რაზე იხდის ბოდიშს, ვის ამხელს და კიდევ ვის ემუქრება სულის ამოხდით ნაციონალი დეპუტატი
საუბრობს მთავარ შეცდომებზე, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებსა და მათთან კავშირზე, საპარლამენტო ნდობის ჯგუფის დანაშაულებრივ დარღვევებზე, ქართული ოპოზიციიდან უკრაინის ხელისუფლებაში გადაბარგებულ თანაგუნდელებზე, 2003 წლისა და უსისხლო რევოლუციის გამეორების საჭიროებაზე, მძიმე ზამთრის შემდეგ მოსულ ცხელ პოლიტიკურ გაზაფხულზე _ ,,ვერსიის' რესპონდენტი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გივი თარგამაძეა, რომელიც სამარკო ფრაზას არც ამჯერად ღალატობს და ყველას, ვინც ამ ფრაზას საკუთარ თავზე მიიღებს, სულის ამოხდით ემუქრება.
- უკრაინაში თქვენი მეგობრები ვაშაძე, ზღულაძე, კვიტაშვილი ხელისუფლებაში ინიშნებიან. ეს ხალხი და მათი რეფორმები აქ ასეთი წარმატებული იყო?
- სხვა ყველა ახსნა, გარდა იმისა, რომ ჩვენი რეფორმები წარმატებული იყო, თითიდან გამოწოვილია. უკრაინას ახლა მსოფლიოს ცივილიზებული ნაწილი ეხმარება და მიიჩნევს, რომ საქართველოში სწრაფი და დადებითი რეფორმები გავატარეთ. თანამდებობაზე ჩვენი მეგობრების დანიშვნა ამის შედეგია.
- და არა სეიშელზე გადამალული 16 მილიარდისა, რომელიც, გენერალ ტრისტან წითელაშვილის განცხადებით, სააკაშვილმა პოროშენკოს ამ თანამდებობის სანაცვლოდ გადაუხადა?
- ტრისტან წითელაშვილზე კომენტარების კეთებას აზრი არ აქვს, რადგან ეს კაცი გამოკვეთილი ნაძირალაა. არც გენერალი ყოფილა ოდესმე - იარაღისა და ჯავშანჟილეტების ჩვეულებრივი გამყიდველი იყო, რომელსაც გენერლობა კაზაკებმა მიუგდეს. იგი ამ ქვეყნის იმდენად დიდი მტერია, რომ რუსული ORT-ს ეთერსაც უხსნიან და ვრცლად ალაპარაკებენ, თუმცა მე მას სერიოზულ მტრადაც კი არ განიხილავ.
- უცნაურია, თანამდებობა თქვენ, უკრაინის პროცესებში ყველაზე აქტიურად ჩართულ ადამიანს რატომ არ შემოგთავაზეს?
- რაიმე შემოთავაზება რომც მიმეღო, არც განვიხილავდი - ყველა თვალსაზრისით, აქ უფრო საჭირო ვარ. თან, აქ ჩვენი დეპუტატთა კორპუსის მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია.
- მერე, გიორგი ვაშაძის დათმობა არ გენანებათ?
- ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. თუმცა საპარლამენტო სიაში შემდეგი ეკა ხერხეულიძეა, იმის მერე ლევან თარხნიშვილი, ასე რომ პრობლემა არ არის.
- როგორც ,,კანონიერი ქურდების მამა' და ,,მორგის სანიტარი', თქვენ და გიგა ბოკერია, სააკაშვილთან ერთად, თურმე ქვეყანაში გადატრიალებას ამზადებთ. მსგავს ბრალდებებში სულ თქვენი გვარები რომ ფიგურირებს, ამას როგორ ხსნით?
- გიგა ბოკერიას ხსენება მიკვირს. ალბათ, იმას გულისხმობენ, რომ გიგამ ამ არეულობის საერთაშორისო მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს, რადგან ძალიან წარმატებულია საგარეო პოლიტიკაში. იგივეს ვერ ვიტყვი ,,ოცნებაზე', რომელმაც ყველაზე ჩამყაყებული პოზიცია დაიკავა და განაცხადა, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა განსაკუთრებული რამ კი არა, მოვლენათა ჯაჭვში ერთი რგოლი იყოო.
- ბრიტანული ,,ეკონომისტის' მწვავე შეფასებები ბიძინა ივანიშვილზე, შემთხვევით, ნაციონალების ამ ,,წარმატების' ნაწილი ხომ არ არის?
- როცა სახელმწიფოს სახელით განცხადებებს ვაკეთებდით და საკუთარი ქვეყნის ლობებს ვეძებდით, ამის გამო ლამის სისხლის სამართლის საქმეებით გვემუქრებოდნენ. დღეს ჩვენს პარტიას საიმისო სახსრები არ აქვს, რაღაც სტატიები შეუკვეთოს და აქვეყნოს. ასეთ სტატიებს ვინ უკვეთავს, ვნახეთ. ყველაფერს ჩვენ ნუ დაგვაბრალებენ. დიახ, ძალიან კარგად ვიცით პოლიტიკური ტექნოლოგიები, მაგრამ ამ ცოდნასა და გამოცდილებას იმისთვის ვიყენებთ, მასობრივი პროტესტი და ქუჩის აქციები რევოლუციასა და არეულობაში არ გადაიზარდოს. ამას ვასწავლიდით ყველა მეგობარ ქვეყანას და საწყენია, ამას მე რომ მაბრალებენ. ეს შეფასება ჩემზე ,,კანონიერი ქურდების დედამ', თეა წულუკიანმა გააკეთა, თუმცა ისეთ ტიპებთან კავშირი არასოდეს მქონია, როგორებთანაც მას. არც მორგის სანიტარი ვყოფილვარ. სასწრაფოზე ვიმუშავე 3 წელი და საოპერაციო ბლოკში ვიყავი სანიტარი, მაგრამ დასაცინს ვერაფერს ვხედავ - საკმაოდ დასაფასებელი სამუშაოა მთელ მსოფლიოში. ამ დროს, წულუკიანმა კრიმინალებს მემორიალი დაუდგა და მათ თავისი კალთა გადააფარა. მე ხომ ,,ოცნებას' არ ვეუბნები, რაღაც სატელეფონო ლაპარაკი მოვისმინე-მეთქი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აჭარაში ვინმე ლავას ოღლი ციხეზე ,,მაყურებლის' გასაკონტროლებლად გააძლიერეს და ამით ადგილობრივმა პოლიციამ ისარგებლა.
- მერე, ეს სისტემა ვისი მოგონილია? თანაც, დღეს იმაზეა საუბარი, რომ სწორედ ციხეებში ბუნტს გეგმავთ ,,ქურდების' დახმარებით და არის ფაქტები, როგორ შემოდიოდნენ საქართველოში ,,კრიმინალური ავტორიტეტები'.
- მე მათ უკვე 19 ასეთი შემთხვევა ჩამოვუთვალე. ისინი კი არ რეაგირებენ. სამაგიეროდ, კარგად ჩაუსხდნენ და მთელი 9-წლიანი პერიოდის განმავლობაში ერთი საცოდავი ფაქტი იპოვეს. არ გამოვრიცხავ, ოდესღაც, ასეთი რამ მართლა მომხდარიყო. თუმცა დღეს, ხელისუფლებას კვირაში ერთხელ, წუთებითა და წამებით დაზუსტებულ ინფორმაციას ვაწვდი, რომელმა ,,კანონიერმა ქურდმა' გადმოკვეთა საზღვარი, როგორია მისი მარშრუტი, ვის როდის ,,გაადეპორტებენ' ძველი ადგილსამყოფელიდან, მაგრამ არ ესმით. ეს ინფორმაცია იგივე საშუალებებიდან და სერვერებიდან გვაქვს, რაც დღეს მათ ხელშია. შეუძლიათ, ჩემზე ოპერატიულადაც მოიპოვონ, მაგრამ არ აინტერესებთ.
- ამ სერვერებზე წვდომა თქვენ რატომ გაქვთ?
- იმიტომ, რომ იქ ჯერ კიდევაა კარგი ხალხი შემორჩენილი - ჯერ ყველა ვერ გამოყარეს. ახლა ეძებონ, ვინ არიან ეს ადამიანები. ამ ხელისუფლებამ ხალხი ბოლო წერტილამდეც რომ მიიყვანოს, სწორედ ჩვენი პარტია ეცდება, პროცესი უმართავი არ გახდეს. ივანიშვილი შევარდნაძესავითაც რომ მოიქცეს, ჩვენგან საბურავებს მაინც ნუ დაელოდებიან - ყველაფერი ისევ უსისხლოდ დასრულდება.
- ფიქრობთ, ახლა ქვეყანაში 2003 წლის გამეორების შანსი და საჭიროებაა?
- იმედი მაქვს, საჭირო არ იქნება. ჩვენ გვაქვს გარკვეული მხარდაჭერა და ,,ოცნებისგან' განსხვავებით, არ გავიძახით, ქუჩაში 200 000 კაცი გამოვიყვანეთო. მოსახლეობას ვხვდებით. ესაა მუშაობა და არა ცესკო- სთვის ჩაქუჩების რტყმა და ყვირილი, მოვდივართო.
- ცესკო ახსენეთ, რომელსაც მალე, არსებული სისტემით, მთლიანად ,,ოცნება' დაიკავებს. ასე იყო თქვენი დროსაც. დღეს რომ საარჩევნო ცვლილებებზე საუბრობთ, ამის მისახვედრად 9 წელი რატომ დაგჭირდათ?
- ესაა საქმე. სწორედ ამ შეცდომებმა მიგვიყვანა დღევანდელ შედეგამდე, აბა, ისე უბრალოდ კი არ წავაგეთ არჩევნები. სისტემა შესაცვლელია, არჩევნების მაჟორიტარული წესიც არ მოგვწონს. არასაპარლამენტო პარტიებთანაც ვიმუშავებთ ერთიანი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად და არასამთავრობო სექტორთანაც.
- გაგიჭირდებათ - არასამთავრობოებისთვის იმდენად მიუღებელი ხართ, ,,მოსმენების' კანონზე მათი წინადადების ინიცირების ნებაც კი არ მოგცეს.
- ჯერ ერთი, არასამთავრობოთა მთელი სპექტრი სამი ორგანიზაცია არ არის. თუმცა ურთიერთობას მათთანაც ვაგრძელებთ და იმედია, პრინციპულ საკითხებზე შევთანხმდებით. მოსმენებს რაც შეეხება, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე მძიმე გამოცდილება ჩვენ მივიღეთ. ეს ჩვენი მოგონილი სისტემა არაა, მაგრამ ამით პასუხისმგებლობას არ ვიხსნით იმ გადაცდენებზე, რაც ვერ აღმოვფხვერით და შემდეგ, ყველაზე მახინჯი სახით, ისევ ჩვენ მოგვიტრიალდა. ამის შესაცვლელად ბრძოლას ოპოზიციიდან გავაგრძელებთ, რადგან ხელისუფლებაში არავინ არაფერი იცის! როცა ქვეყანას ფაქტობრივად, ჯანყარაშვილი მართავს, საერთოდ რაზეა საუბარი. მთელი მისი გამოცდილება ელიავაზე ,,დაშლილების' გაყიდვაა!
- წავიდა ჯანყარაშვილი უკვე მეორე პოსტიდან და მეტი რაღა ქნას, რომ კლანურ მმართველობაზე არ ილაპარაკოთ!
- ჩანაცვლება, ერთი პოსტიდან მეორეზე, ან სხვა სივრცეში გადასვლა, არაფერს ნიშნავს. დღეს ხელისუფლებაში რუსეთზე ღიად მომუშავე ადამიანები გვყავს: ზურაბ აბაშიძე, რომელიც მოძველბიჭო ელემენტია და თავხედურად საუბრობს. ასევე, ამაზრზენი პაატა ზაქარეიშვილი, რომელმაც იმდენი გაბედა, ხალხს თავზე დააფურთხა და გამოუცხადა, აფხაზეთის ანექსია ჩემი წარმატებააო. არის გია ვოლსკი, რომელიც თავისი ,,კაიბიჭური' მანერებით, უმრავლესობას ოფიციალურად აკონტროლებს და არც აინტერესებს, პარლამენტში უსუფაშვილი საერთოდ არსებობს, თუ არა. ეს ადამიანები ღიად და დაუფარავად ცდილობენ, რუსეთში შეგვტენონ. ეს რაღაც პრაიდის ტიპის დაჯგუფებაა.
- რა მოულოდნელი შედარებაა - ანუ ისინი ლომებად მიგაჩნიათ?
- არა, ლომებად კი არა, აფთრებად მივიჩნევ. დღეს მთელ ქვეყანას თავზე ეს აფთრები ასხედან. არანაკლებ ნაძირლებს, ისეთებს, როგორიც მაგალითად შტრილნიკოვია, ეკა ბესელია მკერდით გადაეფარა. ის თავისივე გამოშვებულ ნაძირლებს იცავს დუჟმორეული!
- ბესელია თქვენც კარგად გიცავდათ, როცა თქვენი ადვოკატი იყო - როდის გაიყო თქვენი გზები?
- 2002 წელს, როცა კობა ნარჩემაშვილი ჩემს დაჭერას აპირებდა ხულიგნობის მუხლით, მირჩიეს, ეკა აიყვანე, კარგი ადვოკატიაო. ის საქმე, სხვათაშორის, ახლახან დაიხურა. ერთხელ გვქონდა სასამართლო და აქ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა.
- და ქვეყნის პირველ აუდიტორ ლაშა თორდიასთან?
- ლაშა თორდიასთან დღეს არავითარი ურთიერთობა არ მაქვს. ეს ნდობის ჯგუფის სხდომის წინაც დავაფიქსირე, როცა მითხრეს, ეს კაცი თქვენი მეგობარი არ იყოო?! მასთან განსაკუთრებული მეგობრობა არც არასდროს მაკავშირებდა. ახლა, თორდიამ, რა თქმა უნდა, რაღაც გარანტიები მიიღო, თანამდებობასთან ერთად და ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი იმად ღირს, იქეთ შეუტიო შენიანებს. თორდიამ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთა შეასრულა თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში. მთელი ეს მოვლენები, რაც ირაკლი ალასანიას გარშემო განვითარდა, იმით გაგრძელდა, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფმა და ირაკლი სესიაშვილმა გადაწყვიტეს, აუდიტის სამსახურისთვის წერილი მიეწერათ. მიწერ- მოწერა პარლამენტსა და ამ სამსახურს შორის ზუსტად 1 დღეში დასრულდა, რამდენიმე წერილი გადაუგზავნეს ერთმანეთს, უცებ, პასუხებიც დაბრუნდა და ჰოპ, მეორე დღეს პარლამენტში უკვე ამ მასალების დიდი ნაწილი მოიტანეს და სხდომა ჩატარდა. ე.წ. კაბელების საქმე რომ ამოტივტივდა, სესიაშვილმა პირველად მაშინ დამირეკა, აბა, უცებ ვიკრიბებით, ნდობის ჯგუფშიო. რაც ამ სხდომაზე მოხდა, საერთოდ ნონსენსი იყო. აუდიტმა საკუთარი ინიციატივით მოიტანა შემოწმებულ უწყებათა მასალები და აღმოჩნდა, რომ შესწავლილი აქვთ მხოლოდ 2011-2012 წლები და 2013 წლიდან ერთი, თავდაცვის უწყება.
- ეგ რას ნიშნავს - უწყებები შეამოწმეს მხოლოდ თქვენი მმართველობის პერიოდში, ,,ოცნების' მოსვლის დღიდან კი მარტო ალასანიას სამინისტროა შემოწმებული?
- ზუსტად მაგას ნიშნავს, აბა, დებილები ხომ არ ვართ! თან ალასანიას საქმეები აუდიტს პროკურატურაში უკვე გადაგზავნილი ჰქონდა, რაც მათი კი არა, ნდობის ჯგუფის ფუნქციაა. სინამდვილეში, ნდობის ჯგუფი მხოლოდ იმიტომ შეკრიბეს, რომ ამ გზით გასაჯაროებულიყო, თუ რა დარღვევები ჰქონდა ალასანიას. როცა ნდობის ჯგუფმა აუდიტის სამსახურს მიწერა, დანარჩენი უწყებების შემოწმების მასალებიც გადმოეცა, გვიპასუხეს, ეს შრომატევადი საქმეა და ამ წელში ვერ ესწრებაო. აქ ერთიცაა - 2013 წლიდან შემოწმებულია დაცვის სპეციალური სამსახური, რაც ასევე არ გაასაჯაროეს, სხდომა კი ამ წელს აღარ ჩატარდება, რომც მოვიწვიო. 2011-2012 წლებში, დაცვის სამსახურის შემოწმების შედეგები სწორედ იმიტომ გასაჯაროვდა, რომ ამით ბრალი სააკაშვილს წაუყენეს. ამის მერე კი, პარლამენტმა დაცვის სამსახური პრემიერს, ანუ ივანიშვილს დაუქვემდებარა. დიდი ეჭვი მაქვს, ამ სამსახურის დაფინანსება ზუსტად იგივე გეგმითა და სქემით მოხდა, როგორც 2012 წელს იყო, ამიტომ ახლა ეს დოკუმენტი საჯარო რომ გახდეს, ან ივანიშვილსაც ბრალი უნდა წაუყენონ, ან ბრალი სააკაშვილს უნდა მოუხსნან. იგივე დარღვევა ექნება ყველა დანარჩენ ძალოვან უწყებასაც და ივანიშვილის დაცვის ყოფილ უფროსს ჩუბინიძეს. გარდა ამისა, არც ერთი უწყებიდან მასალა არაა გადმოგზავნილი, სადაც კანონის მიხედვით, 2 მლნ-ზე მეტი შესყიდვა იქნება გაწერილი. ისინი ან კანონს არღვევენ და მასალას არ გვიგზავნიან, ან ასეთი შესყიდვები საერთოდ არ ჰქონიათ. თუ ეს ასეა, მაშინ მართლა დავღუპულვართ და როგორც საქმეში ჩახედულმა კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა თქვა, ტყვია-წამლის საყიდელი ფულიც მართლა არ გვქონია. თუ ნდობის ჯგუფი ოდესმე ისევ შეიკრიბება, ამ საკითხებს აუცილებლად დავაყენებ.
- ისე, ცოტა უხერხულია ნდობის ჯგუფის დარღვევებზე საუბარი, როცა თქვენ დროს მასში ოპოზიციონერი დეპუტატი არ შეიყვანეთ. საკუთარ შეცდომებზე და იმაზე რას იტყვით, რომ სწორედ ნაციონალების წევრებზე დგას დღეს ,,ოცნების' საპარლამენტო უმრავლესობა?
- კარგია, რომ ,,ბალასტი' ჩამოგვშორდა. უფრო კარგი კი ისაა, რომ პარტიის ბირთვი შეკრული დარჩა. მძიმე, ზამთრის პერიოდში ვართ და აქედან რომ გამოვალთ, გაზაფხულზე რაც უნდა მოხდეს, აღარაფერი გაგიკვირდეთ. თუმცა ამით არაფრის თქმა არ მინდა. შეცდომებს რაც შეეხება, ბევრ რამეში პიონერები ვიყავით და შეცდომების დიდი გზა გავიარეთ. ძნელია, მოიფიქრო გადასახადების აკრეფის ისეთი სისტემა, ხალხი პანიკაში არ ჩააგდო. ამ ნაწილში, გამოკვეთილი გადაცდომებიც გვქონდა, მაგრამ ახლა ხომ ამართლებს? იყო გადაცდომები ძალოვან უწყებებშიც, მაგრამ ჩვენი მთავარი შეცდომა ისაა, რომ ხალხს აღარ ვუსმენდით. ის, რაც ციხეებში მოხდა, ვთქვათ, ე.წ. კარანტინის დაშლა, რაც ამ ფორმით მართლა ხდებოდა, ძალიან ცუდი იყო. იმის მიუხედავად, რომ ნაჩვენები კადრების ეს კონკრეტული ნაწილიცა და ე.წ. ცოცხის კადრებიც დადგმული იყო.
- ფიქრობთ, ამ ყველაფრის ჩამორეცხვა შეგიძლიათ და არც ,,ცოცხების ხელისუფლებად' დარჩებით?
- ვიცი, ხელისუფლებაში დავბრუნდებით. მუდმივად ვსწვალობდით საკუთარ შეცდომებზე, ახლა ამ შეცდომებზე კი აღარ ვისწავლით, უბრალოდ, იგივეს არ გავიმეორებთ. ასე თუ მოხდება, გამოდის, დებილები ვართ. არადა, არ ვართ და ამას დავამტკიცებთ. არაერთხელ მოგვიხდია ბოდიში ამ შეცდომების გამო, ახლაც ბოდიშს ვიხდი ყველაფერზე, რაზეც ბოდიშია მოსახდელი.
- და რაზე არ არის, თქვენი აზრით?
- არ მოვიხდი ბოდიშს ჩემს ფრაზაზე ,,სულს ამოგხდით'! ასევე, ,,იმედში' შევარდნაზე, რადგან იმის მიუხედავად, რომ ამით, ყველაზე მეტად, ჩვენ დავზარალდით, ეს აუცილებლობად მიმაჩნდა და მიმაჩნია.
- თქვენი საიმიჯო ფრაზა სულის ამოხდის შესახებ ძალაში რჩება?
- რა თქმა უნდა! ეს ფრაზა იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც მას საკუთარ თავზე იღებს. კიდევ ერთხელ ვაკონკრეტებ - ვისაც ამ ქვეყანაში რუსული დროშების ფრიალი სურს, ყველას სულს ამოვხდი!