ქართული ავიაციის ფლაგმანმა, კერძო ავიაკომპანია «აირზენამ» შეაჩერა რეისები მოსკოვის მიმართულებით. ოფიციალური მიზეზია პერსონალის გაფიცვა. ეს პერსონალი კი, ისევ და ისევ ოფიციალური მონაცემებით, არა ხელფასების გაზრდას ან სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, არამედ რუსული ავიაკომპანიების საქართველოდან გაძევებას ითხოვს, რადგან აეროფლოტის შემოსვლის შემდეგ, მგზავრთა ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო: მთელი 50-60%-ით და უფრო მეტადაც კი.
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გაფიცვა, მთლიანობაში, ძალიან უცნაური მოვლენაა ორი მიზეზის გამო. ჯერ ერთი, გაფიცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც აირზენამ, დიდი ომის შედეგად, მიაღწია შეთანხმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რომ რუსული ავიაგიგანტები მხოლოდ პარიტეტის საფუძველზე იფრენენ თბილისი-მოსკოვისა და სხვა რუსული მიმართულებებით. ანუ, ქართულ ავიაკომპანიებს დაუმტკიცდათ ქვოტა 10 ფრენა კვირაში და რუსულსაც - ამავე ოდენობით. მაგრამ თუ გავითვალსიწინებთ, რომ ქართული ავიაცია წარმოდგენილია მხოლოდ კერძო ავიაკომპანია «აირზენათი», რომელიც რამდენიმე გავლენიან ოჯახს ეკუთვნის, ეს შეთანხმება (მას რუსებმაც მოაწერეს ხელი) იმას ნიშნავდა, რომ «აირზენას» უნდა შეესრულებინა 10 რეისი კვირაში, ხოლო ყველა რუსულ კომპანიას ერთად («აეროფლოტი», «სიბირი», «ტრანსაერო» და ა.შ) - აგრეთვე 10.
ამის მიუხედავად, აირზენამ მაინც ვერაფრით «ამოქაჩა» მგზავრთნაკადი, რადგან, როგორც ირკვევა, თუ ქართველ მგზავრს აქვს საშუალება აირჩიოს, ის უეჭველად ირჩევს რუსულს. ანეგდოტამდე მიდის: იმ შემთხვევაშიც კი უცხოურ ავიაკომპანიას ირჩევს, თუ ფასი ერთნაირი ან ოდნავ უფრო ძვირიც კია! ბაზარში რომ ხახვს ყიდულობენ, ქართული ურჩევნიათ, მაგრამ როცა ფრენაზე მიდგება საქმე, - უცხოური. არადა, ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, სერიოზული ინციდენტი ქართულ ცაში არ მომხდარა. და რა ინციდენტიც მომხდარა, უფრო უცხოურ ავიაკომპანიებს უკავშირდებოდა და არა «აირზენას». მიუხედავად ამისა, აირზენა მაინც ზარალობს და აშკარად ნაწყენია საკუთარ მოსახლეობაზე. ისევე, როგორც ხელისუფლებაზე, რომელიც ამ მოსახლეობას (ესე იგი მგზავრებს) არჩევანის საშუალებას აძლევს.
მეორე უცნაურობა ამ გაფიცვისა იმაში მდგომარეობს, რომ ხელისუფლებას უპროტესტებენ რუსული ავიაგიგანტების შემოყვანას, მაგრამ კონკურენტის ჩაძირვას თავისი მუშაობის შეჩერებით ცდილობენ ისე, რომ იმავდროულად მკაცრად აკვირდებიან, ხომ არ ირღვევა ხსენებული პარიტეტი. ამაზე დიდი აბსურდი გაგონილა? ესე იგი, მგზავრებს სჯიან, თორემ რუსულ «აეროფლოტს» რაში ანაღვლებს ეს გაფიცვა? შეთანხმებული კვოტის ფარგლებში ხომ ისედაც ექნება საშუალება, ბილეთები გაყიდოს.
გამოდის, აირზენასათვის ის სიტუაცია უფრო მომგებიანი იყო, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობდა რეგულარული მიმოსვლა, სრულდებოდა მხოლოდ ჩარტერული რეისები და ყველა კმაყოფილი ჩანდა - მგზავრების გარდა.
ხელისუფლებამ გაითვალისწინა «აირზენას» ინტერესები, როდესაც შეზღუდა «ღია ცის» პოლიტიკა (არადა, თუ კი რამ კარგი გაკეთდა მიშას დროს, პირველ რიგში სწორედ ეს გაკეთდა ძალიან კარგი), ანუ დააწესა ქვოტები, აგრეთვე აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს იაფი ბილეთების გაყიდვა - ისევ და ისევ კერძო ავიაკომპანია «აირზენას» ინტერესებიდან გამომდინარე. «აირზენა» სახელმწიფო გადამზიდავი რომ იყოს, კიდევ გასაგებია, მაგრამ საქმე ეხება (ვიმეორებ) კერძო ავიაკომპანიას.
ამით ქვეყანა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით აგებს. თანაც, არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ თვით ხელისუფლებაც და, რაც მთავარია, ზარალდება მგზავრი, რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი ინტერესი: იფრინოს იაფად და ჰქონდეს იაფი «ქონექშენი» ევროპასთან: აეროფლოტის იაფი ბილეთები მოსკოვის მიმართულებით იმას ნიშნავდა, რომ ადამიანს შეეძლებოდა მოსკოვის გავლით ეფრინა ევროპაში, თანაც ძალიან იაფად!
აბა სხვა რა უნდა აინტერესებდეს ადამიანს? გაუგებარია, რატომ უნდა აინეტრესებდეს მას კერძო ავიაკომპანიის შემოსვალები, ანუ ის, შეძლებს თუ არა ამ კომპანიის მფლობელი ერთ-ერთი «სვეცკი ქალბატონი» შანსელიზეზე 10 000-ევროიანი ბრენდის შეძენას? ღმერთმა შეარგოს, მაგრამ მე რა შუაში ვარ აქ საერთოდ?
«აეროფლოტი» მსოფლიო გადამყვანია და გლობალურ ავიაგიგანტთა ათეულში შედის. მისი შემოსვლა საქართველოში აწონოსწორებდა თურქული ავიაციის გავლენებს და ხდებოდა საპირწონე თურქული «ლოუქოსტერებისა». ესე იგი, საქართველოს მოქალაქეებს უჩნდებოდათ ალტერნატივა და საავიაციო ხელისუფლებასაც ეძლეოდა მძლავრი არგუმენტი თურქებისთვის, თუ ისინი მეტისმეტად «გაჯეჯიჯლდებოდნენ».
რაც მთავარია, რუსული ავიაგიგანტებისთვის ცის გახსნა ნიშნავდა მეტ რუს ტურისტს, რადგან რაც უფრო მეტია ფრენა, მით იაფია ბილეთი და რაც უფრო იაფია ბილეთი, მით უფრო მეტია ტურისტი. თანაც რუსი ტურისტი - ესე იგი კარგი მხარჯველი, როგორც მას იცნობენ მთელს მსოფლიოში და ნადირობენ კიდეც მასზე.
და ბოლოს, რუსული ავიაკომპანიებისთვის დაწესებული შეზღუდვები აუცილებლად იმოქმედებს რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოთაშირის ურთიერთობებზე, რადგან ორი წლის განმავლობაში რეისების აღდგანს ითხოვდე და შემდეგ თვითონ დააწესო ცალმხრივი შეზღუდვა კერძო ავიაკომპანიის სასარგებლოდ - ძალიან უცნაურად გამოიყურება.
თუმცა, საქართველოს მთავრობაში გადაწყვეტილებათა მიღების მექანიზმი კვლავ გაურკვეველია და სულ უფრო მეტია სიმპტომი, რომ ეს გადაწყვეტილებები, რბილად რომ ვთქვათ, კერძო ინეტრესების გავლენას უფრო განიცდის, ვიდრე სახელმწიფოებრივი ინტერესებისა. სახელმწიფო და სამოქალაქო ინტერესი კი ერთია ამ შემთხვევაში: ავიაბილეთი ევროპამდე ღირდეს იაფი, თურქულ «ლოუქოსტერებს» ჰყავდეთ ძლიერი საპირწონე, ხოლო საქართველოში შემოდიოდეს რაც შეიძლება მეტი ტურისტი!
«მორჩა და გათავდა», როგორც ამბობდა ხოლმე შევარდნაძე, რომელსაც ზემოთხსენებული «სვეცკი ქალბატონის» დედიკომ ჰოლანდიური კომპანია გააძევებინა ბაზრიდან მხოლოდ იმიტომ, რომ იგი იაფად ბედავდა ამსტერდამის მიმართულებით ბილეთების გაყიდვას.
ან «ეს არის და ეს» - როგორც ჩვენი წინა პრეზიდენტი იტყოდა და, ზოგჯერ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისიც და მისი მინისტრებიც (მაგალითად ვერიჩკა ქობალია) მართლებიც იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, ხსენებული «სვეცკები» მას ასე ადვილად ვერ «დააჩმორებდნენ».