[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მოდური და გამძლე ბრიტანული ავტომობილი Jaguar-ია. ამ მარკის თითქმის ყველა მოდელი თავისი დროის ჰიტად იქცა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა, რასაც ავტომობილების კომფორტულობა, ორიგინალური დიზაინი და სისწრაფე განაპირობებდა.
ორი უილიამის განთქმული პირმშო
საქვეყნოდ განთქმულ მარკას საფუძველი 1922 წელს ჩაეყარა, როცა ინგლისელებმა - უილიამ ლაიონსმა და უილიამ უოლმსლიმ ფირმა Slallow Sidecars (SS) დააარსეს. თავდაპირველად იგი მოტოციკლების ეტლებს ამზადებდა, შემდეგ კი ცნობილი მარკების, მათ შორის Austin-ის, Wolseley-ის და Fiat-ის ავტომობილებზე ორიგინალური ძარების დადგმა დაიწყო.
ეს გადაკეთებული ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ფირმამ ნამდვილ წარმატებას 1931 წლის შემდეგ მიაღწია, როცა Standard-ის შასიზე სპორტული ხასიათის მოდელები გამოუშვეს. შედეგად, აბრევიატურამ SS ახალი გაფიშვრა - Standard Slalow მიიღო.
1931 წელს გამოვიდა ძვირფასი მოდელი SS1, ერთი წლის შემდეგ კი უფრო იაფასიანი SS2. 1935 წლიდან SS90-ის გამოსვლით დაიწყო ამ მოდელების მეორე თაობის გამოშვება. 1936 წელს ააწყვეს ორი განთქმული სედანი SS1-1 და SS1-2. სწორედ მათ უწოდეს პირველად Jaguar. 1938 წელს გამოვიდა კიდევ ერთი სედანი ჟაგუარ SS3.
ამ მოდელების წარმოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაკუთრებული ცვლილების გარეშე გაგრძელდა, ეგ იყო, აბრევიატურა SS, რომელიც ცუდ ასოციაციას იწვევდა, MK-თი შეიცვალა.
1949 წელს გამოვიდა Jaguar-ის შემდეგი თაობა MK5, რომელიც ასევე კონსერვატიული გარეგნობით გამოირჩეოდა. ამავდროულად, განახლდა სპორტული მოდელების გამოშვება. კერძოდ, XK120-ს 1948 წლის ლონდონის ავტოსალონზე ისეთი მოწონება ხვდა წილად, რომ მისი სერიული წარმოება გადაწყდა. იგი ძალზე ძლიერი, 3,4 ლიტრიანი, 160 ცხენისძალის მქონე ძრავით გამორიჩეოდა, რომელიც კომპანიის ინჟინრებმა ჯერ კიდევ ომის პერიოდში შექმნეს. ეს ავტომობილი კაბრიოლეტის, კუპეს და როდსტერის სახით გამოდიოდა. იგი საათში 193 კმ სისწრაფეს ანვითარებდა და ყველაზე სწრაფ სერიულ ავტომობილად იყო აღიარებული.
ამ სერიის გაგრძელება გახლდათ 1954 წელს გამოშვებული XK140 და 1957 წლის XK150. ორივე ეს მოდელი წინამორბედზე ბევრად სწრაფი და ძლიერი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა. ამ პერიოდში, კერძოდ, 1951-53 წლებში გამოუშვეს სარბოლო Jaguar C-Type-ის 54 ეგზემპლარი, 1954-57 წლებში კი აიწყო 88 რვა ეგზემპლარი საკულტო მოდელი D-Type. ამ ავტომობილებმა არაერთ
ავტორბოლაში გაიმარჯვეს.
ამავდროულად განახლდა სედანების ხაზიც. 50-იან წლებში გამოვიდა MK7 და MK8. ორივე მათგანი საოცარი კომფორტულობითა და ძლიერი ძრავებით გამოირჩეოდა. 60-იანი წლების დასაწყისში კომპანიამ გამოუშვა განთქმული ნახევრადსპორტული S-Type და E-Type. ყველა ეს მოდელი ძალზე პოპულარული იყო როგორც ბრიტანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის აშშ-ში.
ინდური მომავალი
1960 წელს Jaguar-მა უძველესი ბრიტანული მარკა Daimler შთანთქა, რომელსაც გერმანულ სეხნიასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა. 1966 წელს კი კომპანია Jaguar კონცერნ BMC (British Motor Corporation)-ის, რომელსაც BMH (British Motor Holding) ეწოდა, შემადგენლობაში შევიდა. 1968 წელს განხორციელდა კონცერნ Leyland-თან შერწყმა და ახალ გაერთიანებას British Leyland Motor Corporation ეწოდა.
მიუხედავად ამისა, Jaguar-მა თვითმყობადობა შეინარჩუნა. მისი ავტომობილები კვლავინდებურად გამორჩეული და ძალზეპოპულარული იყო. 1968 წელს გამოვიდა მოდელი XJ, 1972 წელს კი ჰიტად ქცეული XJ12, რომელიც 253 ცხენისძალიანი, 12 ცილინდრიანი ძრავით იყო აღჭურვილი.
კომპანია სულ უფრო და უფრო ძლიერ და სწრაფ მოდელებს ქმნიდა. 1975 წელს ააწყვეს მოდელი XJS, თუმცა, სისწრაფის მოყვარულთათვის ნამდვილი საჩუქარი XJ220 იყო, რომელიც 1988 წელს გამოვიდა. ეს უცნაური, ლამის ფანტასტიკური ფორმის, საოცარი აეროდინამიკური ძარის მქონე ავტომობილი 549 ცხენისძალიანი, 3,5 ლიტრიანი, ორტურბინიანი ძრავით იყო აღჭურვილი. ამასთან, მას ოთხივე თვალი წამყვანი ჰქონდა. ეს მოდელი კარგა ხნის განმავლობაში უსწრაფეს სერიულ ავტომობილად ითვლებოდა.
1989 წელს Jaguar კონცერნ Ford-ის, რომელიც განთქმული ევროპული ბრენდების ხელში ჩაგდებისაკენ ისწრაფვოდა, შემადგენლობაში შევიდა. მართალია, ამერიკულმა მენეჯმენტმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა, მაგრამ კომპანიის ნაწარმი კვლავინდებურად სრულიად გამორჩეული იყო.
1996 წელს გამოვიდა სპორტული მოდელი XKB, 2000 წლის ჰიტი კი ახალი თაობის S-Type, ერთი წლის შემდეგ კი X-Type გახდა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი Ford Mondeo-ს პლატფორმაზეა აწყობილი.
წელს მძიმე ფინანსური სიტუაციის გამო კონცერნმა Ford–მა თავისი რამდენიმე განყოფილება, მათ შორის Jaguar გაყიდა. კლასიკური ბრიტანული მარკების ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენლის ახალი მფლობელი ინდური კონცერნი Tata Motors გახლავთ.