კვირაზე მეტია, ქვეყანა ახალ პოლიტიკურ რეალობაში ცხოვრობს - “ოცნების” ყველაზე რეიტინგული მინისტრი ოპოზიციაშია. ირაკლი ალასანიას გაოპოზიციონერებაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებზეც ყურადღება არ გამახვილებულა. არადა, ეშმაკები, როგორც ამბობენ, სწორედ დეტალებში სხედან. “ქართული სიტყვა” არაფერს ამტკიცებს, უბრალოდ, ფაქტების კონსტატაციას ახდენს და შეკითხვებს სვამს. მაშ, ასე, შეკითხვა პირველი, რომელიც ბოლო მოვლენების კვალდაკვალ გაჩნდა, ასეთია: რატომ გააქტიურდნენ ის ადამიანები, რომლებიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების მერე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გაქრნენ, მაგალითად, გოგა ხაინდარავა? შეკითხვა მეორე: ცალკეულმა არცთუ გავლენიანმა არასამთავრობოებმა, თავდაცვის სამინისტროს ხუთი მაღალჩინოსნის დაკავებისთანავე, რის საფუძველზე და რა მიზნით იეჭვეს, რომ ირაკლი ალასანია შესაძლოა, შეიარაღებულ კონფრონტაცაზე წასულიყო? შეკითხვა მესამე: რატომ გაჩნდა ე.წ. კაბელებისა და ექიმების საქმეში იარაღის შესყიდვის ნიუანსი? მეოთხე და მთავარი შეკითხვა: რატომ მოუწოდებს ნინო ბურჯანაძე “ოცნების” ხელისუფლებას, რომ ქვეყნის საგარეო კურსს გადახედოს? ყველა ეს შეკითხვა, ცხადია, რიტორიკულია, თუმცა ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ვიღაც დიდ პროვოკაციას გეგმავდა, მაგრამ აფხაზების მიერ მოკლული მამია ალასანიას შვილმა, ირაკლი ალასანიამ ყველაფერი გათვალა, პროვოკაციაზე არ წამოეგო და ქვეყანას სამოქალაქო ომი აარიდა! უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე, “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში, ამ მოსაზრების განვრცობისგან, გარკვეული მიზეზების გამო, თავს იკავებს, თუმცა ადასტურებს, რომ რუსული სპეცსამსახურები გააქტიურდნენ. ამასთან, ფორჩხიძე პრემიერს ურჩევს, რომ ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს, რომლის შესახებაც არაერთგვაროვანი ინფორმაცია არსებობს, არ ენდოს...
- ბატონო კონსტანტინე, არსებობდა მოლოდინი, რომ კოალიციას პირველები “თავისუფალი დემოკრატები” კი არა, “რესპუბლიკელები” დატოვებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა. რატომ?
- დიახ, არსებობდა მოლოდინი, რომ კოალიცია დაიშლებოდა...
- სხვათა შორის, ამას არც ბიძინა ივანიშვილი უარყოფდა და თავის დროზე ისიც თქვა, რომ “ოცნების” ოპოზიცია თავად კოალიციის წიაღშივე იშვებოდა...
- დაახლოებით, ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართე და იქვე, განვაცხადე, რომ ასეთი შეკოწიწებული ერთობა, რომელმაც სხვა პოლიტიკური ძალები გაკრიფა, სტაბილურობას ვერ მოიტანდა.
საერთოდ, საქართველოში ორპარტიული სისტემის დამკვიდრება შეუძლებელია. შეიძლება, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ საქართველოში ორპარტიული სისტემა მხოლოდ ჩვენს დასავლელ პარტნიორებს კი არა, რუსეთსაც აწყობს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ კრემლისთვის უფრო ადვილი განსასაზღვრი იქნება, თუ სად შეაღწიოს და სიტუაცია საიდან მართოს.
მოკლედ, ორი წლის წინ, ბიძინა ივანიშვილს ვკითხე, თუ როგორ წარმოედგინა თავის გუნდში პოლიტიკური თანხმობა მაშინ, როცა კოალიციაში გაერთიანებულ ექვს პოლიტიკურ პარტიას შორის იდეოლოგიური განსხვავება არსებობს.
- ივანიშვილმა გიპასუხათ?
- არა...
- “იდეოლოგიურ განსხვავებაში” საგარეო ორიენტაციას გულისხმობთ?
- დიახ, თუმცა ისიც მნიშვნელოვანია, რომ მაგალითად, “რესპუბლიკელები” საპარლამენტო მმართველობის მომხრეები არიან, ირაკლი ალასანია კი - საპრეზიდენტოსი. აქედან გამომდინარე, თავიდანვე საინტერესო იყო, რომელი რომლის სასარგებლოდ დათმობდა. ამ თემაზე ყურადღება მოგვიანებით სხვა ექსპერტებმაც გაამახვილეს...
ერთი სიტყვით, თავიდანვე ჩანდა, რომ კოალიციის მიზანი სააკაშვილის რეჟიმის მოშორება იყო და ამ გაერთიანებაში შემავალ პარტიებს თანამშრომლობის სხვა ნაბიჯები გათვლილი არ ჰქონდათ. ჩემი აზრით, ალბათ, ვიღაცას სურდა, რომ კოალიცია, საბოლოო ჯამში, ერთ პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნილიყო. თუკი ასე მოხდებოდა, “ოცნება” თავს, შიდაპარტიულ დონეზე, ალბათ, ბევრ პრობლემას აარიდებდა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მთავარ ოპოზიციურ ძალად “ნაცმოძრაობა” დარჩებოდა, რაც “ოცნებისთვის” სამომავლოდ საფრთხის შემცველი იქნებოდა.
- კოტე ბატონო, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდები, საუბარი საითკენ მიგყავთ... ისე, კოალიციიდან ერთი, ან ორი პარტიის გამოსვლა ტრაგედია ნამდვილად არ არის. ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკურ ბაზარზე ჯანსაღი, პროდასავლური ოპოზიციური ძალა გამოჩნდა...
- პოლიტიკაში ტრაგედია არაფერია, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნები მაინც ჩნდება, ანუ გამორიცხული არაა, ყველაფერი მართული პროცესი იყოს, რომლის მიზანიც ავანსცენიდან “ნაცმოძრაობის” საბოლოოდ გაყვანაა.
- ორი წელია, ხალხი “ოცნებას” სწორედ იმას საყვედურობს, რომ “ნაცმოძრაობა” ვერ დაამთავრა. გამოდის, რომ ახლა კარგი პროცესი მიდის...
- კი ბატონო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებებიც არ უნდა დაგვავიწყდეს...
- სამწუხაროდ, ბოლო ორი დღეა, ექსპრეზიდენტის “ფეისბუქაქტივობისთვის” თვალი არ მიმიდევნებია. რაო, მიშამ, რა მინდაო?
- ის, რომ მიშა მუდმივად “ოცნების” ჩამოშლაზე ლაპარაკობს, ჩვეულებრივი პიარია, მაგრამ ბოლოს, სააკაშვილმა მიანიშნა, ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიანო, ანუ ამით, პრაქტიკულად, თქვა, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას არ აპირებს. ამ განცხადებით, ასევე, ნათელი გახდა, თუ რა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს ვაშინგტონში...
მოკლედ, თუ ეს პროცესი ბოლომდე მივა, საბოლოო ჯამში, “რესპუბლიკელებიც” ოპოზიციაში გადავლენ.
- ამაში ახალი და სენსაციური არაფერია: ჯერ ერთი, “დემოკრატების” ყრილობაზე პარლამენტის თავმჯდომარის მისვლა მნიშვნელოვანი მესიჯი იყო, მეორეც, “რესპუბლიკელები” არ მალავენ, რომ კოალიციაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩებიან...
- გამორიცხული არაა, რომ საპარლამენტო არჩევნები 2016 წლამდე ჩატარდეს.
- ვადამდელი არჩევნების საბაბი რა შეიძლება გახდეს?
- თუკი ეს კრიზისი გაღრმავდა, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.
- ესე იგი, ადასტურებთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისია?
- არა, ეს პოლიტიკური კი არა, სახელისუფლებო კრიზისია, თუმცა ამ ცნებებს მხოლოდ პოლიტიკოსები კი არა, ექსპერტებიც ერთმანეთში ურევენ. სახელისუფლებო კრიზისი ხელისუფლებამ თავისი არათანმიმდევრული ნაბიჯებით შექმნა, ყველაფერი ეს კი, დასავლეთთან მიდის.
- აქცენტს, როგორც ვხვდები, შეთქმულებაზე აკეთებთ, მაგრამ ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, კონსპირაციული თეორიები არ გამოგვადგება...
- როგორ გეკადრებათ! ხომ ხედავთ, “ნაციონალები” როგორი გაყურსულები არიან და იცით, რატომ? - ოპოზიციურ სპექტრში ალასანიას გამოჩენა იმას ნიშნავს, რომ “თავისუფალი დემოკრატები”, ადრე თუ გვიან, “ნაცმოძრაობას” მთლიანად ჩაყლაპავენ!
- ანუ, როგორც პრემიერი ღარიბაშვილი იტყოდა, “ნაცმოძრაობა” რადარიდან გაქრება?
- დიახ, ასე იქნება და ამას ყველაზე კარგად თავად “ნაციონალები” გრძნობენ. საერთოდ, პოლიტიკური პროცესი რომ აწარმოო, პირველ რიგში, პარტნიორებია საჭირო. თუ ოპოზიციაში ხარ, შენი პოლიტიკური აქტივობა ხელისუფლების ნაბიჯების საწინააღმდეგოდ უნდა იყოს მიმართული. პროდასავლური “თავისუფალი დემოკრატების” გარდა, ოპოზიციაში რუსული სეგმენტიც არსებობს...
- ეს რუსული სეგმენტი ერთობ გახარებულია. მაგალითად, ქალბატონი ბურჯანაძე პირდაპირ აცხადებს, რომ ხელისუფლებამ საგარეო კურსში ცვლილებები უნდა შეიტანოს...
- დიახ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ისე მოხდება, რომ “თავისუფალი დემოკრატები” პროდასავლურ ელექტორატზე “დაჯდებიან”...
- მეც ასე მგონია. სხვათა შორის, ალასანიას გუნდი ხაზს უსვამს, რომ ხელისუფლებასთან, კანონშემოქმედებით დონეზე, ითანამშრომლებს, მაგრამ იმას აღარ შეეგუება, რომ ქვეყნას სუს-ი მართავდეს.
- ნამდვილად არ შეიძლება, რომ ქვეყანას უშიშროება მართავდეს. “ნაციონალების” დროსაც ამას ვამბობდი, რადგან სპეცსამსახურის მთავარი ფუნქცია ქვეყნის მართვა არ არის. მართვის ეს სტილი კომუნისტების ე.წ. იდეოლოგიური კონტრდაზვერვის გადმონაშთია, რომელიც პოლიტიკურ პარტიებში, პრაქტიკულად, პოლიტიკურ საქმიანობას აწარმოებს. ეს კი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ყველაფერ ამის გაკეთება სუს-ის გარეშეც შეიძლება...
- ხელისუფლება, თუკი ძლიერი ოპოზიცია ეყოლება, მართვის ამ სტილს შეელევა?
- იძულებული გახდება, შეელიოს, რადგან ვიმეორებ: ქვეყნის მართვა ძალოვანი უწყებებით არ შეიძლება. სპეცსამსახურის მთავარი ფუნქცია უცხოეთის სპეცსამსახურების მიერ ჩვენს ქვეყანაში წარმოებული ძირგამომთხრელი საქმიანობის დროულად გამოვლენა და აღკვეთაა. შიდა პოლიტიკური დინებები კი, პოლიტიკურმა ბაზარმა უნდა დაარეგულიროს...
- ბატონო კოტე, ზოგი “დემოკრატების” მიერ “ოცნების” დატოვებას დიდ პოლიტიკურ კატაკლიზმად მიიჩნევს...
- ყოველ შემთხვევაში, ქვეყანა ზღვარზე დადგა.
- რის ზღვარზე?
- გაჩნდა საშიშროება, რომ “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას დაკარგავდა.
- ჩემი აზრით, ქვეყანა არც “ოცნებაა” და არც - სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტია.
- რა თქმა უნდა, მაგრამ წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, “დემოკრატებს” “რესპუბლიკელებიც”, ან “ოცნების” სხვა რომელიმე წევრიც რომ გაჰყოლოდა?
- რა მოხდებოდა?
- პარლამენტი უუნარო გახდებოდა, რასაც საკანონმდებლო კრიზისი მოჰყვებოდა...
- საკანონმდებლო კრიზისი, თორემ მე თქვენ გეტყვით, პარლამენტი რამე მნიშვნელოვანს აკეთებდეს - ორ წელიწადში ხალხმა მხოლოდ ის გაიგო, რომ “ოცნებელებმა” “ბუსუსებიანი” პრეზერვატივის კანონი მიიღეს!.. ბატონო კოტე, რაღა დაგიმალოთ და, ქვეყნისთვის, ვფიქრობ, ის უფრო სახიფათოა, ყოფილი “ზონდერები” ისევ მაღალ თანამდებობებზე რომ არიან...
- დიახ, ეს ქვეყნისთვის ცუდია...
- ვინ ვინ და, ყველაზე კარგად თქვენ იცით, რომ პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. კაბელების საქმე გასაგებია, მაგრამ თვალშისაცემია, რომ ერთი წლის წინ დაწყებული “ფაღარათის გამოძიება” ახლა გაახსენდათ. ამასთან, ბოლო დროს ისეთი ტიპებიც გააქტიურდნენ, რომლებიც ბოლო ორი წელია, პრაქტიკულად, აღარ ჩანდნენ...
- ვის გულისხმობთ?
- მაგალითად, გოგა ხაინდარავას, რომელმაც, თუ არ მეშლება, პირდაპირ თქვა, რომ მაია ფანჯიკიძისა და სხვა მინისტრების წინააღმდეგ, საბოტაჟის ბრალდებით, საქმე უნდა აღიძრას...
- ამას, ალბათ, პოლიტიკური მიზნები და პირადი ინტერესები აქვს, ანუ ბატონ ხაინდარავას შეიძლება, სურდა, რომ პრემიერის მიმართ კეთილგანწყობილი გამოჩენილიყო...
- სხვათა შორის, 1992 წლის სამოქალაქო ომი იმით დაიწყო, რომ ამბოხებულებმა ხაინდარავა “კა-გე-ბე”-ს ციხიდან გამოიყვანეს... ვიდრე პრემიერი ალასანიას მოხსნიდა, ვიღაცებმა თქვეს, თავდაცვის მინისტრი ხელისუფლებასთან შეიარაღებულ კონფრონტაციას გეგმავსო. ამასთან, ცრუ ინფორმაციაც გავრცელდა, თითქოს ბრიგადის მეთაურები თანამდებობებს ტოვებდნენ... ერთი სიტყვით, მგონია, რომ ვიღაც მოვლენების დრამატიზებას ცდილობდა. მეთანხმებით?
- ასეთ სიტუაციებს, როგორც წესი, რუსული სპეცსამსახური კარგად იყენებს ხოლმე. ამიტომ, პრემიერს ვურჩევ: ამგვარი თანადგომის ეშინოდეს!
- როგორი “ამგვარი”?
- გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების, ხალხის მასებისა და რთული წარსულის მქონე პიროვნებების მხარდაჭერა საშიშია, რადგან ასეთი მხარდაჭერა შემთხვევით არ ხდება და ყველაფერ ამის უკან, შეიძლება, ისეთი რამ იდგეს, რაც ცუდ სამსახურს მხოლოდ ხელისუფალს კი არა, სახელმწიფოსაც გაუწევს!
- როგორც მითხრეს, ბოლო დრომდე ორ ირაკლის ხალასი ურთიერთობა ჰქონდა. მათი დაპირისპირება ვის, ან რა ძალას შეეძლო?
- ეს ძალა მხოლოდ სპეცსამსახურია.
- უფრო კონკრეტულად?
- გავლენის ადამიანები...
- გამორიცხავთ, რომ ჩრდილოეთური სპეცსამსახურის საბოლოო მიზანი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ თავდაცვის სამინისტრო შეტევის ობიექტი 15 ნოემბრის წინ გახდა?
- ექვსი თვეა, ამას ვაბობ...
- ორი ადამიანის ურთიერთობის გაფუჭებას ვიღაც რა მიზნით ცდილობს?
- მიზანი მარტივია: გათიშე და იბატონე!
- ეს გათიშვა და ბატონობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ვისი ინტერესია - დასავლეთის თუ კრემლის?
- თუ ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებას გავითვალისწინებთ, გათიშვა დასავლეთის ინტერესში ნამდვილად არ შედის.
- ესე იგი, გამორიცხვის პრინციპით, მხოლოდ კრემლი რჩება...
- რა თქმა უნდა... ისე, თუკი მინისტრების გადადგომაში საბოტაჟის ნიშნები ჩანდა, ამაზე განცხადება შესაბამის ორგანოებს უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ესეც პოლიტიკური თამაშის ნაწილია.
ვანო, ჩვენი დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, სწორედ მაშინ, როცა ქვეყანაში რაღაც კრიზისია, ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ე.წ. კეთილ იმიჯს ირგებენ და პოცესებიდან პირადი დივიდენდების მიღებას ცდილობენ. ამიტომ, ასეთი მხარდამჭერების მიმართ ხელისუფლება ფრთხილი უნდა იყოს... დღეს 90-იანი წლების ან, სულაც, 2000 წლის საქართველო აღარ ვართ, რომ ვიღაცებმა მიზანს მიაღწიონ და შეიარაღებული ბუნტი მოაწყონ. სხვათა შორის, ის ადამიანები, ვინც თავის დროზე ყველაფერ ამას აკეთებდნენ, ავანსცენაზე ხანდახან ახლაც ჩანან, მაგრამ მათ აღარაფერი გამოუვათ, თუმცა ცდილობენ, რომ როგორმე გავლენის სფეროები ისევ ჩაიგდონ... ამ სცენარს ახლა უკრაინა გადის...
- ბატონო კოტე, თითქმის ყოველთვის, როცა ქვეყანაში “რაღაც ისე” არაა, საფრანგეთი ამოტივტივდება ხოლმე და ამას აგვისტოს ომიც მოწმობს. ნიშანდობლივია, რომ ყოფილ პრემიერსა და იუსტიციის მოქმედ მინისტრსაც, რომელიც ქართულ პოლიტიკაში სწორედ ირაკლი ალასანიას ხელშეწყობით გამოჩნდა, ე.წ. ფრანგული ბეგრაუნდი აქვთ...
- ბოლო დროს ქართულ პოლიტიკურ კონტექსტში გერმანიაც ფიგურირებს...
- ითქვა, რომ ირაკლი ალასანიამ საფრანგეთთან იარაღის შესყიდვაზე გააფორმა ხელშეკრულება და ხელისუფლებაში სკანდალიც ამას მოჰყვა...
- პრესით შევიტყვე, რომ ალასანიამ საფრანგეთთან საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანაზე ხელშეკრულება გააფორმა...
- ეს კარგია თუ ცუდი?
- რა თქმა უნდა, კარგია...
ნებისმიერმა სახელმწიფომ, ძალიანაც რომ მოინდომოს, რუსულ იარაღს რუსეთში კი არა, უკრაინაშიც ვეღარ იყიდის.
- რატომ?
- იმიტომ, რომ რუსეთის იარაღის, ასე ვთქვათ, სამრეწველო კომპლექსი მთლიანად უკრაინაში იყო განლაგებული, რომელსაც ომმა დედა უტირა და გაანადგურა. არადა, უკრაინა იარაღის ბაზარზე ერთ-ერთი იმპორტიორი გახლდათ...
- იარაღის ლეგარულ ბაზარს გულისხმობთ თუ არალეგალურს?
- ორივეს...უკრაინა, როგორც იარაღის ბიზნესის იმპორტიორი, მორჩა, დამთავრდა და ამ კუთხით ბელორუსიღა დარჩა. ამ სიტუაციაში, იარაღი საიდან უნდა იყიდო, თუ არა დასავლეთიდან?! სხვათა შორის, აგვისტოს ომამდე აშშ-ს ვეხვეწებოდით, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები მოეყიდა, მაგრამ უარი გვითხრა და მოგვიანებით, რაღაც-რაღაცები პოლონეთისგან შევიძინეთ, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს უვარგისი იყო. საერთოდ, მგონია, რომ გამოძიება ამ თემითაც უნდა დაინტერესდეს.
საჰაერო-თავდაცვის სისტემების შესყიდვაში ცუდი არაფერია და არ მგონია, რომ კონფლიქტი ამ მიზეზით დაწყებულიყო. ყველაფერი ეს ე.წ. ექსპერტების ფანტაზიაა, თორემ როგორ წარმოგიდგენიათ, სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხზე ექსპერტებს ირაკლი ალასანია ეტყოდა თუ თავდაცვის ახალი მინისტრი? ე.წ. ექსპერტები ცდილობენ, რომ მედიის ყურადღება ამაზე გამახვილდეს და ესეც, ალბათ, მიზანმიმართულად ხდება.
- შესაძლოა, არც უამისობაა, მაგრამ ალასანია ადასტურებს, რომ საფრანგეთში სახელმწიფოს თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი ხელშეკრულება გააფორმა...
- ალასანიას არ უთქვამს, რომ ეს ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვას ეხებოდა, მაგრამ ასეთი პიარ-ტრიუკების შემოგდება შეგნებულად ხდება და ე.წ. ექსპერტების ზემოხსენებული განცხადებებიც პირდაპირ სახელმწიფო ინტერესებს ურტყამს!
- ბატონო კონსტანტინე, თქვენი შეფასებით, ის, რაც ხელისუფლებაში მოხდა, ანუ ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლა, 15 ნოემბრის წინ, “ნაციონალებისთვის” დარტყმაა?
- რა თქმა უნდა. ამერიკელები მიხვდნენ, რომ “ნაცმოძრაობა” ხალხის მხარდაჭერას ვერანაირი რებრენდიგით ვერ მოიპოვებენ. ამიტომ, ახალი ოპოზიციური ნავი შეაცურეს, ანუ ოპოზიციაში დასავლეთზე ორიენტირებული სერიოზული ძალა გამოჩნდა - დასამალი არაა, რომ ალასანიასა და მისი გუნდის წევრებს დასავლეთში სერიოზული კონტაქტები აქვთ. შესაბამისად, შანსი არაა, რომ ევროპელებმა და ამერიკელებმა მომაკვდავ “ნაცმოძრაობასთან” თანამშრომლობა გააგრძელონ!
- ზოგიერთი რუსეთუმე გაჰკივის, ალასანია “ცე-რე-უ”-სთან თანამშრომლობსო...
- (იცინის) ეს სასაცილოა!
- ნინო ბურჯანაძის გააქტიურებას რითი ხსნით?
- ის, რაც მოხდა, ამერიკელებმა მიზანმიმართულად დაუშვეს, ანუ თუკი 2016 წლის არჩევნებამდე “ოცნება” რეიტინგდაკარგული მივა, “ნაციონალები” ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან, შესაბამისად, პოლიტიკაში მხოლოდ პრორუსული ძალა რჩება, ანუ შეიქმნება საშიშროება, რომ პრორუსული ძალა ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოვიდეს, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა.
- ესე იგი, ბურჯანაძე პოლიტიკური შეშლილობის ზღვარზეა?
- რა თქმა უნდა. მოვლენები ასე განვითარდება: ალასანია “ნაცმოძრაობას” შეჭამს, გადაყლაპავს, დაამთავრებს და არჩევნებზე დაფიქსირდება როგორც მეორე პოლიტიკური ძალა, რომელიც რუსულ ინტერესებს კარგა ხნით უკან გადასწევს და ეს ქვეყნისთვის, ბუნებრივია, პროგრესული იქნება.
რეზიუმე რომ გავაკეთო, სურათი ასეთია: “ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ გვამად შეიძლება, 2016 წლამდეც იქცეს, რუსულმა ძალებმა კი, შეიძლება, ელექტორატის პატარა სეგმენტი შეინარჩუნონ, მაგრამ ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, ალასანია ხელისუფლებას რამდენად სწორ და კონსტრუქციულ ოპონირებას გაუწევს. ყველაფერ ამას კი, მხოლოდ დიდი ფინანსური კი არა, გონებრივი რესურსიც სჭირდება.
- ჩემი აზრით, “თავისუფალი დემოკრატები” გონებრივ რესურსს არ უჩივიან - ეს ხომ პროფესიონალი დიპლომატების პარტიაა!
- კი ბატონო, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება...
- ისე, იზიარებთ პრეზიდენტ მარგველაშვილის მოსაზრებას, რომ ქვეყანა კულუარებიდან იმართება?
- სიმართლე რომ ვთქვათ, სახელმწიფოს მართვა და, შესაბამისად, პოლიტიკაც კულუარებია და მეტი არაფერი. ყოველ შემთხვევაში, ის, რასაც პოლიტიკოსები საჯაროდ ლაპარაკობენ, ნაკლებად სარწმუნოა, რადგან პოლიტიკას კულუარები წარმართავს.
- ...მოქმედ და ყოფილ სამხედროებში რა განწყობაა?
- ყოფილი სამხედროები პოლიტიკურ დივიდენდებს ეძებენ, რომ შეიარაღებულ ძალებში დაბრუნდნენ, თუმცა ფილტრაცია აქაც საჭიროა: ბევრია ისეთი, ვისი შეიარაღებულ ძალებში დაბრუნებაც ქვეყანას გამოადგება, ბევრის კი, ჯარში დაბრუნება კი არა, ჩრდილოეთში გამგზავრებაა უკეთესი. საერთოდ საქართველოში ჩამოყალიბებული “მეხუთე კოლონა” არ არსებობს, თუმცა ჩამოყალიბების მცდელობა არის და ამ ადამიანების შესწავლა აუცილებელია...
- თქვენი წყაროების ინფორმაციით, 15 ნოემბერს, “ნაციონალთა” აქციაზე რა მოხდება?
- როგორც ვიცი, სამეგრელოდან თბილისში “ნაცმოძრაობის” საკმაოდ დიდი რაოდენობა აპირებს ჩამოსვლას.
- ეს ხალხი საკუთარი სურვილით მოდის თუ საქმე ფინანსურ დაინტერესებასთან გვაქვს?
- ჩემი ინფორმაციით, გარკვეულ ფინანსურ ანაზღაურებას დაჰპირდნენ, თუმცა ფულს თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მისცემენ.
- რა თახაზეა ლაპარაკი?
- კვების ჩათვლით, თითო მომიტინგეს, ალბათ, 50-დან 70-ლარამდე გადაუხდიან.
- “ნაციონალებს” ეს ფული საიდან აქვთ?
- ეს, ალბათ, ის ფულია, რომელიც “ნაცმოძრაობის” ყულაბაში, “ქეშის” სახით, სხვადასხვა გზით ხვდება. სხვათა შორის, ამ თემაზე ადრეც ვისაუბრეთ.
სამეგრელოში ხალხი “ოცნების” მიმართ უკმაყოფილებას იმიტომ გამოსთქვამს, რომ სამეგრელოს “ნაციონალური ელიტა” “ოცნების” ადგილობრივ სტრუქტურებშია გადაბარგებული, მათ შორის, გამგეობებში. თავის დროზე ამ გადაბარგებაში, როგორც მითხრეს, დიდი როლი შეუსრულებია ქვემო ქართლის კუდ-ის ყოფილ უფროსს, დათო ორდენიძეს, რომელიც დღესაც, მგონი, უწყებაშია.
- სად ქვემო ქართლი და სად - სამეგრელო?
- ეს მეც გამიკვირდა...
სხვათა შორის, სამეგრელოში გავრცელებულია მოსაზრება, რომ მეგის ქარდავა საქართველოს საზღვრებს მიღმა არაა, თუმცა ეს ოპერატიული ინფორმაცია შსს-მ უნდა გადაამოწმოს. მოსახლეობა სწორედ ამ ფაქტორებითაა გაღიზიანებული, მით უმეტეს, რომ “ქართული ოცნების” საფარქვეშ მოქცეული “ნაციონალები” სააკაშვილის მიმართ სიმაპტიებს არ მალავენ.
ასევე, მაქვს ინფორმაცია, რომ 15 ნოემბრისთვის სამეგრელოდან ხალხის ჩამოყვანას “ნაციონალების” დეპუტატის, კახა დამენიას ძმა, ლაშა დამენია ხელმძღვანელობს...