ლარი მოციმციმე არითმიას დაემსგავსა: ხან მაქსიმალურად ეცემა, ხან მინიმალურად მყარდება... მართალია, ხელისუფლება და “ეკონომიკის მამები” არ აღიარებენ, მაგრამ ჩვენ, ობივატელები ვხვდებით, რომ სახეზე მხოლოდ ეკონომიკური კი არა, დიდი პოლიტიკური თამაშია. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე არ გამორიცხავს, რომ ყველაფერი ეს საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებას უკავშირდებოდეს. ეს, ერთი შეხედვით, უტოპიური ვერსიაა, მაგრამ ზუსტად მაშინ, როცა ლარის “გაკუპონება” დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტი ერდოღანს შეხვდა და თურქ კოლეგას ე.წ. ცისფერი ნაკადის სამხრეთით გადასროლის იდეა შესთავაზა. პუტინი 60 მილიარდ კუბურმეტრ გაზზე საუბრობს, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის, ასე ვთქვათ, გამტარობას ორჯერ აღემატება. “ნაკლებად მჯერა, რომ თურქეთი რუსეთს ამ პროექტზე დასთანხმდება, რადგან ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი თურქეთს “ააფეთქებს”, მაგრამ თუკი კრემლი ამ ენერგომატარებლის მონოპოლიზებას მაინც მოახერხებს, დასავლეთის წინააღმდეგ ახალ ენერგოომს დაიწყებს და ჩვენი ევროპული ორიენტაციაც შეირყევა”, - ამბობს კონსტანტინე ფორჩხიძე, რომელიც აქცენტს ხელისუფლებაში ნინო ბურჯანაძის კადრების დასაქმებაზეც აკეთებს. საერთოდ, ლარმა შეიძლება, “დროის მანქანის” მისია იტვირთოს და იმ ეპოქაში დაგვაბრუნოს, როცა ორჯერ ნაპრეზიდენტალი ქალბატონის მამა ქატოს ფქვილად გვასაღებდა და ჩვენც, შიმშილით სული რომ არ ამოგვხდენოდა, თავს ვიტყუებდით, მაგრამ ახლა სხვა დროა - 21-ე საუკუნე და ქართულ პოლიტიკაში “პუტინისტებს” ფეხის მოკიდება, ცხადია, გაუჭირდებათ, თუმცა მცდელობა აქვთ. ასე, მაგალითად, ზემოხსენებული ქალბატონი აცხადებს, მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას გავწყვეტდიო. მაშასადამე, თავის დროზე სააკაშვილისგან “ყველა ფოლადზე გამძლე ფოლადად” შერაცხული ბურჯანაძე მიგვანიშნებს, რომ დიახაც, რა დროს უკრაინის სუვერენიტეტია, მთავარი, კრემლის ინტერესებიაო... ესეც ერთგვარი ოცნებაა, თუმცა ოცნებები, მით უმეტეს, ჩრდილოეთური, იშვიათად, უფრო სწორად, არასოდეს ხდება... ისე, სიმბოლურია, რომ 41-ე ინტერვიუში ქართველი სპეცსამსახურელი, კონსტანტინე ფორჩხიძე “ოცნებაში” ფესვგამდგარ “ნაციონალებისა” და სხვა ოდიოზური პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა აღზევების ფაქტებს ასაჯაროებს.
- ბატონო კონსტანტინე, მოდით, საუბარი ახალი სახელისუფლებო კადრებით, მაგალითად, უსაფრთხოების საბჭოს ახალი ხელმძღვანელით, სუჯაშვილით დავიწყოთ. იცით, ამ ადამიანის ბეგრაუნდი როგორია?
- როგორც ვიცი, გელა ბეჟუაშვილის დროს, დაზვერვაში მუშაობდა. სხვათა შორის, ბეჟუაშვილთან გარკვეული შეხება თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანთა უმეტესობასაც ჰქონდა...
- თავდაცვა ახსენეთ და, როგორც ამბობენ, მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ნინო ბურჯანაძის თანაპარტიელია, თუმცა ლევან ღირსიაშვილი “დემოკრატიულ მოძრაობასთან” კავშირს უარყოფს...
- ბურჯანაძის პოლიტიკური ორიენტაცია ყველასთვის ცნობილია - ეს რუსული სეგმენტია... რამდენიმე დღის წინ, “ნაცმოძრაობამ” განაცხადა, რომ სხვადასხვა თანამდებობაზე ბურჯანაძის ხალხი ინიშება და რახან ამაზე “ნაციონალები” ლაპარაკობენ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ინფორმაციაში სიმართლის მარცვალი არაა.
- ფაქტები დაასახელეთ!
- მაგალითად, ბურჯანაძის პარტიის პოლიტსაბჭოს ერთი ყოფილი წევრი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია, მეორე - აფხაზეთის მთავრობის მეთაური, მესამე თანაპარტიელი კი, ერთ-ერთი მინისტრის მოადგილეა. ეს მიზანმიმართული მოქმედებაა და სწორედ ამიტომაც, “ქართული ოცნების” მისამართით გარკვეული შეკითხვები არსებობს.
- სახელდობრ, რა შეკითხვები?
- ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “ქართული ოცნება” თანამდებობებზე რეკომენდაციას ასეთ ხალხს უწევს, ის ადამიანები კი არ ვახსენდებით, რომლებმაც სამსახურები “ნაცმოძრაობის” დროს პოლიტიკური ნიშნით დავკარგეთ. დიახ, დღეს მაღალ თანამდებობებზე პროტექციას ისეთებს უწევენ, რომლებიც თავის დროზე იმ სამსახურში მუშაობდნენ, რომლის პირველი პირიც პრორუსულ ორიენტაციაში იყო შემჩნეული. ამ შემთხვევაში, გელა ბეჟუაშვილს ვგულისხმობ და იმის დასტურად, რომ ეს ცარიელი სიტყვები არაა, რამდენიმე წლის წინ, კრემლში, ბეჟუაშვილისა და პუტინის შეხვედრას გაგახსენებთ, როცა ერთმანეთს ყურში რაღაცებს ეჩურჩულებოდნენ. პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება და ეს ადამიანები დღეს უკვე გავლენიან ფიგურებად იქცნენ. მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ნურავის ჰგონია, რომ ძალოვანებს პოლიტიკური შეხედულებები არ აქვთ. ისინი გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურასაც ითვალისწინებენ.
- ბატონო კონსტანტინე, ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ ეგებ, პოლიტდაძაბულობა “ოცნებას” იმიტომ სჭირდება, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს?
- ასეთი მცდელობის ნიშნები სახეზეა, მაგრამ ის, რაც ქვეყანაში ბოლო დროს ხდება, მაგალითად, ლარის კურსის თამაში, ჩვეულებრივი პროცესი არაა. ეკონომიკის ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ეროვნული ვალუტის გაუფასურება წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით არაა განპირობებული, ანუ ეს მართული პროცესია!
- ახლა, არ მითხრათ, რომ საქმე კვლავ “ნაციონალურ საბოტაჟთან” გვაქვს.
- არა, თუმცა ფაქტია, რომ “ნაციონალებს” ბიზნესსა და ბანკებზე გარკვეული გავლენა ისევ აქვთ. ისე, ლარის კურსის თამაშით ყველაზე დიდ მოგებას სწორედ ბანკები ნახულობენ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი და წარმოგიდგენიათ, აქ რა კოლოსალურ თანხასა და მოგებაზეა ლაპარაკი? ლარის კურსის თამაში ხალხის ძარცვაა და მეტი არაფერი! მოვა დრო და გამოჩნდება, ამ პროცესებს ვინ მართავდა!
- იმის თქმა გინდათ, რომ ლარის გაუფასურება პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია?
- რა თქმა უნდა, ასეა, თორემ ვალუტის გაუფასურება 20 და მეტი პუნქტით არსად ხდება.
- ბატონო კოტე, თქვენის ნებართვით, საუბრის თემას შევცვლი, უფრო სწორად, წეღან, ტეტ-ა-ტეტ რომ მითხარით, იმ საკითხს დავუბრუნდები... “ქართული ოცნების” რუხი კარდინალი ვინაა?
- ვინ და, - მაგალითად, დავით საგანელიძე.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- ვანო, იცით, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი ვიყავი. ამ მხარესთან კონტაქტი დღესაც მაქვს და ხალხმა იცის, ვინ ვინაა და თანამდებობაზე ვინ როგორ დაინიშნა. “ქართული ოცნების” საკადრო პოლიტიკით სამეგრელოს მოსახლეობა ძალიან გაღიზიანებულია.
- რატომ?
- მაგალითებს გეტყვით და დასკვნა თავად გამოიტანეთ.
- კი ბატონო, გისმენთ...
- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ლაშა გოგია, რომელიც თავის დროზე ადგილობრივი კუდ-ის თანამშრომელი იყო და რომელზეც ზუგდიდის რაიონში ლეგენდები დადის...
- მაპატიეთ, რა ლეგენდები?
- თითქოს, გადაღებას აწარმოებდა.
- იმ კადრებზეა ლაპარაკი, მამაკაცის გაუპატიურება რომაა ასახული?
- ეს არ ვიცი, მაგრამ ლაშა გოგიას მოსახლეობაში არაჯანსაღი ავტორიტეტი აქვს. გოგია კუდ-ში მაშინ მუშაობდა, როცა “ნაცმოძრაობა” ზენიტში იყო და სამეგრელოში კუდ-ი ყველაფერს განაგებდა. მიუხედავად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” ეს “ტიპი” საკრებულოს თავმჯდომარედ დასვა.
- საგანელიძე რა შუაშია?
- არ ვიცი, მართალია თუ არა, მაგრამ როგორც ხალხი ამბობს, ლაშა გოგია და, საერთოდ, იმ ადამიანთა ჯგუფი, რომელიც დღეს ზუგდიდის თვითმმართველობას განაგებს, “ქართულ ოცნებაში” სწორედ საგანელიძის რეკომენდაციით მოხვდა.
მოსახლეობას პრეტენზია ზუგდიდის გამგებელ ედიშერ თოლორაიასთანაც აქვს, რომელიც “ნაციონალების” დროს გუბერნატორ გოროზიას თანაშემწედ მუშაობდა.
- მერე, ამით რა დაშავდა?
- ასე არ ხდება, მით უმეტეს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, თოლორაია “ნაცმოძრაობის” ადგილობრივი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე იყო. როგორ წარმოგიდგენიათ, იმ დროს, როცა ყოფნა-არყოფნის საკითხი წყდებოდა, “ნაციონალები” საარჩევნო შტაბის ერთ-ერთ ხელმძღვანელად ისეთ ვინმეს დანიშნავდნენ, რომელსაც არ ენდობოდნენ? “ნაციონალებს” ვერავინ დასწამებს, რომ ეს საქმე არ იცოდნენ...
- ისე, კოტე ბატონო, ჩვენში დარჩეს და, ბოლო დროს “წაუნაციონალებთ”...
- ეს ხალხი თანამდებობაზე “ოცნების” დროს დანიშნეს და კარგად ჩანს, ვინც “წაუნაციონალებს”. დიახ, ეს ადამიანები თვითმმართველობაში “ქართულმა ოცნებამ” დანიშნა! სხვათა შორის, ზუგდიდის მერი, იკა (ირაკლი) გოგოხიაც, როგორც მითხრეს, “ნაციონალების” კადრია. ყოველ შემთხვევაში, მისი სიმამრი, ვინმე ზურაბ ცხონდია როლანდ ახალაიას აგიტაციით იყო დაკავებული და ხალხს მოუწოდებდა, რომ ხმა ახალაიასთვის მიეცა. მოგეხსენებათ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ზუგდიდის მაჟორიტარი როლანდ ახალაია გახდა...
- სხვათა შორის, ამ თემაზე შეკითხვები “ოცნების” ბოსებს ირაკლი ალასანიასთან აქვთ...
- შეკითხვები ირაკლისთან კი არა, “ქართულ ოცნებასთან” უნდა ჰქონდეთ, თუ როგორ და რანაირად მოხვდა ეს ხალხი სხვადასხვა თანამდებობაზე. ისე არ გამიგოთ, რომ ალასანიას ვიცავ, მაგრამ ეს ადამიანები თანამდებობაზე ალასანიას არ დაუნიშნავს და მათ პროტექცია ვიღაცამ ხომ გაუწია? მაინტერესებს, “ნაცმოძრაობამ” “ქართულ ოცნებას” ისეთი რა გაუკეთა, რომ თანამდებობები მისცეს? რა, სამეგრელოში მეტი არავინ მოიძებნება? სხვათა შორის, სამეგრელოში პრემიერ ღარიბაშვილს სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს და კადრები ამ მხარდამჭერებიდანაც ვერ შეარჩიეს? ისე, “ნაციონალები” ირაკლი გოგოხიასთან დაკავშირებით რატომ არ გაიძახიან, ნეპოტიზმიაო? - ნეპოტიზმია, აბა, რა არის, როცა ზუგდიდის მერი სახელმწიფო უწყებებში ცოლის მეგობრებს და დაქალებს ასაქმებს?! ამიტომაც, ადგილობრივებმა გოგოხიას “ჩემი ცოლის დაქალები” შეარქვეს.
საერთოდ, სამეგრელო ლაკმუსის ქაღალდია და თუ გინდა, კარგად გრძნობდე, ქვეყანაში რა ხდება, სამეგრელოს უნდა დააკვირდე.
- თქვენს მიერ დასახელებული ყველა “ტიპი” “ოცნებაში” საგანელიძის რეკომენდაციით მოხვდა?
- ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ დაჯდეს “ქართული ოცნება” და თავად გაარკვიოს, ვის ვინ მფარველობს.
- ...”ქართული ოცნება”, როგორც პარტია, არსებობს?
- კი, ნომინალურად არსებობს...
- პარტიიდან ზვიად ჯანყარაშვილის გაშვებას როგორ ხსნით?
- ეს, ბუნებრივია, პარტიის თავმჯდომარის, ანუ ირაკლი ღარიბაშვილისა და გამგეობის გარეშე არ მოხდებოდა.
- ზოგი “ოცნებელი” ამბობს, რომ ჯანყარაშვილის წასვლის შესახებ მედიით შეიტყო და, სხვათა შორის, აპროტესტებს, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები პარტიის დამფუძნებლებთან უნდა შეთანხმდეს...
- პარტიის დამფუძნებელი ერთია, გამგეობა კი - მეორე. საერთოდ, პარტიის უმთავრესი, ასე ვთქვათ, ორგანო ყრილობაა. ყრილობიდან ყრილობამდე კი, პარტიას დამფუძნებლები კი არა, გამგეობა მართავს. ასე რომ, დამფუძნებლობას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თორემ სალომე ზურაბიშვილის “საქართველოს გზის” დამფუძნებელი მეც ვარ, მერე, რა?!
- ესე იგი, ბატონო კონსტანტინე, ყველაფერი ზემოთქმული მიანიშნებს, რომ “ქართულ ოცნებაში” რაღაც ისე ვერაა, როგორც უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა... როცა ადამიანი პარტიის გასაძლიერებლად მოგყავს, ენდობი და უცებ, თავის სურვილით მიდის თუ უშვებენ, ეს პარტიის გამგეობის მიმართ, ბუნებრივია, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. არადა, ქართველმა ხალხმა მანდატი სწორედ ამ გამგეობას მისცა.
- ჯობია, დავაკონკრეტოთ: ქართველმა ხალხმა მანდატი გამგეობას კი არა, იმ ადამიანს მისცა, რომელიც პოლიტიკაში ერთი წელია, აღარაა... თქვენი ინფორმაციით, საგანელიძე “ოცნების” “რუხი კარდინალი” როგორ გახდა?
- საგანელიძის “რუხი კარდინალობა” ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მით უმეტეს, მაქვს ინფორმაცია, რომ მას “ოცნების” ცალკეულ წევრებთან, მაგალითად, დავით ლორთქიფანიძესთან დაძაბული ურთიერთობა აქვს... ისე, “ნაცმოძრაობის” კადრების აღზევებაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საგანელიძეს კი არა, სხვებსაც ეკისრება!
- რა ვიცი, ხელისუფლებას რომ ვკითხოთ, “ნაცებს” ალასანია მფარველობდა...
- თვითმმათველობის არჩევნებში ალასანია, როგორც ვიცი, აქტიურად ჩართული არ იყო და თუნდაც სამეგრელოში “ნაციონალების” “ოცნების” სიაში ჩასმა როგორ უნდა დააბრალონ? ამასაც თავი რომ დავანებოთ, ალასანია ხელისუფლებაში აღარაა და სახელმწიფო სტრუქტურებს “ნაციონალებისგან” ახლა რატომ არ წმენდენ? ჯობია, ვირტუალურ საუბარს თავი დაანებონ და ხალხს ფაქტები აჩვენონ. ისრების ალასანიაზე გადატანა პროდასავლურ კურსზე პირდაპირი შეტევა და ალასანიას გუნდის პოლიტიკური ამბიციების განეიტრალების მცდელობაა! ისე, ალასანიაზე შეტევა დღეს “ნაცმოძრაობასაც” აწყობს.
- ამ თემაზე ადრეც გვისაუბრია... მართალია, ორი წლის განმავლობაში, ყველაფერი “ნაცებს” ბრალდებოდათ, მაგრამ ახლა საინტერესო მოცემულობაა: ადამიანები, რომლებსაც ბრალი ხალხის ჭამა-გაუპატიურებაში ედებოდათ, უკრაინაში უმაღლეს სახელმწიფო პოსტებს იკავებენ. ესე იგი, “ოცნების” მცდელობა, მსოფლიოს დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლება რეჟიმი იყო, მსოფლიოს თვალში ცამტვერდება, არა?
- დიახ, მაგრამ უკრაინის მთავრობა ვის და სად დანიშნავს, ეს ჩვენი საქმე არაა.
- შეიძლება, მაგრამ “ოცნებას” სააკაშვილის გარემოცვაზე თუნდაც საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად მყარი არგუმენტები რომ წარმოედგინა, დღეს ხომ სხვა რეალობა იქნებოდა?
- ბუნებრივია, მაგრამ აქცენტი მაინც სხვა რამეზე უნდა გავაკეთოთ.
- რაზე?
- რაზე და, - თუ როგორ ადვილად თმობენ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქეობას.
- თქვენი ვერსიით, რატომ თმობენ?
- ამ ნაბიჯის გადადგმისკენ, ალბათ, კომფორმიზმი და ვიღაცების წინაშე აღებული ვალდებულებები აიძულებთ. 9 წლის განმავლობაში, “ნაციონალებისგან” ურა-პატრიოტული განცხადებები გვესმოდა...
- სხვათა შორის, უკრაინაში დანიშვნებსაც პატრიოტიზმით ხსნიან, ჩვენ და უკრაინას საერთო მტერი გვყავს და თუკი რუსეთის ინტერესები უკრაინაში განეიტრალდება, ამით საქართველოც ამოისუნთქებსო...
- მესმის, მაგრამ მაგალითად, ეკა ზღულაძემ უკრაინაში რუსეთი როგორ უნდა გაანეიტრალოს? “ნაცმოძრაობა” გვიქმნიდა ილუზიას, რომ უკრაინას კარგი შეიარაღებული ძალები ჰყავდა და რუსეთისთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევაც შეეძლო, ანუ უკრაინისგან მძლავრი პოლიტიკური და სამხედრო სახელმწიფო შექმნეს, სინამდვილეში კი, ყველაფერი ეს ბლეფი აღმოჩნდა და იქამდე მივედით, რომ ამ ქვეყანას საქართველოდან გადასხმულმა დესანტმა უნდა უშველოს. გესმით, რა სიტუაციაა?
- “ნაციონალები” ძლიერ უკრაინას იუშჩენკოს სახელს უკავშირებდნენ...
- იუშჩენკო და პრომოშენკო ერთი კლანია.
- მეც მაგას ვამბობ - უკრაინა იანუკოვიჩმა დაანგრია.
- ვანო, საუბარი ისე ნუ მიგყავთ, რომ იანუკოვიჩის მხარდამჭერად გამომიყვანოთ. ასი წელი, იანუკოვიჩის მხარდამჭერი არ ვიქნები, მაგრამ ფაქტია: მან რუსეთს ომი პირდაპირ არ დაუწყო.
- სამაგიეროდ, მეიდანი მოაწყო და, მახსოვს, თავის დროზე თქვით, ეს რუსული სპეცსამსახურების სცენარიაო...
- დიახ, ეს ერთი კონტექსტია, ანუ ყველაფერი ბიზნესსა და ფულთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, პორეშენკო და მიხეილ სააკაშვილი თანაკურსელები არიან. ასევე, გაგახსენებთ “უკრსსპეცექსპორტთან” სააკაშვილის თავდაცვის სამინისტროს მიერ იარაღის შესყიდვაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის დადების დროსაც, პოროშენკო იუშჩენკოს მთავრობის უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.
- მაშასადამე, ქართული დესანტის უკრაინის მთავრობაში გადასხმით, იარაღით უკანონო ვაჭრობის, ასე ვთქვათ, დაკანონება ხდება?
- ასე ნუ ჩავყვებით და ჯობია, ფაქტებით ვისაუბროთ... სააკაშვილისა და პოროშენკოს კავშირი, რომელიც შავ ბიზნესს უკავშირდება, გარკვეულ ვალდებულებას აჩენს
- ჰოდა, თუკი საქმე ჰააგის ტრიბუნალამდე მივა და სააკაშვილს, აგვისტოს ომთან ერთად, იარაღით უკანონო ვაჭრობის ბრალდებასაც წაუყენებენ, უკრაინული მხარე მოწმედ არ გამოდგება, რამეთუ უკრაინის მთავრობაში “ნაციონალები” არიან. მოკლედ, ერთმანეთს არ ჩაუშვებენ...
- საინტერესო ვერსიაა, თუმცა სააკაშვილზე საერთაშორისო ძებნა არაა გამოცხადებული და, შესაბამისად, არსებობს წმინდა იურიდიული ბერკეტი, რომლითაც სააკაშვილს შეუძლია, ქართულ მართლმსაჯულებას თავი აარიდოს.
- სააკაშვილს მართლმსაჯულებისთვის თავის არიდება რომ უნდოდეს, მაშინ უკრაინის ვიცე-პრემიერობაზე დასთანხმდებოდა და ამის შემდეგ ქართულ მხარეს მასზე საერთაშორისო ძებნა რომ გამოეცხადებინა, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დონის მსოფლიო სკანდალი “აიწეოდა”?
- დიახ, მაგრამ ხომ ნახეთ, სააკაშვილმა ვიცე-პრემიერობაზე, რომელიც ავტომატურად პოლიტიკურ თავშესაფარსაც ნიშნავს, უარი თქვა.
- რატომ?
- ვიცე-პრემიერობაზე რომ დასთანხმებოდა, საქართველოს მოქალაქეობას და, შესაბამისად, “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობასაც დაკარგავდა.
- “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობა რაში სჭირდება, როცა ციხეზეა ლაპარკი?
- მიშა პრაგმატულად აზროვნებს, ანუ თუ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა, თავი რომ გადაირჩინოს, “ნაცმოძრაობას” გაწირავს და უკრაინაში რომელიმე თანამდებობაზე დასთანხმდება.
- კარგი, რა, ბატონო კოტე, მიშაზე საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ვიღას ახსოვს, ვერ ხედავთ, რა ამბებია?
- “ოცნებას” ამის პოლიტიკური ნებაც არ აქვს. გარდა ამისა, საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ისეთი ბრალდების წაყენებაა საჭირო, რომელიც საერთაშორისო დანაშაულს გულისხმობს.
- რა ამის პასუხია და, ახლა გამახსენდა, თუმცა არ ვიცი, რამდენად მართალია: ითქვა, რომ “ოცნებამ” ორწლიანი მუშაობის ანგარიში კეზერაშვილთან ასოცირებულ კომპანიას დაუკვეთა, რაშიც რამდენიმე ასეული ლარი გადაიხადა...
- ჰოდა, გამარჯობა! ყველაფერ ამაში მთავარი დამნაშავე და მთავარი მოწმეც, რომლის ჩვენებამაც სააკაშვილი შეიძლება, ჰააგის ტრიბუნალამდე მიიყვანოს, დავით კეზერაშვილია, მაგრამ მის წინააღმდეგ ამ თემებზე გამოძიება არაა დაწყებული. არადა, კეზერაშვილმა საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონები მიითვისა.
- ეს ბელეტრისტიკაა, კოტე ბატონო!
- ეს ბელეტრისტიკა კი არა, ფაქტია!
- ფაქტი, რომელსაც ვერავინ ამტკიცებს!
- მომცენ შესაძლებლობა და ძალიან მარტივად დავამტკიცებ!
- მაინც, როგორ?
- როგორ და, - აშშ-სა და სეიშელის კუნძულებზე დალექილი დოკუმენტებით. სხვათა შორის, ეს დოკუმენტაცია, წესით, ჩვენს თავდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებშიც უნდა არსებობდეს და თუ განადგურებულია, მაშინ საქმე ახალ დანაშაულთან გვექნება. კეზერაშვილისთვის ბრალი სპირტის კი არა, იმ ხელშეკრულების გამო უნდა წაეყენებინათ, რომლებითაც მილიონები მიითვისა. თუ ამ ხელშეკრულებების ნომრები მე, ქუჩაში გამოგდებულმა ადამიანმა ვიცი, დავიჯერო, პროკურატურაში არ იციან?.. ეს საბუთები თავის დროზე “ქართულ ოცნებას” მივუტანე და მითხარით, ამ ორი წლის განმავლობაში რას აკეთებენ? “ოცნება” დღეს იმას იმკის, რაც გააკეთა და 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს დარტყმის ქვეშ აყენებს!
- ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, “ოცნება” ჩიხშია?
- რა თქმა უნდა. “ოცნების” ხელისუფლებას სიტუაცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებამდე თავის დროზე რომ მიეყვანა, შანსი ჰქონდა, რომ ხელისუფლებაში ისევ უმრავლესობით მოსულიყო, დღეს კი, ამის შანსი ნაკლებია, რადგან საარჩევნო კომისიებში, “თავისუფალი დემოკრატების” სახით, ოპოზიციური სექტორი გაჩნდა. ისიც გაუგებარია “რესპუბლიკელები” საით გადაიხრებიან. ვადამდელი არჩევნები “ნაცმოძრაობას” დაასამარებს, მაგრამ “ოცნება” უმრავლესობით ვეღარ მოვა.
- და რატომაა აუცილებელი, რომ ხელისუფლებაში ერთი პარტია იყოს? ვთქვათ, კოალიციური მმართველობა არ შეიძლება?
- როგორ არ შეიძლება... ერთმმართველობა მავნე პრაქტიკაა. ამიტომაც, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: საქართველოში პარტოკრატიულ მმართველობას წერტილი საბოლოოდ უნდა დაესვას. დღეს ქვეყანას ხალხი კი არა, პარტოკრატია მართავს!
- ყველაფერი ეს, საბოლოო ჯამში, მგონი, პოლიტიკურ აღებ-მიცემობამდე მიდის და ამ თემაზე ერთხელ უკვე ვისაბრეთ...
- დიახ, პოლიტიკა ბიზნესია. მოდით, სიმართლე ვთქვათ, მაგალითად, “ახლები” და “მრეწველებიც” “ნაცმოძრაობასთან” თავს მშვენივრად გრძნობდნენ.
- ცნობილია, რომ დღევანდელი “ოცნებელი” გოგი თოფაძე მიშასთან ერთად საერთაშორისო ვიზიტებში დადიოდა...
- “ქრისტიან-დემოკრატებზე” აღარაფერს ვამბობ... მოკლედ, ყველაფერს კადრები წყვეტენ!
- მგონი, ამას ხელისუფლებაც მიხვდა და “ნაცკადრებისგან” გამიჯვნა დაიწყო - მაგალითად, თანამდებობები ძმებმა ჩხენკელებმა დატოვეს, თუმცა ჩინოვნიკები ირწმუნებიან, საგანგაშო არაფერი ხდებაო...
- ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს?
- ერთი სიტყვით, ნათელია, რომ “ოცნება” ხელისუფლებისთვის მზად არ იყო, არა?
- დიახ. “ოცნება” არც ელოდა, რომ ხელისუფლებაში მოვიდოდა...
- ...ბატონო კოტე, წეღან თქვით, გაზაფხულზე სასწაული ამბები მოხდებაო...
- შეიძლება, გაზაფხულამდე ვერც მივიდეთ - ახალი წელი მოდის. იცით, ქართველებისთვის ახალი წელი რას ნიშნავს და, კაცი შინ პურსაც რომ ვერ შეიტანს, წარმოიდგინეთ, რა მოხდება.
იცით, ხელისუფლების გარკვეულ კასტას რა დაემართა? - ჩაიკეტა და ახალი ოდიოზური ფიგურები თუ მეხოტბეები გაჩნდნენ. ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ მეხოტბეების უნდა ეშინოდეს! ხელისუფლება რომ ხარ, ხელი ხალხის პულსზე უნდა გეჭიროს და პენსიის ათი ლარით მომატებაზე ისეთი აჟიოტაჟი არ უნდა შექმნა, რომ თითქოს წინ მივდივართ!
ისე, გამორიცხული არაა, რომ თუნდაც ლარის კურსის გაუფასურება რუსულ სპეცსამსახურებსაც უკავშირდებოდეს. გახსოვთ, 2006-2007 წლებში რუსეთიდან ქართველები რომ გამოყარეს?
- კი, მახსოვს, მაგრამ ყველაფრის რუსეთთან დაკავშირება, მგონი, არ შეიძლება, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ვიღაც დასავლეთის იმიჯის შელახვას ცდილობს და გაიძახის, აი, ასოცირების ხელშეკრულებამ სავიზო რეჟიმის გამკაცრება გვაიძულა, ტურისტები აღარ შემოდიან და ლარს დედა ამიტომაც ეტირაო...
- დიახ, დასავლეთის კომფრომტაცია მიზანმიმართულად ხდება...
- ისე, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებზე აღარავინ არაფერს ამბობს...
- თემა გადაიფარა...
- ამასობაში, ირაკლი ალასანია მაკკეინს შეხვდა... მოკლედ, რას უნდა ველოდოთ?
- თუ რაღაცებს არ შეცვლიან, ხალხი ქუჩაში გამოვა და სოციალური აფეთქება მოხდება!
- ხალხს “ნაციონალების” დროსაც შიოდა, მაგრამ ამის გამო მაშინ ქუჩაში არ გამოდიოდა...
- ახლა ყველაფერი ზღვარზეა - იცით, ადამიანები შიმშილით კვდებიან. რაღა შორს წავიდე, ჩემი ოჯახის მაგალითს ავიღებ.
- გშიათ?
- ფიგურალურად რომ ვთქვა, კი ბატონო, მშია.
- ესე იგი, ქუჩაში გახვალთ?
- არა, იარაღს არ ავიღებ, მაგრამ ყველა ერთნაირი ხომ არ ვართ?
- იარაღის საფრთხეა?
- მაშინ, როცა ქუჩაში ხალხის კრიტიკული მასაა, ყველაფრის საფრთხე არსებობს!
საერთოდ, უსაფრთხოება მხოლოდ უცხო ქვეყნის აგენტების დაჭერა არაა. ის, რომ მაგალითად, ელექტროენერგია უკვე ყოველ დღე ითიშება, უსაფრთხოების სეგმენტია. ყველაფერი ეს კი, ქვეყნის საერთო უსაფრთხოებას ქმნის. თქვე მამაცხონებულებო, ლამის მთელმა მსოფლიომ რუსეთს ემბარგო დაადო, მაგრამ რუსული რუბლი ისე არ გაუფასურებულა, როგორც ლარი და ეს დამაფიქრებელი არაა?
- ...ბატონო კონსტანტინე, ამ დღეებში, როგორც ვიცი, დაგემუქრნენ...
- მე კი არა, ჩემს მეგობარს, რომელიც ჩვენი საექსპერტო ჯგუფის წევრია, დაურეკეს, დედას გიტირებთო...
- დაფარული ნომრიდან დარეკეს?
- არა...
- ამ ზარს თქვენს ინტერვიუებს უკავშირებთ?
- კი ბატონო...
- თქვენ რატომ არ დაგირეკეს?
- იციან, ჩემგან რა პასუხსაც მიიღებენ და ამიტომაც არ დამირეკეს... საერთოდ, ასეთ მუქარებს ყურადღებას არ ვაქცევ და ისევ იმას დაურეკონ, ვისთანაც ადრეც რეკავდნენ და გასდიოდათ! მუქარა, მაპატიეთ და, ფეხზე მკიდია!