როგორ ხორციელდება ინტერნეტთვალთვალი და როგორ დავიცვათ თავი

როგორ ხორციელდება ინტერნეტთვალთვალი და როგორ დავიცვათ თავი

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი, ნინო ლომჯარია აცხადებს, საქართველოში სატელეფონო მოსმენებზე გაცილებით რთული ვითარებაა ინტერნეტმიყურადების თვალსაზრისით: "მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებს კი არ უსმენენ, არამედ უსმენენ მეგობრებს. მათ იციან, ვინ ვის როგორ ელაპარაკება. ფაქტობრივად, შეუზღუდავად და შეუფერხებლად კითხულობენ, ვინ რომელ საიტზე შევდივართ, რა "მეილს" და ვის ვუგზავნით, რით ვინტერესდებით. მე ვფიქრობ, რომ ტელეფონზე მეტად საქართველოში ინტერნეტთვალთვალია სახიფათო. აქ რეგულაციები თითქმის არ არსებობს და არც კონტროლის მექანიზმებია". 

ვინ და როგორ შეიძლება გვისმენდეს ინტერნეტ-სივრცეში? რა როლს ასრულებს ამ შემთხვევაში ხელისუფლება და როგორ შეიძლება დააშანტაჟონ ინტერნეტმომხმარებლები? 

"ალიას" შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეო და აუდიომოსმენების სამმართველოს ყოფილი უფროსი, ბესო ხითარიშვილი ესაუბრა: 

 - ჩემი აზრით, ეს არასამთავრობოები ცდილობენ, რაც შეიძლება გაამწვავონ სიტუაცია და წარმოჩინონ, თითქოს ხდება რაღაც საშინელება. ყველაფრის გაკონტროლებას და ყველას მოსმენას სჭირდება წარმოუდგენელი რესურსი, ყველას გაკონტროლება შეუძლებელია. 

- არა, აქ საუბარია არა ყველას გაკონტროლებაზე, არამედ ნებისმიერის მოსმენაზე. ანუ მე მაქვს ასეთი კითხვა: ტექნიკურად რა საშუალებები არსებობს, რომ შემოვიდნენ და წაიღონ ყველაფერი ჩემი ელფოსტიდან, "ფეისბუკის" გვერდიდან, "სკაიპიდან" და ასე შემდეგ. 
- კი, საამისო ტექნიკური საშუალება არსებობს, ნებისმიერ ძლიერ ჰაკერს შეუძლია, შემოვიდეს შენს ინტერნეტსივრცეში, გახსნას შენი ფოსტაც, გვერდებიც და წაიკითხოს. აქ მთავარი ის არის, რომ ამის გაკონტროლება სახელმწიფოსაც უჭირს. შევიდეთ რუსულ საიტებზე და იქ წერია, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება. არსებობს სპეციალური პროგრამები, არ არის პრობლემა. ეს გახლავთ არა სახელმწიფოს, არამედ ინტერნეტ-პროვაიდერების პრობლემა, მათ უნდა დააზღვიონ თავიანთი მომხმარებლები. ყველა პროვაიდერი კერძო სტრუქტურაა. ჩვენი რა მოსატანია, როცა თავის დროზე "ეფბიაის" საიტებიც კი გატეხეს? ჰაკერები შევიდნენ და ინფორმაცია გაიტანეს. აღარაფერს ვამბობ ბანკებზე, შვეიცარიის ბანკის ბაზაში შეაღწიეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დაცულია ტექნოლოგიურად. მე მგონი, ნინო ლომჯარიამ კარგად უნდა იცოდეს, რომ სახელმწიფოს მხოლოდ ერთი რამ შეუძლია, თუკი საქართველოში ასეთი დონის ჰაკერები არსებობენ, ისინი გააკონტროლოს. თუმცა ხშირად ესეც შეუძლებელია, ზოგიერთი შეიძლება ისე საქმიანობდეს, საერთოდ ვერავინ მიხვდეს. კი, ბატონო, რასაც ლომჯარია ამბობს, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ საკითხს უნდა შევხედოთ მეორე მხრიდანაც. 

- ესე იგი, ინტერნეტსივრცის გამოყენება სათავისოდ სახელმწიფოსაც შეუძლია, მაგრამ ვინ საიდან შემოგვიძვრება, არ ვიცით, ხომ? 
- კი, მაგალითად ვასახელებ შვეიცარიის ბანკს, თუ ეს სტრუქტურა ვერ იცავს 100 პროცენტით თავს, როგორ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლებამ გააკონტროლოს? ლომჯარიასა და ყველას შეუძლია, თითი გაიშვიროს ხელისუფლებისკენ, მაგრამ მათ იციან, რომ რეალური პრობლემა სხვა რამეში მდგომარეობს. ჩემი აზრით, ამ თემით ესენი მხოლოდ ყურადღების მიქცევას ცდილობენ. ჩვენ არ ვართ ისეთი დონის ქვეყანა, რომ ვაკონტროლოთ ყველა სპეციალისტი და შემდეგ მთელი ინტერნეტსივრცე, უბრალოდ, საამისო რესურსი არ არსებობს. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროსაც კი, როცა მართლა ძალიან იყო ეს სფერო "განვითარებული", ადამიანებს აშინებდნენ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ აკონტროლებდნენ. 

- ბესო, პროგრამისტი, რომელიც წერს ამა თუ იმ პროგრამას, მას არ შეიძლება ჰქონდეს საწინააღმდეგო პროგრამაც. როდესაც იგონებენ ვირუსს, ასევე იგონებენ ანტივირუსს. რამე ისეთი არსებობს, რაც ნაწილობრივ მაინც დაგვიცავს? 
- მაგალითად, მე ელფოსტით ვინმეს ვუგზავნი წერილს, ან ველაპარაკები "სკაიპით", კონკრეტულ მომენტში შემიძლია ვისარგებლო სხვა ელფოსტით, რომლის შესახებაც ჯერ არაფერი იციან. როდესაც ასეთი კამპანია მიდის, თითქოს ყველას გვაკონტროლებენ, ეს უფრო შიშის დანერგვაა, ვიდრე 100-პროცენტიანი რეალობა. ჩემს ელფოსტაში შემოღწევას ყველა შემთხვევაში სჭირდება გარკვეული დრო, აქ მე ვქმნი ახალს, ვეკონტაქტები ვისაც მინდა და შემდეგ უცებ ყველაფერს ვშლი. ახლა ლაპარაკობენ, კარგ კანონს მივიღებთ და გვეშველებაო. რაც არ უნდა კარგი კანონი მიიღო, ის ნაწილობრივ მაინც ქაღალდზე რჩება, თუ სპეცსამსახურს დასჭირდება, ისედაც გააკეთებს თავის საქმეს. ასე იყო და ასე იქნება. მაინტერესებს, ლომჯარია აქამდე სად იყო, თუნდაც 3 წლის წინათ რატომ არ ლაპარაკობდა იგივეს? 

- რატომ არ ლაპარაკობდა? 
- იმიტომ, რომ მაშინ უარესი ხდებოდა და რაღაცის გამო თვალებს ხუჭავდა. ახლა ცდილობენ, რაც შეიძლება, მეტი ტრაგიზმი აჩვენონ საზოგადოებას და ხალხი შოკში ჩააგდონ. რეალურად ეს არის საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის შეტანის მცდელობა, შენც იცი, მეც ვიცი და ლომჯარიამაც იცის, რომ თუკი კონკრეტული ადამიანის მოსმენა უნდათ, სასამართლოს ნებართვასაც გააკეთებენ, რაში სჭირდება ხელისუფლებას მეცხვარის მოსმენა, როცა მისი შვილი ელფოსტით სარგებლობს? 

- დამცავი მექანიზმი არ არსებობს? ნახევარი საქართველო უცხოეთშია და ინტერნეტით აქვს კავშირი ოჯახთან თუ ნაცნობ-მეგობრებთან. 
- ამას წინათ მოხდა ასეთი ფაქტი: ბალტიის ზღვაში ორი სხვადასხვა ქვეყნის გემის კაპიტნებს მოუსმინა რუსმა ჰაკერმა. ეს იყო პირადი საუბარი ერთი გემიდან მეორე გემზე, სადაც ყველაფერი კოდირებული და დაშიფრულია. ესეც კი გახსნა კერძო პიროვნებამ. დედამიწის ზურგზე რაც კი ადამიანის ხელითაა შექმნილი, ყველაფრის გახსნა შეიძლება ადამიანის ხელითვე. ეს მოხდება კანონდარღვევით, მეკობრული წესით თუ კანონიერად, არა აქვს მნიშვნელობა. ამ ქვეყანაზე დაუცველი არავინ არის, მაგრამ რამდენად მიზანმიმართულად ხდები დაკვირვების ობიექტი, ეს სხვა საკითხია. 

- როდესაც შენ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდი, იყო თუ არა სამსახური ან სამმართველო, რომელიც კონკრეტულად ინტერნეტსივრცეს აკონტროლებდა? 
- კი, იყვნენ პროგრამისტები, რომლებსაც შეეძლოთ რაღაცების გაკეთება. აი, ის პატარა ბიჭი, რომელიც 2012 წელს დაიჭირეს, სწორედ ეგ იყო მაგ სამმართველოს უფროსი. 16 წლის ბიჭი დანიშნეს ამხელა თანამდებობაზე, მის სამსახურს ერქვა "ინფორმაციული ტექნოლოგიების სამმართველო". მე ბიზნესიც მიკეთებია და სახელმწიფო სამსახურშიც ვიყავი, ყველას ვურჩევ, რომ მნიშვნელოვანი პირადი საქმეები მაინც არ ანდოს ინტერნეტსა და ტელეფონს. 

- ამბობენ, რომ "ვაიბერი" ადრე არ ისმინებოდა და ახლა უკვე ესეც ისმინება. ამ მხრივ, რა ხდება? 
- რა არის "ვაიბერი"? ეს არის ორ ტელეფონს შორის არსებული ინტერნეტსივრცე, ანუ შენ ტელეფონით ლაპარაკობ არა მობილური ოპერატორის საშუალებით, არამედ ინტერნეტის საშუალებით. ეს იყო შემოვლითი გზა. სანამ ამ ყველაფერს მასობრივი ხასიათი მიეცემოდა, იყო აზრი, რომ არ უსმენდნენ, მაგრამ, ბუნებრივია, ამ მხრივაც შექმნეს მოსასმენი პროგრამა. იგივე "ფეისბუკია" თუ "ადნაკლასნიკები", ეს არ უნდა გამოიყენო სერიოზული ინფორმაციის გაცვლისთვის, ეს არის გასართობი საშუალებები. ვიყოთ ფრთხილად და დავუკვირდეთ, სად რას ვწერთ და რას ვაკეთებთ, ეს არის ყველაზე მარტივი გამოსავალი.