მოსალოდნელია თუ არა სოციალური ამბოხი?

მოსალოდნელია თუ არა სოციალური ამბოხი?

ჩახედეთ ლარიჭამია ნოდარს თვალებში და თქვენ დაინახავთ რეალობას - No lari! No dream! საქართველო უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. ნოდარ ხადურმა რეკორდი მოხსნა, სააკაშვილის შემდეგ, ხადურის მაწყევარ-მაგინებელთა რიგები დღითი დღე იზრდება. ახალი დღის გათენება, ახალი ეკონომიკური პრობლემის წინაშე გვაყენებს, ლარის ინფლაცია სახეზეა. ნიშნულმა უკვე 1 დოლარზე 1.9 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც და ერთი ევროს ღირებულებამ 2.2872 ლარი შეადგინა. 
"მეოცნებე" ხელისუფლება სოციალური აფეთქების წინაშე დგას, პროდუქტები ძვირდება, ადამიანები კოტრდებიან... ყოველი მეორე საქართველოში ბანკის, ლომბარდისა და კერძო მევახშის მოვალეა, მოსახლეობა სოციალური კატასტროფის წინაშეა. ის ფაქტი, რომ ამ ქვეყანაში სიკვდილი "განვადებითაა" და მიცვალებულებს "პოსლეზე" კრძალავენ, მიანიშნებს, რომ პატრონი აღარ გვყავს და ადამიანზე, როგორც სახელმწიფოს უპირველეს საზრუნავზე, პასუხისმგებლობას ამ ქვეყანაში არავინ იღებს, ხელისუფლება უძლურია, მოძებნოს გამოსავალი, რაც არ იცი, იმას ვერ გააკეთებ და არაკომპეტენტურობა სახეზეა. ალბათ, იკითხავთ, ეს ხალხი ან ამდენ ხანს რით არსებობს, მიგრაცია შეუქცევადია, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში საქართველოს 1 მილიონ 600 ათასი მიგრანტი ჰყავს და წელიწადში თითქმის მილიარდ ნახევარი შემოედინება. აი, რაზე დგას ქართული ოჯახების დიდი ნაწილი... ამ ხალხს კი, ხელისუფლება ორმაგ მოქალაქეობას არ აძლევს. რას აკეთებს ხალხისთვის "ოცნების" ხელისუფლება? რას დაჰპირდა ხალხს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და რა მივიღეთ? 

2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა: "რაც შეეხება ეკონომიკის ზრდას და მის ტემპებს, პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი"(?!). ბატონო ბიძინა, თქვენ რომ მიხეილ სააკაშვილივით "ჩავლით" ყოფილიყავით ეკონომიკასთან, ჩავთვლიდით, რომ მორიგი ფოკუსი ჩაგვიტარეთ, მაგრამ მსოფლიო მილიარდერების ტოპ-ჯგუფში შემავალ ბიზნესმენს, ასეთ შეცდომას ქართველი ხალხი ვერ აპატიებს. როგორც ბოლო დროს იკვეთება, პროგნოზებში ცდებით და სწორედ, მესამე წელი აღმოჩნდა ხალხისთვის მტკივნეული, ოცნება გახუნდა... ამ სიტყვამ თავისი მისტიკური ძალა დაკარგა. დღეს ქართველი ხალხის გულები მკვდარია, რადგან ბრძოლამაც აზრი დაკარგა. რატომ, რისთვის, ვისთვის უნდა იბრძოლოს ამ ხალხმა? "ოცნების" ხელისუფლება საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მოიყვანა ამ ხალხმა და რა მიიღო? მიიღო შიმშილი და უპერსპექტივობა, ციყვებივით ვატრიალებთ ბარაბანს, საიდანც ვერ გამოვდივართ და გამოსავალიც არ ჩას. ნეპოტიზმი დღეს კვლავ აქტუალურია და მხოლოდ ხელისუფლების ახლო ნათესავებმა იგრძნეს შვება, მათი მდგომარეობა ნამდვილად გაუმჯობესდა და მათი საფულეც შეივსო, მაგრამ "ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ"? საკუთარი თავის ზიზღს ნუ ჩაუნერგავთ ამ ხალხს, იბრძოდნენ მაშინ, როცა თქვენი კოალიციის ბევრი სუბიექტი, "ნაციონალურ" რეჟიმს ემსახურებოდა და ვინც იბრძოდა, გადახედეთ დღეს მათ მდგომარეობას, უტიფრობაა, დადიოდე ბოლო მოდელის ჯიპით, იღებდე პრემიებს, ბიზნესწილებში ხტებოდე და ყელმოღერებული მამადლიდე სააკაშვილის რეჟიმისგან განთავისუფლებას. როცა შენს ხალხს უჭირს, ზღვარგადასული ფუფუნება ისეთივე მიუღებელია, როგორც გვამებზე მორბენალი ტირანი. დღემდე ლეგენდად დადის, ინგლისის დედოფალმა მსოფლიო ომის დროს ბუხარი არ აანთებინა, ჩემმა მოქალაქეებმა კვამლი რომ დაინახონ, არ იქნება კარგი, მეც ისეთივე სიცივეში ვიქნები, როგორშიც ისინიო. ეს გააკეთა ინგლისის დედოფალმა, რომელსაც არჩევნები არ ემუქრებოდა. საინტერესოა, იმის შემდეგ, რასაც "ოცნების" ხელისუფლება აკეთებს, როცა ფუფუნების მონად იქცა, 2016 წელს არჩევნების მოგების იმედი როგორ აქვს? ამ ფონზე, როცა ადამიანებს ნუგეშის მიმცემიც არავინ ჰყავს, ვიგებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ზოგიერთი სამინისტროს დაფინანსება იზრდება, ეს რანაირად? ხალხი არ გთხოვთ ლუქსემბურგის მსგავსად პენსია 7000 ევრო იყოს, მაგრამ როგორ აგვიხსნით ევროპასთან ასოცირებული ქვეყნის შვილებს, რომ საქართველოში პენსია 150 ლარია და ხადური პენსიონერებს ამადლის, 10 ლარით გაგიზარდეთო? ხადურმა 10-ლარიანი პენსიის გაზრდა დააანონსა და მეორე დღეს "გაუფლანგა". ეს ამბავი როგორაა, რატომ გვატყუებენ, ბატონო ბიძინა?! რა ქნას ახლა ამ ხალხმა ახალ წელს ნაძვის ხეზე ხადურის კარიკატურები ჩამოკიდოს და იოცნებოს, ესეც ციკანი, ესეც გოჭი, ესეც ღრუტუნა ღორიო?! არ დასრულდება მარტივად ეს ამბავი, ხალხს არ სჭირდება მიზეზებზე ლაპარაკი, ხალხი შედეგს ელოდება და ეს შედეგი თქვენი გათვლით, ბატონო ბიძინა, უნდა ყოფილიყო ეკონომიკური აღმასვლისა და ჯიბეგასქელების წელი! 

ამ დროს, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აკეთებს უპასუხისმგებლო განცხადებას: ლარის გაუფასურებასა და ფასების მატებაზე პასუხს მე ნუ მომთხოვთო. აბა, ვის მოვთხოვოთ პასუხი? 

ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე შექმნილ ვითარებაზე, "ალიას" კითხვებს პასუხობს:  

- ბიძინა ივანიშვილი გვპირდებოდა, რომ მესამე წელი იქნებოდა ეკონომიკურად უკეთესი და ამას ხალხი თავის ჯიბეზე იგრძნობდა, მაგრამ მივიღეთ ის, რომ ლარი გაუფასურდა და დოლარი უმაღლეს ნიშნულს 1.9 ლარს მიუახლოვდა. ბოლო რამდენიმე წელია ლარის კურსის ვარდნა არ მომხდარა. რასთან გვაქვს საქმე? 
- ფულის მიწოდება ხელოვნურად შემცირებულია და ლარის კურსი ამის გამო ხელოვნურად ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო დაყენებული. შედეგი მივიღეთ ის, რომ ამ მწირ ეკონომიკას ემსახურება ოთხჯერ ნაკლები ფული. რამდენიც არის შიდა პროდუქტი, იმდენი ფული ემსახურება, ეს სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა გააკეთა იმიტომ, რომ ისინი იმპორტზე კიდებდნენ ქვეყანას, ეს ფული ემსახურებოდა იმპორტს, ემსახურებოდა სახელმწიფო ხარჯებს, სხვა მხრივ, მათ ინერესი არ ჰქონდათ, მცირე და საშუალო ბიზნესი მკვდარი იყო, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, არჩევნების წინ ერთ-ერთი პროგრამის პრეზენტაციაზე ბატონ ბიძინას კიდევაც ვუთხარი, რომ ეს არის ცენტრალური პრობლემა და თუ ეს არ გადაიჭრა, არაფერი გამოვა. საბოლოოდ მივიღეთ აი, რა, ორი წლის მანძილზე ეს პრობლემა ვმალეთ და არაკოორდინირებულმა მოქმედებებმა დააყენა ეს შედეგი. ეკონომიკური პოლიტიკა, საგადასახადო პოლიტიკა, საგადასახადო, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ერთი მაკროეკონომიკური მიმართულების შემადგენლებია და ამიტომ, ისინი კოორდინირებულნი უნდა იყვნენ, სამწუხაროდ, ეს კოორდინაცია მათ შორის არ ხდებოდა. 

- ნოდარ ხადური თითს იშვერს ეროვნული ბანკის მისამართით და აცხადებს, რომ ის არ არის ლარის ინფლაციაზე პასუხისმგებელი და ეს კითხვები ირაკლი ქადაგიძეს უნდა დავუსვათ... 
- ეროვნული ბანკი უკვე ორი წელია, აბსოლუტურ გაუგებარ პოლიტიკას აწარმოებს, რომელიც თვითონ იყო მოთამაშე და გარკვეული ჯგუფის ინტერესებს ატარებდა. ბოლოს და ბოლოს, მივიღეთ ე.წ. გადავადებული მოთხოვნის ტექსტი, ანუ დაუხარჯავი ბიუჯეტის პროგრამები, ამ პროგრამების რეალიზაციას სჭირდება იმპორტი, იმპორტს სჭირდება დოლარი, ამიტომ ის ფული, რომელიც ბიუჯეტიდან წავიდა პროექტებზე, გადახურდავდა და დააწვა დოლარის მოთხოვნას. იმპორტიორებმა, რომლებსაც ფულის უზარმაზარი მასა აქვთ, დაიწყეს დოლარში ფულის გადახურდავება და გადავადებული კონტრაქტების დაჩქარება, რომ საქონლად ექციათ ის. მცირე ინვესტორებმა ფულის გატანა დაიწყეს ქვეყნიდან, თავისი ანგარიშები აქვთ და მათ უნდათ, რომ თავიანთი ანგარიშები მოაწესრიგონ, მოსახლეობამ კი ეს რეალობა რომ დაინახა, მივარდა გადამცვლელ პუნქტებს და დოლარში დაიწყო ფულის გადახურდავება. ყველა ეს პრობლემა ერთად დააწვა დოლარის მოთხოვნას, მივიღეთ ის, რაც არის... ახლა ის შეცდომა აღარ უნდა გაიმეოროს ეროვნულმა ბანკმა, რაც მან რამდენიმე თვის წინ დაუშვა, კურსი ნელ-ნელა დასაშვებია, მაგრამ ეროვნულ ბანკს უნდა ეყოს წესიერება და თქვას, რომ ლარის გარდაუვალი დევალვაცია დაიწყო და ეროვნული ბანკი ნელ-ნელა მთავრობასთან კოორდინირებულად 2015 წლის ბოლომდე ამ კურსს მიყვანს ოპტიმალურ მაჩვენებლამდე. გათვლები რეალურად აჩვენებს, ამ ეტაპზე შეიძლება 2,15 ლარის ფარგლებში გავიდეს. ამ ნიშნულამდე ასვლას მთელი წელი დასჭირდება, პარალელურად საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურება, ფული უნდა წავიდეს ეკონომიკაში, წინააღმდეგ შემთხვევაში ფულის მასის ხელოვნური ზრდა ინფლაციას აწვება. 

- მივიღებთ სოციალურ ამბოხს? 
- ეს არის უკიდურესი სცენარი, თუ მთავრობა ამ სცენარის განვითარებას ხელს შეუწყობს, მაშინ შეიძლება უკმაყოფილებამ მიიღოს საჯარო პროტესტის სახე. თუ კომპლექსური ღონისძიებები გატარდება, ეს პრობლემა იქნება თავიდან აცილებული, თუმცა ამ კომპლექსური ღონისძიებების გატარების მცდელობას ჯერჯერობით ვერ ვხედავ. საქართველოს ეროვნული ბანკის მავნებლურ და მცდარ პოლიტიკაზე უკვე ორი წელია, ვსაუბრობ, მაგრამ ფინანსთა მინისტრიც, თავის მხრივ, არ არის მართალი იმიტომ, რომ მაკროეკონომიკაში ყველაფერი ერთად არის და კოორდინირებული უნდა იყოს. მე ადრევე მოვუწოდებდი მთავრობას, რომ ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ქადაგიძის პრობლემა გადაეჭრათ. ქადაგიძე, ღმერთმა იცის, ვის დავალებებს ასრულებს, შედეგი მივიღეთ. რა თქმა უნდა, ქადაგიძეს ამ საქმეში წვლილი მიუძღვის, მაგრამ თქმა იმისა, რომ ეს არის მხოლოდ ეროვნული ბანკის ბრალი, არ არის სწორი. ეროვნულ ბანკს პლუს მთავრობა, ერთად არიან ისინი დამნაშავეები ამ სიტუაციის შექმნაში. 

- თქვენი ინფორმაციით, ხელისუფლებამ რატომ ვერ შეძლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, "ნაციონალური მოძრაობის" კადრი ირაკლი ქადაგიძე ჩამოეცილებინა. ამაზე ხომ ბევრს საუბრობდნენ? 
- ეს არის ეროვნული საბჭოს შემადგენლობა, რომელიც ისეა დაკომპლექტებული, რომელიც არანაირ ახალ კანდიდატურას არ მიიღებს. თავის დროზე საჭირო იყო ცვლილებების გატარება, ეროვნული ბანკის მმართველი საბჭო საერთოდ უნდა დაშლილიყო და ჩატარებულიყო რეფორმა, ამ მიმართულებით ხელისუფლებას ნაბიჯიც არ გადაუდგამს, შედეგიც მივიღეთ ძალიან ცუდი, დაზარალდა ხალხი, ისედაც დაზარალებული ეკონომიკა, ახლა კი ერთმანეთზე პრობლემის გადაბრალება, სწორი არ არის. ამ საქმეში მხოლოდ ქადაგიძე არ არის დამნაშავე, მას მისცეს ორი წელი, ეკეთებინა ის, რაც აკეთა. აი, აქ არის ხელისუფლების უდიდესი შეცდომა.