"მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოება" და საზოგადოებრივი მოძრაობა "პროტესტი საწვავის ქართულ ფასებს", 26 დეკემბერს აქციებს იწყებენ. "მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების" ხელმძღვანელის, ბექა კემულარიას განცხადებით, საზოგადოებაში საპროტესტო განწყობა დიდი ხანია მომწიფებულია. დღეს 1 ლიტრი საწვავის შემოტანა, აქციზის გადასახადიანად, სატრანსპორტო, სარეალიზაციო, ადმინისტრაციული და ზედნადები ხარჯების ჩათვლით, საშუალოდ ჯდება 1 ლარი და 10 თეთრი.
რა ხდება, რა სქემები არსებობს? სად მიდის 90-თეთრიანი მოგება?
"ალიას" ბექა კემულარია ესაუბრა:
- როდესაც ამ საკითხის შესწავლა დავიწყეთ, ერთი საინტერესო დეტალი აღმოვაჩინეთ. საქართველოს მთავრობამ დეკემბერში გამოაცხადა წინასატენდერო პირობები, ტენდერი ჩატარდება 2015 წლის დასაწყისში. ჯერ ერთი, საწვავის მოცულობა წინა წლებთან შედარებით გაზარდეს 30 პროცენტით და მეორეც - 1 ლიტრის შესყიდვა ხდება 1 ლარად და 50 თეთრად. 2014 წელს შეისყიდეს 70 მილიონი ლიტრი, ხოლო 2015 წლისთვის აპირებენ 100 მილიონი ლიტრის შესყიდვას. თუ გადავიანგარიშებთ, ყოველი მე-8 მანქანა გამოდის საჯარო მოხელის. ვერ გავიგე, სახელმწიფო სამსახურებმა ავტოპარკები გაზარდეს? "ლუკოილმა" გაიმარჯვა ტენდერში ჯერ კიდევ 2013 წლიდან "პრემიუმზე", "რომპეტროლმა" გაიმარჯვა "ევრო დიზელზე", "სოკარმა" - "რეგულარზე", ხოლო "ვისოლმა" - "სუპერზე". ალბათ, ახლაც ეს კომპანიები გაიმარჯვებენ, მაგრამ სატენდერო კომისიაში ყველა კომპანიას ჰყავს თავისი წარმომადგენელი ჩასმული, რაც უკვე ინტერესთა კონფლიქტია. ეს კომისია დამტკიცებულია მთავრობის მიერ, რა შუაში არიან კერძო კომპანიების წარმომადგენლები? ამ ნავთობკომპანიებმა დააფუძნეს ასოციაცია და აქედან შევიდნენ. კიდევ ერთი, დეკემბერში რომ ნავთობის ფასი ძალიან შემცირდა, ვხედავთ, ხომ? ახლა რომ ტენდერი გამოაცხადეს, ლიტრის ფასი საორიენტაციოდ გაანგარიშებულია 1 ლარსა და 50 თეთრზე, იანვარში, როცა ტენდერი ჩატარდება, რანაირად უნდა იხელმძღვანელონ ნოემბრის ფასით? ტენდერში კონკურენციაა, უნდა გაიმარჯვოს რამდენიმე კომპანიამ და ამიტომაც იძლევიან ასე იაფად, ხოლო გარეთ უკვე მოქმედებს შეთანხმებული ფასები.
- გამოდის, დღეს საწვავის რეალური ფასი 1,50 ლარია?
- რა თქმა უნდა და მაინც 40-თეთრიან მოგებაზე გადიან. აქ ვერ იტყვიან, დიდ პარტიას ვყიდით და ფასს ამიტომ ვამცირებთო, საწვავი იყიდება წლის განმავლობაში ტალონების საშუალებით. საწვავი არავის მიაქვს და რეზერვუარებში არ ასხამს. ესენი იტყუებიან, შემოტანისა და რეალიზაციის მონაცემები ერთმანეთს ემთხვევა. გარდა ამისა, მთავრობა ფულს წინასწარ არ აძლევს, გადარიცხვები ხდება ყოველთვიურად. კი, ბატონო, სახელმწიფო იაფად რომ ყიდულობს, კარგია, მაგრამ ეს იმას ამტკიცებს, რომ გარეთ შეთანხმებული ფასებით გვასყიდებენ.
- თქვენ პირველ აქციას ატარებთ კონკურენციის სააგენტოსთან. ამ სამსახურის წარმომადგენლებთან საუბარი გქონდათ?
- ეს არის იგივე ანტიმონოპოლიური სამსახური, უბრალოდ დაარქვეს კონკურენციის სააგენტო. მათთან რა საუბარი უნდა გვქონოდა? ჯერ ერთი, საიტზე მითითებულ ტელეფონზე საერთოდ არავინ პასუხობს და მეორეც - ვინ არიან, ვერ გაიგებთ. როგორც გავიგეთ, მარტო თავმჯდომარე და ერთი მოადგილეა, რომლებიც გონზე არ არიან. როგორც კი დაფუძნდნენ, ამ საკითხისა და ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა უნდა დაეწყოთ. ან დაიწყონ გამოძიება, ან კიდევ დაადასტურონ, რომ ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას. უარესი ხდება გაზზე, ორჯერ გააძვირეს, ერთხელ აგვისტოში და მეორედ ახლა, დეკემბერში. რეგიონებში გაძვირდა 15 თეთრით, თბილისში - 10 თეთრით. აქაც საქმე გვაქვს შეთანხმებასთან. ამას წინათ ვიღაცა გამოვიდა და თქვა, ამაზე ჩვენ შევთანხმდით იმიტომ და ამიტომო, ეს უკვე აღიარებითი ჩვენებაა, კანონი არანაირ "იმიტომ" და "ამიტომ"-ს არ სცნობს. ყველა ქვეყანაში მონოპოლიების გამოაშკარავება რთულია, იქ არავინ არ ამბობს, ჩვენ შევთანხმდითო, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება, ლაგოდეხისა და ზუგდიდის გაზგასამართებზე ერთ დღეს სხვადასხვა კომპანიები ერთ ფასს რომ აწესებენ, ეს არ არის საკმარისი გამოძიების დასაწყებად?
- ბექა, ამ შემთხვევაში კანონი რა სანქციებს ითვალისწინებს?
- კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს ბრუნვის 5 პროცენტით. თან გააჩნია, რა დონის გარიგებები დაფიქსირდება, რა კვალიფიკაცია მიეცემა და რა შეფასებები იქნება. ჩვენ შეგვაქვს განცხადება სააგენტოში და მოვითხოვთ შუალედური მოკვლევის შედეგების გამოქვეყნებას. კონსტიტუციის 30-ე მუხლის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია, მომხმარებელი დაიცვას მონოპოლიური ფასებისგან. ეს უშუალოდ ეხება კონკურენციის სააგენტოს, რომელსაც 2015 წლის ბიუჯეტში მილიონი ლარი დაუდეს. ეგენი ოფისიდან თავს არ უნდა ჰყოფდნენ, დღე და ღამე დოკუმენტებში უნდა ჰქონდეთ ცხვირი ჩაყოფილი.
- ნავთობკომპანიების მესვეურები ამბობენ, რა ვქნათ, საწვავი ძველი ფასებით გვაქვს შემოტანილი, სანამ ამას არ გავყიდით, ვერ გავაიაფებთო.
- ეს არის ტყუილი. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, ჩვენს ქვეყანაში იმპორტი და რეალიზაცია ემთხვევა ერთმანეთს. ამათ არავითარი მარაგები არ აქვთ, საიმისოდ რეზერვუარებიც კი არ არსებობს.
- ლილოში აქვთ რაღაც რეზერვუარები.
- ეს არის ყოველდღიური მოხმარებისთვის, მაქსიმუმ, სამი კვირის, ჰა, ერთი თვის. როდესაც ნავთობზე ფასები ასე მცირდება, ესენი იმდენად უჭკუოები არიან, რომ ერთი თვის მარაგი იყიდონ? არ არის დაფიქსირებული არანაირი მარაგი. მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, სადაც 70-პროცენტიანი მარჟით მუშაობენ. ეს ხდება მხოლოდ საქართველოში, "ნაცების" დროსაც კი ლაპარაკი იყო 30-50 თეთრზე, დღეს ეს მოგება ასულია 90-თეთრიან მოგებაზე. ესე იგი, ამათ "ნაციონალებსაც" კი გადაუჯოკრეს.
- თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე?
- მე ვფიქრობ, ეს გამიზნული კორუფციაა. თუ გნებავთ, დავარქვათ საბოტაჟი იმ შემთხვევაში, თუ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა არაფერი იცის. ყოველ შემთხვევაში, ორი ვარიანტია. საზღვარგარეთის პრაქტიკა ასეთია - სწრაფად რეალიზებად პროდუქტებზე, როგორებიცაა საწვავი, თამბაქო და სხვა, კომპანიები მოგების დაბალ მარჟაზე მუშაობენ, რადგან მაღალი ბრუნვის შედეგად, ისედაც დიდი მოგება რჩებათ. ჩვენ გვაქვს პრეტენზიები კომპანიების მიმართ, მაგრამ არ გვაქვს იმის ბერკეტი, რომ აღვკვეთოთ კანონდარღვევა.
კონკურენციის სააგენტოს საიტზე მითითებულია ტელეფონის ნომერი, რომელზეც არავინ პასუხობს. იმედია, ამ ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ თავად გამოგვეხმაურებიან. როგორც ჩანს, ამ სააგენტოს თავმჯდომარისა (გიორგი ბარაბაძე) და ერთი მოადგილის (გიორგი ფერაძე) მეტი არავინ ჰყავს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი ამბობს "ალიასთან" საუბარში, საცალო ქსელში ფასების კლება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაიყიდება ადრე შემოტანილი საწვავი:
- აგვისტოდან მოყოლებული, დღემდე არაერთხელ შემცირდა. ფასების შემცირება აუცილებლად გაგრძელდება, რადგან საერთაშორისო ბაზარზე მნიშვნელოვნად დაეცა. ადეკვატური ასახვა ჩვენთანაც იქნება, უბრალოდ ამას სჭირდება გარკვეული ეტაპი. როდესაც გაანგარიშებას აკეთებენ ბოლო რამდენიმე დღის ციფრებით, ასე არ გამოვა, ქსელში არსებობს ნაშთები, საწვავის ფასი ერთი თვის წინ უფრო მაღალი იყო.
- რით ვეღარ გაიწმინდა ეს ქსელი?
- ნელ-ნელა იწმინდება... გარდა ამისა, კომპანიებს სხვადასხვა ხარჯებიც აქვთ.
- უახლოეს ხანში მაინც რამდენით შემცირდება საწვავი, ლარ-ნახევარზე ჩამოვა?
- მე არ ვიცი, ზუსტად სადამდე ჩამოვა, მაგრამ მნიშვნელოვნად რომ შემცირდება, ეს ცხადია.
- მთავრობისთვის თუ მცირდება, ჩვენ რა დავაშავეთ? საცალო ქსელსა და საბითუმოს შორის ამხელა სხვაობა შეიძლება?
- დავიწყოთ იმით, რომ სახელმწიფო ყიდულობს საწვავს დიდი ოდენობით. კომპანიას შეუძლია, მინიმალური ფასდანამატით მისცეს თავის კლიენტს. გარდა ამისა, კომპანიებს ჰყავთ თავიანთი კორპორატიული მომხმარებლები, სადაც 15-20-თეთრიანი ფასდაკლებებია.
- ძალიან დიდი სხვაობაა.
- არა, არა, სახელმწიფოს მოთხოვნა ისედაც აქვს, რომ 15 თეთრით ნაკლებად იყიდოს.
- აქ 60 თეთრზეა ლაპარაკი.
- აქ ფორმულაა, სადაც პირდაპირ არის მითითებული შეწონილი ფასი. როცა კომპანია ამ ფასში აძლევს საწვავს, შეიძლება მას ქსელში არ აქვს დიდი ნაშთი. აქ ბევრი ნიუანსია.
გასაგებია, არსებობს რაღაც ფორმულა, მაგრამ არსებობს ერთი ცხოვრებისეული ფორმულაც: საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი იყო 120 დოლარი, ხოლო საცალო ქსელში ბენზინი იყიდებოდა 2.15-2.25 ლარად. ჩამოვიდა 60 დოლარზე, ანუ გაიაფდა 50%-ით. რატომ არ აკლებენ ფასსაც 50%-ით? აქ უკვე ნებისმიერი ფორმულა ვერ უძლებს ვერავითარ კრიტიკას.