ვიქტორ დოლიძე: ,,ბიძინა ივანიშვილს კოალიციაში ჩვენი დარჩენა არ სურდა...'

ვიქტორ დოლიძე: ,,ბიძინა ივანიშვილს კოალიციაში ჩვენი დარჩენა არ სურდა...'

ყოფილმა პრემიერმა ,,თავისუფალ დემოკრატებს' გარიგება შესთავაზა?

,,ჩვენი მიზანი ხელისუფლებაში მოსვლაა', _ აცხადებს იმ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სახელისუფლო კოალიციას გამოეყო და ამ ეტაპზე, ოპოზიციაში თავის დასამკვიდრებლად იღვწის. ირაკლი ალასანიას გუნდმა პარტიის ყრილობაზე 2016 წელს გამარჯვება და მტრის კარში გოლის გატანა დააანონსა კიდეც, თუმცა მანამდე საზოგადოება მათგან განმარტებას ელის _ რაში გამოიხატება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილების საფრთხე და ვინ ებრძვის კოალიციაში პროდასავლურ ძალებს? ,,ვერსია' ,,თავისუფალი დემოკრატების' ერთ-ერთ ლიდერთან, პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძესთან ინტერვიუს გთავაზობთ.

საკმარისზე მეტი დრო გავიდა, თქვენ პარტიას დაეკონკრეტებინა, ვინ ცვლის ქვეყნის საგარეო ვექტორს. ასეთი განმარტება რატომ ვერ მოვისმინეთ? 
- ჩვენ არ გვითქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი შეიცვალა ან იცვლება. პროკურატურისგან თავდაცვის სამინისტროზე შეტევამ ქვეყნის ნატო- სკენ სვლას საფრთხე შეუქმნა, რადგან ამ მიმართულებით თავდაცვის სამინისტრო მნიშვნელოვანი რგოლია. სწორედ ეს ვიგულისხმეთ განცხადებებში. არ შეიძლება საზღვარგარეთ მყოფ მინისტრს ზურგში ლახვარი ჩასცე. სხვა მხრივ, პარლამენტს ან პრემიერს დასავლური კურსიდან არ გადაუხვევია. 

- დავაზუსტოთ, საფრთხე მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავებაში დაინახეთ და კოალიციაში პრორუსული ძალების ინტერესები არ გადაკვეთილა? 
- რა თქმა უნდა! არ არის სასიამოვნო, როცა ირაკლი ალასანია, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი და დავით ზალკალიანი ხელისუფლებიდან მიდიან, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. ვის თავში იხარშებოდა ალასანიაზე შეტევა და მისი ხელისუფლებიდან წასვლის სცენარი, ვერ გეტყვით, მაგრამ კითხვები ლოგიკურად გაჩნდა. ამ ადამიანებთან ერთად სერიოზულ ბრძოლაში ვიყავით, მათთან ერთად უამრავი საქმე გავაკეთეთ და ხელისუფლებაში ვიქნებით თუ ოპოზიციაში, ,,თავისუფალი დემოკრატები' დასავლური კურსის გასაძლიერებლად მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ. მხოლოდ მეგობრობა ხომ არ არის, თითოეული ჩვენგანი, პირველ რიგში, სახელმწიფო პრინციპებსა და ღირებულებას უნდა დაეფუძნოს. 

- გამოდის, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის გადაწყვეტილება ოჯახურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საბოტაჟი იყო, რადგან საგარეო ვექტორის ცვლილებას თავადვე უარყოფთ, არა? 
- ეს სოლიდარობა იყო მეგობრული... სახელმწიფოებრივიც, რადგან, როგორც გითხარით, პირველ რიგში, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებთ. ჩვენ თუ საბოტაჟნიკები ვართ, კარგად ყოფილა საქმე. როგორც საპარლამენტო, ისე აღმასრულებელ დონეზე თავდაუხრელად ვმუშაობდით. მაინტერესებს, სხვას რას ელით? ჩემი აზრით, აბსოლუტურად ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. დასავლეთში ქვეყნის პრესტიჟის ასამაღლებლად ყველაფერი გავაკეთეთ. ამიტომ საბოტაჟსა და ავანტიურაზე საუბარი, უხერხულია.
 
- და მაინც, ირაკლი ალასანიამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანით გამოძიებას ხომ არ დაასწრო და თავი დაიზღვია? 
- ალასანიას კორუფციული სქემა არ გაიშვა! არასოდეს გვითქვამს, გამოძიება არ ჩატარდესო, მხოლოდ დაკავებული ადამიანების გამოშვებას ვითხოვთ, რათა მათზე ზეწოლა არ განხორციელდეს. არ გამოვრიცხავ, გამოძიება ირაკლი ალასანიამდეც მივიდეს. ისე განვითარდა პროცესები, ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა ეს მორიგი შეცდომა იქნება. რამდენი შეცდომა უნდა დაუშვას ხელისუფლებამ ერთბაშად? 

- ირაკლი ალასანიამ არ დაუშვა შეცდომა, როცა პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა იუკადრისა, მეორე დღეს კი, ბიზნესცენტრში თავად ეახლა ყოფილ პრემიერს? 
- პოლიტსაბჭოზე ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა არ იგეგმებოდა. გვეგონა, კოალიციის მოქმედ ლიდერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ვხვდებოდით, თორემ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის ოფისში ყოფნა ჩვენთვის განსაკუთრებული სიურპრიზი არ ყოფილა. მასთან საუბრის პრობლემა არ გვქონდა. პირიქით, მეტი კომუნიკაციის მომხრე ვართ. უბრალოდ, სხდომაზე საკმაოდ უსიამოვნო საუბარი წარიმართა. 

- ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიას დაჭერით რეალურად დაემუქრა? 
- არა, ბიძინა ივანიშვილს დეტალებში უნდოდა ჩაძვრომა და კოალიციის მომავალზე არაფერი უთქვამს. სხდომაზე თავიდანვე კოალიციის დასატოვებლად მივედით, მაგრამ არ ველოდით, თუ ყოფილი პრემიერი ამ კითხვებს დასვამდა. 

- ანუ ბიძინა ივანიშვილსაც არ უნდოდა კოალიციაში თქვენი დარჩენა? 
- დიახ, ვიგრძენი, ბიძინა ივანიშვილს კოალიციაში ჩვენი დარჩენის სურვილი არ ჰქონდა. პარტნიორობას თავის წესები აქვს. დეტალებზე საუბარი არ მინდა... საბოლოოდ, ერთმანეთს კონსტრუქციულად დავშორდით. მეორე დღეს, ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და კაცურად ილაპარაკეს. არ ვართ ის ძალა, რომელიც ორ კაცში ნალაპარაკევს გარეთ გამოიტანს, ამიტომ ვერც ამ დეტალებს გაგიმხელთ. თუმცა აბსურდია, რაც გარიგებაზე ითქვა, ,,თავისუფალი დემკრატები' გარიგებაზე არ წავლენ. 

- ისე, პოლიტიკური გარიგება შემოგთავაზეს? ნაციონალების ჩამნაცვლებელ ძალად უკვე მოაზრებით. 
- არა, მათაც არ უცდიათ. არ გვაქვს ნაციონალების ჩანაცვლების სურვილი, მათგან ფუნდამენტურად განსხვავებულ პოზიციაზე ვართ. დრო გვაჩვენებს, რომელ ადგილს დავიკავებთ. ჩვენი პოლიტიკური წონა კარგად ვიცით, ამიტომ ჩვენი მიზანი ნაციონალების გასწრება კი არა, ხელისუფლებაში მოსვლაა. 

- ამას ბიძინა ივანიშვილის გარეშე შეძლებთ? 
- რატომ ვერ შევძლებთ? 

- თქვენ პოლიტიკურ წარსულს თუ გადავხედავთ, ვერც ერთიანი ოპოზიციის კანდიდატად დასახელებამ მოგიტანათ გამარჯვება. 
- უმადურობა არ მიყვარს, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს უდიდესი საქმე გააკეთა. უნდა ვაღიაროთ, არჩევნებში გამარჯვებაში ბიძინა ივანიშვილის ლომის წილი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი დახმარების გარეშე ხელისუფლებაში სხვა პარტია არ უნდა მოვიდეს. დღეს საზოგადოება პოლიტიკურად საკმაოდ მომწიფებულია და სწორ ანალიზს აკეთებს. გეგმა ბევრი გვაქვს, მაგრამ დრო ბევრი არ არის. 

- ამიტომ არ ტოვებთ პარლამენტში მაღალ პოსტებს? 
- მინისტრი რომ ვყოფილიყავი, თანამდებობაზე არ დავრჩებოდი, მაგრამ საპარლამენტო ტრიბუნის გამოუყენებლობა, შეცდომაა. ეს სხვის შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ. ბუნებრივია, ტრიბუნის ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას არ ვაპირებთ, ამას არც ვიკადრებთ, მაგრამ ევროპასთან ასოცირების ფარგლებში უამრავი რეფორმაა გასატარებელი. სხვათა შორის, მეგობრები ევროპარლამენტიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ეს სწორი ნაბიჯია და თანამდებობიდან ჩვენ წასვლას არ მოიწონებდნენ. 

- საგარეო კომიტეტს ხელმძღვანელობთ, თუ ხელისუფლებასთან კითხვები გაქვთ, დასავლეთში ქვეყნის წარმატებებზე საუბარს მოახერხებთ? 
- როგორც ვთქვი, საგარეო მიმართულებით საფრთხე არ არსებობს, მაგრამ რომ იყოს, თანამდებობაზე მარტო იმიტომ უნდა დარჩე, მას ებრძოლო. 

- ამ ლოგიკით, მაია ფანჯიკიძეც პოსტზე უნდა დარჩენილიყო. 
- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო ერთმანეთისგან განსხვავდება. 

- ახალ საგარეო საქმეთა მინისტრზეც გკითხავთ. გაქვთ ინფორმაცია, როგორ დაითანხმეს მაია ფანჯიკიძესთან ერთად თანამდებობიდან წასული თამარ ბერუჩაშვილი მინისტრის პორტფელზე? 
- როგორც ვიცი, პრემიერთან ისაუბრა და გადაწყვეტილება ამის შემდეგ შეცვალა. სხვა ინფორმაცია არ მაქვს. თამარ ბერუჩაშვილი პროფესიონალურად მართლაც კარგი კანდიდატია და წარმატებებს ვუსურვებ, მან ეს საქმე კარგად იცის. იმედი მაქვს, საქართველო ევროპული ოჯახისკენ სვლას გააგრძელებს.