პორტირებამ კომპანიებს შორის კონკურენციას ახალი ბიძგი მისცა. 15 თებერვლიდან აბონენტებს ნომრის შეუცვლელად ქსელის არჩევის უფლება მიეცათ და მობილურ ოპერატორებს შორის დიდი მოძრაობა დაიწყო. სულ ამ დროისთვის სამივე მობილურ კომპანიაში პორტირების მსურველთა 19 ათასამდე განაცხადია შესული.
მაგრამ ქსელის გამოცვლის მსურველთა რეალური რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ამ რიცხვში კორპორაციული მომხმარებლებიც შედიან, რომლებმაც კომპანიებს ერთიანი განაცხადით მიმართეს. ამ განაცხადებიდან ერთიანმა ადმინისტრატორმა "მედია პრო-ჯორჯიამ", რომელმაც პორტირება ტექნიკურად უნდა განახორციელოს, 18,3 ათასი აბონენტი ახლად არჩეულ ქსელში უკვე გადართო.
ამ რაოდენობიდან ყველაზე მეტი - 10,3 ათასი აბონენტი "მაგთიკომიდან" "ჯეოსელში" გადაპორტირდა.
"მაგთიდან" "მობიტელის" ქსელში, რომელიც ბაზარზე "ბილაინის" სახელით ოპერირებს, 2,2 ათასი მომხმარებელი გადაერთო. "ჯეოსელიდან" "მაგთიში" 1,6 ათასი აბონენტი გადავიდა; "ჯეოსელიდან" "ბილაინში" - 1,2 ათასი; "ბილაინიდან" "ჯეოსელში" - 0,83 ათასი; "ბილაინიდან" "მაგთიში" - 2,01 ათასი. იმის გამო, რომ "ჯეოსელმა" პორტირებით სულ ცოტა, 11 ათასი ახალი აბონენტი დაიმატა, ამ დროისთვის ბაზარზე წილები ასე ნაწილდება: აბონენტების 45,34% "ჯეოსელის" ქსელშია ჩართული, 41% "მაგთის" საკუთრებაა, 13% "ბილაინის" მომსახურებით სარგებლობს.
"ჯეოსელში" ამბობენ, რომ გაისისთვის წილის 50%-ზე მეტად გაზრდას გეგმავენ. ოპერატორმა პორტირების მსურველებისთვის თბილისში საბურთალოს ქუჩაზე სპეციალური სერვისცენტრიც გახსნა. ფარ-ხმალს არც მისი კონკურენტები ყრიან. "მაგთიცა" და "ბილაინიც" ოპტიმიზმს ინარჩუნებენ და ამბობენ, რომ ქსელიდან ქსელში აბონენტების მოძრაობაში საშიში არაფერია და დასკვნების გაკეთება ნაადრევია. ფაქტია, რომ სიტუაცია ხელსაყრელია მომხმარებლისთვის, რომელსაც შეუძლია ტელეფონით ადრინდელზე უფრო იაფად ისაუბროს.
თიკო ტყეშელაშვილი (კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი): "ჯერჯერობით პორტირებით ყველაზე მეტად "ჯეოსელმა" იხეირა. მან კონკურენტების ყველაზე მეტი აბონენტი გადმოიბირა. "ბილაინი" გაცილებით მეტ ახალ აბონენტს ელოდა, მაგრამ მომხმარებლები დაკარგა კიდეც. ამ უკანასკნელებმა, როგორც ჩანს, დაფარვის ზონის სივიწროვის გამო არჩევანი სხვა ოპერატორზე გააკეთეს. ადამიანების უმრავლესობა იმ კომპანიის ქსელში ჩართო, ვინც მათ ყველაზე ხელსაყრელი პირობები შესთავაზა.
თუმცა პორტირების მიზანი არის არა ის, რომ აბონენტებმა ქსელიდან ქსელში იმოძრაონ, არამედ ის, რომ კომპანიები მუდმივად მუშაობდნენ ახალ სატარიფო გეგმებზე, აქციები მოაწყონ და დაძაბული კონკურენტული ბრძოლა ექნეთ. ბევრ მომხმარებელს ბოლო დროს ორი ტელეფონი ჰქონდა, სხვადასხვა ქსელის ნომრით. პორტირების შემდეგ ორმა ტელეფონმა აზრი დაკარგა. ტარიფებიც ქვემოთ მიდის, თან საკმაოდ აგრესიულად".
წუთობრივ ტარიფს კომუნიკაციების კომისიის მიერ ბაზრის ლიდერ "ჯეოსელისა" და "მაგთისთვის" დაწესებული სატარიფო შეზღუდვაც შეამცირებს. 1-ელი აპრილიდან 24-თეთრიანი ზღვრული ტარიფი უნდა ამოქმედდეს. ეს ნიშნავს, რომ კომპანიები აბონენტებს სხვა ქსელთან საუბრისთვის 24 თეთრზე მეტს ვეღარ ჩამოაჭრიან. არადა, მათთვის მოგება სწორედ სხვა ქსელში გამავალ ზარებს მოჰქონდა. მაგალითად, "მაგთიმ", "მაგთიკომის" აბონენტებს (არა "ბანის" აბონენტებს), სხვა ოპერატორებთან საუბრის წუთობრივი ტარიფი შარშან სექტემბერში 28-დან 32 თეთრამდე გაუზარდა ისე, რომ ამის შესახებ საგანგებოდ არ გაუფრთხილებია. გარე ქსელში მაღალი ტარიფის წყალობით კომპანია დიდ მოგებაზეც გავიდა. ასეთი სიურპრიზებისგან აბონენტები ამიერიდან ზღვრულმა ტარიფმა უნდა დაიცვას.
მობილურმა ოპერატორებმა ახალი სატარიფო პაკეტები პორტირების ამოქმედებისთანავე გამოიტანეს. ბაზრის ლიდერებმა, "ჯეოსელმაც" და "მაგთიმაც" სტანდარტული ტარიფებიც კი დაბლა დაწიეს, რომლებიც წლების განმავლობაში უცვლელი და საკმაოდ მაღალი იყო. ზღვრული ტარიფის ამოქმედების წინ მათ სატარიფო სქემებს კიდევ ერთხელ გადახედეს.
"ბილაინს" პორტირებამდეც კონკურენტებზე დაბალი ფასები ჰქონდა. ახლა მისი ტარიფი კიდევ უფრო შეღავათიანი გახდა. შიდა ქსელში საუბარი უფასოა, სხვა ოპერატორებთან წუთი 10 თეთრი ღირს, ხოლო ზარის წამოწყების ღირებულება 5 თეთრია.
ანდრეი პიატახინი ("ბილაინის" გენერალური დირექტორი): "ახლანდელი ტარიფები ჩვენს ქსელში აქამდეც 24 თეთრზე დაბალი იყო. ზღვრული ტარიფის შემცირება იმ აბონენტებს შეეხებათ, რომლებმაც სატარიფო სქემები 3-4 და მეტი წლის წინ აიღეს და მას შემდეგ არ უფიქრიათ, შეღავათიანი აქციებით ესარგებლათ. ეს კატეგორია არაელასტიკურია და სატარიფო სქემებს არ ცვლიან. ახალი ზღვრული ტარიფი მათ შეღავათს მისცემს.
ჩვენი ტარიფი ყოველთვის უფრო დაბალი იყო კონკურენტებთან შედარებით და აბონენტებისთვის ახლაც ხელმისაწვდომია. აბონენტს პორტირების შემდეგ არჩევანის გაკეთება უჭირს: რომელიმე ქსელში გადავიდეს თუ ისევ ძველის ერთგული დარჩეს. კომპანიებს შორის პაექრობა მიდის, რათა მომხმარებელს კონკურენტებზე უფრო მიმზიდველი წინადადებები შესთავაზონ".
თიკო ტყეშელაშვილი: "მაგთიკომსა" და "ჯეოსელს" ("ლაი-ლაისა" და "ბანის" გარდა) ყოველთვის მაღალი ტარიფი ჰქონდათ და აბონენტებს ნომრით ინარჩუნებდნენ. შიდა ქსელში ტარიფი დაბალი ჰქონდათ, გარე ქსელში მაღალი ტარიფი შეეძლოთ დაეწესებინათ. ახლა კომპანია აბონენტს უკვე ხარჯზე ორიენტირებულ ტარიფს სთავაზობს. ოპერატორები ცდილობენ, დანერგონ ახალი ტექნოლოგიები, გაუმჯობესებული სერვისები.
სხვადასხვა სატარიფო სქემებიდან მომხმარებელს მისთვის უფრო ხელსაყრელის არჩევა შეუძლია. რამდენით დაიკლო ტარიფებმა, ამის თქმა ჯერ ძნელია, მაგრამ კლება საკმაოდ საგრძნობია. რა შედეგები გამოიღო პორტირებამ და ზღვრული ტარიფის შემცირებამ, ექვსი თვის შემდეგ გამოჩნდება, თუმცა იმის თქმა ახლავე შეიძლება, რომ ტარიფების კლება გაგრძელდება".
ტექნიკური ოპერატორი ირწმუნება, რომ სხვა ქსელში გადართვა დაყოვნებისა და ტელეფონის გათიშვის გარეშე მოხდება. ჯერჯერობით პორტირებას ორი კვირა დასჭირდება, შემდეგ ეს დრო ჯერ ერთ კვირამდე, მერე კი სამ დღემდე შემცირდება. პორტაბელურობა ფიქსირებულ სატელეფონო ქსელსაც უნდა შეეხოს. ამ სისტემაში საქალაქო ტელეფონები 15 ნოემბრიდან ჩაერთვება.