- პრინციპში, არაფერი - ხანდაზმულობა უკვე გასულია!..
- ესეც რომ არ იყოს, ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე ნაკლებ კორუმპირებულია! საერთოდ, ფულს მე არ ვიღებდი. ეკონომიკური სამსახური რაღაც ფონდს აგროვებდა და აქედან თანხას ხან სპეცოპერაციაზე ვხარჯავდით, ხან - პანკისში, ინფორმაციაზე. იცი, მაშინ პანკისში ინფორმაცია რამდენი ღირდა?
- რამდენი?
- მაგალითად, ამერიკელებმა პირველ ინფორმაციაში 100 ათასი დოლარი წყაროს გადაუხადეს, 80 ათასი კი, - ჩემს თანამშრომელს. ეს აბსოლუტურად უკანონო ფული იყო, მაგრამ რახან ამერიკელები იყვნენ, ხმას ვერ ამოვიღებდით.
- იმას რატომ არ მეუბნებით, ამ ფონდიდან შინ რამდენი მიგქონდათ?
- ძალიან ცოტა.
- ეს ცოტა, მაინც, რამდენი იყო?
- ამათთან შედარებით, - ნოლი. ოჯახში საჭმელიც იყო და სასმელიც. თვიური “სტავკა” არ არსებობდა, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას პატივი ეცა. ყველაზე დიდი პატივი მაშინ მცეს, როცა მინისტრობიდან წამოვედი...”
ჩვენი პოლიტიკური მსოფლმხედველობა ცა და დედამიწასავითაა: მას რუსეთი მოსწონს, მე კი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი სულხან-საბას, ილიას და სხვა დიდი ქართველების გზა, ანუ ევროატლანტიკური სივრცეა... ამ თემაზე, როგორც იტყვიან, მსუბუქად სხვა დროსაც გვიკამათია, მაგრამ ამჯერად საქმე ცოტა სხვანაირადაა. მოკლედ, ამბის ქრონოლოგია ასეთია: ამას წინათ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკს, კონსტანტინე ფორჩხიძეს ერთ-ერთ ინტერვიუში ვკითხე, რომ პროამერიკელი ირაკლი ალასანია “გარკვეულმა ტიპებმა” უშიშროების მორუსეთუმო მინისტრის მოადგილედ როგორ დანიშნეს-მეთქი. ფორჩხიძემ განმარტა, ამერიკელებს პრორუსული განწყობების განეიტრალება უნდოდათო... რამდენიმე დღის წინ, “ფეისბუქში” “წერილი” მივიღე: “...გარკვეული ტიპი არ ვარ მე... კარგა ხანია, “გუუგლ”-ში არ ამიკრეფია ჩემი გვარი და შენ მცირეტირაჟიან, ერთი მოექსპერტო ელემენტის გაზეთს, აბა, სად წავიკითხავდი? ჩვეულებრივი ჟურნალისტური ეთიკაა, ჩემს ნამოქმედარზე - ირაკლი ალასანიას დანიშვნა - ჩემთვის გეკითხა. გაშვებულმა პოლკოვნიკმა მაგისი რა იცის? ისე, ვანიჩკა, მარტო შენ გაზეთს კი არ უნდა კითხულობდე... მაგრამ, თქვენ და თქვენნაირებს დასავლური ღირებულებები მხოლოდ თქვენსავე სასარგებლოდ გჭირდებათ და გახსენდებათ. მე ვიცი, რითია ირაკლის მიმართ თქვენი სიყვარული განპირობებული... კიდევ ბევრი რამ ვიცი, მოთხოვნის უფლებაც მაქვს და ვალდებულიც ხარ, საპასუხო, გამოსარკვევი ინტერვიუ ჩემთანაც ჩაწერო...” რა პრობლემაა-მეთქი, მივწერე და შეხვედრა დავთქვით... მაშ ასე, 2014 წლის 29 ნოემბერი, 12 საათი, “ქორთიად მარიოტი”... საუბარი 5 საათს გრძელდება... მწვანე ჩაის სენდვიჩი და ყავა ცვლის... საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი მეუბნება, რომ “გარდასულ დღეებზე” ასე დეტალურად არასოდეს არავისთან ულაპარაკია. ეს, პრაქტიკულად, გენერალ ვალერი ხაბურძანიას მემუარებია, თუმცა საზოგადოებამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ექსჩინოსანი გულწრფელია თუ არა (სხვათა შორის, ხაბურძანია მოგონებების სარკასტულად დაწერას თავადაც აპირებს. ისე, თანამოსაუბრისთვის სარკაზმი არც მე დამიკლია!)... და კიდევ ერთი: შეიძლება, ვინმემ იკითხოს, “ქართული სიტყვა”, რომლის სარედაქციო პოლიტიკაც მკვეთრად პროდასავლურია, რუსეთისმოყვარულ ხაბურძანიას ტრიბუნას რატომ უთმობსო. პასუხი მარტივია: ჩვენ დემოკრატები ვართ! აი, სწორედ ესაა დასავლეთის ყველაზე დიდი ხიბლი! მაშ ასე, ვიწყებთ!
სტენოგრაფიული ჩანაწერი ¹1
- ბატონო ვალერი, საიდან მოიტანეთ, რომ “ქართული სიტყვა” მცირეტირაჟიანია?
- ყველაფერს გეფიცებით, თუ არ გგულშემატკივრობდეთ და, ვანო, შენს მიმართ თავიდანვე კეთილგანწყობილი ვარ. არც იმას დაგიმალავ, რომ ამ ჩემს თანამშრომელთან ინტერვიუებს ბოლომდე ვკითხულობ...
- ანუ, უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ კონსტანტინე ფორჩხიძეს გულისხმობთ, არა?
- დიახ. კონტრდაზვერვის თანამშრომლებს კარგი ლოგიკა აქვთ, მაგრამ ილუზიაში მიდიან. ისე, კონტრდაზვერვის კურატორად ალასანია მყავდა დანიშნული... ვიცოდი, რომ ამერიკელები მუშაობდნენ... ერთ დღეს მითხრეს, ჩვენთან ამერიკელები დადიან, ჩვეულებრივი მოწმობები აქვთ და კონტრდაზვერვის თანამშრომლებს ხვდებიანო. მერე ე.წ. მეშვიდე, ანუ გარე მეთვალყურეობის სამსახურიც შეუქმნიათ...
- ამერიკელებს ალასანია ეხმარებოდა?
- არა, ჯერ ალასანია მოადგილედ არ მყავს გადმოყვანილი. სამინისტროში, როგორც მინისტრი, მეც ახალი მისული ვიყავი. მოკლედ, დაცვასა და კადრების განყოფილების ხელმძღვანელს დავუძახე და ვუთხარი, სამინისტროში უცხო შემოსული არ ვნახო-მეთქი...
- ამას რატომ მიყვებით?
- იმიტომ, რომ კონტრდაზვერვა წმინდათა წმინდაა და არც ამერიკელებზე უნდა იმუშაოს.
- კი ბატონო, ასეა და ისიც ვიცი, რომ არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ ორი მეგობარი სპეცსამსახური არ არსებობს...
- ასეა, მაგრამ ჩვენი კონტრდაზვერვა ჩვენზე, პირადად, ჩემზე მუშაობდა: ერთხელ ტელეფონის მოსმენაში გამოვიჭირე, ერთხელ კი, - თუ როგორ “აგვკიდეს” მე და “ეფ-ეს-ბე”-ს დირექტორის მოადგილეს გარე მეთვალყურეობა...
- “ეფ-ეს-ბე”-ს დირექტორთან რა საქმე გქონდათ?
- პანკისის საკითხებზე იყო ჩამოსული...
- გამოდის, რომ კონტრდაზვერვა საეჭვოდ გთვლიდათ და ამიტომაც გითვალთვალებდათ!
- უშიშროების მინისტრი ვიყავი, ესე იგი, სამინისტროს პოლიტიკას განვსაზღვრავდი და ჩემი კონტრდაზვერვისთვის საეჭვო როგორ ვიქნებოდი? საეჭვო ამერიკელებისთვის ვიყავი. მერე გაირკვა, რომ ეს ირაკლი ალასანიას ინიციატივით ხდებოდა და ამასაც გიამბობთ.
ისე, ალასანიას მიმართ თქვენს დამოკიდებულებას ვგრძნობ და ეს, ალბათ, ბატონი ჯანსუღისგანაა განპირობებული...
- ბატონო ვალერი, მოითმინეთ, ამ თემაზეც გკითხავთ, მაგრამ ყველაფერს პუნქტობრივად მივყვეთ: თუკი ასეთი ცუდი და ამოსაგდები ვარ, რას დაეძებთ, რას დავწერ, რატომ ნერვიულობთ?
- იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჯერ კიდევ იქიდან გიცნობ, “ალიაში” რომ იყავი...
- გეშლებათ: ერთმანეთი რომ გავიცანით, უშიშროების მინისტრი იყავით, მე კი, “ასავალ-დასავალში” ვმუშაობდი...
- ჰოდა, ჩვენი ინტერვიუები რომ მახსოვს, ყველაზე თავისუფალი ჟურნალისტი იყავი...
- ახლაც თავისუფალი ვარ!
- მინდა, რომ “ქართულ სიტყვას” აკადემიური სტილი ჰქონდეს და სხვებს არ დაემსგავსოს... ეს ბიჭი...
- ეს ბიჭი, ანუ კონსტანტინე ფორჩხიძე, არა?
- დიახ... კარგი ბიჭია, მაგრამ ობივატელისთვის ყველაფერზე მისი აზრის მოსმენა, ცოტა უხერხულია...
- თუკი ობივატელს აინტერესებს, მაშინ?
- ესე იგი, თქვენც კომერციაზე გადასულხართ და ეს თქვენი არჩევანია!
- კომერცია რა შუაშია?..
- გაბრაზდი, კაცო?!
- რა ცუდად მიცნობთ - იმაზეც არასოდეს ვბრაზდები, რაზეც, წესით, უნდა გავბრაზდე!
- მეც ვცდილობ, რომ არ გავბრაზდე...
- ბატონო ვალერი, ახლა კი ის ამიხსენეთ, რატომ მომწერეთ, ვიცი, თქვენ და თქვენნაირებს ალასანია რატომ გიყვართ და სათქვენოდ როგორ იყენებთო. აბა, ამიხსენით, რატომ გვიყვარს?
- “ქართული სიტყვის” მთავარი რედაქტორი ბატონი ჯანსუღია, რომელიც ალასანიას სიმამრთან მეგობრობდა... აღარ მახსოვს, სტუდენტი ვიყავი თუ ასპირანტი, უნივერსიტეტში ბატონი ჯანსუღის იუბილე იყო, რომელსაც ჯუმბერ პატიაშვილიც უნდა დასწრებოდა.. ჯუმბერმა დაიგვიანა და რომ მოვიდა, ჯანსუღმა მისალმების შემდეგ, ზვიად გამსახურდია ახსენა, ანუ ამ კაცს ძალიან კარგი და დადებითი თვისება აქვს, რომ ახლობლებს სხვების არასწორი დამოკიდებულებები აარიდოს. როცა ეს თემები წამოვიდა და ალასანიაც გამოფხიზლდა, რომ თურმე, ვექტორია “გადაღუნული”...
- გგონიათ, რომ ადრე ეძინა?
- ყოველ შემთხვევაში, სამინისტროში კორუფცია აწყობდა.
- დანამდვილებით იცით, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია იყო?
- ჩემს დროს შესყიდვები არ არსებობდა - ბიუჯეტი არ მქონდა და რა უნდა შემესყიდა?
- შესყიდვა რად გინდოდათ, ფულს, ალბათ, ქეშად იღებდით, თორემ 160 ლარზე ვერ იცხოვრებდით...
- აბა, რა?! მეც კორუმპირებული ვიყავი და ირაკლიც!
- ალბათ, თქვენი წილიდან უყოფდით, არა?
- პირდაპირ ვამბობ: ჩვენ შევთავაზეთ...
- ფული?
- ვუთხარით, ირაკლი, ვიცით, რომ ყველგან კორუფციაა...
- და წილში ჩაგსვამთო?
- არა, არა... სხვათა შორის, მანქანა არც ერთს გვყავდა...
- ბატონო ვალერი, მართალია, წეღან სიგარეტის მავნებლობაზე ლექცია წამიკითხეთ და ისიც მითხარით, რომ ჭეშმარიტი პროამერიკელ-ევროპელები არ ეწევიან, მაგრამ მაინც, უნდა გავაბოლო და არ მეჩხუბოთ!
- მოწიე, კაცო...
მაშინ წილები არ იყო...
- აბა, რას ამბობთ? - მაშინ რომ წილები იყო, მტრისას!
- უშიშროება ერთი საწარმოს წილშიც არ იყო, თუმცა მოდიოდა ხალხი, რომელიც...
- “დაკრიშვას” გთხოვდათ, არა?
- ვინ უნდა “დამეკრიშა”? გაიხსენე, მაშინ საქართველოში რა ბიზნესი იყო: ფოთის პორტი...
- სადაც “დარმავოი” ფული კეთდებოდა.
- აგერაა, ჯემალ ინაიშვილი, რომელსაც გემი ნანახიც არ ჰყავდა და რომელიც შევარდნაძის ოჯახმა დანიშნა, მაგრამ მერე, “გადააგდო” და როგორც ვიცი, ოჯახი დღესაც უკმაყოფილოა...
- ბატონო ვალერი, სხვის “გადაგდებაზე” არ გინდთ ლაპარაკი, რადგან შევარდნაძე თქვენც “გადააგდეთ”...
- შევარდნაძე არ გადამიგდია და მაქამდეც მივალ! ისე, მე თუ გადავაგდე, მაშინ ალასანიამაც გადააგდო!
- ალასანია რომ არ ახსენოთ, არ შეგიძლიათ? ისე, მინისტრი ალასანია კი არა, თქვენ იყავით და მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებოდათ!
- რაც სამინისტროში კარგი იყო, ალასანია აკეთებდა, რაც - ცუდი, მე ვაფუჭებდი? - ეს როგორი ლოგიკაა?!
- არ მითქვამს, რომ აფუჭებდით, უბრალოდ, პრეზიდენტი “გადააგდეთ” და მორჩა...
- არ “გადამიგდია” და ვფიქრობ, რომ ესეც ბატონი ჯანსუღის განწყობაა!
- ჯანსუღი რა შუაშია?
- რაღაც გავლენა იგრძნობა...
- ბატონო ვალერი, ჯანსუღ ჩარკვიანი თავისუფლების პოეტია და გავლენას არავიზე ახდენს. ისე, ბატონი ჯანსუღის რომელიმე ლექსი იცით?
- ზეპირად ვერ გეტყვით...
- ზეპირად ერთი ლექსი მაინც უნდა იცოდეთ...
- “თავისუფლება ისე არ მოდის...”
- დიახ... იცით, ეს ლექსი როდის დაწერა?
- რა მნიშვნელობა აქვს, როდის დაწერა?.. ახლა, ბატონი ჯანსუღის პოეზიას ხომ არ ვარჩევთ?
- თუ გნებავთ, გავარჩიოთ... “თავისუფლება” შორეულ 70-იანებში დაწერა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჯანსუღი ადამიანებს თავისუფლებას ასწავლის!
- როცა ჯანსუღისგან რაღაც განწყობა მოდის, შენც იგივე განწყობა გექმნება...
- ბატონო ვალერი, ალასანიას, როგორც პოლიტიკოსის მიმართ სიმპათია იმ დღიდან მაქვს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სააკაშვილის ოპოზიციაში რომ წავიდა... დავუბრუნდეთ “გადაგდებას”...
- ვანო, ეს სამოქალაქო პროცესი არაა, რომ ვამტკიცო, მართალი ვარ-მეთქი. ფაქტები დამისახელეთ, რითიც ნათელი გახდება, რომ შევარდნაძეს ვუღალატე...
- კი ბატონო, ფაქტი პირველი: ძველი ხელისუფლებიდან “ვარდების მთავრობაში” თანამდებობა რამდენიმემ, მათ შორის, თქვენც მიიღეთ!
- რევოლუციის შემდეგ, თანამდებობა, კონსტიტუციურად, ყველას დარჩა!
- იმ 45 დღეზე კი არ გეუბნებით, ბურჯანაძე რომ პრეზიდენტობდა, გენპროკურორის მოადგილედ რომ დაინიშნეთ, გახსოვთ?
- ეს ჩემი უდიდესი შეცდომა და იმ თამაშის ნაწილი იყო, რაც ჩემს წინააღმდეგ წამოიწყეს! მაშინ გარკვეული ავტორიტეტი მქონდა და ხალხი ხელისუფლებაში გმირს ეძებდა, რადგან სისხლისღვრის რეალური საშიშროება იყო. პირდაპირ ვიტყვი: ლომის წვლილი მიმიძღვის, რომ სისხლი არ დაიღვარა!
- ბატონო ვალერი, კობა ნარჩემაშვილის მსგავსად, ქუჩაში რატომ არ გამოხვედით და რევოლუციონერებს წინააღმდეგობა რატომ არ გაუწიეთ?
მცირე ლირიკული გადახვევა
სწორედ ამ დროს, მეგრული სიმღერა გაისმა... არც მეტი, არც ნაკლები - უშიშროების ექსმინისტრის “მობილური” “ამღერდა”. რამდენიმეწამიანი სატელეფონო საუბრის შემდეგ, თანამოსაუბრემ მრავალმნიშვნელოვნად მითხრა, აი, ხომ ხედავ, ზარად რა სიმღერა მიყენია და ესეც, მგონი, რაღაცაზე მეტყველებსო...
- ბატონო ვალერი, ვიდრე მძიმე თემებზე გადავალთ, უნდა გითხრათ: ერთობ ევროპულ-ამერიკულად გამოიყურებით - ჯინსები გაცვიათ, მხარზე ჩანთა გაქვთ გადაკიდებული, რაც რუსეთის მოყვარულს არ შეჰფერის...
- რას ლაპარაკობთ, მთელი მოსკოვი ასე დადის... ვანო, რამდენი ხანია, მოსკოვში არ ყოფილხარ?
- საერთოდ არ ვარ ნამყოფი!
- უი, უი, უი...
- თუ დამპატიჟებთ, წამოვალ...
- (სიტყვას ბანზე მიგდებს) რევოლუციას დავუბრუნდეთ და ყველაფერს დეტალურად მოგიყვები. კონკრეტულად, 23 ნოემბერს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ იმასაც გეტყვი, ამ დღეს რა გავაკეთე...
მოკლედ, ბოლო დროს შევარდნაძე მიხვდა, რომ ამერიკელებმა გაწირეს. 13 ნოემბერს დამირეკა და მეკითხება, რა ხდებაო. ყოველთვის სიტუაციის მაქსიმალურად აღწერის მომხრე ვიყავი...
- ანუ, ამუქებდით?
- არა. მუქ ფერებს მაქსიმალურად ვაჩვენებდი. სხვები კი, მათ შორის, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, სიტუაციას ღია ფერებში ხატავდნენ. მაგალითად, თავდაცვის სამინისტრომ ხელები დაიბანა, შეიარაღებული ძალები ვარ და, კონსტიტუციით, ამ პროცესებში ვერ ჩავერევიო. დავით თევზაძე კაბინეტში იჯდა და, ბოლო დღეს შევარდნაძემ რომ დაურეკა, დათო, მოდიო, უთხრა, “პროპკაში” გავიჭედებიო.
მოკლედ, 13 ნოემბერს შევარდნაძემ დამირეკა და მითხრა, მაქვს ინფორმაცია, რომ ასლან აბაშიძე პუტინის მისაღებში იმყოფება და თუ გაქვს საშუალება, რომ პუტინმა არ მიიღოსო. მოვსინჯავ-მეთქი...
- პუტინთან, მისსავე კაბინეტში, ბოლოს და ბოლოს, ჩაი გქონდათ დალეული და ეს გაგიჭირდებოდათ?
- მხოლოდ ჩაი კი არა, არაყიც მქონდა დალეული... პატრუშევს დავურეკე და...
- მაპატიეთ, გაწყვეტინებთ, მაგრამ გამახსენდა: რევოლუციამდე პატრუშევმა თქვენს ერთ-ერთ მოადგილეს, კოტეტიშვილს შვილი მოუნათლა, არა?
- დიახ და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ, მით უმეტეს, რომ მაშინ სიტუაცია ნორმალიზაციისკენ მიდიოდა და პანკისის საკითხი ერთობლივად - ჩვენ, რუსებმა და ამერიკელებმა გადავწყვიტეთ. რომ იცოდეთ, ესეც ჩემი დამსახურებაა და არა - ვიღაც-ვიღაცების, როგორც იბრალებენ...
- კენჭებს ისევ ალასანიას ესვრით, არა?
- ეს ბავშვი სამინისტროში მე მივიყვანე, მაგრამ რუსების მიმართ შურისძიების გრძნობა ჰქონდა...
- ნუ მაგიჟებთ: მამა მოუკლეს და შურისძიების გრძნობაც აღარ უნდა ჰქონოდა?
- როცა სახელმწიფო მოღვაწე ხარ, სუბიექტურად არ უნდა მოქმედებდე.
- იმას რატომ აღარ ამბობთ, აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ, ალასანია პირველი ქართველი მაღალჩინოსანი რომ იყო, რომელიც სოხუმში ჩავიდა?
- ეს ამერიკელებმა გაუკეთეს...
- რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაუკეთა? მთავარია, ჩავიდა! რუსებს თქვენთვისაც გაეკეთებინათ...
- არ მინდოდა, თორემ ყველაფერი მზად იყო...
- ესე იგი, აფხაზეთის დაბრუნება არ გინდოდათ?
- როგორ არ მინდოდა, მაგრამ სოხუმში რომ ჩავსულიყავი, ხელმძღვანელობა ხომ გადაირეოდა. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილს რომ შევხვდი, კინაღამ გაგიჟდნენ!
- ამას, სამწუხაროდ, მეორე მხარე ვეღარ დაადასტურებს...
- რა ვქნა? - თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ და ჩემს თავზე სიმართლე მე მაინც ხომ უნდა ვთქვა!
- მოკლედ, შევარდნაძემ გთხოვათ, რომ პუტინს ასლანი არ მიეღო, მაგრამ უშიშროების მინისტრს აბაშიძის მოსკოვურ ვიზიტზე პრეზიდენტისგან უნდა შეეტყო?
- ყველაფერი გარეთ ხდებოდა, მოსკოვში...
- გავიგე, მაგრამ აბაშიძემ საქართველო რომ დატოვა, არ უნდა გცოდნოდათ? აბა, რის უშიშროების მინისტრიღა იყავით?
- ეს საიდან უნდა მცოდნოდა, მით უმეტეს, რომ აჭარის უშიშროების მინისტრი არ მემორჩილებოდა - გოგიტიძე, პრაქტიკულად, ერთხელ, ასლან აბაშიძის მეუღლის დაკრძალვაზე ვნახე. მანამდე კი, მინისტრად რომ დავინიშნე, მოლოცვის დეპეშა გამომიგზავნა. ერთადერთი წესიერი კაცი, კუპრაშვილი, რომელიც აჭარიდან ჩვენთან დადიოდა, მისი მოადგილე იყო, მერე, “ნაციონალებმა” დაიჭირეს... სხვათა შორის, ერთ ტერორისტზე, დეკუშევზე, რომელსაც შაჰიდის ქამარი ჰქონდა, სპეცოპერაციას ვატარებდით და აჭარის სპეცსამსახურებს შევუთვალეთ, დაგვხმარებოდნენ, რომ ბათუმში დაგვეჭირა, რადგან სპეცოპერაცია იქ ნაკლებად ხმაურიანი იქნებოდა, თან დაფინანსებაც ჩვენზე უკეთესი ჰქონდათ და აღჭურვილობაც, მაგრამ ასლან აბაშიძემ უარი შემომითვალა. რუსებს დავურეკე და ვუთხარი, ვიცი, რომ ამ კაცზე გავლენა გაქვთ და დაგვეხმარეთ-მეთქი...
- ბატონო ვალერი, ასლან აბაშიძის პუტინთან სტუმრობის თაობაზე ინფორმაცია, ალბათ, იმიტომ არ გქონდათ, რომ როგორც ვიცი, ოპერმუშაკი არასოდეს ყოფილხართ - ირაკლი ბათიაშვილმა, მინისტრობის დროს, უშიშროებაში მიგიყვანათ და კადრები ჩაგაბარათ, არა?
- ოპერმუშაკად არ მიმუშავია, მაგრამ ოპერმუშაკების ხელმძღვანელი ვიყავი, უშიშროების აკადემიაში ლექციებს ვკითხულობდი... ოპერატიული მუშაკი კონკრეტული თანამშრომელია, რომელსაც ამის ფსიქოლოგიური და გონებრივი მონაცემები აქვს, მენეჯერმა კი, ეს ხალხი კარგად უნდა გამოიყენოს. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ მინისტრს ოპერმუშაკად უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, თუმცა ამ სამსახურს კარგად უნდა იცნობდეს და უშიშროების სამინისტროს ყველა ნორმატიული აქტი ჩემი შედგენილია...
- ერთი “ტიპი” მაინც “დაგივერბოვკებიათ”?
- ვიცი, ვიცი, რასაც ამბობ, მაგრამ ერთი კი არა, ძალიან ბევრი “დამივერბოვკებია”, თუმცა ხელს არ ვაწერინებდი. საერთოდ, ეს საბჭოთა გადმონაშთად მიმაჩნია. კონსტიტუციით, პოლიტიკური საქმიანობის უფლება არ გვქონდა, მაგრამ უშიშროებისგან ყველა ამას მოითხოვდა. ექვსი თვე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვიყავი, ამიტომ ურთიერთობა ყველა პოლიტიკოსთან მქონდა, ყველა ჩემთან მორბოდა - ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდანაც და რაღაც-რაღაცებს მიყვებოდა... თან, ევროპულ სქემაზე გადავდივართ. ამიტომ, მინისტრი და მისი მოადგილე პოლიტიკური პირები უნდა იყვნენ...
- ევროპულ სტანდარტზე ახლა გადავდივართ, თორემ ჩვენ 15-16 წლის წინანდელ საქართველოზე ვლაპარაკობთ...
- შევარდნაძემ ნატო-ზე რომ მიაკაკუნა, შენ დაბადებულიც არ იყავი...
- რა კარგია, ასე ახალგაზრდა თუ გგონივართ, თან შევარდნაძე ნატო-ს კარზე აკაკუნებდა, თქვენ კი, - პატრუშევის...
- როგორ გეკადრება! ვინ გითხრა, რომ პატრუშევის კარზე ვაკაკუნებდი?
- მოკლედ, შევარდნაძემ გთხოვათ, რომ პუტინს აბაშიძე არ მიეღო...
- დავურეკე პატრუშევს, რომელმაც მითხრა, ჩვენთან ასეთი რამ არ არსებობს, რომ მისაღებში იჯდეს. ალბათ, მიღებაზეა ჩაწერილი, მაგრამ როგორც ვიცი, არავის მიღებას არ აპირებს და გადავამოწმებო.
- გადაამოწმა?
- კი და მითხრა, რაღაც მცდელობები იყო, მაგრამ არ მიიღებსო. პატრუშევს ვუთხარი, რთული მდგომარეობაა და კარგი იქნება, თუკი პუტინი შევარდნაძეს დაურეკავს-მეთქი. მეორე დღეს შევარდნაძემ ისევ დამირეკა და ცოტა გახარებულმა მითხრა, პუტინმა დამირეკაო... სიტუაცია გავარჩიეთ და ვუთხარი, ჯარი ისე გამოიყვანეს და პარლამენტს შემოარტყეს, რომ ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი-მეთქი.
- კაცო, წეღან არ მითხარით, რომ თევზაძეს “პროპკის” შეეშინდა და კაბინეტიდან არ გამოვიდაო?
- პარლამენტს ორ კორდონად შინაგანი ჯარი ერტყა... შევარდნაძე ხედავდა, რომ საგარეო მხარდაჭერა არ ჰქონდა, ანუ ამერიკელები წირავდნენ. ვუთხარი, ბატონო ედუარდ, არჩევნების შედეგები უნდა გავაუქმოთ-მეთქი. უარზე დადგა, საერთაშორისო საზოგადოებას შედეგების გაუქმებას ვერ ავუხსნითო. ვარწმუნებდი, პირიქით იქნება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება სწორედ იმას ვერ იგებს, არჩევნების შედეგებს რატომ არ ვაუქმებთ-მეთქი... სხვათა შორის, არჩევნებამდე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ სათავეში არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ჩასდგომოდა, პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე წელიწადნახევარი კიდევ გაქვთ და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც გაიმარჯვებს, მაინც თქვენზე იქნება ორიენტირებული-მეთქი. სხვათა შორის, 13 ნოემბერს დიდხანს ვილაპარაკეთ და ეს საუბარიც გაიხსენა, აბა, როგორ არ ჩავდგომოდი “მოქკავშირს” სათავეში, ორი ისეთი ადამიანი მოვიდა და მთხოვაო. ვანო, შენი აზრით, აბა, ეს ორი ადამიანი ვინ იქნებოდა?
- ვერ ვხვდები, მითხარით!
- ომარ გოგიაშვილი და რეზო ამაშუკელი...
- ...ბატონო ვალერი, წეღან ჰომოფობია ახსენეთ. ჰომოფობი ხართ?
- სომეხი სიდედრი მყავდა და სომხებს დიდ პატივს ვცემ...
- ჰომოფობობა მხოლოდ ეს არაა!
- საქართველოს ისტორიაში რამდენიმე გამოჩენილ ჰომოსექსუალთან ვურთიერთობდი. ამ ხალხს ძალიან ნიჭიერად ვთვლი - კომპლექსები არ აქვს...
- მაპატიეთ, ამ ადამიანებთან წმინდა თანამშრომლური ურთიერთობა გქონდათ?
- (იცინის) თუ ადამიანს რამისკენ მისწრაფება არ გაქვს, დელიკატურად აგრძნობინებ, თან ამ კუთხით ჩემს მიმართ აქტივობა არასოდეს ყოფილა - ალბათ, ამ თვალსაზრისით, მიმზიდველი არ ვარ!
მოკლედ, შევარდნაძე გადაარწმუნეს, რომ “მოქკავშირს” სათავეში უნდა ჩასდგომოდა. ამ დროს, “მოქკავშირის” ლიდერი ავთო ჯორბენაძე იყო...
- აი, თვალი დამადგით და სანთებელა გამიფუჭდა - აღარ ინთება!
- ახლა, მაგასაც მე ნუ დამაბრალებთ...
- სხვა რა დაგაბრალეთ?
- რა ვიცი, შევარდნაძეს უღალატე და “ნაციონალებს” პარლამენტის კარი გაუხსენიო...
- ამას მე კი არ გაბრალებთ, ვალერი ბატონო, საზოგადოება ამბობს...
- ამ ხალხს ვეუბნები და არ სჯერა. ჩემი ლაპარაკიდან თუ რამე ტყუილია, უნდა მითხრათ...
- არ ვიცი, რას მატყუებთ, რადგან კულუარებს მიყვებით და, წეღანაც გითხარით, ცხონებული შევარდნაძე ცოცხალი აღარაა, რომ გადავამოწმო... ის, რასაც მიამბობთ, შეუძლია, მაგალითად, კობა ნარჩემაშვილმა დაადასტუროს ან უარყოს?
- ის, რომ ჯარის გამოყვანის გადაწყვეტილება უჩემოდ მიიღეს, დაადასტურებს. დრო მოვიდა, ყველამ ის თქვას, რაც გაუკეთებია...
სხვათა შორის, 2003 წლის ივნისში “მოქკავშირის” საპარლამენტო სიას ავთო ჯორბენაძე და მარიამ ცაცანაშვილი ადგენდნენ...
ისევ მცირე ლირიკული გადახვევა
...სიტყვა ისევ გაგვექცა და იქამდე მივედით, რომ ვალერი ხაბურძანიამ კონსტანტინე ფორჩხიძის გაცნობა მთხოვა. ავუხსენი, რომ ერთმანეთს იცნობენ. შეიძლება, მაგრამ მინდა, რაღაც ვუთხრა. დარწმუნებული ვარ, მის ინტერვიუს ყველა კითხულობს, მაგრამ ალასანია ჩემს მოადგილედ ამერიკელებს არ დაუნიშნავთ, მე თვითონ დავნიშნეო.
- ბატონო ვალერი, ფორჩხიძემ ალბათობა დაუშვა, ამერიკელებმა იმიტომ დანიშნეს, რომ რუსული მიმართულება გაენეიტრალებინათო...
- მაშინ რუსული არ ვიყავი და, როგორც იტყვიან, რუსულიც კი არ ვიცოდი.
- აბა, პატრუშევთან როგორღა დამეგობრდით?
- აბსოლუტურად ყველაფერს მოგიყვები...
- კარგი, მაგრამ პატრუშევამდე ის ამბავი გააგრძელეთ, “მოქკავშირის” სიები რომ დგებოდა და შევარდნაძე რომ დაარწმუნეს, ისევ “მოქკავშირის” ლიდერი ყოფილიყო... ომარ გოგიაშვილი მაშინდელი ფინანსთა მინისტრის, მირიან გოგიაშვილის მამაა, არა?
- დიახ, მისი მინისტრობის დროს დაიქცა და დაიღუპა ჩვენი ფინანსები - პენსია-ხელფასი არ რიგდებოდა, ზოგიერთები კი, აქეთ-იქით მოტოციკლით დაქროდნენ...
- თუ ხედავდით, რომ ქვეყანა იქცეოდა, მინიმუმ, თანამდებობიდან წასულიყავით!
- ასე არ ხდება. როცა სამართავად მიდიხარ და ხედავ, რომ რაღაცების გაკეთება შეგიძლია, ვერ დატოვებ, თან პირდაპირ ვიტყვი: ხელისუფლების გარკვეული ხიბლიცაა, რომელიც, ალბათ, მეც მქონდა...
- 160-ლარიანი ხელფასი მაინც, რითი გხიბლავდათ?
- ჯერ ერთი, ხელფასი 280 ლარი მქონდა... მინისტრად რომ მივედი, ეკონომიკური სამსახური გავაუქმე...
- ამ სამსახურის უფროსი ბესო ალადაშვილი იყო, არა?
- არა, ბესო საფინანსოს უფროსი იყო, ანუ საბიუჯეტო თანხები უნდა დაეხარჯა. დაფინანსება 8 მილიონ 800 ათასი ლარი გვქონდა. აქედან, 6 მილიონ 800 ათასი სახელფასო ფონდი იყო, დარჩენილი 2 მილიონით კი, მხოლოდ კომუნალური ხარჯები კი არ უნდა გამესტუმრებინა, ოპერატიული საქმიანობაც მეწარმოებინა, ბენზინი ჩამესხა და ამასთან, მიმდინარე და კაპიტალური რემონტიც გამეკეთებინა.
- ამ ფონზე, მინისტრობას რატომ დასთანხმდით?
- მაშინ ყველა თანხმდებოდა, მიხეილ სააკაშვილიც დათანხმდა.
- სააკაშვილს მიზანი ჰქონდა, რომ...
- მიზანი მეც მქონდა.
- მიშას მიზანი, როგორც მერე გაირკვა, რევოლუცია იყო, თქვენ რა მიზანი გქონდათ?
- სააკაშვილს, მინისტრად რომ წავიდა, ოპოზიციაში გადასვლის მიზანი არ ჰქონია და ეს იდეა იმ პიარ-ჯგუფმა ჩააწოდა, თავის დროზე ჟვანიასთან რომ მუშაობდა.
- მგონი, რუსები იყვნენ...
- რუსები კი არა, აშშ-ში წასული რუსი ებრაელები იყვნენ...
- მსმენია, რომ იგორ გიორგაძესაც გაამერიკელებულ რუსებთან აქვს კავშირი...
- არა. რატომ გგონიათ, რომ ვიღაც ვიღაცასთანაა მიბმული? ასე, თქვენც ვინმესთან ხართ მიბმული...
- მაინც, ვისთან?
- დამფინანსებელთან...
- “ქართული სიტყვის” დამფინანსებელი ვინაა?
- ბატონი ჯანსუღის სიძე...
- კიდევ კარგი, სიმართლე თქვით, თორემ სერიოზულად ვიჩხუბებდით!
- მოკლედ, ბატონ ედუარდს ვუთხარი, მძიმე სიტუაციაა და “მოქკავშირი” იმ სიით, რომელიც შეადგინეს, ვერ გავა-მეთქი, თან ამ დროს სამინისტროში გამოკითხვა ჩავატარებინე, მაინტერესებდა, აგენტურა რას ფიქრობდა. საერთოდ, დაბალი ხარისხის აგენტურა გვყავდა, რომელიც საბჭოთა სისტემით მუშაობდა. მახსოვს, ყველა თათბირზე სამმართველოს უფროსი მეუბნებოდა, ამ კვირაში ამდენი გადმობირება გავაკეთეთ, ამდენი სანდო პირი შევიძინეთო და ჯდებოდა ხოლმე. დავითვალე და ერთ თვეში, წესით, 20 აგენტი და 100 სანდო პირი უნდა გვყოლოდა და ვეხუმრე, თუ ასე გააგრძელებთ, მალე ჩემამდეც მოხვალთ. ხალხს რატომ იბირებთ-მეთქი. მიპასუხა, რა ვიცი, წლიური გეგმა გვაქვსო. ვუთხარი, რომ გეგმა მაშინვე გადაეგდოთ. საერთოდ, სპეცსამსახურმა მიზანმიმართულად უნდა იმუშაოს - შეიძლება, ერთი აგენტი ჰყავდეს, რომლითაც 900 აგენტს გადაფარავს.
ვანო, გახსოვთ, ჯუმბერ პატიაშვილმა ერთი ამბავი რომ ატეხა, ჩემს პარტიაზე “მუშაობენ” და უშიშროების მინისტრს იმპიჩმენტი უნდა მოვუწყოთო?
- ვერ ვიხსენებ...
- ამ დროს ერთ-ერთ უნივერსიტეტში ვიყავი, ლექციას ვკითხულობდი. დამირეკეს, ასეთი და ასეთი ამბავია, პარლამენტში გიბარებენო. კი გაიძახიან, ცოცხალი აგენტი არ უნახავსო, მაგრამ პარლამენტში დავრეკე და მითხრეს, ჯუმბერს რაღაც ფურცლები აქვს, სადაც უშიშროების სამინისტროს 2002 წლის საიდუმლო გეგმა წერია და მითითებულია, რომ პატიაშვილსა და ჭაჭიაზე უნდა ვიმუშაოთო. ამ კაცს, ვისაც დავურეკე, ვუთხარი, ჯუმბერისთვის აეხსნა, რომ ეს “დოკუმენტი” რეალური არ იყო, “შეუგდეს” და უხერხულობაში ჩავარდება-მეთქი. ჯუმბერმა არ დაიჯერა და საკითხი სხდომაზე მაინც გაიტანა...
ისევ მცირე ლირიკული გადახვევა
...კორუფციას შევეხეთ და, ცხადია, დავინტერესდი, მინისტრობის დროს, კორუფციის სახით, ყველაზე მეტი რამდენი აუღია.
ვალერი ხაბურძანია: - გეტყვი, ფულს რაში ვაკეთებდით, დასამალი რა მაქვს?
- პრინციპში, არაფერი - ხანდაზმულობა უკვე გასულია!..
- ესეც რომ არ იყოს, ქვა იმან მესროლოს, ვინც ჩემზე ნაკლებ კორუმპირებულია! საერთოდ, ფულს მე არ ვიღებდი. ეკონომიკური სამსახური რაღაც ფონდს აგროვებდა და აქედან თანხას ხან სპეცოპერაციაზე ვხარჯავდით, ხან - პანკისში, ინფორმაციაზე. იცი, მაშინ პანკისში ინფორმაცია რამდენი ღირდა?
- რამდენი?
- მაგალითად, ამერიკელებმა პირველ ინფორმაციაში 100 ათასი დოლარი წყაროს გადაუხადეს, 80 ათასი კი, - ჩემს თანამშრომელს. ეს აბსოლუტურად უკანონო ფული იყო, მაგრამ რახან ამერიკელები იყვნენ, ხმას ვერ ამოვიღებდით.
- იმას რატომ არ მეუბნებით, ამ ფონდიდან შინ რამდენი მიგქონდათ?
- ძალიან ცოტა.
- ეს ცოტა, მაინც, რამდენი იყო?
- ამათთან შედარებით, - ნოლი. ოჯახში საჭმელიც იყო და სასმელიც. თვიური “სტავკა” არ არსებობდა, მაგრამ შეიძლება, ვიღაცას პატივი ეცა. ყველაზე დიდი პატივი მაშინ მცეს, როცა მინისტრობიდან წამოვედი და ცარიელ-ტარიელი დავრჩი - მანსარდიან ბინაში ვცხოვრობდი, სადაც ახლა ჩემი მეგობარი, ნიკა ლალიაშვილი ცხოვრობს... მეგობრები დამეხმარნენ და ბინა მაჩუქეს, რომელიც მაშინ 75 დოლარამდე ღირდა. ფული კი, რასაც ფული ჰქვია, მაშინ ვიშოვე, როცა მოსკოვში წავედი - იქ “ალფა ბანკში” წელიწადნახევრიანი კონტრაქტით ვმუშაობდი...
- და მოსკოვში სამსახური როგორ იშოვეთ?
- მეგობრები დამეხმარნენ...
- პატრუშევი?
- მათ შორის, - ისიც.
- ბუნებრივია, ამ ფონზე არ იტყვით, რომ რუსეთი ოკუპანტია!
- ყოველთვის ვიტყვი, რუსეთი ვინ არის!
- მარტივად მითხარით: ოკუპანტია თუ არა?
- მარტივად რატომ უნდა გითხრა? რუსეთი სეპარატიზმის მხარდამჭერი ქვეყანაა და ეს ოკუპანტზე მძიმე ტერმინია. როცა ამბობთ, ოკუპანტიო, ესე იგი, ოსებს და აფხაზებს ეუბნებით, რომ რუსეთის მიერ არიან ოკუპირებულნი.
- არიან და დავუმალოთ?
- არ არიან!
- დიახ, ჩვენი ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული!
- ეს ტერიტორიები აფხაზებისა და ოსების არ არის?
- ჩვენს ტერიტორიაზე ეთნიკური ოსები და აფხაზები ოდითგან ცხოვრობენ!
- აფხაზებიც ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობენ? აფხაზები ჩვენსა და მათ ტერიტორიაზე ცხოვრობენ! ეს საერთო ფლობის ტერიტორიაა!
- ეს ქვეყნის ერთიანობის ახალი განმარტებაა?
- ნებისმიერი ნორმალური ისტორიკოსი იტყვის, რომ ეს ტერიტორია აფხაზებსაც ისევე ეკუთვნით, როგორც - ჩვენ! სამხრეთ ოსეთთან საკითხი სხვანაირად დგას, მაგრამ, რადგან გარკვეული პერიოდი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში, ანუ სახელმწიფო წარმონაქმნში იცხოვრეს, ტერიტორიაზე პრეტენზია მათაც აქვთ. ისე, ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ თავის დროზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი გავაუქმეთ. ოსებს ქართული გვარები ჰქონდათ... ორი თანაკლასელი მყავდა და ვიდრე ომი არ დაიწყო, არც ვიცოდი, რომ ოსები იყვნენ...
- ბატონო ვალერი, ოსი თანაკლასელები მეც მყავდნენ...
- ჰოდა, ახლა, ამ ხალხს ეუბნებით, რომ აქედან “დაახვიოს”?
- ოსებსა და აფხაზებს კი არა, რუსეთს ვეუბნებით, რომ აქედან “დაახვიოს”!
- რუსეთმა “დაახვიოს”, ოსებსა და აფხაზებს კი ვეუბნებით, რომ მათთან ვილაპარაკებთ?
- დიახ, რა თქმა უნდა...
- მათ ასე არ უნდათ... სიტუაცია აქამდე არაა მისული.
- რა იცით, რომ არ უნდათ?
- ვიცი იქაური განწყობები. რუსები რომ გავიდნენ, იძულებული გავხდებით, მათ მიმართ ძალადობრივი მეთოდები გამოვიყენოთ... ისინი რუსების გარეშე არ დაგველაპარაკებიან!
- მართლა გჯერათ, რომ რუსეთი მშვიდობის მტრედია?
- თუკი აშშ სხვაგან მშვიდობის მტრედია, ასეთივე მშვიდობის მტრედია რუსეთიც!
- ამერიკელებმა საქართველოში რამდენი ქართველი მოკლეს?
- ამერიკელებმა, თავიანთი უტვინო და არასწორი პოლიტიკით, რაც ეკონომიკის განადგურებას ეხება, შიმშილით, ვფიქრობ, რუსებზე მეტი ქართველი მოკლეს! ამის დაწერის მერე, გაბედონ ამერიკელებმა და აშშ-ს ვიზა არ მომცენ!
- რუსეთი გიყვართ და აშშ-ში რა გინდათ?
- მეგობარი მყავს და უნდა ვნახო. სხვათა შორის, ერთადერთი ქართველია, რომელმაც იქ წარმატებას მიაღწია...
- მალხაზ შალიკაშვილზე არაფერი გსმენიათ?
- ბოლო დროს წასულ ქართველებს ვგულისხმობ...
- საქართველოში მეფობაც ამერიკელებმა გააუქმეს, არა?
- ახლა, ისტორიაში გადამიყვანე... საქართველოში მეფობა იმპერატორმა პავლემ მას შემდეგ გააუქმა, რაც საქართველოს რუსეთის სრულ ქვეშევრდომობაში შესვლაზე გიორგი მე-12-ის წერილი მიიღო. გიორგის სიკვდილის მერე, ტახტისთვის ბრძოლა ატყდა და პავლემ მეფობა გააუქმა...
- აგაშენათ ღმერთმა - აკი, მეფობა რუსებმა არ გააუქმესო?!
- რამდენიმე თვის შემდეგ, პავლე მოგუდეს, სხვათა შორის, ქართველის დახმარებით. ახალმა იმპერატორმა კი, კომისია მოიწვია და თქვა, ბაგრატიონებს ძალიან ცუდად მოვექეცით და ეს საკითხი უნდა გადაწყდესო. მოკლედ, თავადაზნაურობამ, ანუ ელიტამ ქართლ-კახეთის რუსეთის შემადგენლობაში დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო...
- საერთოდ, ვალერი ბატონო, მოღალატეები ელიტაში ჭარბობენ!
- კაცო, გიხსნი, რაც მოხდა... რუსები საქართველოში ჩამოვიდნენ, ქართველ თავადაზნაურობას ქაშვეთის ეკლესიაში დაუძახეს და დაიწყეს, “ცარ”... ამის, იმის... “ი პროჩია, ი პროჩიაო”... ამ “პროჩიამ” ქართველებს ერთი სიტყვა მოაგონა, რომელიც მაინცდამაინც ესთეტიკური არაა და ხელი ხმალზე იკრეს. ეს წინააღმდეგობად ჩაითვალა, თუმცა მერე, როცა აუხსნეს, რაზეც იყო ლაპარაკი, ყველაფერი ჩაწყნარდა და მეფობის გაუქმების გამო თავი არავის მოუკლავს! ეს ჩემი კი არა, უდიდესი ქართველის, დიმიტრი ყიფიანის სიტყვებია!
- რა გასაკვირია, რომ მოღალატეები მაშინდელ საქართველოშიც ყოფილიყვნენ?
- რა ღალატზეა ლაპარაკი, როცა ქვეყანა დაქცეული იყო და მეფობის შანსი არავის ჰქონდა. ისე, საქართველოს რომ გაიძახით, იმერეთი, გურია და სამეგრელო სად იყო? ერეკლე მეფე თელავიდან გურჯაანამდე მოძრაობდა...
- მოკლედ, იმის თქმა გინდათ, რომ რუსეთმა გაგვაერთიანა, არა?
- რუსეთმა, თავისი და ჩვენი სისხლის დახმარებით, თავისი იმპერიის ფარგლებში მოგვაქცია! დააკვირდით, ვანიჩკა ბატონო, ამ დროს მსოფლიოში მონობა მძვინვარებდა - აშშ-ში ზანგები ადამიანებად არ ითვლებოდნენ.
- ვატყობ, 9 აპრილს რუსების მიერ ქართველების დაღვრილ სისხლსაც ამართლებთ...
- დაღვრილ სისხლს რომ ვამართლებდე, მაშინ სისხლს დავღვრიდი!
- აგვისტოს ომში რატომ არ წახვედით?
ამ შეკითხვაზე პასუხს “ქართული სიტყვის” შემდეგ ნომერში ნახავთ. ისე, თუკი ბატონი ხაბურძანიას მიერ დასახელებულ პირებს სურვილი გაუჩნდებათ, ტრიბუნას მათაც სიამოვნებით დავუთმობთ!
დიახ, “ქართული სიტყვის” სარედაქციო პოლიტიკა პროდასავლური და, მაშასადამე, დემოკრატიულია!