გააფორმა თუ არა საპროცესო გარიგება ხელისუფლებამ სოსო თოფურიძესთან?

გააფორმა თუ არა საპროცესო გარიგება ხელისუფლებამ სოსო თოფურიძესთან?

როგორც ამბობენ დრო ყველაფრის მკურნალიაო, მაგრამ ეს ანდაზა ხშირ შემთხვევაში  თავის შინაარსს ვერ ამართლებს, რადგანაც დრო იმ  უმძიმესი განცდების დავიწყებას ვერ შველის, რაც მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნებმა, ადამიანებს დამართეს. ეს „დაუვიწყარი" წარსული კი  9 წლის განმავლობაში, ნაციონალური ხელისუფლების დროს იქმნებოდა, რამაც უამრავი ადამიანის ცხოვრების წესი, პრაქტიკულად შეცვალა და უთვალავ ადამიანს, სატანჯველით სავსე ბიოგრაფია შეუქმნა. ამ მხრივ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის „მშვენება" და  ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ნაციონალური ხელისუფლების ბინძური საქმიანობის „გამპრავებელი" და „რუპორი", კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე გახლდათ. ეს ის სოსო თოფურიძეა, რომლის გამოჩენაც ტელე-ეკრანებზე, სრულიად საქართველოს მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა და მის პიროვნულ სისასტიკესა და უღირს საქციელზე, ქალაქში ლეგენდებიც კი დადიოდა. იყო ასეთი მოდური წყევლა ქალაქში: „შენ დაგებედოს ახალ წელს ოჯახში სოსო თოფურიძე",  „შენ გნახე სოსო თოფურიძის გვერდით",  „შენს სამსახურში ვნახე სოსო თოფურიძე მოსული" და ასევე, ურჩ ბავშვებსაც კი მისი სახელით აშინებდნენ; „გაჩერდი თორემ, სოსო თოფურიძე მოვა და დაგიჭერსო". მოკლედ, ბუა ძია- სოსო თოფურიძე, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, თითქოს თვალსა და ხელშუა აორთქლდა. მას შემდეგ, რაც მან საქართველო დატოვა, მის შესახებ, არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება.  

ცნობილია, რომ სოსო თოფურიძე კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას, თავი ტელე-დაჭერებით დაამახსოვრა. ის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ერთ-ერთი დასაყრდენი, შსს-ს სპეც-დანაყოფის კუდის ხელმძღვანელის, დათა ახალაიას მოადგილე იყო. დათა ახალაია კი, ვანო მერაბიშვილის დავალებით ქმნიდა დაინტერესებული, იგივე დასაკავებელ პირთა მიმართ, სრულყოფილ საინფორმაციო ბანკს,  თუ რა ქონებას ფლობდა ესა თუ ის ჩინოვნიკი. „ნაციონალურმა მოძრაობა"-მ  ხელისუფლებაში მოსვლისთანავე უკანონობასთან და კორუფციასთან ბრძოლა, სწორედ ტელე-დაჭერებით და დამნაშავის დაკავების ამ  მეთოდის დანერგვით დაიწყო. პირველი ტელე-დაკავება მაშინდელმა შს მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა განახორციელა, როდესაც კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის ყოფილი მინისტრი მერაბ ადეიშვილი დააკავა. ამ  დაკავებამ, მაშინ  საზოგადოება შოკში ჩააგდო. წოდებით პროფესორი და სოლიდური ასაკის მქონე მერაბ ადეიშვილი, მთელი ქვეყნის თვალწინ, ტელეკამერების თანხლებით სახელმწიფო კანცელარიის შენობის წინ აიყვანეს. მაშინ საზოგდოების გარკვეულმა ნაწილმა,  ეს დაპატიმრება გააპროტესტა, ხოლო უმეტესობამ კი გულზე ხელი დაიბრაგუნა და ნიშნისმოგებით თქვა, უარესი ეკუთვნისო. საზოგადოებამ მაშინ ვერ გაითვალისწინა ამ გულცივობით მოსალოდნელი საფრთხე და ასევე  ის რომ, ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ტელე-დაკავებები, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო და ამ უკანონობის წახალისება, დანაშაული. საზოგადოების დიდმა ნაწილმა თავი ქვიშაში ჩარგო და სიმართლის თქმას, დანაშაულში ცხოვრება ამჯობინა. მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის ქმედებებმა კი, მუდმივი და მასშტაბური ხასიათი მიიღო. ყოველი დილა, იწყებოდა 12 საათიანი კურიერით, სადაც სოსო თოფურიძე თვალებდაქაჩული „სიფათით" გვაუწყებდა მორიგი დაკავების შესახებ და იწყებოდა, იმ დაკავებულ ჩინოვნიკთა შესახებ სიუჟეტები, რომლებსაც „სიქა" ჰქონდათ გაცლილი ვარჯიშისგან. ცხადია, ეს არ იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშით დაღლა.. . „ვარჯიშის"  ტექნოლოგია და შინაარსი შემდეგში მდგომარეობდა: ასე მაგალითად, ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა დათა ახალაიას ერთად, ქუთისის მაღალჩინოსანთა დაკავება, რომელიც პრაქტიკულად კუდის სპეც-რაზმმა  სოსო თოფურიძესთან ერთად განახორციელა. ქუთაისში 20-მდე თანამდებობის პირის დაკავება,  ტელევიზიების თანდასწრებით მოხდა და რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველა დაკავებული პირი, რატომღაც სიცილს ვერ იკავებდა დაკავების მომენტში და ამის შემხედვარე ხალხი, გაოგნებული დავრჩით და ვთქვით;- ნეტავ რა აცინებთ ამ უბედურებსო. მოგვიანებით კი გაირკვა და პირადად ერთ-ერთმა დაკავებულმა  დეტალურად მოჰყვა დაკავების დეტალები. „როცა დაგვაკავეს, უფრო სწორად როცა სოსო თოფურიძე მოვიდა ჩვენთან სამსახურში თავის შეიარაღებულ რაზმთან ერთად და  გამოგვიცხადა ყველას ერთად, რომ თქვენ დაკავებული ხართო, ის  თავისი ჩვეული ოფიციალური ტექსტის წაკითხვას  და ბორკილების დადებას, რატომღაც არ ჩქარობდა. გვიბრძანეს რომ დავწოლილიყავით ყველანი მიწაზე, დაგვყარეს შენობის გარეთ. ცხელოდა ძალიან და საათნახევარი მზისქვეშ ვეყარეთ. „რუსთვი 2"-სელოდებოდნენ...  მერე თქვეს, ეს არ გამოვა შთამბეჭდავი  სიუჟეტიო და კედელთან დაგვაყენეს ზურგით, დაახლოებით ერთი საათი ვიდექით გაუნძრევლად. ესეც არ მოეწონათ. შემდეგ  გვითხრეს, წადით ახლა სახლში, ჯერ არ გვჭირდებით. ტელევიზიები უნდა ჩამოვიდნენ თბილისიდან, სხვა დაკავებებზე არიან და სანამ „რუსთვი-2" არ მოვა, მანამდე ვერ დაგიჭერთო. გვეღადავებოდნენ და დაგვცინოდნენ. არ მოვიდა „რუსთავი-2" და გაგვიშვეს სახლში. ცოტა ხანში ისევ გამოგვიძახეს სამსახურში და კიდეც დაიწყო ჩვენი წამება. დაგვაკავეს ტელევიზიის თანდასწრებით, თან იღებდნენ დაკავების ფაქტს. რამდენჯერმე გავიარეთ დაკავების რეპეტიცია, ბევრჯერ დაიწუნეს, არ ვარგა, არ არის შთამბეჭდავიო და ბოლოს, მეასედ რომ გაგვაქციეს და თითქოს პირველად გვაკავებდნენ, სიცილი ვერ შევიკავეთ.  მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი იმდენად სამარცხვინო, სასაცილო და დამამცირებელი იყო ჩვენთვის, რომ ვემუდარებოდით კუდელებს და სოსო თოფურიძესაც, დაგვიჭირეთ, თავი გაგვანებეთ და ნუ გვამასხარვებთ-თქო. სოსო თოფურიძემ, როგორც კი მოიწონა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტთან ერთად დაკავების სიუჟეტი, თქვა, უკვე კარგია, შთამბეჭდავი გამოვიდა სიუჟეტი და გადაღებულიაო. ამის შემდეგ ხელბორკილები დაგვადეს და სოსო თოფურიძემ წაგვიკითხა როგორც იქნა, რაში გვედებოდა ბრალი.  დამთავრდა ბოლოს და ბოლოს, ნაციონალური მამაძაღლობა და სიცრუის დემონსტრირება. ამ სამაცხვინო დაკავებას ქუთაისელები, დღემდე სიცილით ვიხსენებთ. ყველა დაკავება, წინასწარ დადგმული სპექტაკლივით ხდებოდა ქუთაისში და ხუმრობდნენ კიდეც, ამ ნაციონალების ხელში ერთი ნაღდი დაჭერა მოგენატრება კაცსო. ისე, სიმართლე თუ გინდათ გითხრათ, სოსო თოფურიძესთან ერთად, გამოძიება უნდა დაინტერესდეს იმით რომ, ქუთაისში ყველა ტელე-დაკავებას, ერთი და იგივე ჟურნალისტი იღებდა „რუსთავი-2"-დან. სწორედ ეს ჟურნალისტები ერეოდნენ უშუალოდ  დაკავების პროცედურაში, ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევასა  და ზეწოლაში, ისინი მონაწილეობდნენ. სწორედ ამ ჟურნალისტების ხელმძღვანელობით ხდებოდა, დაკავებულ პირთა „რეპეტიცია", რომელიც  დამთრგუნველი და დამამცირებელი იყო ჩვენთვის. მადლობა უფალს რომ ჩვენს ქვეყანაში 9 წლის შემდეგ მაინც, ეს საშინელება და აბსურდის თეატრი დასრულდა.  გენერალურმა პროკურატურამ უნდა დაკითხოს არა მარტო სოსო თოფურიძე, უკანონო დაკავებების გამო,  არამედ ყველა ის ჟურნალისტი, რომელიც ამ ტელე-დაკავების, სიცრუის რეჟისურას ახორციელებდა. ჩვენ ყველანი, ვინც საკუთარ თავზე გამოვცადეთ, დამცირება და დაკნინება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს, მოუთმენლად ველით სამართლინობის აღდგენას. ამას  ველით ახალი ხელისუფლებისგან და ნურავინ იფიქრებს, რომ რომელიმე ჩვენთაგანს, დაგვავიწყდა ის სულიერი ტრამვა, რომელიც, მიხეილ სააკაშვილის მითითებით, ვანო მერაბიშვილმა და მისმა მართულმა ე.წ. „კუდ"-მა და  კუდის პრეს-სპიკერად ცნობილმა სოსო თოფურიძემ მოგვაყენა" განაცხადა ჩვენთან საუბარში ქუთაისელმა, მერიის ყოფილმა ჩინოვნიკმა სევასტი კუჭუხიძემ.

ცნობილია, რომ სოსო თოფურიძე გარდა იმისა, რომ ის  9 წლის განმავლობაში ქართველი ხალხის, ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და დაშანტაჟებაში, ადამიანის დამამცირებელ გარემოებაში, მათი უკანონო დაკავება-დაჭერასა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ყოფნის გამოა „ეჭვმიტანილი", ის ასევე სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში, კონკრეტულად კი ოლეგ მელნიკოვთან და სხვა პირებთან ერთად, უმძიმეს დანაშაულშია მხილებული. დღეს კი, ოლეგ მელნიკოვის სასამართლო პროცესი გაიმართა, ოღონდ სოსო თოფურიძის გარეშე. როცა, ის წესით და რიგით, მინიმუმ ბრალდებულის სკამზე უნდა იჯდეს, თუ არა განსასჯელის.

საოცარია, როცა ვრცელდება ინფორმაცია რომ, თითქოს სოსო თოფურიძესთან ახლანდელმა ხელისუფლებამ, საპროცესო გარიგება გააფორმა და მას ხელშეუხებლობა გარანტირებული აქვს. ძალიან მინდა, რომ ამ ინფორმაციის რეალობა ეჭვქვეშ დავაყენო, რადგანაც ასეთი რა ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა სოსო თოფურიძეს სამართალდამცავებისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის და ათასობით მისგან გაუბედურებული ადამიანის საქმეები გადაეწონა?! იმედია, სამართლდამცავები ისეთი „მამალი" დამნაშავეებისგან როგორიც თოფურიძეა, არანაირ ინფორმაციულ „ბარტერს" არ მიიღებენ, რადგანაც ჩვენი, თქვენი და სრულიად საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის სურვილია სამართლიანობა აღსდგეს. ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი, ამას დღე-დღეზე და წუთი-წუთზე ელოდება!

გავრცელებული ინფორმაციით, სოსო თოფურიძე უცხოეთში იმყოფება და მასზედ ქართველ სამართალდამცავებს, ძებნაც კი არ არის გამოუცხადებიათ.