ფინანსთა მინისტრი ეკონომიკური კრიზისის დასრულების ახალ მტკიცებულებას ასახელებს. კახა ბაინდურაშვილმა პარლამენტის სხდომაზე 2011 წლის ბიუჯეტის წარდგენისას ბრძანა, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდა, რაც სახაზინო დეპოზიტების მოცულობამ განაპირობა.
ბაინდურაშვილის განმარტებით, საქართველოს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლაში ტურიზმის სექტორი დაეხმარა, რადგან ტურისტების რაოდენობა 35%-ით გაიზარდა. ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მაია სიდამონიძის განმარტებით, უკვე მუშაობენ სარეკლამო რგოლებზე, რომლებიც ქვეყანას ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება. სარეკლამო რგოლები ქართულ ტელესივრცეშიც იტრიალებს. ასევე იგეგმება გარე რეკლამებისა და სარეკლამო ბანერების განთავსება მეზობელი ქვეყნების წამყვან ვებ-გვერდებზე.
ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, ამ წლისთვის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იქნება, რაც მისივე თქმით, ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. ქობალიას ინფორმაციით, წელს საქართველოში 2 მილიონი ტურისტი შემოვიდა, თუმცა, ამას არც ერთი ტურისტული კომპანია არ ადასტურებს.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველო სამთო-სათხილამურო დასვენების კურორტად გადააქციოს. როგორც ჩანს, ეს ამბიციური პროექტია და არა პროგრამა, რომელიც ეკონომიკურ წარმატებაზეა გათვლილი. ხელისუფლება მაღალმთიანი სვანეთის ტურისტულ ცენტრად გადაქცევას იმედოვნებს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და შვეიცარიულ სამთო-სათხილამურო კურორტებს კონკურენციას გაუწევს.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ მესტიაში თოვლი არ მოსულა. ხელისუფლება კი ამბობს, რომ სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარების კომპანია კარგად გათვლილ სახელმწიფო სტრატეგიას ეფუძნება და არა ვინმეს პირად სურვილებს. საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო ექსტრემალური ტურიზმის განვითარებას იწყებს. ახალი პროექტის პრეზენტაცია ტურიზმის საინფორმაციო ცენტრში 2 მარტს გაიმართა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია წყალტუბოს მღვიმეების შესწავლა და შესაბამისი ტურისტული მარშრუტების შემუშავება. ანალოგიური პროექტი ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის სამეგრელოშიცაა დაგეგმილი.
დიდი დრო არის საჭირო იმისათვის, რომ ტურიზმში ჩადებული ინვესტიცია დაიფაროს და მოგება მიიღო. ქვეყანაში ტურიზმის დომინანტობისას აუცილებელია ინფლაციის ძალიან დაბალი დონე, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება ამ სფერომ მოიტანოს მოგება და შვებად იქცეს მოსახლეობისთვის. ტურიზმი ისე ვერ ააყვავებს საქართველოს, როგორც მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება.
დღეს ქვეყანაში ტურიზმის განვითარება პრიორიტეტულია და ხელისუფლება დიდ იმედებს ამყარებს. მათი თქმით, თუ ასე გაგრძელდება, მალე ერთ ქართველზე ორი ტურისტი მოვა. "ტურიზმის სექტორში ჩვენ დიდი კონკურენტი გვყავს თურქეთის სახით, ამიტომ ძირითადად ტურისტები შეიძლება მოვიზიდოთ სომხეთიდან ან აზერბაიჯანიდან, ასევე უკრაინა და ბალტიისპირეთის კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან. მაგრამ გვაქვს ხელისშემშლელი ფაქტორიც ამ დარგის განვითარებისთვის, როგორიც არის კონფლიქტური ზონების არსებობა ქვეყანაში", - ამბობს დავით ნარმანია.
მიუხედავად ხელისუფლების ძალისხმევისა, ზამთრის ტურისტულ სეზონზე უცხოელი ტურისტების მოზღვავება არ შეინიშნება. წელს ზამთრის კურორტებზე ძირითადად სჭარბობდნენ სომეხი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ტურისტები. ამ ეტაპისთვის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტში მხოლოდ იანვრის მონაცემები აქვთ, რომლის მიხედვითაც წელს, შარშანდელთან შედარებით, 40%-იანი მატება შეინიშნება. აქვე აღსანიშნავია, ტურისტული კომპანიების ინფორმაცია. ისინი ამბობენ, რომ ტურისტების მატება წელს არ შეინიშნებოდა. გუდაური, ბაკურიანი და მესტია ადგილობრივი დამსვენებლების იმედად დარჩა.