მაფიის მეტასტაზები

მაფიის მეტასტაზები

კეზერაშვილის ორი კარტელი: ნავთობი და რეკლამა
საქართველოს ბაზარზე მოქმედი ნავთობკომპანიები მუშაობენ ისეთ ზემოგებაზე, რომელსაც ანალოგი არ მოეძებნება მსოფლიოში. ნაციონალური მოძრაობის დროს გაკოტრებული ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორის თქმით, რომელსაც ფოთში საკუთარი ნავთობტერმინალი წაართვეს, მისი დისტრიბუტორებზე მისაყიდი ფასის მარჟა მხოლოდ 1 თეთრი იყო ერთ ლიტრზე. ზემოხსენებული მოგება მხოლოდ დისტრიბუტორ კომპანიებს რჩებათ, რომელთაგან ზოგი შემომტანიცაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში კომპანიები ერთმანეთის მიერ შემოტანილ საწვავს იყენებენ საცალო ვაჭრობაში, ამიტომ იმპორტის ფასი და საცალო ვაჭრობის ღირებულება ცალკ-ცალკე ითვლება.

ამონარიდი ბიზნესპრესნიუსის სტატიიდან:   
,,პლატცის საერთაშორისო ფასი არის 574 დოლარი, რაც ეროვნულ ვალუტაში 1056 ლარია (1.84 კურსით). ამას ემატება აქციზის გადასახადი - 250 ლარი. ჯამში ვღებულობთ 1306 ლარს. 1 ტონა ბენზინი 1330 ლიტრი მოცულობისაა. თუ 1306 ლარს გავყოფთ 1330 ლიტრზე, მივიღებთ, რომ კომპანიებს 1 ლიტრი საწვავი აქციზის გადასახადთან ერთად 98 თეთრი უჯდებათ. რასაკვირველია, საწვავს ტრანსპორტირება და რეალიზაცია უნდა და ესეც კომპანიის ხარჯია. სანავთობო კომპანიებს ფინანსურ ანგარიშებში მითითებული აქვთ, რომ სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ოდენობა 1 ლიტრზე 10 თეთრს შეადგენს. როგორც დავთვალეთ, 1 ლიტრი საწვავი ყველანაირი ხარჯით 1.08 ლარი ჯდება. ამ თანხას ემატება დღგ _ 18%, რაც 19.4 თეთრია. საბოლოო ჯამში, ყველანაირი ხარჯის ჩათვლით 1 ლიტრი პრემიუმი კომპანიებს დაახლოებით 1.27 ლარი უჯდებათ და საშუალოდ 2.09 ლარად ჰყიდიან ანუ 80-82-თეთრიანი მოგებით. გამოდის, ეს კომპანიები საწვავს 64%-იანი მოგების მარჟით ჰყიდიან, რაც ჩვენი საზოგადოების სამართლიან გულისწყრომას იწვევს'. საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, პრაქტიკულად, არავითარი ცვლილება არ შეხებია ნავთობპროდუქტების სფეროს. არ მომხდარა არც ფასის საგრძნობი შემცირება და არც ბაზარზე მოთამაშე კომპანიების ცვლილება. საწვავის სეგმენტში არსებული მოგების მაღალი მარჟის მიუხედავად, ბაზარზე არცერთი ახალი კომპანია არ გაჩენილა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა მონოპოლისტებს და მოქმედ კარტელს დაშლიდა. შიდაბაზარზე არსებული ფასები მოწყვეტილია მსოფლიოში არსებულ რეალობას.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს დალაგებული სქემები დღესაც აგრძელებენ მუშაობას და მილიონების მოტანას მათი შემქმნელებისთვის. საყოველთაოდ იყო ცნობილი, რომ ,,ლუკოილი' დავით კეზერაშვილის პირად საფულეს წარმოადგენდა თავიდან, ხოლო მოგვიანებით, შპს „მაგნატის“ გაკოტრების შედეგად და მისი ქონების ხელში ჩაგდების შემდეგ, შექმნა კომპანია ,,გალფი', რომლის იურიდიული სახელწოდებაც შპს „სან პეტროლეუმ ჯორჯიაა“. მოცემულ სტატიაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და ექსპერტთა კვლევებში სხვადასხვა დროს მოძიებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით, გვსურს, წარმოგიდგინოთ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიების სქემები, რომლითაც იგი ქართულ ბაზარზე დღემდე ოპერირებს. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი კომპანიიდან ოფშორში დარეგისტრირებულ მთავარ კომპანიამდე ხაზი რამდენიმე ასევე ოფშორულ კომპანიაზე გადის, რაც ართულებს მის როგორც აღმოჩენას, ასევე ფინანსური ნაკადების მიმართულებების შესწავლას. მხოლოდ საქართველოს შიდაბაზარზე კეზერაშვილის სახელთან დაკავშირებულია 50-მდე კომპანია, რომელთაც 2005-დან 2013 წლამდე პერიოდში, უხეში გათვლით, ჯამურად დაახლოებით 4 მილიარდ 645 მილიონი ლარის ბრუნვა გააჩნდათ, რაც წელიწადში საშუალოდ ნახევარ მილიარდზე მეტ თანხას შეადგენს. ამ ასტრონომიული თანხის სათავეში აბსოლუტურად არავითარი ბიზნესწარსულის მქონე დავით კეზერაშვილი მოექცა, რომელიც ვარდების რევოლუციის ჩრდილოვან ავანგარდს შეყვა ხელისუფლებაში და ბიზნესის კონტროლისთვის ყველაზე სტრატეგიულ სამსახურში, ფინანსური პოლიციის უფროსად დაინიშნა უშუალოდ სააკაშვილის მიერ. ბიზნესის პირველადი ძარცვის შემდეგ, კეზერაშვილის მეთაურობით იწყება ისეთი სქემების დალაგება, რაც ნაციონალური მოძრაობის ელიტას საშუალებას მისცემდა საზღვარგარეთ, ოფშორულ ზონებში გაეტანათ მონოპოლისტური საქმიანობით მიღებული ქონება. როგორც სქემაზე ჩანს, ფინანსური პირამიდის სათავეში სეიშელის კუნძულის ოფშორში რეგისტრირებული Fუტურე Pროდუცტს ჩომპანყ დგას, რომელსაც საქართველოში ოფიციალური წარმომადგენლობაც გააჩნდა ადგილობრივი ბიზნესების მაკონტროლებლად. გარდა გადამზიდავებთან, პორტთან, ტერმინალებსა და ვაგონმშენებელ ქარხანასთან დაკავშირებული კომპანიებისა, როგორიცაა შპს ,,არგოტრანსჯორჯია', ,,ქართული სალოკომოტივო კომპანია', სს ,,ფოთის საზღვაო ნავსადგური', შპს ,,ჩენელ ენერჯი' და ა.შ, ოფშორის ერთ-ერთ მთავარ აქტივს შპს ,,სან პეტროლეუმ ჯორჯია' იგივე ,,გალფი' წარმოადგენს. ,,სან პეტროლეუმ ჯორჯია', გარდა საკუთარი საქმიანობისა, თავის მხრივ, სხვა მრავალი კომპანიის დამფუძნებელი ან თანადამფუძნებელია, რომელთა საშუალებით ბაზრის სხვადასხვა სეგმენტზე იყო წარმოდგენილი, როგორც ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის სფეროში, ასევე სხვადასხვა მომსახურების მიმართულებით, რითაც კომპანიის ხარჯები თავისივე ქვეკომპანიების შეკვეთებზე ნაწილდებოდა. მეორე ძირითად ოფშორულ კომპანიას ,,აგრომაქსკაპიტალი' წარმოადგენს, რომლის საქმიანობაც სარეკლამო სეგმენტს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ,,აგრომაქსის' აქტივები მოიცავს სავაჭრო, ტრანსპორტირებების, თევზსაშენის, შაქრის წარმოების და ჰიდროენერგეტიკასაც კი, მისი მთავარი აქტივია შპს ,,აუთდორ. ჯი', რომელიც, თავის მხრივ, ათობით ქვეკომპანიის დამფუძნებელი და მოწილეა. ამ კომპანიის მეშვეობით, ,,აუთდორი' ერთადერთი მონოპოლისტია თბილისის გარერეკლამის სფეროში. ,,აგრომაქსი' შვილობილი, ასევე ოფშორული კომპანიების მეშვეობით, სარეკლამო წარმოების სფეროშიც მონაწილეობს და რამდენიმე სტუდიის მფლობელია. გავრცელებული ინფორმაციით, მასვე უკავშირდება ჟურნალ ,,ტაბულას' საკონტროლო პაკეტის ფლობაც, რომლის დაფინანსებასაც ენერგეტიკული პროფილის კომპანიით ახორციელებს. წლების მანძილზე ჯამური ბრუნვა ამ კომპანიებში მილიარდებს აღწევს. მსხვილი კომპანიებიდან მსხვილ შეკვეთებს ისევ შვილობილი კომპანიები იღებენ. ამავე კომპანიებზეა მიბმული ნაცნობების, ნათესავების თუ მეგობრების შემოსავლები. სქემის პრინციპია, რომ მსხვილი მომგებიანი ბიზნესის საქვეკონტრაქტორო მომსახურებისათვის ცალკე კომპანია უნდა დარეგისტრირდებულიყო, რაც მოგების წილის მაქსიმალურ ამოღებაზე იყო გათვლილი. ბიზნესის ეს მარტივი სქემა იძლეოდა მრავალი ნათესავისა და მეგობრის დასაქმების საშუალებას, მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მათივე შრომით, უფრო მეტი ფინანსური მოგების მიღებას და ბიზნესსექტორში მეტი და მეტი დარგის კონტროლს. ახლადწარმოქმნილი ბიზნესინტერესები მეტასტაზებივით იყო მოდებული ქართულ ბიზნესს, რაც მის მეთაურს საშუალებას აძლევდა მიეღო მაქსიმალური მოგება და დაეგროვებინა კაპიტალი. დღეს აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ სწორედ დავით კეზერაშვილი წარმოადგენს მთავარ ბუღალტერს და განმკარგავს იმ ნაძარცვი ფულისა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ელიტამ დააგროვა მმართველობის პერიოდში.

ამასთანავე, კეზერაშვილი წარმოადგენს პირადად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ფინანსურ ბერკეტს, რომელიც უშუალოდ ემორჩილება მას და ოფშორულად რეგისტრირებული დოკუმენტაციის გამო რთული გასარკვევია, კეზერაშვილის სახელზე რეგისტრირებული ქონებიდან რამდენია უშუალოდ სააკაშვილის. მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის მტკიცებისა, რომ მათ არ უზრუნიათ პირად გამდიდრებაზე მმართველობის პერიოდში და ბიზნესმენი ნათესავების ქონება მხოლოდ მათივე ნიჭიერებისა და უნარების წყალობით გაჩნდა, არ არსებობს არცერთი, თუნდაც ყველაზე უტიფარი არგუმენტი, რომელიც ახსნიდა, თუ რა სახითა და საშუალებით დააგროვა კეზერაშვილმა მილიარდობით ქონება. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ნაციონალებმა, მართალია, დაკარგეს სახელისუფლო ბერკეტები და პრივილეგიები, მაგრამ მათ მიერ, თავის დროზე, აწყობილი ბიზნესსტრუქტურები და მექანიზმები დღემდე ახერხებენ საკმარისი შემოსავლის მოტანას, რაც ნაციონალური მოძრაობის, როგორც პარტიის, ფინანსური უზრუნველყოფის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს. ვინაიდან დღევანდელი ხელისუფლება ვერ გაიმეორებს წინამორბედის დანაშაულს და პოლიტიკური მოტივაციითა და ძალისმიერი მეთოდით ვერ გაუსწორდება ოპონენტს, ამისთვის აუცილებელია, საზოგადოებამ კარგად იცოდეს, თუ რა წარმოადგენს ნაციონალური მოძრაობის მოტივაციას, რა ფესვებიდანაა აღმოცენებული და რომელი პრივილეგიების დაბრუნებისათვის იბრძვის. სწორედ ამიტომ ,,ვერსია' იწყებს ჟურნალისტური გამოძიების ციკლს, რომელსაც უახლოეს ნომრებში შემოგთავაზებთ და წარმოგიდგენთ, ნაციონალური მოძრაობის ელიტის სხვა წარმომადგენლების საქმიანობის ბიზნესსქემებს, თუ რა სფეროებს აკონტროლებდნენ, ვისი საშუალებით და რამდენი მილიონი დაკარგა ქვეყანამ მათი წყალობით.