[ეკა ბაქრაძე]
მთავრობაში ბოლოს და ბოლოს აღირებეს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პროექტი ჩაფლავდა. თუმცა, ეს აღიარება ისედაც წელში გაწყვეტილი საქართველოს ეკონომიკისთვის დიდი შვება არ არის. უახლოეს მომავალში ხელისუფლებას კიდევ ბევრი მარცხის აღიარება მოუწევს, მაგრამ ამითი ვერც ჩვენ და ვერც ჩვენი ეკონომიკა „ვერ გაფრინდება“.
პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნიკა გილაურს არ დაუმალავს, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონების მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც მან სამთავრობო დებატებისას განაცხადა, ამ საკითხზე ოპოზიციის შენიშვნას იზიარებს.
პრემიერის ინფორმაციით, ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 30-მდე კომპანია სერიოზულად საქმიანობს. ქუთაისის ინდუსტრიული ზონით კი უკმაყოფილოა, რადგან პროგრესს ვერ ხედავს. „ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სათანადო ზომებს მივიღებთ“, - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
სხვათა შორის, თიზ-ებისადმი პრეტენზია ერთი კვირის წინათ ეკონომიკის მდგრადმა მინისტრმა ვერა ქობალიამ გამოთქვა. მართალია, მას უკმაყოფილების მიზეზი კონკრეტულად არ დაუსახელებია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობა საკითხით სერიოზულად დაინტერესდა.
იმ დროს, როცა ქვეყნის პრემიერი ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის წარმატებაზე საუბრობს, თავად თიზ-ის ოპერატორი მაინცდამაინც კმაყოფილი არ ჩანს. ფოთის ინდუსტრიული ზონის ოპერატორი კომპანია დაუფარავად ასახელებს მიზეზებს, რის გამოც ინდუსტრიული ზონის სრულად ამუშავება ვერ ხერხდება. როგორც „რაკ ჯორჯია ჰოლდინგში“ აცხადებენ, ერთმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ეკონომიკური რეცესია გრძელდება და ამიტომაც ინვესტიციების მოძიება რთულია.
„რაკ ჯორჯიაში“ ამტკიცებენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც სრული ამუშავებისთვის ზონების დატვირთვას ხელს უშლის.
როგორც ჩანს, თიზ-ებთან დაკავშირებითაც ყველაფერი პირიქითაა - „წარმატებულები“ თავს იმართლებენ, „ხელმოცარულები“ წარმატებებზე საუბრორბენ. იმ დროს, როდესაც მთავრობა ქუთასის ზონის მუშაობით უკმაყოფილია, თიზ-ის ოპერატორი კომპანია „ჯორჯიან ინტერნეიშენელ ჰოლდინგი“ ასე სულაც არ თვლის. კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ქუთაისის ინდუსტრიული ზონა დაგეგმილ ეტაპებს წარმატებით გადის და 2012 წლის ბოლომდე ზონაში მილიარდი დოლარის ინვესტიციაც აუცილებლად განხორციელდება.
„თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ამუშავების პრობლემა იმაშია, რომ კომპანიები ზონების კეთილმოწყობაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ინვესტორთა მოძიებაზე. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შემთხვევაში კი ჯერ ინვესტორი მოიძებნა „ფრეშის“ სახით და მხოლოდ ამის შემდეგ შეიქმნა ინდუსტრიული ზონა. ამიტომ პროცესი არ გაჭიანურებულა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განცხადების გაკეთებიდან ძალიან მალე ამუშავდა“, - აცხადებს მიხეილ თიგიშვილი.
ექსპერტები კი ყველაფრით უკმაყოფილონი არიან. მათი აზრით, არც ფოთის ზონა ვარგა არაფრად და არც ქუთაისისა.
„ფოთის ინდუსტრიული ზონა არ მუშაობს, ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში ეგვიპტელები უნდა ჩამოსულიყვნენ და მილიარდი დოლარი უნდა დაებანდებინათ, რაღაც ორი გაზქურა გამოუშვეს, შემდეგ გაჩერდნენ და ახლა მათი უმოქმედობა ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს დაბრალდება.
ის ინვესტიციები, რომლებიც საქართველოში უკვე განხორციელდა - მათი უდიდესი ნაწილი იყო ქონების შეძენა. ლიკანი რომელიც იყიდეს უცხოელმა ინვესტორებმა, დაანგრიეს და შემდეგ აღარ ააშენეს. თბილისში რამდენი სასტუმროა, რომელიც დაანგრიეს და აღარ ააშენეს. რეალურად იმ ინვესტორებმა, რომლებიც თავის დროზე შემოვიდნენ, ან შეაჩერეს თავიანთი საქმიანობა, ან მიდიან“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი ნოდარ ხადური.