სტრასბურგის სასამართლომ კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი ევროპული კონვენციის 4 მუხლით გაამართლა და გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელშიც ნათქვამია: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას ან დასჯას“. საქართველოს მთავრობას კი სულხან მოლაშვილისთვის 3 თვის ვადაში 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა და 1 წლის ვადაში საქმის გამოძიება დაევალა.
როგორც ცნობილია, სულხან მოლაშვილმა სარჩელით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2004 წელს მიმართა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ სულხან მოლაშვილი უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად იყო პატიმრობაში.
„სულხან მოლაშვილის მიმართ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან მისი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ჰქონდა ადგილი. წინა ხელისუფლებაც გახდა იძულებული აღიარების წერილი გაეგზავნა სტრასბურგში და დაეწყო მოლაშვილთან მორიგების პროცედურა, მაგრამ ამის შემდეგ დავა გაგრძელდა და გაიწელა ეს პროცესი, რადგან წინა ხელისუფლებასა და მოლაშვილის ადვოკატებს შორის ვერ ხერხდებოდა შეთანხმების მიღწევა მორიგების ტექსტის თაობაზე. ჩვენ ეს პროცედურა დავასრულეთ და სტრასბურგის სასამართლომ ეს საქმე დახურა, რომლის ძალითაც ჩვენ, სახელმწიფოს დაგვეკისრა 20 ათასი ევროს გადახდა“, - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
თავად მოლაშვილი აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ქვეყანაში სისხლისმსმელი არსებობდა.
„ეს გადაწყვეტილება არის ათწლიანი ლოდინის, ათწლიანი ბრძოლის შედეგი, რომელსაც სულმოუთქმელად ველოდით. ეს არის მაგალითი, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და როგორ არ უნდა გააუბედურონ ოჯახები და როგორ არ უნდა გაამწარონ ადამიანთა სიცოცხლე“, - აღნიშნა სულხან მოლაშვილმა.
ამასთან მოლაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს გადადგომას იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ურჩევს. მისივე განცხადებით, გადაწყვეტილებაში საუბარია მიხეილ სააკაშვილისა და კოტე კუბლაშვილის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაზე.
„გადაწყვეტილებაში საუბარია ერთ-ერთი ძირითადი კონსტიტუციური დებულების უგულებელყოფაზე. სააკაშვილის შემთხვევაში ეს მისი იმპიჩმენტის საფუძველი უნდა გამხდარიყო, ხოლო კულბაშვილთან მიმართებაში, მან ახლავე შეიძლება იგრძნოს მორალური პასუხისმგებლობა. უმჯობესია საიმპიჩმენტოდ არ გაიხადოს საქმე და თვითონ გადადგეს. სტრასბურგის გადაწყვეტილება ეხება ყველას, ვინც გამოძიების და სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე არამართლზომიერი და უკანონო გადაწყვეტილებები მიიღო“, - ამბობს სულხან მოლაშვილი.
მისივე თქმით, ის კონკრეტული პირების სამართლებრივ პასუხისმგებლობას მოითხოვს და კონკრეტული პირების წინააღმდეგ საჩივარს შეიტანს. კონკრეტულ დეტალებზე მოლაშვილი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს განცხადებას. თუმცა, ცნობილია, რომ იგი მის წამებაში უშუალოდ გიგა ბოკერიას, ზურაბ ადეიშვილს და გოგა გრიგალაშვილს სდებს ბრალს. მოლაშვილი აცხადებდა, რომ დაკავების პირველივე ღამეს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გიგა ბოკერია და ზურაბ ადეიშვილი სასურველი აღიარებითი ჩვენების მიცემის მოთხოვნით წამების საშინელი მეთოდებით გაუსწორდნენ. აწამეს როგორც ელექტროშოკით, ასევე სიგარეტის საშუალებით დაუწვეს სხეული.
„ითხოვდნენ დამეწერა, რომ სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობის პერიოდში, საკრებულოდან თანხის მოპარვა თითქოს შევარდნაძის პერიოდში განხორციელდა. როდესაც უარი მიიღეს, მაწამეს“.
დაკავების შემდეგ მოლაშვილს ხელისუფლებამ კოჯორში საცხოვრებელი სახლი ჩამოართვა, ყოფილი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახლი მოხუცთა თავშესაფარს გადაეცა.