გიორგი ანწუხელიძის დედის, ლილი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ შეწყვიტა ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში წამებით მოკლული 23 წლის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრებისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობა.
"საბუთებზე სირბილში ჩემს რძალს გული გზაში გაუსკდა. რომ დაიღუპა, სახლის მშენებლობა შეწყვიტეს და თავდაცვის სამინისტროში მიზეზიც არ გვითხრეს", - უთხრა "კახეთის საინფორმაციო ცენტრს" გიორგი ანწუხელიძის მამიდამ, ეთერ ანწუხელიძემ.
ვითარების გასარკვევად, "ალია" თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, ეკა ქარდავას დაუკავშირდა:
- ეკა, ნათესავები ამბობენ, რომ გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა შეჩერდა.
- გიორგის დედის გარდაცვალების დროისთვის მხოლოდ სახლის საძირკველი არსებობდა, დანარჩენი სამშენებლო სამუშაოები კი მას შემდეგ შესრულდა. ამ დროისთვის ერთსართულიანი სახლის კედლებია აშენებული. შესაძლებელია, კონკრეტულად ბოლო დღეებში არ უმუშავიათ ხელოსნებს, მაგრამ ამის მიზეზს ვერ გეტყვი. მოგეხსენებათ, გიორგის დედის, ქალბატონი ლილის დაკრძალვის ხარჯიც სამინისტრომ დაფარა - 46 000 ლარი. ეს თანხა არის მხოლოდ ამ წელს გაცემული, ამის გარდაც, სხვა წლებშიც ხელისუფლება სულ ეხმარებოდა ამ ოჯახს და ერთი სახლი დაუსრულა უკვე, ახლა საუბარია მეორე სახლის მშენებლობაზე. ამ სახლის მშენებლობის დასრულება იგეგმება სამინისტროში.
- რომ ამბობთ, შესაძლებელია, კონკრეტულად ბოლო დღეებში არ უმუშავიათ ხელოსნებსო, არ აკონტროლებს თავდაცვა ფულის ხარჯვას, რამდენად დროულად და გეგმიურად სრულდება სამუშაოები?
- რა თქმა უნდა, ვაკონტროლებთ ყველაფერს, მასალა რაც იყო მიტანილი, გითხარით, რომ ბოლო სამ კვირაში ერთი სართული უკვე აშენდა. ეს თანხა ხომ ტრანშებად ირიცხება. დაგეგმილია სამუშაოს გაგრძელება და სახლის მშენებლობის ბოლომდე მიყვანა. რატომ გაჩერდა ბოლო დღეებში სამუშაოები, ამის მიზეზი ისაა, რომ მალე გადაირიცხება მორიგი ტრანში და დასრულდება ყველაფერი. ასე რომ, საუბარი იმაზე, არ დავასრულოთ და შუა გზაზე მივატოვოთ, არ ყოფილა. პირიქით, იგეგმება, რომ რაც საჭიროა, გაკეთდეს.
"ალია" ახმეტის მაჟორიტარს ზურაბ ზვიადაურსაც დაუკავშირდა, გვაინტერესებდა, რა იცოდა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით:
- ბატონო ზურაბ, ოჯახის თქმით, თავდაცვის სამინისტრომ გიორგი ანწუხელიძის სახლის მშენებლობა შეწყვიტა. რა იცით ამის შესახებ?
- პირველად მესმის. არ ვარ საქმის კურსში. აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს, თქვენგან გავიგე ეს და მადლობა, რომ გამაგებინეთ. თავისთავად ცხადია, მოვიკითხავ და გავერკვევი, რა ხდება.