ფაქტია, საქართველოს საგარეო პოლიტიკა ჩიხშია - რუსეთთან თანამშრომლობის აღდგენის ორწლიანმა მცდელობამ შედეგი, ჯერჯერობით, არ გამოიღო. პირიქით, უკურეაქცია სახეზეა _ აბაშიძე-კარასინის დონეზე წარმოებულ მოლაპარაკებასა და ეკონომიკურ თანამშრომლობას რუსეთისთვის სულაც არ შეუშლია ხელი, რომ აფხაზეთისთვის თანამშრომლობის პროექტი შეეთავაზებინა. მართალია, მაია ფანჯიკიძემ ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის 28 სახელმწიფოს ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და თავის მხრივ, დასავლეთმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა, თუმცა რამდენად შეძლებს ქართული მხარე რუსეთის აგრესიული გეგმების შეცვლას, ,,ვერსია’‘ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრთან, საზოგადოება ,,ივერიის’‘ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, გრიგოლ ვაშაძესთან ინტერვიუს გთავაზობთ. - ბოლო ორი წლის განმავლობაში ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიების თემა საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამქრალიყო და საკითხი მაქსიმალურად მიჩქმალულიყო; მეტიც, ხელისუფლების პირველი პირები საკუთარი განცხადებებით ქვეყნის პოზიციებს მნიშვნელოვნად აზიანებდნენ. საუბარი იმის შესახებ, თითქოს 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭებაში პრინციპული მნიშვნელობა წინა ხელისუფლების რიტორიკას ენიჭებოდა, სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. გეგონება, რიტორიკა რუსეთის ქმედებებზე ადეკვატური რეაქცია არ იყო... განცხადებები იმის შესახებ, რომ ,,ქართულმა ოცნებამ’‘ იცის, როგორ დაალაგოს რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენ მოკავშირეებს უქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ქართულმა მხარემ ამ მხრივ იმედისმომცემ შედეგებს მართლაც მიაღწია, რის შესახებაც მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. ამიტომ დღეს, როდესაც რუსეთი აფხაზეთის ღია სამართლებრივ ანექსიას ახორციელებს და ხელისუფლება დახმარებას სთხოვს პარტნიორებს, მათ რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ?
- თავდაცვის მინისტრმა რუსეთთან აგრესიული პოლიტიკის წარმოება უკვე დააანონსა. რუსეთთან ურთიერთობაში ,,თმენის რეჟიმის’‘ დასრულება თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ?
- საერთოდ არ მესმის, რას ნიშნავს აგრესიული საგარეო პოლიტიკა? საგარეო პოლიტიკა რუტინულ მუშაობას მოითხოვს და მას თავისი კანონები აქვს - უნდა შეაფასო, სად ხარ დღეს და გადაწყვიტო, სად იქნები სამი წლის შემდეგ. საინტერესოა, რუსეთთან აგრესიულ პოლიტიკაზე გადასვლა როგორ თანხმდება ხელისუფლების თეზისთან, თითქოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაცია რუსეთთან ურთიერთობების დალაგებასთან თავსებადია? არაპროფესიონალი და უცოდინარი ადამიანები ტელეეკრანებიდან ჭკუას გვარიგებდნენ, რუსეთს დავარწმუნებთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მოსკოვის ინტერესებში შედისო... რეალურად, რუსეთს პაუზა სჭირდებოდა - გარანტია უნდა ჰქონოდა, რომ, სანამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას ახორციელებდა და მიზნებს აღწევდა, საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების აქტუალიზაციას არ შეეცდებოდა. ყირიმის ანექსიის შემდეგ, საქართველოსთვისაც ,,მოიცალა’‘ და აბსოლუტურად შეგნებულად, აფხაზეთთან ,,შეთანხმების პროექტი’‘ წინასწარ გამოაქვეყნა.
- ანუ აფხაზეთის ანექსია შეუქცევადია და მას ვერც საგარეო პოლიტიკის გამკაცრება და ვერც ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მაია ფანჯიკიძის შეხვედრები შეაჩერებს?
- პროცესი შეუქცევადი არ არის. დეოკუპაცია აუცილებლად მოხდება, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ პოზიციების დათმობა დაუშვებელია! რუსეთი ნებისმიერ ფორმატში, სადაც წარმომადგენლობა, დელეგაცია ან თუნდაც ერთი დიპლომატი ჰყავს, საქართველოსა და მისი მოკავშირეების მხრიდან მუდმივი წნეხის ქვეშ უნდა იყოს. ამის გარეშე შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ამ მიმართულებით პროცესის გაჩერება და პაუზის აღება, დამღუპველია, რადგან მუშაობის დაწყება ისევ ნულიდან გიწევს. თითქმის ყველაფერი, რასაც მუშაობის შედეგად მივაღწიეთ, დაიკარგა. მაგალითად, ,,ქართულმა ოცნებამ’‘ დამარხა იმ ხელშეკრულების რეალიზაციის შესაძლებლობა, რომელსაც საქართველომ და რუსეთმა, შუამავლების მეშვეობით, რუსეთის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის მოაწერეს. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთ-აფხაზეთისა და რუსეთ-ცხინვალის ვაჭრობაც კონტროლდებოდა. საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორწლიანი უმოქმედობით იმასაც ,,მივაღწიეთ’‘, რომ, თუ ახლა პარტნიორთან ოკუპაციის წინააღმდეგ მხარდაჭერის თხოვნით მიდიხარ, კარგად ინფორმირებული პარტნიორი მაგიდაზე რამდენიმე ციტატას გიდებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ყირიმს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან საერთო არაფერი აქვს. ამასთან, თურმე რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული 25-წლიანი აგრესიული სამხედრო-ტერორისტული ომი, აფხაზური ერის თვითგამორკვევის პროცესია. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს აქტუალობის დაბრუნებას კი, უზარმაზარი ძალსიხმევა სჭირდება.
- ხელისუფლებას აქვს არგუმენტი, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებისკენ ქართულ მხარეს თავად დასავლეთი მოუწოდებდა. ხელისუფლებაში ყოფნის დროს პარტნიორებისგან მსგავსი რეკომენდაცია არ მიგიღიათ?
- ჩვენი საგარეო პოლიტიკა იმპროვიზაციის ნაწილი არ ყოფილა. რუსეთის მიმართულებით ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი დასავლეთთან თანხმდებოდა. არც საქართველოში და არც მის ფარგლებს გარეთ საქართველო-რუსეთის ურთიერთობების დალაგების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ეს პროცესი ,,ქართულმა ოცნებამ’‘ სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში რუსეთის პრობლემების დალაგების პოლიტიკად გადააქცია. დაასახელონ სახელი, გვარი და თარიღი, ვინ ან როდის დაუჭირა მხარი დასავლეთში აბაშიძე-კარასინის შეხვედრებს?
- გიორგი მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრა უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, რომლის მზადების შეჩერებაც, პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის განცხადებით, მთავრობამ მოითხოვა?
- ეს საუბრები სრულიად გაუგებარია! ჯერ ერთი, ხელისუფლებაში არ მეგულება ადამიანი, რომლის გაშვებაც ამ მოლაპარაკებებზე შეიძლება. მეორე მხრივ, სანამ ამ მოლაპარაკებაზე ვინმე წავა, ხელისუფლებამ რამდენიმე ელემენტარული ჭეშმარიტება უნდა შეიგნოს - თუ შეხვედრაზე ქულების დამთვლელი მსაჯი არ იმყოფება, რუსეთთან პირდაპირი ლაპარაკი დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში რუსეთს ყოველთვის ექნება შესაძლებლობა დაგაბრალოს ის, რაც არასოდეს გითქვამს ან უკიდურეს შემთხვევაში, გეტყვის, რომ პოზიტიურად განწყობილი არაკონსტრუქციულ მიდგომას წააწყდა და შეხვედრას იმედგაცრუებული ტოვებს. ასე რომ, პუტინთან მოლაპარაკებაზე შესვლამდე, ზუსტად უნდა გესმოდეს, რას და რატომ აკეთებ. საქართველოს ხელისუფლება კი, აბსოლუტურად არაორგანიზებულია, რაც მიმდინარე პროცესებმაც ცხადყო. გიორგი მარგველაშვილისა და პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის ერთი წევრი ამბობს - შეხვედრის კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავიო, მეორე ამტკიცებს - მსგავსი მუშაობა საერთოდ არ დაწყებულა და ამის შესახებ არც გამიგიაო, პრემიერის სპეცწარმომადგენელი კი განმარტავს, შეხვედრისთვის ორგანიზაციული თვალსაზრისით სამუშაოები არ დაწყებულაო. უკაცრავად, არაორგანიზაციული სამუშაო რას ნიშნავს? ეს ფაქტიც კი ხელისუფლების სრული დეზორგანიზაციულობის მაჩვენებელია.
- the new york times-ში დავით უსუფაშვილის სტატიის გასვლის შემდეგ განვითარებული პროცესებიც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ?
- რუსული ანდაზა მახსენდება: заставь дурака богу молиться он и лоб расшибет. მნიშვნელობა არ აქვს, სტატია ვინ დაწერა ან გადაგზავნა, ფაქტია, the new york times-ის სარეკლამო ფურცელზე, რომელზეც ქართული ფული დაიხარჯა, საქართველოს დღევანდელ პრობლემებზე, განსაკუთრებით აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაციაზე ან რუსეთის აგრესიაზე სიტყვაც არ თქმულა. ესეც სამედიცინო დიაგნოზია.
- კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც, ჯერჯერობით, მთავრობაშიც აზრთა სხვადასხვაობაა - რა საფრთხეებს ქმნის ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობა?
- ვინც რუსეთის პოლიტიკაში ოდნავ მაინც ერკვევა, მარტივად მიხვდება, რატომ ხარჯავს რუსეთი ამ გზის მშენებლობაში 2,5 მილიარდ ამერიკულ დოლარს და რატომ შენდება 25-მდე გვირაბი და ხიდი. ამას რუსი პოლიტიკოსები და ,,პოლიტოლოგები’‘ არც მალავენ. როგორც ჩანს, რუსეთის გეგმა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ასე გამოიყურება: იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელებას გადაწყვეტს, მას საქართველოს სამ ნაწილად გაჭრის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ანუ დასავლეთ საქართველოში აფხაზეთიდან შევა, ცენტრალურ ნაწილში - ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან და აღმოსავლეთ საქართველო - ავარეთ-კახეთის გზა. ეს შესაძლებლობას მისცემს, თავის სტრატეგიულ მოკავშირესა და იქ განთავსებულ სამხედრო ბაზას უმოკლესი გზით დაუკავშირდეს.
- ის ფაქტი, რომ ამ გზის მშენებლობაზე საქართველოს ხელისუფლება ჩამოყალიბებულ პოზიციას ჯერ კიდევ არ ახმოვანებს, ხომ არ ნიშნავს იმას, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია?
- ეს კითხვა ყველას გვაქვს, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ვისაც სჯერა, რომ რუსეთი საქართველოსკენ მიმართულ კომუნიკაციებს ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და ტურიზმის განვითარებისთვის გამოიყენებს, მწარედ ცდება. მიუხედავად სპეციფიკური თავისებურებებისა, რუსები საკმაოდ პრაგმატულები არიან. ,,გონივრული ეჭვი’‘ გვაქვს, რომ შესაძლოა, არა კაბინეტის წევრი, მაგრამ ვიღაც სხვა, აფხაზეთის მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის აღდგენაზე მუშაობს, რათა მოსკოვი-ერევნის მიმართულებით პირდაპირი სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს. სავარაუდოდ, ეს ,,სხვა’‘ ავარეთ-კახეთის გზის მშენებლობაზე გამართულ მოლაპარაკებებშიცაა ჩართული.
- ამიტომ საუბრობს რუსეთი ღიად ამიერკავკასიის ტერიტორიაზე სტაბილურობის ჩამოყალიბების პროცესის დაწყებაზე, რომელსაც თურმე, ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება ხელს შეუშლის?
- რა თქმა უნდა! რუსეთს ამიერკავკასიაში სამი სატელიტი სჭირდება, რომელიც მოსკოვის სამხედრო და საგარეო პოლიტიკურ მითითებებს უსიტყვოდ დაემორჩილება, ამიტომ საქართველომ უსაფრთხოებისა და ახალი საგარეო პოლიტიკური კონცეფცია სასწრაფოდ უნდა შეიმუშაოს. ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ დავტოვეთ, ჩუმად გააქრეს, თანაც მისი მოქმედების ვადა 2013 წელს ამოიწურა. ამას შემდეგ კი, ერთი კონცეფციალური დოკუმენტიც არავის შეუმუშავებია. არადა ეს აუცილებელია, რადგან უკრაინის მაგალითმაც დაგვანახა, რომ ყირიმი რუსეთის ბოლო გაჩერება არ არის. მათ კიდევ აქვთ გეგმები, რომლის სიაშიც საქართველო ბოლო ადგილზე ნამდვილად არ იკავებს. სანამ სერიოზული თავდაცვის მექანიზმებს არ შევიმუშავებთ, საქართველოც რუსეთის სამხედრო აგრესიის პოტენციური ობიექტი იქნება.