ზონაზე ,,წამლის მოძრაობის' სკანდალური სქემა

ზონაზე ,,წამლის მოძრაობის' სკანდალური სქემა

რას ნიშნავს ,,პერებროსი', როგორ მზადდება ,,კოქტეილი' და რატომ აბრუებენ პატიმრებს ფსიქოტროპული პრეპარატებით

ვინ იყო 34 წლის ჯემალ ისაევი, რომელიც ,,რეზბალნიცაზე' ჩამომხრჩვალი იპოვეს
ორი დღის წინ ციხის სამკურნალო დაწესებულებაში 34 წლის პატიმარი ჯემალ ისაევი ჩამომხრჩვალი იპოვეს. ჯერჯერობით, ოფიციალური ვერსია თვითმკვლელობაა, თუმცა გამოძიება იმ ფონზე მიმდინარეობს, რომ გარდაცვლილის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. 

,,თავი ძალიან უყვარდა, თავს არ მოიკლავდა, გამორიცხულია', - განაცხადა გარდაცვლილის დამ, ნანამ. დედამ კი პირდაპირ თქვა, ციხეში ნარკოტიკი მოძრაობსო...
რა ხდებოდა და ხდება დღეს საქართველოს ციხეებში ნარკოტიკთან დაკავშირებით, ვინ იყო ჯემალ ისაევი, რატომ არ მოიკლავდა თავს და რა შემთხვევაში შეიძლებოდა, ამ მდგომარეობამდე მისულიყო?!
როცა ზონიდან სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი მიჰყავდათ, იშვიათი იყო, ვინმე დიდ ხანს გაეჩერებინათ. როგორც წესი, ნაოპერაციებ პატიმრებს მეორე (მაქსიმუმ მესამე) დღეს ისევ ზონაზე აბრუნებდნენ, რათა მათი უმრავლესობა, ნაკერების გახსნით, ინფექციით ან, უბრალოდ, ჭრილობის გართულებით, დაებრუნებინათ სამკურნალო დაწესებულებაში. ასეთი იყო იმ რეჟიმის მიდგომა, რომელმაც ციხეში სისასტიკე დაამკვიდრა. არც არავინ მალავდა, რომ საოპერაციოდ წაყვანილ პატიმრებს გლდანის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გვარიანად სცემდნენ... სამწუხაროდ, დღეს მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ნაკლებად სცემენ, ცემა-ტყეპის ტრადიცია კი გრძელდება. ეს, 3 დეკემბერს, მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმაც დაადასტურა - არ უარვყოფ, რომ პატიმრებზე ფიზიკური ზემოქმედება ხდება, მაგრამ ამას სისტემური ხასიათი არ აქვსო. 

ჩვენი ინფორმაციით კი... ,,გამორიცხულია, ციხე ისე მართო, ვიღაცას არ შემოარტყა. ცემა იყო, არის და იქნება, სხვანაირად ბადრაგი პატიმარს ვერ დაიმორჩილებს, ქვეცნობიერად ყველამ უნდა იცოდეს, რომ მოხვდება და ხვდება კიდეც. ახლა არ დამიწყო მორალის კითხვა, ადამიანის უფლებები და ათასი სისულე', - ეს სიტყვები პატიმარ #0578-ს მისმა ძველმა ნაცნობმა ბადრაგმა მიმდინარე წლის 24 ოქტომბერს უთხრა, თუმცა ისაევს დავუბრუნდეთ...

რუსთავის #17 ზონაზე საავადმყოფოდან მიყვანილი პატიმრებიდან ერთ-ერთი აშკარად გამოირჩეოდა. კაცი მარტო ძვალი და ტყავი იყო დარჩენილი და სწორედ ამ არანორმალური სისუსტის გამო გადაადგილებაში ორი პატიმარი ეხმარებოდა, მესამეს კი ბარგი მოჰქონდა.
,,ეს ვინ არის და რა სჭირს?!' - ჰკითხა პატიმარმა #0578-მა ზონის მაყურებელს.
,,ჯემოა, ისაევი... კინაღამ დაბრიდეს ცემით ამ ბოზებმა. ცემისგან მოეშალა ყველაფერი, მუცელში, მგონი, ნაწლავები დაუხეთქეს. რასაც ჭამს, უკან ამოაქვს, გადაადგილება უჭირს, ხანდახან, ინვალიდის ეტლში ჯდება და ისე დაგვყავს. რომ შეატყობენ კვდებაო, გააქანებენ გლდანში, რეზბალნიცაზე, ისევ სცემენ, რაღაც წამლებს გადააყლაპებენ და უკან მოჰყავთ. ცოცხლად კლავენ, რა, ბიჭს', - ახსნა მაყურებელმა.
მეორე დღეს #0578-მა ჯემო მაყურებლების კამერაში ნახა. მიესალმა და გამოჰკითხა, გლდანის ციხის საავადმყოფოში რა ხდებაო?!
,,რაღა რა ხდება ძმა?! მივდივართ ნახევრად მკვდარი პატიმრები და მიღებაზე ცემაში გვკლავენ. 20 კილო ვარ მგონი და მე რომ ხელს დამარტყამ, ხომ ხვდები, რა დამემართება. გვირტყამენ ყველას... ღმერთმა არ დაგაჭირვოს საავადმყოფო, თორემ ნახავ. ახლა ჩემი გამოშვება შეიძლებოდა? მაქსიმუმ ერთ კვირაში ისეთ დღეში ვიქნები, უკან უნდა დამაბრუნონ. ამ ,,ვარონკით მგზავრობაც მბრიდავს და... კაროჩე, რა, ამათი დედაც... ბიჭებო, რაც გთხოვეთ, არ დაგავიწყდეთ', - თქვა ჯემომ და ორი პატიმრის დახმარებით საკნიდან გავიდა.
,,რა უნდოდა, იქნებ მე შემიძლია რამე?!' - მაყურებლებს მიუბრუნდა #0578.
,,არაფერი, კოქტეილი უნდა და შევუგროვებთ რა', - უპასუხა მაყურებელმა.

,,ამას კიდევ კოქტეილი უნდა, ფეხზე ვერ დგას. მოკვდება, გადაირიეთ?', - გაოცდა #0578 - კოქტეილი ფსიქოტროპული წამლების ნარევი იყო, რომელსაც პატიმრების ნაწილი სვამდა და შემდეგ მთელი დღე გამოთაყვანებული დადიოდა.
,,სხვაგვარად ტკივილი მოკლავს, ღამე ვერ დაიძინებს, მაგის ღრიალი ცას მისწვდება. ექიმები ძლიერ გამაყუჩებლებს არ აძლევენ და ,,ციტრამონი' რომ შველოდეს, ათი თეთრი არ ეღირება', - უპასუხეს მაყურებლებმა.

ერთ კვირაში ჯემო რეზბალნიცაზე დააბრუნეს. ამჯერად, ორი დღით. სულ დადნა კაცი. 
,,აღარ წავალ რეზბალნიცაზე. მცემენ და უარეს დღეში მაგდებენ. ამის დედაც ვატირე... უნდათ გამაგიჟონ და თავი მოვიკლა, მაგრამ თავს არ მოვიკლავ, ამათ გავიყოლებ წინ', - იძახდა ჯემო.
მერე ხელისუფლება შეიცვალა და პატიმრებმა ცოტა შვება იგრძნეს. ციხეში ფსიქოტროპულმა წამლებმაც იმატა. პატიმართა უკვე დიდი ნაწილი იჭყიპებოდა კოქტეილით და ერთ დღეს, პატიმარი #0578 ორ მეგობართან ერთად ზონის ექიმის კაბინეტში შევარდა.

,,ბიჭო, შენ შიგ ხომ არ გაქვს, ამ ფსიქოტროპულებს საახალწლო კანფეტივით რომ არიგებ?! ახლა მთელ მუჭს გადაგაყლაპებ და ნახავ, როგორია ხალხის დაჩლუნგება. გიორგას სამი დოზა ,,პაკლოსანი' რატომ გამოუწერე, ხარივით ბიჭია? არ იცი, რომ ეგ მერე სხვებს აძლევს და ისინი მთელი დღე სირებივით დადიან? ვისაც ერგება, იმას მისცემ, ვისაც არა და უარს ეტყვი, დღესვე გაუუქმებ ,,პაიკავოი' წამალს, თორემ განანებ', - ბოლო ხმაზე ღრიალებდა  #0578.

,,მაყურებლებთანაა ეგ შეთანხმებული. რასაც მეუბნებიან, ვაკეთებ', - უკან არ დაიხია ექიმმა. მეგობრების წინააღმდეგობის მიუხედავად, პატიმარი მაყურებლების კამერაში ჩავიდა და თქვა: ,,არ დამიწყოთ, კაი ბიჭები ვართ და პალაჟენია მოვიყვანეთო. ხომ ხედავთ, ხალხი საბუთებზე და შეშის მოპარვაზე რომ იჯდა, ფსიქოტროპულებს იღებს. დასირდა ნაროდი, ძაღლი პატრონს ვერ ცნობს, ასე არ შეიძლება. ექიმი თქვენ გადებთ ხელს, მაგათ მთხოვესო. იმასაც ამბობენ, ყველაზე დიდი დოზა სწორედ ამ კამერაში მოდისო. ხალხი იმას ვეღარ ხვდება, რა სჭირს, გამოთაყვანებული დადის. დაიბრიდება ვინმე და თქვენი ბრალი იქნება'. 

,,ვინ დაიბრიდება, რა გინდა? საერთოდ, რატომ ერევი?!' - შეუღრინა ქუთაისის რეგიონის მაყურებელმა, მაგრამ ზონისამ გააჩერა, რა მოხდა, აქ უმიზეზოდ არ მოხვიდოდიო.
,,რაღა რა მოხდა, ხალხი დასირებული დადის, ვერ ხედავ, ყველას თვალები აქვს ამოტრიალებული. ჩემს კამერაში ბებერი ლაშაია რომ წევს, ბრმანაწლავი გაუსკდა. მთელი ღამე ,,პაკლოსანს' და რაღაცას ყლაპავდა. დილით წაიყვანეს, ძლივს გადაარჩინეს. ასეა მთელი ზონა. ვის რა სჭირს, კაცმა არ იცის. გვერდით კამერაში ტიპს სამი კვირა აქვს დარჩენილი და თოკზე ჩამოეკიდა, ეგეც ფსიქოტროპულების ბრალია. არ შეიძლება ასე, რამე გააკეთეთ, გააკონტროლეთ. პეხოტა კაიფში სად გინახავთ, ნუ გადამრიეთ. ის ჯემო აიღეთ თუ გინდა, ადრე საავადმყოფოში ხშირად დაჰყავდათ და არ მკურნალობდნენ, ახლა გამაყუჩებლებს იღებს დიდი დოზით და აღარ მიდის. რა იცი, რა სჭირს?!'
,,შეგიძლია, შენ მოიფიქრო რამე, რომ წამალმა უკონტროლოდ აღარ იმოძრაოს?!', - იკითხა მაყურებელმა.
,,ციხის ექიმთან გამომყევი, რასაც ვეტყვი, გააკეთოს და ხვალიდან ეგ პრობლემა აღარ იქნება', - გაუღიმა #0578-მა.
,,მარტო ინტერესის გამო ღირს გაყოლა', - გაეცინა მაყურებელს და გაყვა. 

,,მოკლედ, ფსიქოტროპულებს სიით ხომ არიგებ და ყველას თითო ტაბლეტი ხომ ერგება?! ვინც შემოვა, წამალს აქვე დალევს, ვინც არ დალევს, საერთოდ მოუხსნი და ხვალიდან აღარ მისცემ. ერთი ტაბლეტით ვერავინ იკაიფებს და ვერც იმ კოქტეილს გააკეთებს. გასაგებია?!' - ჰკითხა პატიმარმა.
ექიმმა მაყურებელს გახედა, იმანაც უხმოდ დაუქნია თავი.

მეორე დღეს ზონაზე კინაღამ ბუნტი დაიწყო. პატიმრები მაყურებლის კამერას და ექიმის კაბინეტს შორის დარბოდნენ. ექიმს რამდენიმე სილაც მოხვდა და ბოლოს კაბინეტიდან გაიქცა. #0578 კმაყოფილი იყო. პატიმრები ვერაფერს ეუბნებოდნენ,  რადგან იცოდნენ, ეს საქმე მაყურებლის სიტყვის გარეშე არ გაკეთდებოდა.
* * *
,,მიროს გაუმარჯოს, ისევ პატიმრების აგინებინებ თავს?!' - #0578 და ციხის ბადრაგი ერთმანეთს რუსთავის უნივერმაღში 24 ოქტომბერს შემთხვევით შეხვდნენ.
,,ჰო, ისევ იქ ვარ', - გაეღიმა მიროს.
,,რა ხდება ზონაზე, პალაჟენია ხომ არ გაფუჭდა?!' - ჰკითხა ყოფილმა პატიმარმა.
,,ძველებურად არის. ცოტა ,,პერებროსს' შეეჩვივნენ ამ ბოლო დროს და რამდენიმეს სროკიც დაუმატეს, მაგრამ მაინც არის ხოლმე რა. სხვა ყველაფერი რიგზეა'.
,,და პერებროსს ვერ აკონტროლებთ, კაცო?!' - გაიოცა #0578-მა.
ის დრო აღარ არის, შენ რომ გახსოვს. მოეშვა ცოტა და სარგებლობენ', - უპასუხა ბადრაგმა.
,,ანუ, ზონაზე წამალი მოძრაობს?!'
,,არა, მასიურად არა, მაგრამ არის რა... იშოვება თუ კარგად დაძებნი'.
P.S. ,,პერებროსი' შემდეგნაირად ხდება. პატიმარი თავისუფლებაზე მყოფ მეგობარს უთანხმდება, რომ კონკრეტულ დღეს კონკრეტულ საათზე ზონის კედლის კონკრეტულ ნაწილთან იდგება. გარედან ზონის კედელთან მეგობარი ავტომობილით ჩაივლის და მაგალითად ორ ტაბლეტ სუბუტექსს ცელოფანში კენჭთან ერთად გაახვევს, სკოჩით შეკრავს და ჩვეულებრივი შურდულით ციხის კედლის იქეთ გაისვრის. იქეთ კი ჩასაფრებული პატიმარი თავისუფლებიდან შემოგზავნილ ნობათს იღებს და კორპუსში შერბის. ძალიან ცოტაა შანსი, ეს ვინმემ შენიშნოს, მაგრამ თუ შენიშნეს, პატიმარს მინიმუმ სამწლიანი სროკი დამატებული აქვს, თუმცა როცა კაცს 15, 20 ან მეტი წელი აქვს მისჯილი, პლუს-მინუს სამ წელზე არ ფიქრობს.
პატიმარი #0578