ზურაბ ჟვანია წყლის მაფიამ მოიშორა?  პრემიერის გარდაცვალების ახალი სკანდალური ვერსია

ზურაბ ჟვანია წყლის მაფიამ მოიშორა? პრემიერის გარდაცვალების ახალი სკანდალური ვერსია

პრემიერის გარდაცვალების ახალი სკანდალური ვერსია და გაკოტრებული ბიზნესმენის, ზურაბ მაისურაძის ირიბი მტკიცებულებები - რატომ ფიგურირებენ საქმეში ლაშა ნაცვლიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ზურაბ ნოღაიდელი, ნინო ბურჯანაძე, გელა ხვედელიძე და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები

გამორიცხული არ არის, რომ ზურაბ ჟვანიას მოშორების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის მწვავე კონფლიქტი, რომელიც წარმოიშვა მიხეილ სააკაშვილის გუნდის უახლოესი წრის წევრებთან სასმელი წყლის ბიზნესის ოლიგარქების ინტერესების ხელყოფის გამო”, - ესაა ამონარიდი წერილიდან, რომელიც ზურაბ მაისურაძემოცნებისხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს არაერთხელ გაუგზავნა. ვინ არის მაისურაძე? - ძველი თაობისთვის ცეკა- ყოფილი ანალიტიკოსი კარგადაა ნაცნობი. ზურაბ მაისურაძე რომ არა, სულიკო ხაბეიშვილის დახვრეტა, პრაქტიკულად, გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მაისურაძემ სისხლის სამართლის საქმე თავდაყირა დააყენა, თუმცა ეს სხვა ისტორიაა... კომუნისტური ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ბატონმა ზურაბმა ხელი ბიზნესს მიჰყო, თუმცა სახელმწიფომ იმდენი ქნა, რომ გააკოტრა. ისე, საგულისხმოა, რომ სახელმწიფოს მაისურაძის მილიონზე მეტი მართებს და ეს რევოლუციამდე სასამართლომაც აღიარა, თუმცა ერთი ქართული ანდაზისა არ იყოს, შეაყარე კედელს ცერცვი... ისევ მცირე ამონარიდი ზურაბ მაისურაძის წერილიდან: “...2002-2005 წლებში კონფლიქტის ფიგურანტები იყვნენ: სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს თავმჯდომარე, ეკონომიკის მინისტრი, კონტროლის პალატის აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტის უფროსი, თბილისის საოლქო და გარდაბნის რაიონის სასამართლოები, სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე ბატონი ლაშა ნაცვლიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი ბატონი გელა ხვედელიძე, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ჯემალ გახოკიძე, რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, გარდაბნის რაიონის გამგებელი, შემდგომში კი, . რუსთავის მერი ნოდარ ნადაშვილი, პრეზიდენტის რწმუნებული-გუბერნატორი ქვემო ქართლში ზურაბ მელიქიშვილი, პირადად ზურაბ ჟვანია, შემდგომ კი, საქართველოს ახალი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც დაასრულა სასმელი წყლის ¹1 ოლიგარქიის დავალების შესრულება...” ზურაბ მაისურაძე არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, იმ ირიბ გარემოებებზე მიანიშნებს, რაც შესაძლოა, პრემიერ ჟვანიას მოცილების საბაბი გამხდარიყო. სხვათა შორის, გაკოტრებულმა ბიზნესმენმა, როგორც თავად ამბობს, ეს ვერსია გოგლა ჟვანიასაც გააცნო, თუმცა სახელმწიფო უწყებებისა არ იყოს, ინტერესი არც მას გამოუჩენია.  

 

ზურაბ მაისურაძე: - ჩემი ცოლის ერთ-ერთი ძმა უკრაინაში, ქალაქ სუმში, ქარხანაში მუშაობდა, სადაც წყლის დანადგარები კეთდებოდა. ქვემო ქართლის გუბერნატორის მაშინდელმა მოადგილემ, მერაბ ასანიშვილმა ყველაფერი ეს იცოდა, დამირეკა და მითხრა, ზურაბ, წყლის სისტემის აღდგენა გვინდა და თუ ამ საქმეს ხელს მოკიდებ, მადლობლები ვიქნებითო.

- ანუ, ხელისუფლებამ .. წყლის ბიზნესში ჩართვა თავად შემოგთავაზათ?

- დიახ...

- დასთანხმდით?

- რუსთავში ჩავედი, ვითარებას გავეცანი - “რუსთავწყლისთვის” გარდაბნის ზოლი, “თბილსრესი” და “ეი-ეს-მტკვარი” უნდა ჩამოგვეცილებინა. საერთოდ, შვიდი ჭა არსებობდა, მაგრამ ორი, როგორც არაპერსპექტიული, ჩამოწერეს, ხუთი ჭის აღდგენა-შეკეთებაზე კი, მილიონობით გრანტი დახარჯეს. ჩვენ სწორედ ამ ორი ჩამოწერილი ჭის ამუშავებას გვთავაზობდნენ, თან პირობა იყო, რომ წყალი მარნეულისთვისაც უნდა მიგვეწოდებინა. მოკლედ, ეს ორი ჭა ათწლიანი იჯარით ავიღეთ.

- თუ გახსოვთ, ეს რომელ წელს მოხდა?

- 2001-ში.

- ობიექტის იჯარით აღების მსურველი, თქვენს გარდა, არავინ იყო?

- კონკურსი ჩატარდა, მაგრამ მონაწილეობა მხოლოდ ჩვენ, ანუ შპს “გიორგიმ” მიიღო... მუშაობა ბიზნეს-გეგმის მიხედვთ დავიწყეთ და 6 თვეში წყალი გავუშვით.

- სარემონტო სამუშაოები რამდენი დაგიჯდათ?

- ასი ათასამდე... მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს წყალს მრიცხველით ვაწვდიდით, თან “რუსთავწყალზე” ორჯერ მეტს... გახსნაზე არც გუბერნატორი მოვიდა, არც - გამგებელი, ანუ ჩვენი მუშაობის დაწყება ყველამ ცივად მიიღო.

- რატომ?

- არ ვიცი...

მუშაობა არცთუ დიდი ხნის დაწყებული გვქონდა, კონტროლის პალატაში დამიძახეს და ლაპარაკი სახელმწიფო ქონების დატაცებაზე დამიწყეს.

- ბატონო ზურაბ, ამბობთ, რომ კონკურსში, რომლითაც ობიექტი ათწლიანი იჯარით გადმოგეცათ, თქვენს გარდა არავინ მონაწილეობდა და სახელმწიფო ქონების დატაცებას რატომღა გაბრალებდნენ?

- მეც ეს შეკითხვა დავსვი, მე რას მედავებით, თუ რამე უკანონობაა, პასუხი იმას მოსთხოვეთ, ვინც კონკურსი გამოაცხადა-მეთქი. მოკლედ, კონტროლის პალატა “მაწვებოდა”, მაგრამ რადგან კერძო კომპანია ვიყავი, ჩემთან ვერ შემოვიდა და “გარდაბანწყალკანალი” შეამოწმა, აქტიც დაწერა... ალბათ, ეგონათ, რომ მივიდოდი და რამეს შევთავაზებდი.

- ორი ჭის იჯარით გაცემაზე კონკურსი ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციამ ჩაატარა?

- არა, გარდაბნის რაიონის ქონების მართვის სააგენტომ, თუმცა ყველაფერი “ზემოთ” იყო შეთანხმებული...

ვანო, სინამდვილეში, იცი, რა მოხდა? - ამ ორი ჭის ამუშავებას არავინ ელოდა და ერთხანობას, მის დაჭრას და ჯართში ჩაბარებასაც აპირებდნენ, მაგრამ უცებ დაინახეს, რომ საქმე კარგად წავიდა და სახელმწიფო კომპანიებს, რომლებიც 4-მილიონიან გრანტს ელოდებოდნენ, ჩვენი სახით, კონკურენტი გამოუჩნდათ, ანუ ჩათვალეს, რომ ამ ფულიდან წილს მეც მოვითხოვდი.

- ამ გრანტს ვინ იძლეოდა?

- სახელმწიფო.

- თუკი სახელმწიფოს ამდენი ფული ჰქონდა, ის ორი ჭა კერძო პირს რატომღა მისცა?

- ორივე ჭა სახელმწიფო კომისიამ ისე შეაფასა, როგორც უპერსპექტივო და ჩამოწერა.

- ესე იგი, 4 მილიონი დანარჩენი ხუთი ჭისთვის უნდა გაცემულიყო?

- დიახ.

- ხუთ ჭასთან, როგორც ვხვდები, შეხება არ გქონდათ და გრანტიდან წილს როგორ მოითხოვდით?

- გრანტი ქვემო ქართლის წყალსადენზე უნდა გამოყოფილიყო. გარდა ამისა, წყალი გავაიაფეთ - სახელმწიფო კომპანიები წყალს 1 ლარად და 10 თეთრად ყიდდნე, ჩვენ კი, - 0,70 თეთრად... მიუხედავად ამისა, მაგალითად, “რუსთავწყალს” მილიონობით ზარალი ჰქოდა, ჩვენ კი, - 9 თვეში, როგორც აღვიშნე, 600 ათასი მოგება ვაჩვენეთ. ელექტროენერგიის ხარჯიც ხუთჯერ შევამცირეთ.

- წყალი მოსახლეობას გაუიაფეთ?

- მხოლოდ მოსახლეობას კი არა, “თბლისრესსა” და “ეი-ეს-მტკვარსაც”, მაგრამ ფულს არ გვიხდიდნენ და, როგორც იტყვიან, “გავიჭედეთ”.

- ფული ვის უნდა გადაეხადა?

- “გარდაბანწყალკანალ”, “ეი-ეს-მტკვარსა” და “თბილსრესს” უნდა გადაეხადა. 9 თვე ვიმუშავეთ და სუფთა მოგება 600 ათასი ვანახეთ, ბიუჯეტში კი, 160 ათასი უნდა შეგვეტანა, მაგრამ ფული არ იყო და რას შევიტანდით? ისე, ყველაფერი ოფიციალურად და გამჭვირვალედ გვქონდა გაფორმებული.

- მოგებაც მხოლოდ ქაღალდზე მიიღეთ?

- დიახ, ხომ გითხარით, რომ ფულს არ გვიხდიდნენ?.. მოკლედ, ერთი ამბავი ატყდა.

- რატომ?

- ჩვენ პატარა კომპანია ვიყავით. სხვა დიდი საწარმოები კი, ჯერ ერთი, დოტაციაზე იყვნენ, მეორეც, გეგმიური დანაკარგი 40 პროცენტი ჰქონდათ... ერთი სიტყვით, საქმეში უშიშროება ჩაერია და “გაგვჭედეს”.

- უშიშროებას ბიზნესთან რა ხელი ჰქონდა?

- მაშინ უშიშროება ეკონომიკურ დანაშაულსაც იძიებდა და კონტროლის პალატამ მასალები გადაუგზავნა. 2003 წლის ნოემბერში, უშიშროებამ 800-გვერდიანი მოხსენებითი ბარათი დაწერა. თავდაპირველად ამას ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ მერე დამირეკეს და მითხრეს, უშიშროებაში უნდა მობრძანდეთო.

- მიხვედით?

- არა.

- რატომ?

- უშიშროებაში მაშინ მივიდოდი, თუკი ოფიციალურად დამიბარებდნენ.

- ხომ თქვით, დამირეკესო?

- დარეკვა ოფიციალური დაბარება არაა, ე.წ. უწყება უნდა გამოეგზავნათ... ამასობაში რევოლუციაც მოხდა...

- მაპატიეთ, ბატონო ზურაბ, თავიდანვე გაგიჩნდათ ეჭვი, რომ მაფია გიპირისპირდებოდათ?

- არა. ჯერ ვფიქრობდი, ალბათ, ლევან მამალაძის წინააღმდეგ გვიყენებენ-მეთქი... ქონების წართმევა დააპირეს, მაგრამ არ მივეცი. სასამართლოს მიმართეს, მაგრამ ამითაც ვერაფერს გახდნენ, ანუ სასამართლომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

- ამ დროს ხელისუფლებაში უკვევარდოსნებიარიან?

- პირველი სასამართლო რევოლუციამდე ჩატარდა, მეორე - რევოლუციის მერე, მაგრამ ორივე სასამართლო მოვიგე...

უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ჯემალ გახოკიძეს შევხვდი. ჯემალმა მითხრა, ზურაბ, მჯერა, რომ მართალი ხარ, მაგრამ ამ საქმის შესწავლა პრეზიდენტმა უნდა დამაწეროსო. მაშინ პრეზიდენტის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებდა.

- ბურჯანაძესაც შეხვდით?

- დიახ...

მთავარი, რაშიც ბრალს მდებდნენ, ის იყო, რომ თითქოს ულიცენზიოდ ვმუშაობდი. არადა, ლიცენზია, სინამდვილეში, მქონდა... 1999 წელს პრეზიდენტს სპეციალური ბრძანება გამოუცია, რომლის თანახმადაც, წყლის გადასახადის 90 პროცენტი სახელმწიფოს უნდა დაეფინანსებინა. აქედან გამომდინარე, კონურსის პირობებში, ეს აღნიშნული უნდა ყოფილიყო, მაგრამ გარდაბნის გამგეობამ არ ჩაწერა.

- გამოდის, რომ დამნაშავე თავად სახელმწიფო იყო და თქვენ რატომღა გედავებოდნენ?

- ამბობდნენ, მაისურაძემ საქმე “ჩააწყო”, სახელმწიფოს 400 ათასი არ გამოაყოფინა, რადგან მიზნად “გარდაბანწყალკანალის” გაკოტრება და შემდეგ, მისი შესყიდვა ჰქონდაო.

- სიმართლე გითხრათ, ვერაფერი გავიგე...

- ჯემალ გახოკიძეს ვუთხარი, იდიოტი უნდა ვიყო, რომ სახელმწიფოსგან გამოყოფილ 400 ათასზე უარი მეთქვა. კარგი, დავუშვათ, ობიექტის ხელში ჩაგდება მინდოდა, მაგრამ მთელი ეს ამორტიზებული ქონება 900 ათას ლარადაა შეფასებული, თან ობიექტს ბიუჯეტის მილიონ 700 ათასი მართებს და ამიხსენი, ამ ჭების ხელში ჩაგდება რისთვის მინდოდა-მეთქი.

- გახოკიძემ რა გიპასუხათ?

- უშიშროების მინისტრის მოადგილეს შემახვედრა, რომელიც 4 საათი მელაპარაკა. ხაბურძანიასაც დაურეკეს, რომელმაც თქვა, პანკისში ვარ, ჩამოვალ და გავერკვევიო... ასე იყო თუ ისე, 2003 წლის 31 დეკემბერს, უშიშროების შუამდგომლობით, გენპროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა...

- ბატონო ზურაბ, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ზურაბ ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებას ირიბად .. წყლის მაფიას რატომ უკავშირებთ?

- 2004 წლის თებერვალში, ზურაბს შევხვდი და განცხადება გადავეცი. ჟვანიამ მამრაძეს დაუძახა და უთხრა, პროკურატურამ ეს განცხადება განიხილოს და დაურეკე კიდეცო...

მოკლედ, ზურაბ ჟვანია რომ ჩაერია, საქმე შესუსტდა.

- რას გულისხმობთ?

- პროკურატურამ საქმე გარდაბნის რაიონის პოლიციას გადასცა, რომელმაც ექვსი თვე ათრია და, ბოლოს, დახურა. გარდა ამისა, ხელშეკრულებაც აღგვიდგინეს, მაგრამ ამასობაში, ჟვანია მოკლეს და ყველაფერი თავიდან დაიწყო...

- ახალი მთავრობის უმაღლესი პირებისადმი გაგზავნილ წერილში ლაშა ნაცვლიშვილსა და გელა ხვედელიძესაც ახსენებთ. რატომ?

- ჩვენს წინააღმდეგ პირველი მოხსენებითი ბარათი, ფალსიფიცირებულ მტიცებულებებზე დაყრდნობით, სწორედ ლაშა ნაცვლიშვილმა დაწერა და ეკონომიკის მაშინდელ მინისტრს გაუგზავნა. ხვედელიძემ კი, რომელიც ქვემო ქართლის უშიშროებაში იყო, ამ მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე შუამდგომლობა დააყენა, ანუ სისხლის სამართლის საქმე, პრაქტიკულად, ხვედელიძემ აღძრა.

ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ცოტა ხანს, ბრძოლა კიდევ გავაგრძელე... ამასობაში, გარდაბის ახალმა გამგებელმა, ნადაშვილმა, ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე, მოხსენებითი ბარათი დაწერა, შპს “გიორგი” უსაქმურიაო და გუბერნატორ მელიქიშვილს გაუგზავნა. პარალელურად, ქონების მართვის სააგენტომ სასამართლოში გვიჩივლა და მოითხოვა, რომ სასამართლოს მიერ დადასტურებული მილიონ ორასი ათასი, რომელიც სახელმწიფოს ჩვენთვის უნდა გადაეხადა, ბათილად ეცნო და ამასთან, ჩვენი საიჯარო ხელშეკრულებაც გაექუმებინა, თუმცა სასამართლომ ეს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა და, ჩვენი დაშინებისა და მოშორების მიზნით, წყლის 15-კილომეტრიანი, მოთუნუქებული, სქელკედლიანი მეტალის მილები მიწიდან ამოთხარეს, დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს.

- ეს მილები, სასამართლოს ძალით, ჩამორთმეული გქონდათ?

- არა, მაგრამ ფეხზე არ ეკიდათ, ვის ეკუთვნოდა?..

ქვემო ქართლის ახალ გუბერნატორს, ზურაბ მელიქიშვილსა და პრემიერ ზურაბ ნოღაიდელს განცხადებით მივმართე, 3 კილომეტრის გადარჩენა კიდევ შეიძლება, სასმელი წყალი არ გვინდა, სარწყავზე ვიმუშავებთ და მარნეულ-გარდაბნის საზღვარზე ათას ჰექტარს მოვრწყავთ-მეთქი. განცხადებას მოსახლეობის ხელმოწერებიც დავურთე. მელიქიშვილთან შეხვედრასაც ვეცადე, მაგრამ არ მიმიღო...

- მაინც, ვერ გავიგე, ჟვანიას გარდაცვალებასწყლის მაფიასრატომ უკავშირებთ?

- ყველაფერი ერთმანეთს ემთხვევა.

- მაინც, რა ყველაფერი?

- ჟვანია რომ ჩაერია, ხომ გითხარით, რომ ყველაფერი უკეთ წავიდა, მისი მოკვლის შემდეგ კი, “გარდაბანწყალკანალი” და “რუსთავწყალი” გაყიდეს.

- “გარდაბანწყალკანალისადარუსთავწყალისგაყიდვას მაშინაც მოახერხებდნენ, თქვენი ბიზნესი რომ არ გაჩერებულიყო...

- ვერ მოახერხებდნენ...

- ახლა, სახელმწიფოს რას ედავებით?

- დღეს ასეთი მდგომარეობაა: ყველაფერ ზემოთქმულის ფონზე, სახელმწიფო ჯარიმას მაკისრებს, რომელიც უკვე 800 ათასზე ავიდა.

- ჯარიმას რის საფუძველზე გაკისრებთ?

- წესია ასეთი: რახან თავის დროზე 600 ათასი მოგება ვანახეთ, მოგების გადასახადი უნდა გადავიხადოთ.

- კი ბატონო, მაგრამ ეს მოგება ხომ მხოლოდ ქაღალდზეა, ანუ სახელმწიფომ ვალი არ გადაგიხადათ და შესაბამისად, ვერც მოგების გადასახადი დაფარეთ?

- დიახ, მაგრამ ეს ფეხზე ჰკიდიათ... სახელმწიფოსთან პრეტენზიები მეც მაქვს და მილიონ 200 ათასს ვითხოვ.

- რატომ?

- ეს ის ფულია, რომლის გადახდაც სასამართლომ სახელმწიფოს ჯერ კიდევ რევოლუციამდე დააკისრა.

- “ნაციონალები” 800 ათასის გადახდას არ გაიძულებდნენ?

- არა... ქონება არ მქონდა, რომ წაერთმიათ. ჯარიმა რომ გადავიხადო, მაშინ ჩემი დავალიანება ჯერ სახელმწიფომ უნდა დაფაროს. ამ დავაში, სახელმწიფომ ჩემი ქონება გაასხვისა და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” მისცა.

- ანუ, თქვენი ფულიჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსმართებს?

- არა, ჩემი ვალი გარდაბანს დაუტოვეს...

- გარდაბანი რას ამბობს, ვალს რატომ არ გიხდითო?

- გარდაბანმა, მე რა შემიძლია, ეკონომიკის სამინისტროს მოსთხოვეო.

- სამინისტრო რა პასუხს გაძლევთ?

- არაფერს, უფრო სწორად, სასამართლოში იდავეო.

- სასამართლოში სარჩელი რატომ არ შეგაქვთ?

- სარჩელის შეტანას ფული უნდა, მე კი, არ მაქვს...

- სასამართლოში, ბაჟის სახით, რამდენი უნდა გადაიხადოთ?

- სადღაც, 5 ათასი დოლარი. ადვოკატსაც ხომ უნდა გადავუხადო?!.. სხვათა შორის, დასახმარებლად აღსრულების ეროვნულ ბიუროსაც მივაკითხე, მაგრამ იქიდან მომწერეს, უძლურები ვართ და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ისევ სასამართლოს მიმართეო...

- ერთი სიტყვით, მოჯადოებულ წრეში ხართ?

- ასე გამოდის...

- თქვენი ქონებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსუკანონოდ მიყიდეს?

- დიახ, თან - პირდაპირი მიყიდვის წესით...

- ბატონო ზურაბ, თქვენი ინფორმაციით, წყლის ბიზნესში დიდი ფული კეთდება?

- გითხარით, რომ 9 თვეში სუფთა მოგება 600 000 ლარი ვანახეთ და ახლა, თავად განსაჯე, რამდენი ფული კეთდება.

- სახელმწიფომ ერთი თვის დავალიანება რომ არ გადაგიხადათ, მუშაობა რატომ გააგრძელეთ და ვალი თავიდანვე რატომ არ მოითხოვეთ?

- მოვითხოვეთ.

- მერე?

- გვეუბნებოდნენ, ფული არ გვაქვს, მაგრამ რამეს ვიზამთო. მერე, ახალი წელი მოდიოდა და გვთხოვეს, წყლის მიწოდება არ შეწყვიტოთ, თორემ ხალხი აბუნტდებაო...

- მოკლედ, არავინ ელოდა, რომ ორ უვარგის ჭას მომგებიანს გახდიდით, არა?

- დიახ...

- ბატონო ზურაბ, ამხელა მოგება რომ არ გეჩვენებინათ, პრობლემები ხომ არ შეგექმნებოდათ?

- აბა, მოგებას ხომ არ დავმალავდი? სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ მადლობას გადამიხდიდნენ. სხვათა შორის, შპს “გიორგი” საქართველოში, წყლის დარგში, პირველი კერძო კომპანია იყო...

ძნელი სათქმელია, გამოძიება ზურაბ მაისურაძის ვერსიითა და არაპირდაპირი მტკიცებულებებით დაინტერესდება თუ არა, თუმცა ფაქტია: ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შეკითხვები იმატებს და ამას სახალხო დამცველიც ადასტურებს.

ქართულ საინფორმაციო სააგენტოინტერპრესნიუსთანსაუბრისას, უჩა ნანუაშვილმა განაცხადა: “იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებმა ეჭვი არ გააჩინოს, მნიშვნელოვანია, ყველა საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, მათ შორის - ექსგუმაცია...” ნანუაშვილის თქმითვე, კითხვის ნიშნები არსებობს ბრალდებულ ძაძამიასთან დაკავშირებითაც, რომელიც ორი დღის წინ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

ჩვენ დავიწყეთ ამ საქმის შესწავლა, საუბარია არა მხოლოდ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ წარმოებულ საქმეზე, არამედ, იმ დაკავებებთან დაკავშირებით, რომელიც განხორციელდა წლის განმავლობაში, კერძოდ, სამი ადამიანის ბრალდებულად ცნობაზე. პრობლემები გამოძიებაში არსებობს და ფაქტია, რომ ძალიან ბევრ კითხვას პასუხი კვლავ არ გასცემია. ბუნდოვანებით არის მოცული არა მხოლოდ გარდაცვალებასთან დაკავშირებული პერიპეტიები, არამედ, ის საკითხებიც, რომლებიც უკავშირდებოდა ძაძამიას დაკავებას და შემდგომ, მის გათავისუფლებას. ასევე, კითხვის ნიშნები არსებობს ბრალდებულ ექსპერტთან დაკავშირებით. როდესაც კითხვები არსებობს, პროკურატურამ ნათელი უნდა მოჰფინოს და ღია, გამჭვირვალე უნდა გახადოს პროცესი. ვიცით, რომ მოლოდინი და ინტერესი საზოგადოების მხრიდან ძალიან დიდია... საქმეში კი, კვლავ არის კითხვის ნიშნები. რეალურად, წლის განმავლობაში არც ერთ ამ კითხვას პასუხი არ გასცემია, პირიქით, კიდევ უფრო გაიზარდა კითხვის ნიშნები. თუკი რეალურად მიდის გამოძიება, ვფიქრობ, ყველა ის ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული, რომელიც გამოძიებას გახდის სრულყოფილს და გამოტანილ გადაწყვეტილებაზე არავის ეჭვი არ შეეპარება”, - ამბობს სახალხო დამცველი...