პრაღის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენლები ზურაბ აბაშიძე და გრიგორი კარასინი ხვდებიან, არსებობას განაგრძობს. ამას ორივე მხარე ადასტურებს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია,კონკრეტულად როდის და რა შინაარსით გაიმართება მომდევნო შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ანექსიის რეალური საფრთხის გათვალისწინებით, პოლიტიკური ოპონენტები პრაღის ფორმატის გაუქმებას ითხოვენ. განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს.
საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებში დაფიქრებისა და სამომავლო გეგმების დასახვის ეტაპს ხედავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი და ქართულ მხარესთან არაფორმალური მოლაპარაკებების განახლებას 2015 წლისთვის ვარაუდობს. რუსულენოვანი მედიის მიერ გავრცელებულ კომენტარებში გრიგორი კარასინი ორი ქვეყნის ურთიერთობათა გაუმჯობესების ძალისხმევაზე ლაპარაკობს:
„ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში არ არსებობს პაუზა, არსებობს პერიოდები, როცა უნდა დაფიქრდე, თუ როგორ გააგრძელო სვლა. სიტყვა „პაუზა“ მე არ მომწონს. ურთიერთობათა ნორმალიზება გაგრძელდება იმ სფეროებში, სადაც ეს შესაძლებელია. საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უნდა ავაწყოთ მუშაობა სამომავლოდ. ახალ წლამდე, სავარაუდოდ, შეხვედრები არ გაიმართება.ვფიქრობ, მომავალი წლის დასაწყისში ჩვენ ვიფიქრებთ ხელახალი შეხვედრის თარიღზე“.
სიტყვა „პაუზა“, რომელიც გრიგორი კარასინს არ მოსწონს, გასულ კვირაში ზურაბ აბაშიძემ გამოიყენა. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ამ სიტყვით დაახასიათა ეტაპი, რომელიც პრაღის ფორმატში 16 ოქტომბერს გამართული ბოლო შეხვედრის შემდეგ დადგა
რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობაში. მართალია, იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულება „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის, მაგრამ ხელმოწერისთვის მზადება მიმდინარეობდა და, შედეგად, ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული ურთიერთობებისთვის დაწესებულ პრაღის ფორმატში საუბარი ანექსიის საფრთხეზე წარიმართა. შეხვედრის შემდეგ ზურაბ აბაშიძემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ მას და გრიგორი კარასინს „რადიკალურად განსხვავებული ხედვები“ აქვთ ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით და რომ მან გააფრთხილა თანამოსაუბრე, ასეთი მიდგომები ჩვენს საუბარს სირთულეებს შეუქმნისო.
თუმცა საუბარი მაინც გაგრძელდება და ეს ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებს 2 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგაც დაუდასტურა:
„ფორმატს ვინარჩუნებთ... კომუნიკაციის არხი შენარჩუნებულია. ჩვენ გვაქვს საშუალება იმისა, რომ დავუკავშირდეთ ერთმანეთს, მაგრამ შემდეგ შეხვედრაზე ჯერ არ შევთანხმებულვართ“.
აბაშიძე-კარასინის ფორმატის შენარჩუნება-არშენარჩუნების საკითხი დადგა ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე რუსეთის ფედერაცია და ოკუპირებული აფხაზეთი ხელს მოაწერდნენ ე.წ. ხელშეკრულებას „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ. ჯერ კიდევ ხელმოწერისთვის მზადების პროცესში გაჩნდა ეჭვი და შეშფოთება, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ოკუპირებული რეგიონის ანექსიის გეგმის ნაწილი იყო.
პოლიტიკური ოპონენტები – „ნაციონალური მოძრაობის“ სახით – მოუწოდებდნენ „ქართული ოცნების“ მმართველ კოალიციას, რომ გაუქმებულიყო აბაშიძე-კარასინის არაფორმალური მოლაპარაკებების ფორმატი. ეს საკითხი ასახული იყო ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტში „ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ“, რომელიც 28 ნოემბერს პარლამენტმა კენჭისყრის შედეგად ჩააგდო. ტექსტში ნათქვამი იყო, რომ ამ ფორმატმა „არათუ ვერ შეაკავა რუსეთის აგრესია საქართველოს მიმართ, არამედ ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანის საკითხის საერთაშორისო აქტუალობის დაქვეითებას“. თუმცა ხელისუფლება პრაღის ფორმატს კომუნიკაციის არხად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს არხი შექმნილ სიტუაციაშიც უნდა შენარჩუნდეს.
„მოლაპარაკებებს თავისთავად ცუდი არაფერი მოაქვს“, – უთხრა რადიო თავისუფლებას პოლიტოლოგმა თორნიკე შარაშენიძემ, თუმცა მას აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებების ჭრილში არც რეალური გარღვევა დაუნახავს, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გარკვეულწილად გახსნის მიუხედავად. ამასთან, პოლიტოლოგი თვლის, რომ ამ მხრივ ამაზე მეტი ვეღარ გაკეთდება:
„ჰუმანიტარული, სავაჭრო ურთიერთობების მხრივ, თავის თავი ფორმატმა, რა თქმა უნდა, ამოწურა... არ ვიცი, რას გადაწყვეტს მთავრობა – გამოიყენებს ამ ფორმატს სხვა საკითხებზე საუბრისთვის თუ არა... თუმცა ეს პრობლემატური იქნება, რადგან უსაფრთხოების საკითხებზე სასაუბროდ ჟენევის ფორმატი არსებობს. ერთი ერთზე რუსეთთან უსაფრთხოების საკითხების განხილვა, რა თქმა უნდა, საკმაოდ რთულია“.
აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებათა ფორმატის ძველებური სახით შენარჩუნებას არამართებულად მიიჩნევს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილიც. ის თვლის, რომ, აფხაზეთში ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების კვალდაკვალ, ნებისმიერ ფორმატში საქართველო რუსეთს მხოლოდ ამ საკითხზე და მისგან გამომდინარე საფრთხეებზე უნდა დაელაპარაკოს.