ყოფილი თავდაცვის მინისტრის ხმაურიანი გადაყენების შემდეგ, თავის პოსტზე დარჩა და ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა. გენერალი ვახტანგ კაპანაძე კმაყოფილია თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძის დანიშვნით, თუმცა გენერალი ალასანიას დამსახურებასაც არ ივიწყებს და შეიარაღებული ძალების განვითარებაში ალასანიას მინისტრობის პერიოდს „გარკვეულ მნიშვნელოვან ეტაპს“ უწოდებს.
რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, პირველი შეკითხვა, რაც ყველას გვაინტერესებს, არის ის, თუ რა ვითარებაა ამჟამად შეიარაღებულ ძალებში იმ გარკვეული აღელვებისა და ემოციების შემდეგ, რაც ახლდა წინა თავდაცვის მინისტრის გადადგომას? რა რეჟიმით, რა რიტმით და როგორ ცხოვრობს შეიარაღებული ძალები?
ვახტანგ კაპანაძე: სამუშაო რეჟიმი აბსოლუტურად იგივეა. ერთადერთი არის ის, რომ ახალ მინისტრს, შესაბამისად, სჭირდება დამატებითი ჩახედვა საქმეებში და გარკვევა, რაც ზრდის თათბირებისა და შეხვედრების ინტენსივობას. უშუალოდ შეიარაღებულ ძალებში ყველაფერი მიდის გეგმის შესაბამისად. ახლახან ვიზეიმეთ პირველი საარტილერიო ბრიგადის დაბადების დღე. დღეს იწყება და გაგრძელდება შემაჯამებელი დიდი სამხედრო სწავლება „დიდგორი“ 2014. ასე რომ, ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით ვმოქმედებთ.
რადიო თავისუფლება: თქვენ ჯერ კიდევ აშშ-ში ვიზიტად ყოფნის დროს განაცხადეთ, რომ აპირებდით „არა უბრალოდ თანამშრომლობას, არამედ ძალიან ნაყოფიერ თანამშრომლობას ახალ თავდაცვის მინისტრთან“ იმ გეგმების განსახორციელებლად, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს, განსაკუთრებით ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით. რა გეგმებზე საუბრობთ? ყველაზე საინტერესოა მაინც იმის დაზუსტება იქნება, თუ რა სტადიაშია ნატოს სასწავლო ცენტრისა თუ თავდაცვის განვითარების ცენტრის შექმნა.
ვახტანგ კაპანაძე: ის ე.წ. ნატოს თანამშრომლობის გაზრდილი პაკეტი, რომელიც ჩვენ მივიღეთ (ნატოს სამიტზე), გულისხმობს გააქტიურებას სწორედ ამ მიმართულებით. ამჟამად საქართველოში უკვე იმყოფებოდნენ ნატოს ლოგისტიკის წარმომადგენლები, ექსპერტები, რომლებმაც დაათვალიერეს გარკვეული რაიონები. ასევე უახლოეს მომავალში ველოდებით ნატოს ექსპერტთა ჯგუფის ჩამოსვლას, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ითანამშრომლებენ სწორედ ამ პაკეტის განხორციელებაში, რაც გულისხმობს არა მარტო სასწავლო ცენტრის ორგანიზებას, არამედ კიდევ სხვადასხვა მიმართულებით განვითარებასაც. ჩვენთან ამჟამად მიმდინარეობს იმ სტრუქტურის, იმ სისტემის შემუშავება, რომელიც მიმართული იქნება მხოლოდ ამ პაკეტის იმპლემენტაციაზე.
რადიო თავისუფლება: ანუ, თუ მე სწორად გავიგე, არანაირი კორექტივები ამ გეგმებში არ მომხდარა?
ვახტანგ კაპანაძე: აბსოლუტურად არავითარი. პირიქით, უფრო დაზუსტდა ეს გეგმები, კიდევ უფრო დეტალიზებული გახდა და ჩვენ ვმუშაობთ ამ გეგმების განხორციელებაზე.
რადიო თავისუფლება: თქვენ თავდაცვის ახალ მინისტრთან ერთად გქონდათ შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. რა დავალებები მიიღეთ მისგან და თუ მიიღეთ გარანტია, რომ დარჩებით თქვენს პოსტზე და განაგრძობთ მუშაობას?
ვახტანგ კაპანაძე: შეხვედრის მთავარი ლაიტმოტივი პირველ რიგში იყო ის, რომ მე და ახალი თავდაცვის მინისტრი პირველად ერთად წარვუდექით მას, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ერთმანეთისადმი ნდობა და ერთად მუშაობის გაგრძელების სურვილი. ასევე მოვახსენე ბატონ პრემიერ-მინისტრს შედეგები ჩემს იმ ვიზიტთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ში განხორციელდა. ვესაუბრე იმ გეგმებზე, რომლებიც შეიარაღებული ძალების განვითარებას და საერთაშორისო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობას შეეხება. რაც შეეხება იმას, ვიქნები თუ არა მე თანამდებობაზე, პრემიერ-მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მხრიდან სრული მხარდაჭერა იქნა აღთქმული. ამავე დროს, ხაზგასმით ითქვა, რომ ჯარი არის აპოლიტიკური და რომ არავინ არ აპირებს შეიარაღებული ძალების ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩარევას. უშუალოდ ტექნიკური თვალსაზრისით, ჩემს დანიშვნას და განთავისუფლებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი, ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი. თუმცა თანამშრომლობის, ნდობისა და ურთიერთმხარდაჭერის პირობა ნამდვილად იყო განცხადებული ამ შეხვედრაზე.
რადიო თავისუფლება: უნდა შეგეკითხოთ ყოფილ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიაზე. როგორი მინისტრი იყო, რამდენად იოლი იყო მასთან მუშაობა, თუ, პირიქით, იმის გამო, რომ მაღალი პოლიტიკური რეიტინგი ჰქონდა, იგნორირებას უკეთებდა სამხედრო სეგმენტს, რაც პოლიტიკოსებს ზოგჯერ ახასიათებთ?
ვახტანგ კაპანაძე: იცით, მოდით, ახლა შეფასებებს ნუ გამაკეთებინებთ, რადგან, ჯერ ერთი, არაკორექტულია წასულ მინისტრზე საუბარი. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ მან სამხედრო მოსამსახურეთა სოციალური პირობები - განსაკუთრებით ომში მონაწილეთა და დაჭრილების - მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა ნატოს მიმართულებით საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას. მინდა მას წარმატება ვუსურვო იმ პოლიტიკური მოღვაწეობის გაგრძელებაში. დანარჩენი კი მე შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში მისი მინისტრობის პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს გარკვეულ მნიშვნელოვან ეტაპად.
რადიო თავისუფლება: თქვით, რომ რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გქონდათ მინდია ჯანელიძესთან. ახალი თავდაცვის მინისტრი როგორი ხედვებით მოდის?
ვახტანგ კაპანაძე: შემიძლია გითხრათ, რომ ბატონ მინდიას ვიცნობ. ჩვენ ერთადაც გვიმუშავია. ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ვიცით ერთმანეთის შესაძლებლობები. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ბატონი მინდია არის ამჟამად თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე. ის არის საკმაოდ ენერგიული, გათვითცნობიერებული, ნასწავლი და, რაც მთავარია, ახასიათებს მას დეტალებში ჩაწვდომის თვისება, რაც, ვთვლი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა მინისტრისთვის. მისი ხედვა აბსოლუტურად არის მიმართული იმ კურსის შენარჩუნებაზე, რაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და, კერძოდ, ქვეყანას აქვს არჩეული. ახლა მას აქვს პერიოდი, რომ კარგად გაერკვეს ვითარებაში, დაინახოს ის სუსტი წერტილები, რაც დაკავშირებულია ტექნიკურ გადაიარაღებასთან და, ბიუჯეტიდან გამომდინარე, თანხების მაქსიმალურად ეფექტურ გამოყენებასთან. ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა მინისტრმა უნდა ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი, რაც ჩამოყალიბების სტადიაში იმყოფება. ჩვენი მხრიდან, შეიარაღებული ძალების მხრიდან [მინდია ჯანელიძეს] სრული ნდობა აქვს. ჰქონდა შეხვედრა სამხედროებთანაც. ვგეგმავთ მისთვის გავაკეთოთ სამხედრო ძალების დათვალიერების გეგმა და გავაცნოთ ყველა ის ოპერატიული და თავდაცვითი გეგმები, რაც ჩვენ გაგვაჩნია.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახსენეთ სისუსტე შეიარაღებულ ძალებში. მინდა გკითხოთ, როგორც ყველაზე მაღალი რანგის სამხედროს, რომელიც პასუხს აგებთ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნაზე, რა ვითარებაა კავშირგაბმულობის მხრივ შეიარაღებულ ძალებში? ალბათ, მინიშნებას მიმიხვდით.
ვახტანგ კაპანაძე: კავშირგაბმულობის სეგმენტი არის საკმაოდ კარგ მდგომარეობაში, თანამედროვე აღჭურვილობით. ეს ნამდვილად არ არის ის კავშირგაბმულობის შემადგენელი, რაც იყო შეიარაღებულ ძალებში 2008 წლამდე და 2008 წლის შემდეგ.
რადიო თავისუფლება: ბატონო გენერალო, სკანდალი, რის გამოც ყოფილი თავდაცვის მინისტრი თანამდებობიდან განთავისუფლდა, ეხება სწორედ კავშირგაბმულობის პროექტს, რომელზეც ბევრი ითქვა. მინდა გკითხოთ, რეალურად რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, მოკლედ გვითხრათ?
ვახტანგ კაპანაძე: ძალიან დიდი მნიშვნელობისაა ახლა ეს პერიოდი საკითხის საბოლოოდ გარკვევისათვის. ამიტომ ამ შეკითხვაზე პასუხს, თქვენი ნებართვით, არ გაგცემთ. ახლა დგინდება ამ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დამთავრდება ჭეშმარიტი სიმართლის გარკვევით.