რა ელის საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების შემთხვევაში?

რა ელის საქართველოს აზერბაიჯანისა და სომხეთის დაპირისპირების შემთხვევაში?

საერთაშორისო თანამეგობრობას შეშფოთების ტალღამ გადაუარა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სიახლოვეს სომხეთის არმიის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტის გამო. ცალკეული ქვეყნები თუ საერთაშორისო სტრუქტურები მოუწოდებენ სამხრეთ კავკასიის ამ ორი ქვეყნის ლიდერებს გაუფრთხილდნენ მშვიდობას და დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. სადამდე შეიძლება მივიდეს საქმე და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს სამხრეთ კავკასიის კიდევ ერთი სახელმწიფო – საქართველო?

ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტი, შეერთებული შტატების თვალთახედვით, კიდევ ერთხელ მიანიშნებს რეგიონში დაძაბულობის შემცირებისა და სამშვიდობო შეთანხმების დაცვის საჭიროებაზე. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ საკიმ განაცხადა, ამ სიტუაციიდან მხოლოდ მშვიდობიანი გამოსავალი უნდა მოიძებნოს და „კონფლიქტი სამხედრო გზით ვერ გადაიჭრება“.

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სომხეთის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების ფაქტს 13 ნოემბერს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის, შვეიცარიის, საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე ბურკჰალტერი გამოეხმაურა. ეუთოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, დიდიე ბურკჰალტერი, რომელიც ერთდროულად შვეიცარიის პრეზიდენტის პოსტსაც ითავსებს, მიმართავს აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს, გააკეთონ ყველაფერი ამგვარი ინციდენტების აღსაკვეთად და უზრუნველყონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა. გავრცელებულ ცნობაში განსაკუთრებული მწუხარებით არის აღნიშნული, რომ გამყოფ ხაზთან გამოვლენილ ძალადობას წელს უპრეცედენტოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვასა და აღებული ვალდებულებების პატივისცემას დიდიე ბურკჰალტერი კონფლიქტის დარეგულირებისთვის აუცილებელი ნდობის აღდგენის წინაპირობად მიიჩნევს. ამასთან, მან გამოხატა მხარდაჭერა ეუთოს ეგიდით მოქმედი მინსკის ჯგუფის ძალისხმევასთან მიმართებით, რომ უფრო ინტენსიური გახადონ შეხვედრები აზერბაიჯანისა და სომხეთის მაღალი რანგის პირებს შორის. მან სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდა. გავიხსენოთ, რომ მინსკის ჯგუფში თანათავმჯდომარეები არიან: საფრანგეთი, რუსეთის ფედერაცია და შეერთებული შტატები.

ფედერიკა მოგერინიფედერიკა მოგერინი

12 ნოემბრის ინციდენტის გამო განცხადება ვრცელდება ევროკავშირის სახელითაც და მასში გამოძიების ჩატარების აუცილებლობას ესმება ხაზი. ამასთან, ბრიუსელი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. როგორც ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურმა ლიდერმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, „მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა „თავი აარიდონ ნებისმიერ ქმედებასა თუ განცხადებას, რომელიც ვითარების ესკალაციას გამოიწვევდა“.

ვითარების შემდგომი გართულების შიში საერთაშორისო თანამეგობრობას მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სომხეთის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოგდების კვალდაკვალ, აზერბაიჯანის მხარემ ჩამომგდები სამხედრო პირი, ილკინ მურადოვი, დააჯილდოვა, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა არცრუნ ჰოვანისიანმა კი მომხდარი შეაფასა „უპრეცედენტო პროვოკაციად, რომელიც ვითარების ესკალაციას იწვევს“. მეტიც, მან განაცხადა, რომ ამ ინციდენტს „აზერბაიჯანისთვის მტკივნეული შედეგები მოჰყვება და მთელი პასუხისმგებლობა აზერბაიჯანის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება“. 

ინციდენტის გამო, რომელმაც, დაუზუსტებელი ცნობით, 3 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, სომხეთი აზერბაიჯანს სამაგიეროს რომ გადაუხდის, ამის მოლოდინი სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალ „არსენალის“ მიმომხილველს თემურ ჩაჩანიძესაც აქვს. თუმცა რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის გამოხატავს იმედს, რომ საქმე ომამდე არ მივა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხელს აძლევს რუსეთის ფედერაციას:

„რუსეთი აწვდის დიდი რაოდენობით იარაღს აზერბაიჯანს და, იმავდროულად, თავის სამხედრო ყოფნას ზრდის სომხეთში: შემოდის ახალი ტექნიკა, ახალი შეიარაღება, შეჰყავს დამატებითი ჯარები. რუსეთს აწყობს, თუ ომი დაიწყება. რუსეთიც, რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს და ამით ის თავის გეგმებს სისრულეში მოიყვანს“.

თუკი ეს ასე მოხდება, ექსპერტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება მთელი რეგიონის და, ცხადია, საქართველოს უსაფრთხოებაც. სახელდება მაგალითად: კრიმინალსა თუ ტერორიზმთან დაკავშირებული პრობლემები, ლტოლვილების ნაკადის განთავსებასთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემები, არამკაფიო სახელმწიფო საზღვრებსა თუ მილსადენებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები და ასე შემდეგ. მოსალოდნელ პრობლემათა ჩამონათვალი დიდია, – ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრე რუსეცკი, რომელიც, სხვა გამოწვევებთან ერთად, სამხედრო კომპონენტზეც ამახვილებს ყურადღებას:

„შესაძლებელია, რომ სამხედრო კონფლიქტის ესკალაციის პროცესში მეზობელმა მსხვილმა ქვეყნებმა – როგორიც არის: რუსეთის ფედერაცია, თურქეთი და ირანი – მიიღონ მონაწილეობა სამხედრო ოპერაციებში და მე არ გამოვრიცხავ, რომ ამ სამხედრო ოპერაციების ნაწილი შეეხება საქართველოს ტერიტორიას – როგორც სახმელეთო ზონას, ასევე საჰაერო ზონას“.

ალექსანდრე რუსეცკი არ გამორიცხავს, რომ არეულობის ფონზე რუსეთმა იხელმძღვანელოს ძველი, ვერგანხორციელებული ჩანაფიქრით და გაჭრას დერეფანი ცხინვალის მიმართულებიდან, სამცხე-ჯავახეთის გავლით სომხეთში მდებარე გიუმრის ბაზამდე. თუმცა ასეთ პერსპექტივას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს თემურ ჩაჩანიძე. როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, საქართველოს ტერიტორიისა თუ საჰაერო სივრცის ძალადობრივი გამოყენების პირობებში, რუსეთს საქართველოსთან ომის გამოცხადება მოუწევს, რაც ამ შემთხვევაში მისთვის დამატებითი თავის ტკივილი იქნება. მით უმეტეს, რომ რუსეთმა უკვე გამონახა ალტერნატიული გზები გიუმრის ბაზის მოსამარაგებლად და ამას მშვენივრად ართმევს თავს საქართველოს დახმარების გარეშეც.

გავიხსენოთ, რომ, იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის 19 აპრილს გააუქმა რუსეთისა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს ტერიტორიის გავლით რუსული სამხედრო ბაზებისთვის პერსონალისა და სამხედრო ტვირთის ტრანზიტის ორგანიზების თაობაზე. მანამდე, 2006 წლის 31 მარტით დათარიღებული ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთს უფლება ჰქონდა გამოეყენებინა საქართველოს როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო სივრცე სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედი თავისი სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად. სწორედ საქართველოს გავლით ხდებოდა ტვირთების, სამხედრო ტექნიკისა თუ პირადი შემადგენლობის ტრანზიტი გიუმრის ბაზისკენ, რომელსაც მოქმედების ვადა 2044 წლამდე გაუხანგრძლივდა, რუსეთსა და სომხეთს შორის 2010 წლის აგვისტოში გაფორმებული ხელსეკრულების თანახმად.

ჯერჯერობით ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. ექსპერტთა ერთ ნაწილს აზერბაიჯანის მიერ წამოწყებული საწვრთნელი პროცესიც აშფოთებს. აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო „ტრენდი“, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ აზერბაიჯანის სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ძალები მართავენ ერთობლივ ფართომასშტაბიან ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებს. ამავე წყაროს ცნობით, პროცესი ქვეყნის თავდაცვის მინისტრის, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს. ფართომასშტაბიან წვრთნებში პირადი შემადგენლობის 5 000 სამხედრო იღებს მონაწილეობას. პროცესში ასევე ჩართულია: 40 საბრძოლო გემი და კატერი, 58 საარტილერიო და სარაკეტო დანადგარი, 20-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენი, ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებები და სპეცდანიშნულების ძალები. წვრთნები 3-ფაზიანია და აქტიურ ფაზაში, წყაროს ცნობით, ყველა დასახელებულ იარაღს გამოიყენებენ.