დღეს კოკა გუნცაძის ,,თავი დაგორდება'?
6 დეკემბერს, შაბათს, ანუ გამოსასვლელ დღეს საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ამჟამად კი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის' ხელმძღვანელმა, ბიძინა ივანიშვილმა მატარებლით იმგზავრა - მეუღლესთან ერთად ურეკიდან თბილისში ჩამოვიდა. ახლა, ვინმემ შეიძლება, იკითხოს, მილიარდერს ისეთი რა გაუჭირდა, რომ ლამის 5 საათი არცთუ კომფორტულ საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაატარაო. არაფერიც არ გაუჭირდა, ბატონებო. უბრალოდ, ხომ იცით, კაცია და გუნება, თან ასეთი მოულოდნელობები, როგორც ,,ვერსიას' ის ადამიანები უხსნიან, ვისაც ყოფილ პრემიერთან მუშაობის გამოცდილება აქვთ, ივანიშვილის სტილია.
,,ერთხელ, როცა პოლიტიკაში არ იყო და ხალხი სახეზეც არ სცნობდა, მოულოდნელად, შეკვეთილში მივიდა, სადაც საკონცერტო დარბაზი შენდება. მუშებმა, ცხადია, ვერც ,,მოტვინეს', ვინ იყო და შემწვარი სიმინდი შესთავაზეს. ცხადია, ,,პრარაბმა' იცნო, მაგრამ ხმა არ ამოუღია... მოკლედ, როცა უნდა, გაიგოს, ხალხი რეალურად რას ფიქრობს, ან საქმე როგორ კეთდება, ბატონი ბიძინა ასეთ ,,ტრიუკებს' აკეთებს ხოლმე', _ ეუბნება ,,ვერსიას' ექსპრემიერთან დაახლოებული პიროვნება. ერთი სიტყვით, ივანიშვილმა მატარებლით იმგზავრა... ამ მგზავრობას კი წინ საინტერესო ამბები უძღვოდა. იმაზე საინტერესო რაღა უნდა იყოს, ლამის მთელი რკინიგზა რომ გაიფიცა და რკინიგზელებმა ისიც თქვეს, ვიღაც პატარა ჩინოვნიკები და მათი დამქაშები გვაშინებენ, პროტესტს ნუ გამოთქვამთ, თორემ დედას გიტირებთო. ახლა, ისიც ხომ ნათელია, რომ რკინიგზა სახელმწიფოში სახელმწიფოა და ყველაზე სარფიანი ტენდერებიც სწორედ ამ ,,მინისახელმწიფოში' იმართება. ჰოდა, როცა ,,მინისახელმწიფოს მოქალაქეები' ანუ რკინიგზელები შფოთავენ, ესე იგი, საქმე მთლად კარგად არ უნდა იყოს. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოგიკა ასეთია: ბიძინა ივანიშვილმა რკინიგზის ამბები ,,დასმოტრა'. ტელევიზიით მხოლოდ ის კადრები ვნახეთ, თბილისში რომ ჩამოვიდა, მაგრამ ხომ არ ვიცით, მაგალითად, ურეკის სადგურში ვის შეხვდა, მოსახლეობამ რა უთხრა, ან მგზავრობისას ვინ რა ინფორმაცია მიაწოდა? ,,რამდენადაც ბიძინას ვიცნობ და მისი სვლების ამოხსნაც, ასე თუ ისე, მეხერხება, თამამად გეუბნებით, რომ დღეს, ორშაბათს, 8 დეკემბერს კოკა გუნცაძის თავი დაგორდება', _ ეუბნება ,,ვერსიას' ინფორმირებული პიროვნება. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ფაქტია: ქვეყანაში ყველაზე პრობლემური გზები და ტრანსპორტი, ამ შემთხვევაში რკინიგზაა. გზებს, ასე თუ ისე, მიეხედა _ ინფრასტრუქტურის სამინისტროში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. ახლა კი, ლოგიკურად, რკინიგზის ჯერია. აბა, სხვა პასუხი კითხვაზე, თუ რატომ იმგზავრა ურეკიდან თბილისამდე ბიძინა ივანიშვილმა მატარებლით, უბრალოდ, არ არსებობს...