"ლარის გაუფასურებას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გარდაუვალი ცვლილებები მოჰყვება. სანდო წყაროს ინფორმაციით მზადდება სქემა, რაც შეიწირავს ეკონომიკური ბლოკის რამდენიმე გავლენიან ჩინოვნიკს. ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების დასაძლევად მუშავდება ახალი სისტემა, რომელიც ჯერ მონახაზშია, მაგრამ მანამდე - 2-3 დღეში საკადრო ცვლილებებს მთავრობის ერთი ჯგუფი შეეწირება. "იმის მიუხედავად, რომ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, განსაკუთრებული არაფერი ხდებაო, ძალიან გაბრაზებული ყოფილა იმაზე, რომ სისტემა არ მუშაობს. მას გარემოცვა ფეხებზე ჰკიდია, მისთვის მთავარია, სისტემამ იმუშაოს - მაგალითად, მის ოთახში შუქი რომ არ აინთოს, შეუძლია იქაურობა დაანგრიოს" - ამბობს წყარო და აღნიშნავს, რომ ღარიბაშვილთან ახლო ურთიერთობების მოუხედავად, ის აუცილებლად ჩამოაცილებს მართვის სადავეებს პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელ მდივან ზვიად ჯანყარაშვილს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი სამ ადამიანს პოსტს დაატოვებინებს / რას უყვება წყარო "ალიას" ივანიშვილი კულუარულ გადაწყვეტილებებზე.
"უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას უკრაინაში საგანგებო მისიით მიავლენენ - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჯანყარაშვილის კანდიდატურა არ განიხილება, ბევრს არაფერს ნიშნავს. ასევე საუბარია, რომ პოსტს ჩამოაცილებენ რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელს აკაკი ჩხენკელს. პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩხენკელი შს გენინსპექციის უფროსის მოადგილეობიდან გადმოიყვანა. მისი არსებობა, ფაქტობრივად, რამდენიმე დაინტერესებული ადამიანის გარდა არავინ იცის. ის, რომ რეგიონული მართვის სისტემა საერთოდ არ მუშაობს, ბიძინა ივანიშვილმა ყველაზე უკეთ იცის. კულუარებიდან ცნობილი ხდება, რომ პოსტს გამოეთხოვება ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი შავლიაშვილიც, რომლის მიმართ ივანიშვილს კითხვები ჰქონია. წყაროს განმარტებით, იმდენად სუსტია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობა, რომ უამრავი ფული დარჩა ასათვისებელი - ვთქვათ, ხიდია გასაკეთებელი, ეს უამრავ ხალხთან უნდა შეათანხმო, ტენდერებში ჩაიხედეთ რა ხდება - სამდღიან ტენდერებს აცხადებენ, მერე იწყებენ ყვირილს, ჩქარა გააკეთეთ, თორემ ვიღუპებითო. მაგალითად, ავიღოთ ჭიათურა - "ნაციონალური მოძრაობის" დროს ვიღაც აკეთებდა ინფრასტრუქტურულ პროექტს და ისევ იმათ ეძახიან - იმიტომ რომ იციან საქმე ამათგან განსხვავებით", - აღნიშნავს გამოცემა.
"წყაროს ინფორმაციით ივანიშვილს რამდენიმე სანდო ადამიანი ჰყავს, რომლებიც მისი ყური და თვალია - ისინი უმრავლესობასა და აღმასრულებელ გუნდს აკონტროლებენ და დავალებული აქვთ ივანიშვილს მიაწოდონ რეალური ინფორმაცია. რამდენიმე მაკონტროლებლისგან ივანიშვილმა მიიღო ერთი და იგივე ინფორმაცია, რომ მთავრობაში მოკალათებულია ინიციატივას მოკლებული გუნდი, რეალურად სხვა საქმეებით არიან დაკავებულები, ყველაფერი გაჩერებულიაო. ამ თემაზე ოთხი დღის წინ თათბირი გამართულა ივანიშვილსა და მაკონტროლებლებს შორის, ასე რომ ის ყველა მოვლენის საქმის კურსშია. ამ შეხვედრაზე განსაკუთრებით აქტუალური ყოფილა სიტყვები - "უმოქმედობა", "ინფლაცია", "შეუსრულებელი პროექტები", "უსაქმურობა" და უპასუხისმგებლობა". ივანიშვილი ინფორმაციას რამდენიმე წყაროსთან ამოწმებს. ესეც რამდენიმე წყაროსთან გადაუმოწმებია. ბოლოს კი საკუთარი დეიდაშვილისთვის, ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილისთვის დაუძახია და უკითხავს, შენ როგორ აფასებ არსებულ მდგომარეობასო და მასაც იგივე სურათი აღუწერია - ესენი არაფერს არ აკეთებენო...", - დასძენს გამოცემა.
"მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება და შესაძლოა ჩვენ ძალიან მოულოდნელი სიურპრიზების წინაშე აღმოვჩნდეთ. წყაროს ინფორმაციით, თავად ღარიბაშვილს პრობლემა არ შეექმნება - მას აქვს გარკვეული ქარიზმა და ის რომ დიდი ეკონომიკურ ცვლილებებს ვერ მოახდენდა, ბიძინა ივანიშვილმა იცოდა. ივანიშვილი მას ეტყვის - შენ ეკონომიკურ გუნდს დაანებე თავი, ეს ხალხი იქნება ჩემი და შენ მიხედე პოლიტიკასო. ბიძინა ივანიშვილი კერძო საუბრებში თურმე ამბობს, რომ თუკი არ შეიცვალა მმართველობის სისტემა, 2016 წელს მისი გუნდი არჩევნებს წააგებს. როგორც სანდო წყარო ჰყვება, ივანიშვილი ყველაფერს გააკეთებს, რომ შექმნას სისტემა, რომელიც გამართული იქნება", - წერს სტატიის ავტორი.
"ივანიშვილი ვერ მიდის იმ ნაბიჯზე, რომ დაშალოს პარლამენტი, მას რაღაც აჩერებს. თუმცა 2016 წლამდე შეუძლია გააკეთოს ასეთი რამ: 2015 წლის ბოლოს დაშალოს შსს და უშიშროება ცალკე გამოყოს, რაც "ოცნების" პროგრამაში იყო ჩადებული. მოკლედ, წყაროს მტკიცებით, ივანიშვილი არ არის კმაყოფილი არსებული გუნდით არც პარლამენტში და არც აღმასრულებელ ხელისუფლებაში და სერიოზულ სვლებზე ფიქრობს. უმრავლესობა, რომელიც ფაქტობრივად გია ვოლსკისა და მანანა კობახიძის იმედადღა დარჩა, ბიძინა ივანიშვილის კრიტიკას ვეღარ უძლებს. ასე რომ, უახლოეს დღეებში მოედნის გასუფთავება იწყება, ამ პროცესს კი რამდენიმე ფიგურანტი შეეწირება. მათ შორის, ალბათ, ნოდარ ხადურიც, რომელმაც ქვეყანა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად, წარმოუდგენელ კრიზისამდე მიიყვანა - ასე გაუფასურებული ლარი ბოლო რამდენიმე წელია, არავის ახსოვს”, - დასძენს სტატიის ავტორი.