თანამდებობიდან ისე წავიდა, ვრცლად არ განუმარტავს, რა საფრთხე შეექმნა ქვეყნის საგარეო კურსს. არც ის დაუკონკრეტებია, ამ მიმართულებით კოალიციის ლიდერებისგან იღებდა თუ არა კონკრეტულ დავალებებს, რომელიც მის შეხედულებებს ეწინააღმდეგებოდა. ,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საგარეო პოლიტიკაში მიღწეული წარმატებები ,,თავისუფალ დემოკრატებთან' ერთად კოალიციის დამსახურებაა. როგორ აფასებს დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობას და რას ურჩევს ხელისუფლებას? ,,ვერსია' საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, დავით ზალკალიანს ესაუბრება.
- თვეზე მეტია თანამდებობა დატოვეთ. ახლა მაინც დააკონკრეტეთ, რა საფრთხე შეექმნა ქვეყნის საგარეო კურსს?
- მინისტრის მოადგილის პოსტის დატოვებისას, ყურადღება თავდაცვის სამინისტროში არსებულ კითხვებზე გავამახვილე და დღესაც იგივე აზრზე ვარ - ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, როცა ნატო- ს პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ყველაზე წარმატებულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სახელდება, მასზე შეტევა დაუშვებელია. განსაკუთრებით მაშინ, როცა თავდაცვის მინისტრი საფრანგეთსა და გერმანიაში მნიშვნელოვანი ვიზიტითაა და თავდაცვის უნარიანობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. თანაც პროკურატურა საკმაოდ სენსიტიურ საკითხს შეეხო. კარგად გვახსოვს, 2008 წელს, საქართველო- რუსეთის ომის დროს, ჩვენთვის ყველაზე სუსტი წერტილი სხვადასხვა უწყებებს შორის კავშირგაბმულობის გაწყვეტა გახლდათ. ამიტომ ირაკლი ალასანია, პირველ რიგში, ამ პრობლემით დაინტერესდა და ე.წ. კაბელების საქმეც თავდაცვის დანაყოფებს შორის კავშირგაბმულობის სრულყოფას ემსახურებოდა.
- მასალების 97%-ს უკვე გაეცანით, მაინც გიჩნდებათ ეს კითხვები?
- საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ ადვოკატების განცხადებებიდან გამომდინარე ზოგადი წარმოდგენა მაქვს. აშკარაა, პროკურატურას მტკიცებულებების ნაწილში სერიოზული პრობლემები აქვს. დღესაც მიმაჩნია, რომ პროცესი გამჭვირვალედ უნდა წარმართულიყო და სახელმწიფო მოხელეებს აბსოლუტურად ნეიტრალური პოზიცია დაეკავებინათ.
- დავაზუსტოთ - თავდაცვის სამინისტროში დაწყებული გამოძიების გარდა, ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილება კოალიციის სხვა ქმედებებში არ შეგიმჩნევიათ?
- რა თქმა უნდა, არა. არასოდეს მიმიღია პირდაპირი მითითება დასავლეთთან ინტეგრაციის კუთხით ნაკლები გვემუშავა, პირიქით! მადლობელი ვარ ლიდერების, რომელთა თანადგომის გარეშე არაერთი წარმატების მიღწევა გაგვიჭირდებოდა. მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებაის ხელმოწერა და ნატო- ს სამიტზე საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგის მიღება. ამ კუთხით მხოლოდ დადებითად შემიძლია ხელისუფლებაზე ვისაუბრო. უბრალოდ, როგორც დიპლომატი, მივიჩნევ, რომ ხელისუფლება ნატო- ს პაკეტის იმპლემენტაციაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული და არა თავდაცვის სამინისტროზე სენსიტიური თემებით დარტყმების მიყენებით. თანაც ჩავთვალე, რომ იმ ადამიანების გვერდით უნდა დავმდგარიყავი, ვისთან ერთადაც პოლიტიკაში მოვედი. მიუხედავად იმისა, რომ კარიერული დიპლომატი ვარ, კოალიციის გამარჯვების შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ამ გუნდთან ერთად დავინიშნე.
- საზოგადოების ნაწილს ამიტომაც გაუჩნდა კითხვა, სახელმწიფო ინტერესები მეგობრების წინაშე აღებულ ვალდებულებაში ხომ არ გაცვალეთ?
- 22 წელია დიპლომატი ვარ. ნახევარი ცხოვრება ამ სფეროში გავატარე და ყოველთვის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით ვმოქმედებდი. საკითხს ასე ნუ გავამარტივებთ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მარტო, გუნდის გარეშე რომ დავრჩენილიყავი, პოზიციების დაცვა გამიჭირდებოდა. კოალიციაში შიგნით მაშინ ვიყავი ძლიერი, როცა თანამოაზრეთა გუნდი ჩემ გვერდით იდგა - ირაკლი ალასანია ნატო- სთან დასაახლოებლად თავდაცვის სფეროში რეფორმებს ახორციელებდა, ევროატლანტიკური კურსის მთავარი კოორდინატორი ალექსი პეტრიაშვილი იყო და საგარეო საქმეთა სამინისტროს მაია ფანჯიკიძე ხელმძღვანელობდა. მათ გარეშე პოზიციებს ვერ დავიცავდი.
- ორჯერ ახსენეთ პოზიციების დაცვა და კოალიციაში ვისთან იცავდით დასავლურ პოზიციებს?
- არ მინდა დავიჯერო, რომ დასავლური კურსი კოალიციისთვის პრიორიტეტი არ არის. მაგალითად, რესპუბლიკლებისთვის ევრონატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მთავარი პრიორიტეტია. ალბათ, იგივე განწყობაა ,,ქართულ ოცნებაშიც', მაგრამ ,,რესპუბლიკელებთან' საქმიანობის მეტი გამოცდილება მაქვს და ეს მათზე საუბრის მეტ საფუძველს მაძლევს.
- თქვენი წასვლის შემდეგ, რა შეიცვალა საგარეო საქმეთა სამინისტროში?
- ჯერ მხოლოდ ერთი თვე გავიდა, ამიტომ რთულია თქმა, ეფექტურად მუშაობს თუ არა ახალი მინისტრი. ჩასაფრებულის პოზიციაში არ ვარ. პირიქით, გამეხარდება თუ სამინისტრო წარმატებული იქნება. მეტიც, თუ სურვილი ექნებათ, შემიძლია, რეკომენდაციებიც გავუზიარო. ოპოზიციაში ყოფნა ამაში ხელს არ შემიშლის. შესაძლოა კოალიციიდან ,,თავისუფალი დემოკრატების' გასვლა ერთგვარ პრევენციას ემსახურებოდა - ჩვენი გადადგომის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო- სა და რუსეთზე საკმაოდ მკაფიო განცხადებები გააკეთა. ჩვენი თანამდებობიდან გადადგომით საჯარო გავხადეთ სისტემური კრიზისი. კერძოდ, პროკურატურაში არსებული პრობლემები ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს ვნებს! ევროატლანტიკური ინტეგრაცია მხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების დეკლარირებას არ ნიშნავს, საქმით უნდა დადასტუდეს.
- თუ რამე საფრთხე არსებობდა, ლოგიკური იქნებოდა, პოსტზე დარჩენილიყავით და ადგილზე გეზრუნათ მათ აღმოფხვრაზე.
- ქვეყნის კურსის ცვლილებაზე ადეკვატური რეაქციისთვის საკმარისი ბერკეტები დღესაც გვაქვს - ,,თავისუფალ დემოკრატებს' პარლამენტში ფრაქცია გვყავს.
- რუსეთისა და აფხაზეთის ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, რატომ არ იცვლება კრემლთან ურთიერთობის პოლიტიკა და რატომ ნარჩუნდება აბაშიძე- კარასინის ფორმატი?
- რუსეთ- აფხაზეთს შორის ე.წ. შეთანხმების პროექტზე ხელმოწერის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაში ახალი სტატუსქვო შეიქმნა. დღეს საქართველოს დელეგაციის მთავარი ამოცანაა, ამ საკითხებში ჟენევის თანათავმდჯომარეები აქტიურად ჩართოს. აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს თავად ჟენევის ფორმატი, რომელიც ერთადერთია, სადაც საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ვაყენებთ მწვავე საკითხებს - 2008 წელს ცეცხლის შეწყვეტის იმპლემენტაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება, საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა... არ უნდა დაგვავიწყდეს ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, სადაც რუსეთთან სრული ინტეგრაციისთვის მზად არიან. მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. წითელ ხაზებზე სერიოზული შედეგი არ მიგვიღია, რუსეთთან გარკვეული საკომუნიკაციო არხის არსებობის მომხრე ყოველთვის ვიყავი. სამწუხაროდ, საქართველოს მიერ გადადგმული კონსტრუქციული ნაბიჯები მოსკოვმა არც შეაფასა, არც დააფასა. პირიქით, ანექსიით გვიპასუხა. ამიტომ ხელისუფლებამ აბაშიძე- კარასინის დიალოგის გაგრძელების პერსპექტივები უნდა გადასინჯოს და გააანალიზოს, რამდენად ღირს ამ ვითარებაში კარასინთან საუბარი. მინიმუმ არაადეკვატურია, როცა რუსეთის ნაბიჯების შემდეგ, მას ისევ ღვინის ექსპორტზე ესაუბრები. ხოლო თუ უფრო ღრმა საკითხებზე დაიწყება საუბარი, გამოდის, ჟენევის ფორმატს ვეწინააღმდეგებით.
- ამ ფონზე, ლავროვი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრაზე საუბრობს. კრემლში გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი, დღეს გამართლებული იქნება?
- შეხვედრა შეხვედრისთვის არ უნდა შედგეს! ცინიკურია, როცა რუსეთი ერთი მხრივ ქვეყნის ანექსიას ახორციელებს, მეორე მხრივ კი, უმაღლეს დონეზე დიალოგს გვთავაზობს. ამ ვითარებაში წარმოუდგენლად მიმაჩნია საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. ეს რეალობასაცდენილი შემოთავაზებაა და ამ შემთხვევაშიც, ქართული მხარე კარგად უნდა დაფიქრდეს, სანამ პირდაპირი დიალოგის დასაწყებად ნაბიჯს გადადგამს. რუსეთის ფედერაციაში უნდა გაიგონ, რომ საქართველოსთვის წყალგამყოფი დეოკუპაციაა.