ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით (ვიდეო)

ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სპორტული შეჯიბრი „გორგასლიანი“ მიმდინარეობს.  ჩემპიონატის ფარგლებში, დღეს, მეორე ასპარეზობა  ხრიდოლის წესებით ხელჩართულ ბრძოლაში გაიმართა.

შეჯიბრში საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვეითი, მექანიზირებული და  საარტილერიო ბრიგადების, ეროვნული სამხედრო აკადემიის, ეროვნული გვარდიისა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს მონაწილეობა. ასპარეზობა შვიდ წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა: 60კგ-მდე, 66 კგ-მდე, 72 კგ-მდე, 80 კგ-მდე, 90 კგ-მდე, 100 კგ-მდე და 100 + კგ. ჩემპიონატს პროფესიონალ მსაჯთა გუნდი აკვირდებოდა.

შეჯიბრში პირველი ადგილი სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაიკავეს. მეორე ადგილის მფლობელი III ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცები გახდნენ, ხოლო მესამე ადგილზე IV მექანიზირებული ბრიგადის სამხედროები გავიდნენ.

საპრიზო ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს პრიზები და სპეციალური ჯილდო - საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული გმირების სახელობის გარდამავალი ფარ-ხმალი 13 დეკემბერს „გორგასლიანის“ საზეიმო დახურვის ცერემონიაზე გადაეცემათ.

სპორტული შეჯიბრება „გორგასლიანი“ სამხედრო მოსამსახურეთა ფიზიკური მომზადებისა და საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით იმართება.  წელს შეიარაღებული ძალების სპორტული ჩემპიონატი ხუთ სახეობაში ტარდება: ჭადრაკი, ხელჩართული ბრძოლა ხრიდოლის წესებით, რაგბი, საბრძოლო მრავალჭიდი და ესტაფეტა სირბილში.