ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი ექსპრეზიდენტი სტრატეგიას ცვლის და ხელისუფლებაში დაბრუნებას საზოგადოებაში ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის ხარჯზე ცდილობს. მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები 2015 წლისთვის ახალი პოლიტიკური მოძრაობის შექმნასაც ვარაუდობენ. რისთვის ემზადებიან ნაციონალები და რა ტიპის პოლიტიკურ გადაჯგუფებებს იხილავს გაისად საზოგადოება, ,,ვერსიასთან' მიმდინარე პროცესებს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს.
- ვის აერთიანებთ ახალი პლატფორმის ირგვლივ, არასაპარლამენტო ოპოზიციას და ირაკლი ალასანიას გუნდს?
- ახლა ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე არ ვსაუბრობ. ქვეყანაში ახალი მიდგომები უნდა ჩამოყალიბდეს და საზოგადოებაშიც სხვადასხვა მიმართულებით ინიციატივები გამოიკვეთოს. ქართულ პოლიტიკაში ახალი გზავნილების გაჟღერების დრო დადგა, რომელიც სწორედ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ნაწილი იქნება. ანუ, საზოგადოების კონსოლიდაცია უნდა მოხდეს არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ იდეების გარშემო. მიხეილ სააკაშვილი დღეს მზადაა, საზოგადოებისგან ახალი იდეები მოისმინოს.
- იდეების გაზიარების ნაცვლად, ხალხი სააკაშვილის გასამართლებასა და ნაციონალური მოძრაობის აკრძალვას ითხოვს.
- გასაგებია, მაგრამ სააკაშვილი საზოგადოებას აბსოლუტურად სწორ გზას სთავაზობს. ქვეყანა დაიღალა პოლიტიკური გაერთიანებებისგან, ამიტომ საჭიროა პოლიტიკური შეჯიბრი და იდეების გაცვლა. ქვეყნის განვითარებისთვის სწორედ ასეთი მიდგომაა მნიშვნელოვანი. ამ ორი წლის განმავლობაში ბევრ კითხვას გაეცა პასუხი. საზოგადოებამაც ნათლად დაინახა, რომ ნაციონალური მოძრაობის მისამართით გაჟღერებული ბრალდებები მხოლოდ ტყუილზე იყო დაფუძნებული. ხელისუფლებამაც უამრავი დაპირება არ შეასრულა. შესაბამისად, ბოლო ორი წელია საზოგადოება პოლიტიკურ რეალობას ფხიზლად აფასებს.
- ამ სიფხიზლეში ნაციონალური მოძრაობის რეიტინგი არ გაზრდილა. რა პოლიტიკური სტრატეგია გაქვთ პოლიტიკური მოცემულობის შესაცვლელად?
- სოციოლოგი არ ვარ, ამიტომ ვერ გეტყვით, რა რეიტინგი აქვს ნაციონალურ მოძრაობას. დანამდვილებით ვიცი, პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად მთავარი ხალხის განწყობაა. საზოგადოება გადაწყვეტს, იქნება თუ არა მისთვის მისაღები სააკაშვილის იდეები.
- და არ გაქვთ ინფორმაცია, 2015 წელს, ახალი ძალის ლიდერობისთვის, აპირებს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას?
- მიხეილ სააკაშვილის გეგმებზე ვერ ვისაუბრებ. მალე თავად გაახმოვანებს. ბუნებრივია, მასთან ხშირი კომუნიკაცია მაქვს. ზოგადად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ნებისმიერ ადამიანთან კომუნიკაციისთვის მზადაა.
- კომუნიკაცია პოლიტიკურ გადაჯგუფებებზეც დაწყებულია?
- ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნამდე, პოლიტიკურ გადაჯგუფებებზე საუბარი ნაადრევია. ჯერ იდეა უნდა გაჩნდეს, რომლის ირგვლივაც საზოგადოება გაერთიანდება. საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეეცდება, პოლიტიკური სპექტრი იდეალების გარშემო გააერთიანოს. ეს ბუნებრივია, მოახდენს ზეგავლენას 2015 წლის პოლიტიკურ მოვლენებზე.
- რა იდეას სთავაზობს მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას?
- დრო გვიჩვენებს. მოლოდინი მაქვს, რომ გაჩნდება იდეა, რომელიც საზოგადოების მაკონსოლიდირებელი გახდება. სააკაშვილმა პირველად სცადა იდეის გარშემო და არა ვინმეს წინააღმდეგ გაერთიანება.
- მაგრამ სტილი არც სააკაშვილს შეუცვლია - ხელისუფლებაში დაბრუნებასა და ,,ერთი ადამიანის დასჯაზე' საუბრობს. ამ ფონზე, ვინ დაიჯერებს ნაციონალური მოძრაობის ახალ იდეებს?
- ყველა იმ კონტექსტს იგებს, რისი მოსმენაც სურს. სააკაშვილი რევანშისთვის არ ემზადება, მას ამის სურვილი არ აქვს და ეს არაერთ გამოსვლაში დაადასტურა. პოლიტიკური რევანშისგან ქვეყანა დაიღალა. სხვათა შორის, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროცესი მოახდენს 2015 წლის პოლიტიკურ ცხოვრებაზე გავლენას - საზოგადოებამ დაინახა, რომ რუსეთთან თამაში, დაჩოქება და კოჭის გაგორება ქვეყანას არაფერს აძლევს. განწყობის შეცვლის მიუხედავად, რუსეთი საქართველოს მიმართ პოლიტიკას არ ცვლის. პირიქით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ გეგმას ახორციელებს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში ვერ შეასრულა. რუსეთთან მოფერების გზით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების ოცნებას წერტილი დაესვა!
- ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია ნაციონალური მოძრაობის არასწორი პოლიტიკის შედეგია და ამ პროცესამდე 2008 წლის ომის შედეგად მივედით. ეს არგუმენტი ვერ იქნება საზოგადოებისთვის საკმარისი?
- რა ნაციონალური მოძრაობა? ამ ქვეყანაში მართლა ხომ არ ბნელა? სად იყო ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში, როცა რუსეთმა ცხინვალი გაძარცვა? ეს ყველაფერი 90-იან წლებში ხდებოდა... რა როლი შეასრულა ნაციონალურმა მოძრაობამ, როცა გუდაუთა, გაგრა და სოხუმი წაგვართვეს? სამხედრო ან მსოფლიოს გლობალური პოლიტიკის ექსპერტებს ჰკითხონ, რა ხდებოდა 2008 წელს. რუსეთის ჯარი ფსოუზე იდგა და 2008 წელს შემოვიდა საქართველოში? ყველა ბრალდებაში 1% მაინც ხომ უნდა იყოს სიმართლე?! პატარა ბავშვს შეიძლება, მართლაც გაუჩნდეს განცდა, რომ ტერიტორიები 2008 წელს დავკარგეთ. 2008 წლის ომის შემდეგ ექსპერტთა ჯგუფი აშშ-დან ჩამოვიდა და თეთრი სახლის ადმინისტრაციისთვის ომის დეტალები გამოიკვლიეს. ისინი პროფესიონალი მომლაპარაკებლები იყვნენ. ამერიკაში ასეთი პროფესია არსებობს. დაისვა კითხვა - უნდა ესროლა თუ არა საქართველოს რუსებისთვის? თქვენ სახლის დერეფანში რომ შემოიჭრას მკვლელების ბანდა, რომელიც იცით, ადამიანებს აუპატიურებს და შემდეგ ხოცავს, თქვენ კი ამ დროს ოჯახთან ერთად სახლის მეორე სართულზე იმყოფებით და ხელში მხოლოდ ორლულიანი თოფი გაქვთ... ისიც იცით, რომ შემოჭრილებს ვერ გაუმკლავდებით, რადგან კარგად შეიარაღებულები არიან, ესვრით? ესვრით, რათა მეზობლები გააღვიძოთ, ბავშვებს გაქცევის შანსი მისცეთ... ამას პატარა ბავშვიც კი გაიგებს და მიკვირს, რატომ უჭირს საქართველოს ხელისუფლებას ამ ყველაფრის გაცნობიერება