ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა და გავრცელება საქართველოში დღეისთვის ერთ-ერთი უმთავრესი და გადაუჭრელი პრობლემაა. ქვეყანაში სამასი ათასი ნარკომანია. ნარკოტიკებს ყველაზე მეტად მოზარდები მოიხმარენ.
ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტს თმის ღერის მეთოდით „ნარკოლოგიური შემოწმების თაობაზე საჯაროდ აღებულ ვალდებულებას“ კიდევ ერთხელ ახსენებს. ამის შესახებ დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ „საზოგადოების წინაშე ღიად აღებული ვალდებულება შეასრულოს, თმის ღერით გამოკვლევის მეთოდით ნარკოტესტი ჩაიტაროს და ამით მაგალითი მისცეს აღმასარულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს“.
საჯარო მოხელეების თმის ღერის მეთოდით ნარკოლოგიურ შემოწმებაზე ლორთქიფანიძის ინიციატივას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის 6 მარტს გამოეხმაურა და იდეას მიესალმა.
ამის შემდეგ, ლევან სამხარაულის სახელობის საექსპერტო ბიუროს ქიმიური ნარკოტიკული ექსპერტიზის სამსახურმა მაზადყოფნა გამოთქვა, რომ 26 აპრილიდან თმის ღერის მეთოდით ნარკოტიკებზე შესამოწმებლად დეპუტატები მიეღო. თუმცა, როგორც ლორთქიფანიძე ამბობოს, შემოწმება მხოლოდ თავად გაიარა.
“ჩვენ მზად ვართ, საკუთარი ინიციატივით, ხელფასის დაქვითვით, ჩავიტაროთ ტესტი სამხარაულის სახელობის სახელმწიფო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, იმ განახლებულ ლაბორატორიაში, რომელიც აშშ-ს მხარდაჭერით გაიხსნა, – აცხადებდა დიმიტრი ლორთქიფანიძე.
ზოგიერთი დეპუტატი და ექსპერტი კი იმაზე მიუთითებს, რომ თმის ღერის მეთოდით ნარკოლოგიური შემოწმების გავლა იაფი არ ჯდება. მათი თქმით, ამ ტესტის ჩატარების საფასური 150-170 ლარში მერყეობს. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ეს მონაცემი სინამდვილეს არ შეესაბამება და ამ ტესტის ჩატარება გაცილებით იაფი ჯდება.
დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, დეპუტატები უნდა გახდნენ მაგალითის მიმცემი როგორც აღმასრულებელი, ასევე სასამართლო ხელისუფლებისთვის და ტესტირება ჩაიტარონ.
“საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი სწორედ სახელმწიფო თანამდებობის პირების მიმართ გააჩნია. ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯი და ღრმად ვარ დარწმუნებული, პარლამენტის თავმჯდომარე მხარს დაგვიჭერს ამ ინიციატივის ხორცშესხმაში, – მიმართა მაშინ დიმიტრი ლორთქიფანიძემ დავით ბაქრაძეს.
პარლამენტის თავმჯდომარე მას გამოეხმაურა. დავით ბაქრაძემ იხუმრა, რომ იმ დეპუტატების რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, რომლებისთვისაც თმის ღერის ჩაბარება პრობლემატურია. ამდენად, ბაქრაძემ მხარი დაუჭირა ოპოზიციონერი დეპუტატის ინიციატივას. “თმიანობის მიუხედავად, ის ერთი ღერი ყველას მოეძებნება”, – იხუმრა მაშინ გიგი წერეთელმა.
ვიცე-სპიკერის თქმით, პარლამენტმა შესაძლოა სხვებს მაგალითი მისცეს, მაგრამ სისტემის შექმნაა საჭირო, რაზეც მუშაობა დაწყებულია და კომიტეტში უკვე განხილულია კანონპროექტი. ბაქრაძის საკითხისადმი ორაზროვანმა დამოკიდებულებამ შედეგი გამოიტანა და სამხარაულის ბიუროში შემოწმება მხოლოდ ინიციატორმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაიარა.
გაიმეტებს თუ არა ერთ ღერ თმას ლორთქიფანიძის ინიციატივის ახალი ადრესატი, ამას დრო გვიჩვენებს. ზოგიერთი „ფანტომასი“ დეპუტატისგან განსხვავებით, პრეზიდენტს წესით აფოფრილი ქოჩორიდან ერთი ღერის იძულებით გამოკლება არ უნდა გაუჭირდეს. მითუმეტეს იმ ფონზე, რაც ზოგიერთმა ოპოზიციონერმა მის „ნარკომანობაზე“ საუბარს მოუხშირა.
ცნობისთვის, ნარკომანია (ბერძნ. /narkē/ — „ძილი“, „გაშტერება“ და /mania/ — „სიგიჟე“, „ლტოლვა“, „მიდრეკილება“) — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით:
შეცვლილი რეაქციის სინდრომი;
ფსიქიკური დამოკიდებულების სინდრომი;
ფიზიკური დამოკიდებულების სინდრომი (ეს სამი სინდრომი ერთიანდება ერთ დიდ ნარკომანიის სინდრომში).
ქრონიკული ნარკოტიზაციის შედეგების სინდრომი.
სოციოლოგების თვალსაზრისით, ნარკომანია დევიანტური ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, ანუ ქცევა, რომელიც საყოველთაოდ მიღებული მორალურ-ზნეობრივ ნორმებისგან იხრება.
ნარკომანიის წარმოშობის და განვითარების მიზეზად, ყველაზე ხშირად ხასიათის თავისებურებებს, ფსიქიკურ და ფიზიკურ დარღვევევებს, ამა თუ იმ სოცილური ფაქტორის გავლენას ასახელებენ. იშვიათი არაა, ნარკომანიის წარმოშობა ისეთ ადამიანებში, რომლებიც სამედიცინო მიზნებისთვის იძულებული არიან დიდი ხნის განმავლობაში ნარკოტიკული საშუალებები მიიღონ. ბევრ მედიკამენტს, რომლებიც ოფიციალურ მედიცინაში გამოიყენება (ხშირად საძილე, დამაწყნარებელი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები), შეუძლიათ ნარკოტიკული დამოკიდებულების მძიმე ფორმების გამოწვევა, რაც შეიძლება მათი მოხმარების დროს სერიოზული პრობლემა აღმოჩნდეს.
ზოგიერთ ქვეყანაში ნარკოტიკების გამოყენება დაკავშირებულია კონკრეტულ რელიგიურ და კულტურულ ტრადიციებთან (ინდიელებისთვის კოკას ფოთლების ღეჭვა, ჰაშიშის მოწევა მუსულმანურ ქვეყნებში). ევროპაში და ამერიკაში ნარკომანიამ ფართო გავრცელება 1960-იანი წლების ახალგაზრდული კულტურული რევოლუციის დროს ჰპოვა. სწორედ ამ დროიდან ეს მოვლენა სერიოზულ სოციალურ პრობლემად იქცა.
რაც შეეხება ნარკომანიის მკურნალობას, მისი მძიმე ფორმების მკურნალობა (ჰეროინისადმი მიდრეკილება) ხშირად უშედეგოა. სპეციალიზებულ კლინიკაში გამოყენებადი მეთოდიკა კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქმედითი, თუ თავად ავადმყოფია აქტიურ პოზიციაზე. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, გამოჯანმრთელების შემდეგ ხშირია რეციდივები.
ნარკომანიასთან ბრძოლა, პირველ რიგში, საკანონმდებლო დონეზე მიმდინარეობს. ნარკოტიკული ნივთიერებების წარმოების, ტრანსპორტირების და გავრცელებისთვის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში ითვალისწინებენ სისხლის სამართლის მკაცრ სანქციებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი ცხოვრების წესის ფართო პროპაგანდას. მაგრამ მაინც თვლიან, რომ უფრო ეფექტურია (მაგრამ ცოტა რთული), საზოგადოებას ისეთი სოციალური პირობები შეუქმნან, რომელიც ნარკოტიკების გამოყენებას ხელს შეუშლის.
გაეროს დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით ფართოდ გავრცელებული ნარკოტიკია კანაფი (დაახლოებით 150 მილიონი მომხმარებელი ყავს), მას მოსდევს ამფეტამინების ჯგუფის სტიმულატორები (დაახლოებით 30 მილიონი — ძირითადად მეტამფეტამინს და ამფეტამინს, 8 მილიონი - ექსტაზს). 13 მილიონ ადამიანზე მეტი იყენებს კოკაინს და 15 მილიონი ოპიატებს (ჰეროინი, მორფინი, ოპიუმი, სინთეტიკური ოპიატები), მათ შორის დაახლოებით 9 მილიონი ადამიანი იყენებს ჰეროინს.
ამასთან მკვეთრად იზრდება ე. წ. „მსუბუქი ნარკოტიკების“ პოპულარობა - განსაკუთრებით ყველაზე გავრცელებული, აკრძალული ნარკოტიკის - მარიხუანის. უკანასკნელი ათწლეულის მანძილზე, შეინიშნება ამფეტამინების რიგის სტიმულატორების ბოროტად გამოყენების შემთხვევების სიხშირე (ძირითადად “ექსტაზი” ევროპაში და “კრისტალი” აშშ-ში), რომელთაც მოსდევს კოკაინი და ოპიატები.
გაეროს სპეციალისტთა აზრით, ნარკოტიკების ბაზარზე მდგომარეობის განვითარებას მთლიანად განაპირობებს მდგომარეობა ავღანეთში, სადაც ოპიუმის ყაყაჩოს ყანებია და სადაც უკანასკნელ წლებში მსოფლიოში უკანონო ოპიუმის წარმოების სამი მეოთხედი მოდის.
ამასთან, უკვე მეოთხე წელია ინარჩუნებენ საერთო სტაბილურობას და კოკას ნარგავებს ამცირებენ კოლუმბია, პერუ და ბოლივია. აქტიურად ფუნქციონირებს კანაფის ბაზარი. მისი მოხმარება იზრდება სამხრეთ ამერიკაში, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე აფრიკაში.
ევროპაში მოხმარების თვალსაზრისით პირველ ადგილზე რჩება მარიხუანა (30 მილიონი ადამიანი), შემდეგ კოკაინი და ჰეროინი (დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მას 1,5 მილიონი ადამიანი მოიხმარს), ასევე „ექსტაზი“. ჰეროინზე უკანონო მოთხოვნა ევროპაში დაახლოებით 170 ტ.-ს აღწევს. პრაქტიკულად მთელი ჰეროინი ევროპულ ბაზარზე ავღანეთიდან შედის. ექსტაზის 80 პროცენტს ევროპაში აწარმოებენ და იქედან გადის ავტრალიაში, კანადაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ევროპაში „ექსტაზს“ ძირითადად ჰოლანდიაში, პოლონეთსა და ბელგიაში მოიხმარენ, კოკაინს კი - ესპანეთში, ჰოლანდიაში, დანიასა და გერმანიაში.
რუსეთში ოფიციალურად 500 000 ნარკომანია, მაგრამ ზოგიერთი მონაცემის თანახმად, ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელთა საერთო რიცხვი შეიძლება 6 მილიონს აღწევდეს — მაშასადამე, მთელი მოსახლეობის 4 პროცენტი. რუსეთში 2 მილიონი ახალგაზრდა ნარკომანია - 24 წლამდე. 1 მილიონი მოქალაქე მოიხმარს ოპიატებს, ძირითადად ჰეროინს.
მთლიანობაში მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანია დღესდღეობით საქართველოში მწვავე პრობლემას წარმოადგენს. საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი. როგორც სხვა განვითარებულ თუ განვითრარებად ქვეყნებში, ისევე საქართველოშიც მრავალი ადამიანი იღუპება ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებისაგან, რომელიც სპეციფიურ გავლენას ახდენს ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და რაც ყველაზე სამწუხაროა, დაღუპულთა შორის არიან მოზარდებიც.
კერძოდ კი ჰეროინი საქართველოსთვის მართლაც რომ რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა 78% სწორედ მისი მომხმარებლებია. ყოველივე ამასთან ერთად იზრდება ისეთი დაავადებების საშიშეოება, როგორიცაა შიდსი და სხვ. 26 ივნისი საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ არის გამოცხადებული.