რის სანაცვლოდ სთავაზობენ 5000 დოლარს უკრაინაში მიწვეულ ქართველ ოფიცრებს?

რის სანაცვლოდ სთავაზობენ 5000 დოლარს უკრაინაში მიწვეულ ქართველ ოფიცრებს?

საკადრო წმენდა გრძელდება, ბიძინა ივანიშვილი კულისებიდან გამოდის. არის ინფორმაცია, რომ ჩვენ სკანდალურ დაჭერებსაც ვიხილავთ, არავის არაფერი ეპატიება, ყველას პასუხს მოვთხოვ, ვინც სახელმწიფო თანამდებობას ბოროტად გამოიყენებს, - ეს არის ბიძინა ივანიშვილის გზავნილი. 
 
მთავარი კითხვა, რომელიც პოლიტიკურ ისტებლიშმენტში ისმება, არის შემდეგი: ბიძინა ივანიშვილი უპირისპირდება ღარიბაშვილს, თუ ის ზრუნავს მისი იმიჯის გადასარჩენად? ივანიშვილთან დაახლოებული რამდენიმე წყარო აცხადებს, რომ შეუძლებელია ივანიშვილმა ღარიბაშვილი გაწიროს. შესაძლოა, ეს გარედან ასე არ მოჩანს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ, თუკი ივანიშვილი ღარიბაშვილს გაწირავს, გაწირავს საკუთარ თავს, ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ღარიბაშვილის იმიჯი გადაარჩინოს. 
 
შეგახსენებთ, რომ საკადრო წმენდა დაიწყო მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი დეკემბრის დასაწყისში შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და მის ნათესავს, ზვიად ჯანყარაშვილს, რომელსაც მოსთხოვა, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტი დაეტოვებინა და სასურველი იქნებოდა, თუკი ქვეყნიდანაც წავიდოდა, რის შემდეგაც პოსტები დატოვეს ჯანყარაშვილის კადრებმა. ძირითადად, საკადრო წმენდა სამ უწყებაში მიმდინარეობს, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც თანამდებობები დატოვეს სუს-ისა და გენინსპექციის ხელმძღვანელებმა, ამ პოსტებზე ბიძინა ივანიშვილის სანდო კადრები გადანაწილდნენ, რომლებიც იქნებიან თვალი, ყური, შს სამინისტროში მიმდინარე პროცესების, რაც ნიშნავს, რომ კონტროლი ამ უწყებაზე უკვე ბიძინა ივანიშვილის ხელში გადადის. ასევე წმენდა განხორციელდა ინფრასტრუქტურის სამინისტროში, უბრალოდ, ინფრასტრუქტურის მინისტრი აღმოჩნდა უთავმოყვარეო, რომელსაც არ ეყო ძალა, რომ თავისი ნებით დაეტოვებინა პოსტი, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს გადადგეს მინისტრობიდან, მისი მოადგილე, რომელიც ეჭვმიტანილია ბიზნესის ზეწოლაში, კოპაძის ადგილი დაიკავა ნოდარ ჯავახიშვილმა, აქაც ჩათვალეთ, რომ ჯავახიშვილი იქნება ბიძინა ივანიშვილის თვალი და ყური, მის გარეშე ვერც ერთი ოპერაცია ვერ განხორციელდება. წმენდა ტარდება საფინანსო უწყებაში და ეს გაგრძელდება, თუმცა არავინ იცის, საბოლოოდ რით დასრულდება.
 
ნიშნავს თუ არა საკადრო ცვლილებები იმას, რომ ივანიშვილი ღიად ებმება პოლიტიკაში? რა გზით წავა ივანიშვილი, პრემიერს შეცვლის თუ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს? 
 
ფსიქოლოგი და ექსპერტი რამაზ საყვარელიძე "ალიასთან" ინტერვიუში შექმნილ მდგომარეობას აფასებს და აცხადებს:
 
- ძნელია, როცა არ იცი სამზარეულო დეტალურად, გააკეთო შეფასება, მაგრამ, ასეა თუ ისე, მიმდინარე პროცესს დადებითად ვაფასებ, ცვლილებები ყოველთვის გამაჯანსაღებელია, თუ ამ ეტაპზე ცვლილებებისკენ გადაიდგა ნაბიჯი, ეს ნიშნავს, რომ ხალხის უკმაყოფილებას ყურს უგდებენ ისინი, ვისზეც ამგვარი ცვლილებებია დამოკიდებული. ის, რომ არჩევნები ორი წლის შემდეგ არის, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას სურს, მოიპოვოს გამარჯვება არჩევნებში, რომ მოსახლეობამ არჩევანი მათზე გააკეთოს. ამისთვის იდგმება უკვე ნაბიჯები და ამ საკადრო ცვლილებებსაც სწორედ ამ პროცესს ვუკავშირებ, ვინც ამ საკადრო წმენდის უკან დგას, სწორედ მისი გზავნილია, რომ დაიდოს კონკრეტული შედეგები, შეიქმნას სისტემა, სადაც ადამიანებს გაუთვალისწინებელი პრობლემები არ შეექმნებათ. 
- მედიისთვის ცნობილი გახდა, როცა ივანიშვილთან პრემიერისა და ჯანყარაშვილის შემდეგ კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა თავისი ნებით დაწერეს განცხადებები გადადგომასთან დაკავშირებით. ეს ჩინოვნიკები როგორც ამბობენ, ჯანყარაშვილის გუნდს წარმოადგენენ. ეს ფაქტი ნიშნავს თუ არა, რომ ივანიშვილი კულისებიდან გამოდის და ღიად ებმება პოლიტიკაში? 
- პრესით გავრცელებულ ინფორმაციაში, იყო ასეთი ფრაზა, ჯანყარაშვილის მიმართ, შენი გულისთვის მე მაგინებენო. კაცმა არ იცის, ეს რამდენად რეალური ინფორმაციაა, მაგრამ, თუკი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის ფრაზა: "მე მაგინებენ", ეს დადებითი ფრაზაა იმ მხრივ, რომ ადამიანი გრძნობს პასუხისმგებლობას, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ხათრით გაიმარჯვა კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" და ივანიშვილი არ აპირებს, თავი საგინებლად გაიხადოს. ის ყურს უგდებს ხალხის ხმას. ადამიანმა, რომელმაც ქვეყანას ძალიან ბევრი რამ გაუკეთა, ააგო ტაძრები, მილიარდობით ქველმოქმედება გაწია, როგორც ფიქრობთ, ჩინოვნიკების გამო თავს საგინებლად გაიხდის და შეეგუება ხალხის გინებას? რა თქმა უნდა, არ შეეგუება. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილის რეაქცია გასაგებია. 
 
- როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი რა გზით წავა, დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს, თუ პრემიერ-მინისტრს გამოცვლის?
- არა მგონია, ივანიშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების გზით წავიდეს, ეს დღის წესრიგში არ იქნება იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" როგორც პარტია, ამ მომენტისთვის არჩევნებისთვის მზად არ არის და რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა ამ პარტიისთვის აღმოჩნდეს წამგებიანი. რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებაში პრემიერის ცვლილებას, გააჩნია, ღარიბაშვილი თვითონ რა პოზიციას დაიკავებს. თუ მან საკუთარ კადრებზე თავი დადო, გაჯიუტდა მათ დაცვაში, ღარიბაშვილმა შეიძლება დაკარგოს თანამდებობა, ისევე როგორც ალასანიას შემთხვევაში ვნახეთ. თუ ღარიბაშვილი აჰყვა ამ ცვლილებას, მაშინ არ დადგება ღარიბაშვილის გადაყენების საკითხი. მე ვფიქრობ, საკადრო წმენდა გაგრძელდება, მოდის არჩევნები, არჩევნებს იგებს და აგებს აღმასრულებელი ხელისუფლება. სწორედ ის პარტიაა მოგებული, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების უკან დგას. ცვლილებები ემსახურება სწორედ იმას, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხალხს მთავრობის მიმართ პრეტენზიები აღარ უნდა ჰქონდეს. აღარ უნდა დაისვას კითხვა, - რატომ არაფერს აკეთებს მთავრობა?.. 
 
- ამასობაში მიხეილ სააკაშვილი არ ისვენებს, აცხადებს, რომ, როცა ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში გაიქცევა, ის პასუხს აგებინებს იმ კონკრეტულ ადამიანს, ვინც პროკურატურას დავალებას აძლევს მის წინააღმდეგ. მეორეს მხრივ, ის სკანდალური მოწოდებით გამოდის და ქართველ ოფიცრებს უკრაინაში საომარ ოპერაციებში ჩართვის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეობას სთავაზობს. ეს არის თუ არა საბოტაჟი, პროვოკაცია მისი მხრიდან? აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ვინმე წიკლაური, რომელიც სათავეში უდგას უკრაინაში ქართველი მებრძოლების შეგროვებას, თითო მებრძოლს თვეში ჰპირდება 5000 დოლარს. რა პროცესებთან გვაქვს საქმე?
- ქართველ ოფიცრებში იმ სულისკვეთების შეტანა, რომ მათ მაღალი ხელფასის სანაცვლოდ საკუთარი სამშობლო მიატოვონ და სხვისი ტერიტორიის დასაცავად იბრძოლონ, ამ სულისკვეთების შეტანა არის ძალიან მძიმე და დაუშვებელი. "ნაცმოძრაობამ" თავად სადაც იშოვა თავშესაფარი, იქ შეეფარა, რბილად რომ ვთქვათ, უკრაინის ხელისუფლების პოზიციაა გაუგებარი. ის ფაქტი, რომ უკრაინის ხელისუფლებამ შეიფარა "ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს მოსახლეობისთვის აღქმულია, როგორც მათი შეურაცხყოფა.
 
- ქართველი ხალხის მიმართ პოლონეთმაც გამოხატა უპატივცემულობა, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილს "თავისუფლებისთვის მებრძოლი რაინდის" წოდება პოლონეთის ხელისუფლებას არ მიუნიჭებია, აგრესია გაჩნდა მოსახლეობაში მას შემდეგ, როცა სააკაშვილი მოიხსენიეს ლეგენდარულ პიროვნებად, ხოლო ვოლსკიმ დასძინა, - ჩვენ ბიძინა ივანიშვილის საქართველოს ევროპასთან ასოცირებისთვის კი არ დაგვიჭერია მხარი, არამედ ვუგულშემატკივრეთ სააკაშვილის საქართველოსო... არის თუ არა ეს ქართველი ხალხის დაცინვა?
- ქართველი ხალხის მიმართ ხშირად გადადგმულა ასეთი ტიპის ნაბიჯი და თითქმის ყოველთვის გვაქვს რეაქცია. სამწუხაროდ, უცხოელი უფრო გამოცდილი ერებიც კი, ასეთ უტაქტობას უშვებენ. ასეთი უტაქტო ნაბიჯი საქართველომ რომ გადადგას, რა თქმა უნდა, მათ რეაქცია ექნებათ. ჯერჯერობით ვერც იმათ ისწავლეს კორექტულობა, ჩვენც, ალბათ, სასწავლი გვაქვს, როგორ ავირიდოთ თავიდან ასეთი შეფასებები...