გივი თარგამაძის ძმა, გიგა ბოკერიას მამა, მისივე ცოლისდა, ქვისლი; გიგი უგულავას სიდედრი, ძმა და ბიძა

გივი თარგამაძის ძმა, გიგა ბოკერიას მამა, მისივე ცოლისდა, ქვისლი; გიგი უგულავას სიდედრი, ძმა და ბიძა

არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიცია" "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ბიზნესის ტერორსა და რეკეტის ფაქტებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას ასაჯაროებს. 

"კვირის ქრონიკას" გურამ ადამაშვილი ესაუბრა: 

- საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას, რომ იცოდნენ, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში. ინფორმაციას ვაწვდით ასევე, მთავარ პროკურატურას. არასამთავრობო ორგანიზაცია "პოზიციას" აქვს გონივრული ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმე გვქონდეს გარკვეულ დანაშაულთან. 

- რა დანაშაულებს გულისხმობთ? 
- ამ ორგანიზაციებს მოგებული აქვთ გარკვეული სახელმწიფო ტენდერები. საინტერესოა ის, რომ წლების განმავლობაში, ეს კომპანიები არ იცვლებიან, უბრალოდ ენაცვლებიან ერთმანეთს. ყველაზე მეტად დაგვაეჭვა იმან, რომ გიგი უგულავას ბიძას აქვს ერთი შპს, რომლის წლიური ბრუნვაც მილიონ-ნახევარზე მეტია და მისი საქმიანობა დაკავშირებულია, ძირითადად კეთილმოწყობის საკითხებთან, კონკრეტულად, უკავშირდება მერიასა და იმ პერიოდს, როცა გიგი უგულავა არის ქალაქის მერი. "ხელი ხელს ჰბანს" პრინციპი იყო აქ, გიგი იყო მერი, ბიძამისს ჰქონდა შპს, რომლის საქმეც იყო კეთილმოწყობა, ფოიერვერკები და ა.შ. ასევე დასაეჭვებელია ის გარემოება, რომ გარდა შპს-ებისა, ფიგურირებს არაკომერციული იურიდიული პირები, კერძოდ ფონდები. ასეთი ფონდი აქვს გიგა ბოკერიას ქვისლს, კახაბერ ნინუას, რომელიც წლიურად ქველმოქმედების სახით იღებს მილიონ-ნახევარზე მეტ ლარს. ქველმოქმედება კარგია, მაგრამ ამ ქველმოქმედების საშუალებით ხდებოდა გარკვეული თანხების გათეთრება, დამალვა და ა.შ. დიდი ჩახლართული სქემაა. 

- რა იკვეთება თქვენ მიერ მოკვლეული დოკუმენტაციით? 
- ბიზნესის წილების წართმევით, დამფუძნებლებისა და რეალური მეპატრონეების დაკავებით, შანტაჟითა და მუქარით დაინტერესებულ პირთა შორის იყვნენ - მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რამაზ ნიკოლაიშვილი და დავით სირაძე. აღსანიშნავია, რომ ამ ქმედებებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები. ხშირი იყო, როდესაც ქველმოქმედების საფარქვეშ ბიზნესმენები ხშირად თმობდნენ საკუთარ წილებს. მათ შორის იყო ს/ს "თბილმრეწვმშენი-3", რომლის ხელმძღვანელ გენო ნიჟარაძეს 20 000 ლარის "შეწირვა" მოუხდა "ნაციონალური მოძრაობისთვის". მას შემდეგ კი, რაც კომპანიები "ქველმოქმედების" შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებდნენ, მათზე ხორციელდებოდა ტერორი. მათ შორის იყო კომპანია "ინჟმშენი", რომლის აშენებულიცაა "ქორთიარდ მარიოტი", "თბილისი მარიოტი", პრეზიდენტის სასახლე, თავდაცვის ობიექტები. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ტერორის შედეგად "ინჟმშენი" გაკოტრდა. მისი დირექტორი ნიკო შარაბიძე ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს და 4 თვეში 2 მილიონ ლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. ამგვარი ისტორია აქვს ბენზინგასამართი სადგურების ქსელ "ეკოსაც", რომლის ყველა ობიექტი და მთლიანად ბიზნესი "გალფის" მფლობელობაში ამავე მეთოდით აღმოჩნდა. "ნაციონალები" აღნიშნულ კომპანიას ლობირებას უწევდნენ, რაშიც მნიშვნელოვნად იკვეთება დავით კეზერაშვილის სახელი და გვარი, ისევ როგორც "ვისოლის" შემთხვევაში სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის გვარები. 
დოკუმენტებში, ასევე, საუბარია  თუ რა ბიზნესით იყვნენ დაკავებულები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ შორის იყვნენ: გივი თარგამაძის ძმა - ზაზა თარგამაძე, გიგა ბოკერიას მამა - ლევან ბოკერია, მისივე ცოლისდა - რუსუდან ჩერგოლეიშვილი, ქვისლი - კახაბერ ნინუა. გიგი უგულავას ოჯახიდან: სიდედრი - ნინა კილაძე, ძმა - ირაკლი უგულავა, ბიძა - თამაზ გოგიაშვილი. გივი თარგამაძის ძმა დაკავებული იყო შემდეგი ბიზნესებით - შპს "პაულ შულერ უნდ ირაო გრუპის" 15%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 60 000 000 ლარს აჭარბებდა, შპს "ირაო არტის" 30%-იანი წილის მფლობელი, რომლის ჯამური ბრუნვა 1 350 551 ლარი იყო. გიგა ბოკერიას მამა დაკავებული იყო შემდეგი ბიზნესებით - შპს "ლებოს" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 2 363 606 ლარი იყო, შპს "არქ სტუდია" 20%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 26 523 662 ლარი იყო. მისი ცოლისდა რუსუდან ჩერგოლეიშვილი. შპს "ოლივ დიზაინის" 50%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 14 621 734 ლარი იყო, შპს "ახალი გალერეა" 35%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 161 474 ლარი იყო. მისი ქვისლი კახაბერ ნინუა შპს "გალფ რეისინგის" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 324 487 ლარი იყო. შპს "ჯეოტეკი" 100%-იანი წილის მფლობელი, ფონდი "თანადგომა" დამფუძნებელი, რომლის საერთო შემოსავალი 1552 873 ლარი იყო. გიგი უგულავას ოჯახის წევრები დაკავებულები იყვნენ შემდეგი ბიზნესებით -  სიდედრი ნინა კილაძე - შპს "მანის" 50%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 3 000 000 ლარზე მეტია; ძმა ირაკლი უგულავა შპს "ჯოილენდი" 21%-იანი წილის მფლობელია, რომლის საერთო შემოსავალი 6 500 000 ლარი იყო. ბიძა თამაზ გოგიაშვილი შპს "თ.ფ"-ს 100%-იანი წილის მფლობელი იყო, რომლის საერთო შემოსავალი 3 000 000 ლარი იყო. შპს "ლთ ჯგუფის" 100%-იანი წილის მფლობელი, რომლის საერთო შემოსავალი 631 329 ლარი იყო. 

- ნათესაური კავშირები გადამოწმებულია? იქნება სახელებსა და გვარებში უბრალო დამთხვევაა? 
- ყველა ფაქტი არის გადამოწმებული. დღეს ძალიან მარტივია ადამიანის გადამოწმება პირადი ნომრის მეშვეობით.