პოსტების მბრძანებელი – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

პოსტების მბრძანებელი – ქართული ინტერნეტფორუმების მიმოხილვა

[მურმან ეკალაძე]
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ქართულ ინტერტნეტფორუმებზე განსაკუთრებულად ბევრს მსჯელობენ და კამათობენ. თუმცა, ინგლისისა და იტალიის ნაკრებების გავარდნის შემდეგ, ბევრმა ფეხბურთზე საბოლოოდ ჩაიქნია ხელი და კვლავ პოლიტიკურ ბატალიებში გადაეშვა.

თუ იცით, კონკრეტულად რა ამოძრავებთ მათ, ვინც წამოვიდა ნაც-მოძრაობიდან?

SPLIYVI: “ჩემო ტკბილო ხალხო, ნაც-მოძრაობას გამოეყო ბევრი საკმაოდ რეიტინგული და ასე ვთქვათ თავის დროზე ხერხემალი ფიგურა. ის ხალხი, რომლებიც იყვნენ ამ პარტიის სახეები და სულიერ-ხორციელი ლიდერები. ნელ-ნელა ამ ხალხმა დაიწყო ჩამოშორება და ცალ-ცალკე პარტიების შექმნა.

მე მაინტერესებს (ნუ, ნაც-მოძრაობა რომ ბოროტების სათავეა ეს ვიცით) თუ ესეთი წმინდანები იყვნენ და რაც ცუდი კეთდებოდა იცოდნენ, რატომ არ იღებდნენ ხმას? რატომ გახდნენ წმინდანები წამოსვლის შემდეგ? რატომ აეხილათ თვალი წამოსვლის შემდეგ, რისი მონაწილეებიც თვითონ იყვნენ?

ნოღა ნულოვანი ვარიანტის მამაა. ნუციკო ორჯერ იყო (პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი) პირველი პირი. ამ დროს მას ბევრი რამე შეეძლო მაგრამ...”

რატომ წამოვიდნენ და ვის რა მოტივაცია ჰქონდა კონკრეტულად, სულ არ მაინტერესებს და ინგლისელების არ იყოს, ერთ ფართინგს არ გადავიხდიდი მაგის გაგებაში.

ამასობაში კი, სხვა ფორუმელი შემდეგ სიტყვებს გაჰყვირის: დამიბრუნეთ ჩემი საბჭოთა კავშირი! მტარვალებო!

Iverski: “მომენატრა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის მოქალაქე რომ ვიყავი. მომენატრა ელექტრონიკა, ლასკავი მაი, წითელი ყელსახვევიც მომენატრა. მახსოვს რა ამაყი ვიყავი, როდესაც ოქტომბრელის “ზნაჩოკი” მეკიდა. ნუ დაელოდებით ჩემგან დალაგებულ და აზრიან ფრაზებს, რადგან სევდანარევ ეიფორიაში ვარ.

მინდა, საბჭოთა ჰიმნი მესმოდეს და ვიცოდე, რომ წითელი არმია არასოდეს დამტოვებს მტარვალი დასავლეთის კლანჭების პირისპირ. მინდა, ვემსახურებოდე ჩემს დიად ქვეყანას და ბრესტიდან ვლადივისტოკამდე ჩავეხუტე სსრკ-ს. ჩემი დიადი ქვეყანა მომენატრა მტარვალებმა ახირებულ იდეებს რომ გადააყოლეს.

მე საბჭოეთის მოქალაქე ვარ!”

ღმერთო ჩემო, რა მტარვალი რამაა ნოსტალგია...

საქართველო vs რუსეთი. რუსეთის და ჩვენი პოლიტიკის ბევრმა ფანატმა წარმომადგენელმა, თურმე ისტორია არ იცის!

Pattern: “რუსეთთან პარტნიორობა ნებისმიერი ქვეყნისთვის საზიანოა.

იგივეა, რაც შულერის კომპანიაში დროის მოკვლა თამაშით. მონღოლები კი უკუიქცნენ, მაგრამ იმდენად “გააფარჩაკეს” ძველი, კეთილი, ბოგატირი რუსები, იმდენად გაქელეს, რომ სული მოუკლეს. სამაგიეროდ, თავისი სული შთაბერეს. დღევანდელ რუსეთს ოქროს ურდოს ყველა “სიკეთე” ამაგრებს”.

რუსი კარგად რომ გადაფხიკო, მონღოლს აღმოაჩენო - თავად რუსები იტყვიან.

საქონლის ანატომია, ნახირის ზმუილის ანალიზი...

Precursor: “რა ვქნა, ძმაო? ჩემს უკან ჩემი ოჯახი დგას - ბავშვები გასაზრდელი მყავს, მოხუცი მშობლები - შესანახი...” ეს არის ყველაზე გავრცელებული ფრაზა საქონლისა (ნახირის, იგივე - სკაწინას, ბიდლოს წევრი...), როცა ერისკაცი ამუნათებს: “ოც ლარად ქვეყნის მომავალს რათა ჰყიდი, რათაო?” იმისათვის რომ კარგად ჩავწვდეთ საქონლის სიტყვის (უფრორე ზმუილის...) არსს, ამისათვის შეგვიძლია ცოტა შორიდანაც მოვუაროთ - ვინ არიან თავად ერისკაცები?

მოდით, ვკითხოთ მათ ახლობლებს:

კარგი ადამიანია, პატიოსანი... მაგრამ ცოტა კი უბერავს - ვერა ხვდება, რომ ამ ქვეყანას ვერ გამოასწორებს... მე ის მედარდება, რომ ტყუილად თავს დაიღუპავს... რა ვქნა, ვერ მივატოვებ... იქნებ დროთა განმავლობაში თავად დარწმუნდეს, რომ გლეხი კაცითვინა არავინაა”…

სამწუხაროდ ჩვენი ბევრი “ევროპელი” თანამემამულე არანაკლებ საქონელია, ორი კაპიკი რომ უშოვია და ნულოვანი სოციალური სოლიდარობის გრძნობა რომ აქვს აქ დარჩენილთა მიმართ.

როგორი იქნება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს შესაძლო ახალი სტატუსი, რომელსაც რუსული სუნი უდის?!..

გაუჭირდა ბიზნესმენს და მივიდა მისი უფლებების დამცველ ორგანიზაციაში. დადო საჩივარი, გაეცნო ამ საჩივარს აუდიტი ან იურისტი და უთხრეს, წადი ძმაო და დღეიდან წესიერად მოიქეციო; ან წამო და მაგათ სულ ბდღვირს ვადენთო!

Gogilord: “საქართველოში ყველას ყავს დამცველი: ხელისუფლებას - ჯარი და პოლიცია; ხალხს - სახალხო და ადამიანთა უფლებათა დამცველები; ქალებს - ქალთა უფლება დამცველები; ახალგაზრდებს - ახალგაზრდული, ძველგაზრდებს - ძველგაზრდული ორგანიზაციები; ძაღლებს, კატებს - თავიანთი არასამთავროები.

კიდევ?

მასწავლებლებს; ბავშვებს; ჟურნალისტებს; გიდებს და სკაუტებს; ევროპულ ინტეგრაციას; ექიმებს; იურისტებს; ლიბერალებს; არალიბერალებს; არჩევნებს; არ არჩევნებს; ნატოს; თიკოს და პეტრეს და კიდევ, როგორც გავიკითხ-გამოვიკითხე და სამეწარმეო რეესტრიც მიდასტურებს, საქართველოში 14000-მდე არასამეწარმეო იურიდიული პირი ყოფილა რეგისტრირებული, რომელთა უმრავლესობა, დღედაღამე ვინმეზე ან რამეზე ზრუნავს და ვინმეს ან რამეს უფლებებს იცავს. მგონი ვიღაც გამომრჩა, თუ სპეციალურად გამოვტოვე?”

ვინ არიან ეს ხალხი? ეგენი კარგს ჭამენ, კარგს სვამენ, ძვირადღირებული მანქანებით დადიან, მდიდრულ კურორტებზე ისვენებენ, თვითონ ხომ ჭამენ და სხვებსაც, 1-დან დაწყებული 100-200 ოჯახით დამთავრებული (ნუ ვინ როგორ), აჭმევენ. სახელმწიფოს ფულს უხდიან, მერე იქედან ყველა სხვები ხელფას იღებენ. დილით 5 საათზე დგებიან და ღამით 11-12-ზე შედიან სახლში. და თითქოს დიდი არც არაფერი ხდება…

ქართველები თამაშის გაკეთებას აპირებენ, სამაჩაბლოში ომზე. ფორუმელები ფიქრობენ, რომ კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

witcher: ესაა მცირე ნაწყვეტი რომანიდან ირატტა.რუ, რომელიც თამაშს საფუძვლად დაედება.

მანქანასთან მდგომი ორი ავტომატიანი მისკენ დაიძრა. შორი ბიბლიოთეკაში შევიდა. რამდენიმე კარადა იდგა, ერთ-ერთს ამოეფარა. ის ორნი, შენობას რომ მოუახლოვდნენ შეჩერდნენ. წინ რომელიც მიდიოდა, ბიბლიოთეკაში შევიდა, მეორემ კი გზა განაგრძო. შეამჩნიეს?! შენობაში შემოსულმა ტელეფონი ამოიღო, თან შარვალს იხსნიდა. მერე იქვე ჩაიცუცქა. როგორც ჩანს ვიღაცას ელაპარაკებოდა ოსურად.

ჩანთა შეირხა. ცარიელი შენობის სიჩუმეში შრიალი გუგუნივით გაისმა. ჩაცუცქულმა ლაპარაკი შეწყვიტა და ჩახდილმა კარადას შემოუარა. ეს მისი ბოლო მოძრაობა იყო – შორიმ კისერი გადაუგრიხა და კარადის უკან მიაგდო, მერე კი სასწრაფოდ ბიბლიოთეკის გასასვლელისკენ გაიქცა და ფანჯრის ქვეშ ჩაიცუცქა. ყველაფერი მარტივად მიდიოდა და უცებ გართულდა. ამათი მოკვლა პრობლემას არ წარმოადგენდა, მაგრამ სამი მოკლული ჯარისკაცი ზედმეტი თავსატეხი იყო“.

საინტერესო რამეა და იმედი მაქვს რომ თამაშიც უმაღლესი იქნება და არა როგორც რუსებმა გააკეთეს – იაფფასიანი.

ერთიც…

რამდენჯერმე უკვე შეცდი, დიეგო, მაგრამ გაპატიე. გაპატიებენ კიდევ ტაქტიკის უცოდინარობას, სამწვრთნელო გამოცდილების არქონას, გაპატიებენ უმნიშვნელო გაუგებრობებსაც, გაგიგებენ და ტაშსაც დაგიკრავენ, იმიტომ რომ ფეხის ნაცვლად გულით თამაშობდი, არამარტო ნიჭი, არამარტო ტალანტი იყო შენი მეფური თვისება, არამედ შენი სილაღე და გული, რომელიც მუდამ არგენტინისთვის ძგერდა...

P.S. ეს ყველაფერი გუშინ დავწერე… ჯერ არ იყო 18 საათი, ჯერ არც 18 საათი და 03 წუთი იყო. დიეგო სამშობლოში თასს ვერ ჩაიტანს… ვაჰ, მეე…
რედაქციისგან: ვაჰ, ჩვეეენ…