სქემა, რომლითაც დავით ბეჟუაშვილმა თბოელექტრო ცენტრალი ხელში ჩაიგდო

სქემა, რომლითაც დავით ბეჟუაშვილმა თბოელექტრო ცენტრალი ხელში ჩაიგდო

ბოლო დროს, თბილისში 90-იანი წლების ,,აჩრდილი' დაძრწის. ეს ,,აჩრდილი' ხშირად, ავადსახსენებელი მე-9 ბლოკის სახით გვევლინება, რადგან დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ელექტროენერგიის გათიშვა გახშირდა. ბუნებრივია, ამ დროს პასუხი ,,თელასს' უნდა მოვთხოვოთ, რადგან თბილისელებს ელექტროენერგიას სწორედ ეს კომპანია აწვდის, თუმცა ,,ვერსიაში' უკვე გამოქვეყნდა სს ,,თელასის' გენერალური დირექტორის, სერგეი კობცევის ექსკლუზიური ინტერვიუ და გაირკვა, რომ დენის ხშირი გათიშვის მიზეზი ,,თელასი' არ არის. თურმე, დედაქალაქში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების 46% სხვადასხვა კერძო კომპანიის საკუთრებაშია. სერგეი კობცევთან ექსკლუზიური ინტერვიუს შემდეგ ,,ვერსია' ამ პრობლემით დაინტერესდა და ჟურნალისტური მოკვლევა დაიწყო. არაოფიციალურად გაირკვა, რომ თბილისის ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი _ ,,თეცი', ანუ თბოელექტროცენტრალი თიბისი ჯგუფის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაშია.
,,თეცის' პრივატიზების სკანდალური დეტალები 

,,ვერსიასთან' ექსკლუზიურ ინტერვიუში, სს ,,თელასის' გენერალურმა დირექტორმა, სერგეი კობცევმა განაცხადა, რომ დენის ხშირი გათიშვის მიზეზი სხვადასხვა ორგანიზაციის კუთვნილი ელექტროქსელია, რომელთა საქმიანობის პროფილი არანაირად არ ითვალისწინებს ქსელის რემონტს, რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციასა და მოდერნიზებას: ,,ეს ქსელი ხშირად გამოდის მწყობრიდან, რაც იწვევს მომხმარებელთა სრულიად სამართლიან გულისწყრომას. ხშირად, აბონენტი ითხოვს ავარიის აღმოფხვრას, მაგრამ სს „თელასის“ ტექნიკური სამსახური ვერ ასრულებს სამუშაოებს, ვინაიდან ტრანსფორმატორი თუ კაბელი კომპანიის საკუთრება არ არის. გარდა ამისა, არ არის დაცული უსაფრთხოების ნორმები, რაც უბრალოდ, საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ამჟამად, თბილისში არსებული სატრანსფორმატორო ჯიხურების დაახლოებით 46% „თელასს“ არ ეკუთვნის. თქვენი გაზეთის საშუალებით, მივმართავ ამ ორგანიზაციებს აღნიშნული აქტივების სს „თელასის“ საკუთრებაში გადაცემის თხოვნით, რათა ქსელის კვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა შევძლოთ!' ,,ვერსია' სს ,,თელასის' პრივატიზების დეტალებით დაინტერესდა. გაირკვა, რომ თავის დროზე, როდესაც სახელმწიფომ ტენდერი გამოაცხადა და ,,თელასის' პრივატიზება განახორციელა, კომპანია თბილისის გამანაწილებელი ქსელის გარეშე გაიყიდა! 1998 წელს, ,,თელასის' პრივატიზების პროცესში, ამერიკული ,,ეი ი ეს'-ის გარდა, საფრანგეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ,,ე დე ეფ'-იც მონაწილეობდა. საქართველოს სივრცეში მანამდე არ ჩატარებულა ამ დონის პრივატიზება, სადაც მსოფლიოს ორი გიგანტი კომპანია აპირებდა ,,თელასის' აქციების 75%-ის შეძენას - კომპანიის აქციების 25%-ს დღესაც სახელმწიფო ფლობს. ტენდერში ამერიკულმა ,,ეი ი ეს'-მა გაიმარჯვა და ,,თელასის' აქციების 75% შეიძინა. კომპანიის მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, მაიკლ სქოულმა საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად არაერთხელ მიმართა, რომ თბილისის გამანაწილებელი ქსელიც გადაეცათ მართვაში, მაგრამ უშედეგოდ. ,,ვერსიამ' კონფიდენციალური და კარგად ინფორმირებული წყაროსგან შეიტყო, რომ თბილისის გამანაწილებელი ქსელის, ,,თეცის' პრივატიზება სახელმწიფომ 2000 წელს დაიწყო. უზარმაზარი ტერიტორია, 10 300 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთით, ორი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორითა და 28 გამანაწილებელი ფიდერით, პარლამენტის წევრსა და ბიზნესმენ დავით ბეჟუაშვილს 125 000 აშშ დოლარად მიყიდა, რაც სრული ნონსენსი იყო. კარგად ინფორმირებული წყარო გვიამბობს, რომ ,,თეცის' ყოველწლიური შემოსავალი 100 000 ლარს სცილდება, რადგან ,,თელასი' მას ელექტროენერგიის გატარების ტარიფს უხდის. აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებელი იყო, ბეჟუაშვილს ჩალის ფასად, მხოლოდ 125 000 აშშ დოლარად ჩაეგდო ხელში. სხვათა შორის, ,,თეცის' სკანდალური პრივატიზების გამო, 2000 წელს, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე, საქართველოს ენერგეტიკის მაშინდელმა მინისტრმა, დავით მირცხულავამ დაუფარავად განაცხადა, რომ არ შეიძლება, ამხელა ქონების 125 000 აშშ დოლარად, ანუ სამოთახიანი ბინის ფასად გაყიდვა. ამის შემდეგ, მირცხულავას ჟვანია- სააკაშვილის გუნდი ღიად დაუპირისპირდა, რადგან იმ პერიოდში, ბეჟუაშვილს სწორედ მიხეილ სააკაშვილი მფარველობდა. თუმცა მირცხულავა- ბეჟუაშვილის დაპირისპირებას პრეისტორიაც ჰქონდა - ,,თელასისა' და ,,თეცის' პრივატიზებამდე, მირცხულავამ გაზის 65-თეთრიანი ტარიფი, 47 თეთრამდე შეამცირა, რადგან ბუნებრივი აირის გამანაწილებელი სქემიდან შუამავალი, ბეჟუაშვილის კომპანია ,,საქგაზი' ამოაგდო. გაზის განაწილების მაშინდელი სქემა ასეთი იყო: ბუნებრივი აირი რუსეთიდან საქართველოს საზღვრამდე რუსულ ,,გაზპრომს' შემოჰქონდა, საქართველოს საზღვრიდან ამ სქემაში უკვე ,,საქგაზი' ერთვებოდა, შემოტანილ ბუნებრივ აირს კი ქვეყნის მასშტაბით, უკვე საერთაშორისო კომპანია ,,იტერა' ანაწილებდა. რატომ გაყიდა სახელმწიფომ ,,თეცი' 125 000 აშშ დოლარად, ან მაინცდამაინც, დავით ბეჟუაშვილს რატომ მიჰყიდა? ,,ვერსიის' წყაროს ინფორმაციით, ,,თეცის' ტერიტორიაზე არსებული ელექტროენერგიის ქვესადგური, ანუ მაღალი ძაბვის ორი ტრანსფორმატორი და 28-ფიდერიანი გამანაწილებელი ქსელი, შემოსავლის წყარო იყო. ცხადია, შემოსავლის ეს წყარო ხელისუფლებასთან კარგად დაახლოებული ბიზნესმენის, ამ შემთხვევაში, დავით ბეჟუაშვილის ხელში უნდა მოხვედრილიყო. წყარო გვიამბობს, რომ ჩალის ფასად შეძენილი უზარმაზარი ქონება, ბეჟუაშვილს ფულის გასათეთრებლადაც სჭირდებოდა. რეალურად, ასეც მოხდა, რადგან მან 2000 წელს, 125 000 აშშ დოლარად ნაყიდი ,,თეცი', საერთაშორისო კომპანია ,,იტერას' დაახლოებით, 1 000 000 აშშ დოლარად მიყიდა. ,,ვერსია' კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კვალს გაჰყვა. მცდელობის მიუხედავად, კონტაქტზე ,,იტერას' წარმომადგენლები და დავით ბეჟუაშვილი არ გამოვიდნენ.    
 
რასითხოვს ,,თეცის' დირექტორი ,,თელასისგან'? 
,,ვერსია' თიბისი ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც ოფიციალურად განგვიცხადეს, რომ ,,თეცს' მამუკა ხაზარაძე კი არა, კომპანია ,,ჯი არ დი სი' ფლობს, რომელსაც, ხაზარაძის გარდა, უამრავი საერთაშორისო დამფუძნებელი ჰყავს. ამის შემდეგ ,,ვერსია' სს ,,თბილისის თბოელექტროცენტრალის' ანუ ,,თეცის' გენერალურ დირექტორს, რეზო გელაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ,,თეცის' მფლობელია სააქციო საზოგადოება ,,ჯი არ დი სი'. ამ კომპანიამ ,,თეცი' 2006 წელს, ,,იტერასგან' შეიძინა: 

- ბატონო რეზო, ,,თელასის' გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი ,,ვერსიასთან' ინტერვიუში აცხადებს, რომ კომპანიის ტექნიკური სამსახური შესაბამის სამუშაოს ვერ ასრულებს, რადგან ტრანსფორმატორები და დენის გამანაწილებელი ქსელი მათი საკუთრება არ არის... 
- ტყუილია - არ ყოფილა შემთხვევა, ,,თელასის' ტექნიკური სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლა აგვეკრძალა. ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა! მეტიც, არც ისეთი რამ მომხდარა, დედაქალაქში დენი ,,თეცის' მიზეზით გათიშულიყო, რადგან ,,თეცს' მაღალი ძაბვის დენი მიეწოდება, ადგილზე ხდება 220 ვოლტზე გადაყვანა, რომელიც შემდეგ ჩვენს აბონენტებზე ნაწილდება. თუ ,,თეცამდე' მაღალი ძაბვის დენი მოვა, განაწილების პრობლემა აღარ არის. 

- მაგალითად, თუ მარჯანიშვილის მოედანთან, რომელიმე ქუჩაზე დენი გაითიშება, ეს ,,თეცის' ბრალი არ არის? 
- ,,თეცი' არაფერ შუაშია, რადგან, თუ მაღალი ძაბვის დენს ვერ მივიღებთ, ან შეფერხებით მოგვაწვდიან, დენი ამიტომ გაითიშება და არა ,,თეცის' მიზეზით. ამდენად, ,,თეცისკენ' ხელის გაშვერა არასწორია! მეტიც, თუ რაიმე დაზიანებაა ,,თეცში', 24-საათიანი მორიგეობა გვაქვს და პერსონალი მზადაა, პრობლემა მოაგვაროს. ზოგჯერ დაზიანებას ფიდერის შემთხვევით გათიშვა იწვევს, რადგან შესაძლოა, ქსელი გადაიტვირთოს, მაგრამ მისი განახლება ადგილზევეა შესაძლებელი და ერთ საათში, ამ პრობლემას მოვაგვარებთ. დღემდე მუდმივი მიმოწერა მაქვს ,,თელასის' ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელსა და გენერალურ დირექტორთანაც. ვითხოვთ, ჩვენს ტერიტორიაზე ტექნიკური ჯგუფი მოვიდეს და ტრანსფორმატორები შეამოწმოს. ამაოდ, რადგან ოფიციალურ წერილებს 2014 წლის 7 სექტემბრის შემდეგ ვგზავნი და პასუხი დღემდე არ მიმიღია. ,,თელასის' ტექნიკური დირექტორი, ვახტანგ ქინქლაძე და მისი მოადგილე, ზვიად ვაშაკიძე, ჩვენთან მუდმივ კონტაქტში არიან და კარგად იციან ამის შესახებ. რადგან ასე დაინტერესდით, ,,თელასის' ხელმძღვანელობასთან ჩემს მიმოწერას გაჩვენებთ. წერილები, რომლებიც ,,თეცის' დირექტორმა, რეზო გელაშვილმა ,,ვერსიას' გადასცა, 2014 წლის 7 სექტემბრითა და 2014 წლის 3 ნოემბრითაა დათარიღებული. პირველი წერილი ,,თელასის' ტექნიკური დირექტორის, ვახტანგ ქინქლაძის, ხოლო მეორე - კომპანიის გენერალური დირექტორის, სერგეი კობცევის სახელზეა გაგზავნილი. ორივეს შინაარსი იდენტურია - ,,თეცის' დირექტორი ,,თელასის' ხელმძღვანელობას ტექნიკურ დახმარებას სთხოვს, რათა მათ საკუთრებაში არსებული ტრანსფორმატორების ლაბორატორიული შემოწმება ჩატარდეს და მოახლოებული ზამთრის პერიოდში გართულებები არ მოჰყვეს.

რამიზნითშეიძინა ,,ჯიარდისიმ' ,,თეცი'? 
,,თეცის' მფლობელი ,,ჯი არ დი სი' ჰოლანდიური კომპანიაა, რომელსაც სხვადასხვა დროს, ბრიტანელი, ჰოლანდიელი, ფრანგი და ამერიკელი ინვესტორები ჰყავდა. 2013 წლის ბოლომდე, მათი წილი ,,ჯი არ დი სიში', დაახლოებით, 80% იყო, 20%-ს კი ქართველი აქციონერები - მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორები ფლობდნენ. 2014 წელს, ქართველმა აქციონერებმა ,,ჯი არ დი სის' აქციათა ნაწილი გამოისყიდეს და დღევანდელი მდგომარეობით, 50%-ს მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორები, ხოლო დარჩენილ 50%-ს - ჰოლანდიელი, ბრიტანელი, ფრანგი და ამერიკელი ინვესტორები ფლობენ. ,,ჯი არ დი სი' საერთაშორისო კომპანიაა და სხვადასხვა აქტივების გარდა, მის საკუთრებაშია ,,თეცი', რომელიც თავის დროზე, ამ კომპანიამ საინვესტიციო მიზნით შეიძინა. ,,ვერსია' კომპანია ,,ჯი არ დი სის' დირექტორს, ლევან ყარალაშვილს დაუკავშირდა. 

- ბატონო ლევან, რა მიზნით შეიძინეთ ,,იტერასგან' ,,თეცი' 2006 წელს? 
- ამ ტერიტორიის სრულ ათვისებას და რიგი პროექტების განხორციელებას ვაპირებდით, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს ომმა შეგვიშალა ხელი. ,,თეცის' ტერიტორიაზე, თანამედროვე სავაჭრო ცენტრისა და სასტუმროს აშენებას ვაპირებთ, ამიტომ ჩვენს ინტერესებში არ ჯდება ამ ქვესადგურის არსებობა. პრობლემის მოგვარების მიზნით, ჯერ კიდევ სამი წლის წინ დავიწყეთ ,,თელასთან' მოლაპარაკება. ,,თეცის' ტერიტორიაზე, ორი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი დგას, რომელიც 25 000 აბონენტს ემსახურება. ისინი 70-იან წლებში დაამონტაჟეს. უკვე მოძველებულია. ჩვენი პერსონალი ამ აპარატურას მომსახურებას საკუთარი ხარჯით უწევს, მაგრამ არ არსებობს რეზერვი, კაპიტალური განახლება განვახორციელოთ. ,,თეცსა' და ,,თელასს' შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ,,თელასს' აბსოლუტურად უპრობლემო წვდომა აქვს ,,თეცის' სრულ ტერიტორიაზე; მეტიც, ,,თელასი' ყოველწლიურ ტექნიკურ აუდიტს ატარებს, რომლითაც დასტურდება, რომ ,,თეცი' უსაფრთხოების იმ მინიმალურ მოთხოვნებს შეესაბამება, რაც დაცული უნდა იყოს. როგორც უკვე გითხარით, ამ ტერიტორიაზე სერიოზული პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რასაც ეს ტრანსფორმატორები და 28-ფიდერიანი გამანაწილებელი ქსელი ხელს უშლის. მოლაპარაკებაში, რომელიც ,,თელასის' ხელმძღვანელობასთან დავიწყეთ, სახელმწიფოც იყო ჩართული, მათ შორის, თბილისის მერია, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები. შევთანხმდით, ჩვენს საკუთრებაში არსებული, 10 300 კვადრატული მეტრი მიწის ფართობიდან, 1 500 კვ/მეტრი მიწის ნაკვეთი ჩამოვუჭერით სახელმწიფოს და ვაჩუქეთ, რათა ამ ტერიტორიაზე, განახლებული ქვესადგურები განთავსებულიყო. მიწის ეს ნაკვეთი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხება. ამის შემდეგ, ,,თელასსა' და ეკონომიკის სამინისტროს შორის უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება, რათა ჩვენს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, კომპანიას თანამედროვე ტრანსფორმატორები და ფიდერები განეთავსებინა. 

- ახლა რა ეტაპზეა ,,თელასის' ხელმძღვანელობასთან დაწყებული მოლაპარაკება? 
- მოლაპარაკება გრძელდება. ვერ ვიტყვი, რომ ,,თელასის' ხელმძღვანელებთან პრობლემური ურთიერთობა გვაქვს. იმედია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელებთან ერთად, მოლაპარაკებას დავასრულებთ და ხელშეკრულებასაც მალე გავაფორმებთ, რაც საშუალებას მისცემს ,,თელასს', ორი, ახალი ტრანსფორმატორი შეიძინოს და ჩვენს მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე, ფიდერებთან ერთად განათავსოს. დღეს, ვერც ჩვენ ვდებთ ინვესტიციას ამ ტერიტორიაზე, რადგან ეს ინფრასტრუქტურა გასატანია.
 
- ,,თელასისგან' პასუხი არ მიგიღიათ? 
- ,,თელასს' ოფიციალური პასუხი ჯერ არ გაუცია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე შეხვედრა უკვე გვქონდა. როგორც ვიცი, ,,თელასმა' პროექტზე მუშაობა დაიწყო, რადგან მათაც ესმით, რომ ეს ქსელი უკვე მოძველებულია და მისი განახლება აუცილებელია, რათა თბილისის ცენტრალური უბნები ელექტროენერგიის გარეშე არ დარჩნენ. 

- დავუშვათ, ,,თელასმა' პროექტზე მუშაობა დაასრულა და თქვენს მიერ გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე, ახალი ტრანსფორმატორები და ფიდერები დაამონტაჟა, ვის საკუთრებაში გადავა ,,თეცი' ამის შემდეგ? 
- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს საკუთრებაში იქნება. ამის შემდეგ, სახელმწიფოს შეუძლია, გრძელვადიანი ხელშეკრულება გაუფორმოს ,,თელასს'. ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი აღარ არის, ამაზე სახელმწიფო და ,,თელასი' უნდა შეთანხმდნენ. 

- უკაცრავად, მაგრამ თქვენი ამ განცხადების შემდეგ, პრობლემას ვერ ვხედავ... 
- ხომ გითხარით, ,,თეცი' არაფერ შუაშია! ძალიან ადვილია მამუკა ხაზარაძისკენ თითის გამოშვერა, მაგრამ რეალურად, ის არაფერ შუაშია! მეტიც, ჩვენი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ჩამოვიჭერით და სახელმწიფოს ვაჩუქეთ. 

- მოლაპარაკება ამდენ ხანს რატომ ჯანჯლდება? 
- ნებისმიერი კაპიტალდაბანდება კომპანიისთვის სერიოზული ხარჯია. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მსგავსად, ,,თელასსაც' თავისი საინვესტიციო პროგრამა და საკუთარი პრიორიტეტები აქვს. ამ პერიოდში, ძალიან კარგად ვემსახურებოდით ,,თელასს' და უზრუნველვყოფდით ამ სისტემის გამართულ მუშაობას, ,,თელასს' ჩვენი მხრიდან პრობლემა არ შექმნია. ჩანს, ზედმეტი ინვესტიციის გაწევა მათთვის რთული გადასაწყვეტია, თუმცა იმედი მაქვს, საბოლოოდ, ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ. მეტიც, ,,თელასისთვის' ამ ინფრასტრუქტურის გადატანა მომგებიანი იქნება, რადგან იმ თანხას, რასაც ჩვენ გვიხდიან წელიწადში, უხეში გათვლებით, დაახლოებით, 5 წლის შემდეგ, სრულად ამოიღებენ. ტრანსფორმატორები და ფიდერები მათ საკუთრებაში იქნება, იჯარა გადასახდელი აღარ ექნებათ და 25 000 აბონენტს თვითონ უფრო კომპეტენტურად მოემსახურებიან, ვიდრე ჩვენ. 

- წელიწადში რა რაოდენობის თანხას უხდის ,,თელასი' ,,თეცს'? 
- დენის გატარების ტარიფი საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სემეკის მიერაა დადგენილი - 1 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე, 0.045 ლარი. უხეშად რომ დავთვალოთ, წელიწადში, დაახლოებით, 500 000 ლარი გამოდის. სხვათა შორის, კომპანია ,,ჯი არ დი სის' არანაირი იურიდიული ვალდებულება არ გააჩნია, ,,თეცის' გამართული მუშაობა უზრუნველყოს, რადგან ეს ჩვენი ბიზნესი არ არის, ჩვენ ეს საქმე არ გვესმის და ამით ფულს ვერ ვშოულობთ, მაგრამ როგორც გითხარით, წლებია, ვემსახურებით ,,თელასს' და ამ ხნის განმავლობაში, მის შენახვაზე, დაახლოებით 3 000 000 ლარამდე დავხარჯეთ.