,,პატიმრები გვემუქრებიან, თვითდაზიანებას მივიყენებთ და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო'
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რეფორმებისთვის ემზადება, თუმცა მანამდე ერთ მთავარ პრობლემასთან გამკლავება მოუწევს _ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის პატიმრები ადმინისტრაციას მასობრივი შიმშილობითა და თვითდაზიანებით ემუქრებიან. პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ,,ვერსიასთან' სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე, კახი კახიშვილი საუბრობს.
- თითქმის ორი თვეა, საჯარო მოხელე გახდით. რა შეიცვალა პენიტენციალურ სისტემაში თქვენი მოსვლის შემდეგ?
- თუ პენიტენციალურ სისტემაში დღეს არსებულ ვითარებას 2012 წელთან შევადარებთ, განსხვავება საკმაოდ დიდია. დღეს ყველამ იცის, პატიმრებს ადმინისტრაცია არ სცემს და არ აწამებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა აღარ არსებობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მსჯავრდებულებმა, რომლებიც 2012 წლამდე ადმინისტრაციასთან ცემა- წამების შიშით მეტნაკლებად თანამშრომლობდნენ, ბერკეტების ხელში ასაღებად სხვადასხვა მეთოდის გამოყენება სცადეს. ციხეებში ე.წ. ქურდული ტრადიციები მხოლოდ იდეოლოგიას არ გულისხმობს. ის დაკავშირებულია სოლიდურ ფულთან, ე.წ. ობშიაკებთან, იძულებით თამაშებსა და სხვა ადამიანების ფიზიკურ წამებასთან.
- ციხეებში ე.წ. ქურდული მენტალიტეტის არსებობას სამინისტროს წინა ხელმძღვანელობა კატეგორიულად უარყოფდა. თქვენ როგორ უმკლავდებით პრობლემას?
- პატიმრების ნაწილს ,,მაყურებლობა' მაინცდამაინც ქურდული ტრადიციების დასამკვიდრებლად კი არა, იმის გამო უნდა, სხვა პატიმრების ხარჯზე იცხოვრონ, რასაც არ დავუშვებთ. სერიოზული სტრუქტურული ცვლილებებისთვის ვემზადებით. უახლოეს მომავალში საქართველოს კანონმდებლობაში 38 ცვლილების შეტანა იგეგმება, რათა ეს სისტემა მართვის კუთხითაც ბევრად ეფექტური გახდეს. გარდა ამისა, მსჯავრდებულს ორ გზას შევთავაზებთ. ერთია ავჭალისა და ლაითურის მკაცრი რეჟიმის დაწესებულება, სადაც პატიმრებს პაემნები შეზღუდულად დაუწესდებათ და ამანათებსაც განსაზღვრული რაოდენობით მიიღებენ და მეორე - თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც პატიმრებს შესაძლებლობა ექნებათ, პროფესიას დაეუფლონ, განათლება მიიღონ, შაბათ- კვირას ოჯახის წევრები მოინახულონ... ასეთი პატიმრების საკითხები შეწყალების კომისიაში პრიორიტეტული იქნება. ასე რომ, რეალურად ვზრუნავთ, მსჯავრდებულს არჩევანი შევთავაზოთ. გლდანის ტერიტორიაზე თავისუფლების შეზღუდვის ახალი დაწესებულება უკვე გაიხსნა. ახალი წლიდან, მსგავსი, თერჯოლაშიც გაიხსნება. გარდა ამისა, ევროპული სტრანდარტის შესაბამის პრობაციის ბიუროებს ვაყალიბებთ, რომელიც აბსოლუტურად პატიმრების რესოციალიზაციაზე იქნება ორიენტირებული. ეს სიახლეები მხოლოდ არაქურდული ტრადიციების მიმდევარ პატიმრებს შეეხება.
- მთავარ პრობლემას სწორედ ,,ქურდული მენტალიტეტის' პატიმრები ქმნიან. გლდანის ტერიტორიაზე გახსნილ თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაშიც ამ მენტალიტეტის გამო მხოლოდ 15 პატიმარი გყავთ. ,,მაყურებლებს' რას სთავაზობთ?
- იმ პატიმრებისთვის, ვისაც ,,მაყურებლობა' უნდა, სპეციალური დაწესებულება გაიხსნება და სასჯელის მოხდამდე ერთმანეთის ყურება მოუწევთ. წინასწარ ვიცით, ეს საკმაოდ დიდ პრობლემებთანაა დაკავშირებული. პატიმრები უკვე გვემუქრებიან, თუ ავჭალაში ან ლაითურში გადაგვიყვანთ, თვითდაზიანებას მივიყენებთ და მასობრივ შიმშილობას დავიწყებთო. დიახ, გვევაჭრებიან, მაგრამ მყარად ვდგავართ და პოზიციებს არ დავთმობთ. იდეოლოგიებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს...
- პატიმრები რომ ღიად გევაჭრებიან და გემუქრებიან, ეს ნორმალურია?
- რა გითხრათ... სასაკნო რეჟიმზე გადაყვანილი ,,მაყურებლები' უკმაყოფილოები არიან და ადმინისტრაციას ღიად ემუქრებიან. როგორც წესი, ამას თავად არ აკეთებენ, სხვა პატიმრებს ავალებენ თავი დაიზიანონ და შიმშილობა დაიწყონ.
- გლდანში ჯაჭვებით გადაბმული მსჯავრდებულების პოვნის შემდეგ, გაჩნდა ეჭვი, რომ ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გარდა, ციხის ადმინისტრაციაშიც მართვის პრობლემებია...
- ამ ყველაფერს ვუმკლავდებით. ხომ გეუბნებით, ყოველდღიური ნერვების ომი მიმდინარეობს... მშენებლობის დასრულებას ველოდებით, რომ ასეთი ადამიანების იზოლირება კანონის ფარგლებში შევძლოთ. იმედია, ახალ წლამდე მკაცრი რეჟიმის ერთი დაწესებულება ამოქმედდება. ლაითურის დაწესებულებას, ალბათ, 2015 წლის დასაწყისში გავხსნით. ეს ყველაფერი თანხებთანაა დაკავშირებული. მთავრობაც ბიუჯეტის შესაძლებლობიდან გამომდინარე ითვალისწინებს ჩვენ მოთხოვნებს... ეფექტური მართვისთვის რეფორმათა პაკეტიც შევიმუშავეთ, რომელსაც მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჯერ მთავრობას წარუდგენს, შემდეგ პარლამენტში გადაიგზავნება. ასეთი ფაქტები ყოველთვის მოხდება. კონფლიქტი ციხეში კი არა, ქუჩაში, სანატორიუმებსა და საავადმყოფოებშიც ფიქსირდება. მთავარია, ეს არ დამალო.
- ციხეში ფაქტის დამალვის მცდელობაც დაფიქსირდა, როცა სახალხო დამცველს პატიმრების ადგილსამყოფელთან არ უშვებდნენ.
- დამალვის მცდელობა არ გვქონია. როგორც კი ინციდენტის შესახებ შევიტყვეთ, მასალები უწყებაში არ დავტოვეთ და შემდგომი გამოძიებისთვის პროკურატურაში გადავაგზავნეთ. არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფნისას, სწორედ ამას ვამბობდი - გამოძიება უწყებაში არ უნდა ჩაიკეტოს. პრობლემები ყოველთვის იქნება, მთავარია, კანონიერი მეთოდებით მასთან ბრძოლის სურვილი გვქონდეს.
- რით დასრულდა ეს საქმე, ვინმე დაისაჯა?
- პროკურატურა იძიებს და შედეგს ველოდებით.