამ კი 105.2 მილიონ ლარს გადააჭარბა, რაც 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 1.4%-ს შეადგენს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, 2014 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, ბაზარზე მოქმედი საწარმოების საერთო რაოდენობა 94 ერთეულს შეადგენს. აქედან 32 მსხვილი საწარმოა.