13 ნოემბერს საქართველოს პარლამენტში გაიმართა პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ შიდაპოლიტიკურ ფრონტზე ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საგარეო პოლიტიკის საფრთხეზე სასაუბროდ გამოეყენებინა, თუმცა მათ არ აჰყვნენ თავისუფალი დემოკრატები. ისინი კონსტრუქციული თანამშრომლობის პირობას დებენ. მმართველი უმრავლესობა კი გამოხატავს გარკვეულ კმაყოფილებას იმის გამო, რომ პარლამენტში კონსტრუქციული ოპოზიცია გამოჩნდა.
პოლიტიკურ ძალთა ახლებური გადანაწილების მიმართ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არაერთგვაროვანი მიდგომები იკვეთება. თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მოვუსმენთ, „თავისუფალი დემოკრატების“ გამოთიშვის ჭრილში, მმართველმა კოალიციამ ბევრი რამ გამოამჟღავნა და დაკარგა საგარეო პოლიტიკის ასპარეზზე. მაგალითად, როგორც დეპუტატი სერგო რატიანი ამბობს, პრაქტიკულად გაწყდა კავშირი საერთაშორისო თანამეგობრობასთან:
„რამდენიმე მინისტრი, რომელიც ასოცირებული იყო პროდასავლურ კურსთან, თქვენ ისინიც გამოუშვით მთავრობიდან. ამის მერე იმაზე კი აღარ არის ლაპარაკი, თქვენ პროდასავლური ხართ თუ არა, – თქვენ არაფერი აღარ გაკავშირებთ დასავლეთთან. მთავრობაში დღეს აღარ არის არც ერთი მინისტრი, რომ იყოს პოლიტიკოსი და იყოს ასოცირებული პროდასავლურ კურსთან“.
ეს და მსგავსი შინაარსის განცხადებები პარლამენტში მას შემდეგ გაკეთდა, რაც პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოახერხა დროზე ადრე განსახილველად დღის წესრიგში შეეტანა„საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირების მცდელობის შესახებ“. როგორც ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ახსნა, რეზოლუციის პროექტი დარეგისტრირებულია საორგანიზაციო დეპარტამენტში და განხილვას მხოლოდ შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დაექვემდებარება.
თქვენი დღის წესრიგის მიხედვით მოქმედებას არ ვაპირებთო, უთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. ის თვლის, რომ ბევრ რამეს შეცვლის ახლებური პოლიტიკური ცხოვრება, რაც პარლამენტის სარბიელზე „თავისუფალი დემოკრატების“ ცალკე გამოყოფით დაიწყო:
„მიმაჩნია, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ოპოზიციური პოლიტიკური სივრცე აღარ არის მონოპოლიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მესმის, რომ მათ ეს არ გაეხარდათ, მაგრამ მგონია, რომ მოსახლეობა ბევრად უფრო ცივილიზებულ, კულტურულ და აკადემიურ პოლიტიკურ დებატებს იხილავს ამ პარლამენტში“.
კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოხატავენ თავისუფალი დემოკრატებიც – 12 ნოემბრის სხდომაზე პოლიტიკური გუნდის სახელით განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა. მას აღარ გაუმეორებია თანაპარტიელების პოზიცია, რომ საერთო არაფერი ექნებათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. სამაგიეროდ, საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან გასული პოლიტიკური ძალა თავს ვალდებულად თვლის განმარტოს, რომ „პოლიტიკური თანამებრძოლობის“ 3 წელიწადი უკვალოდ არ ჩაივლის და თავისუფალი დემოკრატები განაგრძობენ იმ „პრინციპებისა და იდეალების“ ერთგულებას, რამაც ეს პარტია ჩამოაყალიბა და რამაც ისინი თავის დროზე „ქართულ ოცნებაში“ გააერთიანა. ირაკლი ჩიქოვანი სამომავლო გეგმებსა და მუშაობის ტაქტიკაზეც აკეთებს აქცენტს:
„შემოგთავაზებთ წინადადებებს და თქვენთან ერთად ვიმუშავებთ ისეთ ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლებიც ქვეყანაში უზრუნველყოფს ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და რეალური არჩევითი დემოკრატიის უზრუნველყოფას, რაც აუცილებლად უნდა იყოს თანხლებული ქვეყანაში ნორმალური მრავალპარტიული სისტემით და მკვეთრი გამიჯვნა უნდა მოხდეს სახელმწიფოსა და პარტიას შორის“.
ჯერჯერობით თავისუფალი დემოკრატები საპარლამენტო სივრცეში ოპონირებას არ ჩქარობენ. 12 ნოემბრის სხდომაზე ძირითადი დაპირისპირება მაინც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გამოიკვეთა. მთელ რიგ შემთხვევებში სადავო თემები კვლავაც „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ კოალიციის დატოვების შემდგომ პროცესებს უკავშირდებოდა. მაგალითად, უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ წამოაძახა უმრავლესობას, რომ მათი რიგები ყოფილი ნაციონალების ხარჯზე შეივსო:
„როგორც თქვენ გიყვართ თქმა, რომ ჩვენ ხალხს ვჭამდით, სისხლს ვსვამდით... თუკი ვინმეს ვჭამდით და ვინმეს სისხლს ვსვამდით, სწორედ ამ ხალხთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით... 2012 წლის შემდეგ ერთი წვეთი სისხლი არ დამილევია, ერთი კაცი არ შემიჭამია... 2012 წლამდე ამ ხალხთან ერთად ვიყავით, გიმეორებთ. იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი თანამდებობა, შეინარჩუნოთ თქვენი უმრავლესობა, იმაზეც კი წახვედით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წევრებთან ერთად გადაირჩინეთ უმრავლესობა... და აწი, როცა 9 წელიწადზე გექნებათ ლაპარაკი, გვერდით უმრავლესობაში გადახედეთ ხოლმე თქვენს კოლეგებს“.
იმაში, რომ უმრავლესობას ყოფილი ნაციონალები შემოემატნენ, გასაკვირს ვერაფერს ხედავს თავად უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. როგორც მან განმარტა, მართალია, საქმე მართლაც „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ წარმომადგენლებს შეეხება, მაგრამ ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც დაინახეს თავიანთი შეცდომები და ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პარტნიორებს. ამასთან, მისი თქმით, ამ ხალხთან ნაყოფიერი თანამშრომლობა უკვე 2 წელიწადს ითვლის და ეს არ მომხდარა სპონტანურად. მთავარი სათქმელი კი, რაც 12 ნოემბრის სხდომაზე ჰქონდა დავით საგანელიძეს, იყო მოწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მისამართით, რომ უწყებამ პარლამენტს წარმოუდგინოს თავდაცვის სამინისტროს შემოწმების მასალები, რათა გაიფანტოს გამოძიების მიკერძოებასთან დაკავშირებული ეჭვები.