ზუგდიდის პოლიციაში დაკავებულებს გაუპატიურებით ემუქრებიან

ზუგდიდის პოლიციაში დაკავებულებს გაუპატიურებით ემუქრებიან

[ნანა ფაჟავა]
ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში არატრადიციული ორიენტაციის თანამშრომლების არსებობის შესახებ შს სამინისტროს “განცხადება” ჯერჯერობით არ გაუკეთებია, მაგრამ “სასურველი” ჩვენების მიღების მიზნით პოლიციელები დაკავებულებს გაუპატიურებით რომ ემუქრებიან, არაერთი ის ადამიანი აცხადებს, რომელიც პოლიციის უფროსის, რუსლან შამახიას კაბინეტში ერთხელ მაინც მოხვედრილა...

არასრულწლოვანი, დაბა ჯვარის N2 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ლაშა ქარდავა პოლიციაში 2 ივლისს, ზუგდიდის ცენტრში, ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შედეგად მოხვდა. “პრესა.გე”-მ მასთან ინტერვიუს ჩაწერა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოახერხა, რომელიც მას პოლიციის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებული ძალადობის გამო შეერყა.

თუ რა მოხდა ზუგდიდის N2 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამის შესახებ ერთ-ერთი თვითმხილველი და ქარდავას თანაკლასელი მარიამ ქარდავა გვიამბობს.

მარიამ ქარდავა: „მე და ჩემი მეგობრები, თანაკლასელები, დაბა ჯვარის ახალგაზრდები და ჩვენი მშობლები იმ აბიტურიენტებს ვგულშემატკივრობდით, რომლებიც ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობდნენ. ერთ-ერთი ჩემი ბიძაშვილი, გიორგი აქუბარდია იყო.

დაახლოებით პირველი საათისთვის ყველამ შევნიშნეთ, რომ 4 პოლიციელს დაკავებული ჰყავდა და მოათრევდა ჩემს კლასელს, ლაშა ქარდავას, რომელიც ემუდარებოდა, გამიშვით, არაფერი დამიშავებიაო. როგორც გავარკვიეთ, ლაშამ თურმე გამოცდებიდან გამოსულ ორ მეგობარს შორიდან გასძახა, თამუნა, ნიკა რა ქენით, როგორ ჩააბარეთო.

იქვე ახლოს მდგარ პოლიციელებს, რომლებიც ქეიფობდნენ, მანქანის საბარგულზე ბოთლები ეწყოთ და ალკოჰოლურ სასმელს მიირთმევდნენ, ლაშას უთხრეს, რა გაყვირებს, ამის უფლება ვინ მოგცაო. ის შეეპასუხა, ვინ ამიკრძალა ამის უფლებაო. პოლიციელები ამ პასუხს გაუბრაზებია. ამ ფაქტს ძალიან ბევრი თვითმხილველი ჰყავს, ის ბოთლები ახლაც იქ ყრია...

დაკავებულს, რომელსაც პოლიციელები მანქანისკენ მიათრევდნენ, ყველა ჯვარელი გაეკიდა. მისი ავტომანქანაში ჩასმის საშულება პოლიციას ხალხმა არ მისცა, ამიტომაც იგი იქვე მდებარე რაღაც შენობაში შეათრიეს. ლაშას იმდენი ურტყეს, რომ ჩაიკეცა და გონება დაკარგა. მას ფსიქოლოგიური სტრესიც ჰქონდა... ქალები ეხვეწებოდნენ პოლიციელებს, რომ ლაშა გაეთავისუფლებინათ, მაგრამ ისინი გონდაკარგული ბავშვის ცემას მაინც განაგრძობდნენ.
ერთ-ერთ პოლიციელს მეც ვთხოვე მისი გათავისუფლება, მაგრამ იდაყვი ისე ჩამარტყა თავში, რომ ძირს დავენარცხე.

ერთი ქალბატონი, ხათუნა ციმინტიაც გადაეფარა ლაშას, მაგრამ მასაც ჩაარტყეს. პოლიციელებმა სასტიკად სცემეს ასევე ლაშას მეზობელი ხათუნა შონია და კიდევ ორი ქალი. ასეთი ძალადობის შემდეგ გონდაკარგული ბავშვი მანქანაში შეაგდეს და პოლიციაში გადაიყვანეს. იმ მანქანის სანომრე ნიშნებია (WXW-672), “ოპელის” მარკის იყო, თუ არ ვცდები. როდესაც პოლიციის შენობასთან მივედით ამ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები უკვე სხვა ტანსაცმელში გამოწყობილები ეზოდან ავტომანქანით გამოვიდნენ, მაგრამ როდესაც ვამხილეთ, გვითხრეს, გეშლებათ, ჩვენ დღეს არსად გავსულვართო...

უფრო მეტიც, მაშინ, როდესაც ლაშა პოლიციიდან ნარკოლოგიურ შემოწმებაზე გადაჰყავდათ, ვნახეთ მისი ცემისგან ჩალურჯებული თვალები და სახე. ამაზე კი პოლიციელებმა გვითხრეს, ბეტონს ურტყამდა თავსო...”

მარიამის მამა, ადვოკატი თემურ ქარდავა, რომელსაც დაკავებულის უფლებები უნდა დაეცვა, პოლიციის ეზოშიც კი არ შეუშვეს. ზუგდიდის პროკურატურაში პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ მან განცხადება უკვე შეიტანა.

თემურ ქარდავა: “მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებული ადამიანების საჩივარი ზუგდიდის პროკურატურაში გუშინვე შევიდა. ჩვენ ვცხოვრობთ პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც ადამიანის სიცოცხლე, პატივი და ღირსება დაცული არ არის.

პოლიციამ დაცვის განხორციელების უფლებაც არ მომცა. ბევრი ადვოკატისგან განსხვავებით, რომელიც ძალოვანებთან “შეკრულია”, მე ნონგრანტად ვარ გამოცხადებული. საოლქო პროკურორთან, როლანდ ახალაიასთან ვცადე შეხვედრა, მაგრამ მითხრეს, არ ბრძანდებაო. როგორც ვიცი, საქმეში შემდეგ ზედამხედველი პროკურორი დიმიტრი ხვიტია ჩაერთო, მაგრამ რა გაგრძელება ჰქონდა ამ ჩარევას არ ვიცი”.
“პრესა.გე”-ს ინფორმაციით, ლაშა ქარდავა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან დღის ბოლოს გაათავისუფლეს.

ჯერჯერობით უცნობია ამ საქმის ბევრი დეტალი, მაგრამ ცნობილია, რომ ცემის შედეგად ქარდავას შინაგანი ორგანოები დაუზიანდა და მას სასწრაფო დიაგნოსტიკური გამოკვლევა სჭირდება. ”პრესა.გე”–სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელები ლაშა ქარდავას გაუპატიურებითაც ემუქრებოდნენ.

ასეთივე მუქარა განახორციელეს ზუგდიდის პოლიციაში ცოტა ხნის წინ 21 წლის ბაჩანა ოშხერელზე, ცნობილი ადვოკატის ვაჟზე, რომელმაც ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების შემდეგ “დაპირებული” დაკავების თავიდან აცილების მიზნით საქართველო უკვე დატოვა. სასტიკად ნაცემი ოშხერელი პოლიციის თანამშრომლებს, თემურ თორიას, შავლეგ ქელბახიანს, რუსლან შამახიას, ლევან ქირიასა და ფონიას მხოლოდ პირად საუბრებში ადანაშაულებდა. სასამართლო პროცესზე იგი თვითდაზიანებაზე საუბრობდა...

ლაშა ქარდავასა და სხვა ქალბატონების ცემაში მონაწილე პოლიციელების ამოცნობა მარიამ ქარდავამ “პრესა.გე”-ს ფოტოარქივში შეძლო. ისინი ყველა ზემოთჩამოთვლილი პოლიციელები არიან, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევიან. მათ შორის პოლიციის უფროსის მოადგილე, ლევან ქირია სწორედ ის პოლიციელი აღმოჩნდა, ვინც არასრულწლოვან გოგონას თავში იდაყვი ჩაარტყა...