სკანდალური სიმართლე ხონის ფსიქიატრიულზე

სკანდალური სიმართლე ხონის ფსიქიატრიულზე

,,ვერსიაში’‘ გამოქვეყნებულმა წერილმა პატიმარი სიკვდილს გადაარჩინა

პატიმარი, რომელმაც თვითმკვლელობა 22-ჯერ სცადა, ,,ვერსიას’‘ ხონის დაწესებულებიდან, სადაც 6-თვიან იძულებით მკურნალობას გადის, კიდევ ერთ წერილს უგზავნის. რევაზ შაინიძისგან პირველი წერილი 2014 წლის ივნისში მივიღეთ, სადაც დეტალურად იყო მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ ეტაპირებულ პატიმრებს რუსთავისა და ქსნის კოლონიებში და რა მეთოდებით ცდილობდნენ თვითმკვლელობას დამცირებული პატიმრები. თვითმკვლელობის 22-ე მცდელობის შემდეგ, შაინიძეს სამხარაულის სახელობის ბიუროს ექსპერტმა გამოკვლევა ჩაუტარდა, თუმცა შედეგების გასაჯაროების უფლება არ მოგვცეს. მეორე წერილში, რომელსაც მცირე შემოკლებით გთავაზობთ, შაინიძე ამ დასკვნასა და ხონის საავადმყოფოს პირობებზე გვიამბობს. აქვე აღვნიშნავთ, რომ სასჯელაღსრულებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა პატიმრის წერილზე კომენტარი არ გააკეთეს:    

,,თქვენი თანადგომა რომ არა, ახლა ნამდვილად ,,გამოთაყვანებული’‘ ვიქნებოდი. 2 ივნისს ჩემი წერილი რომ არ გამოგექვეყნებინათ, შესაძლოა, მკვდარიც ვყოფილიყავი, რადგან ქუტირის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაკვეთით გადამიყვანეს. თქვენი წერილის გამოქვეყნების შემდეგ კი, იქაური ექთნებისა და დაცვის ბიჭების მხრიდან დიდი თანადგომა ვიგრძენი. ჩემი ამბავი ყველამ გაიგო. დასკვნის თაობაზე, რომლის საფუძველზეც ფსიქიატრიულში იძულებით სამკურნალოდ გამამწესეს, აქამდე არაფერი ვიცოდი... დასკვნაც დაკვეთით დადო სამხარაულის ექსპერტმა, მას ეს სასჯელაღსრულების სამინისტროს ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიმიტრი დარბაისელმა და ექსმინისტრმა სოზარ სუბარმა აიძულეს. დასკვნაში წერია, რომ რევაზ შაინიძე ბოდვითი აშლილობითაა დაავადებული. დასკვნის მიხედვით თურმე არც საკუთარი თავის კონტროლი, ჩვენების მიცემა და სასამართლო პროცესებში მონაწილეობა შემიძლია... შევეცდები, მოკლედ გიამბოთ, როგორ განვითარდა მოვლენები და რა ფაქტებს შევესწარი სამთევნახევრის განმავლობაში, როცა იქ ვიმყოფებოდი: ჯერ ერთი, ერთი თვის განმავლობაში კორიდორში ვიწექი და თავი კურსკის რკინიგზის ვაგზალზე მეგონა. ამ ერთი თვიდან ბოლო 10 დღე, მე-11 კორპუსში გადმომიყვანეს. იქ ყველანაირი მედიკამენტების მიღებასა და ნემსების გაკეთებაზე უარს ვაცხადებდი. ამ კორპუსში ერთი ექიმი იყო, ლალი, რომელსაც ვეკითხებოდი, რა მეტყობა, რომ ფსიქიკურად არაჯანსაღი ვარ-მეთქი და პირდაპირ მიპასუხა, მერე რა მოხდა, ისეც ხდება, რომ აქ ხალხს არასწორი დიაგნოზით გზავნიან, მაგრამ არა უშავს, 6 თვეს არ გაგაჩერებთ, უფრო მალე გაგიშვებთო. ... ვამბობდი, ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში პასუხს თქვენ აგებთ-მეთქი და ვემუქრებოდი, რომ ერთ წერილს ჩემს დას გადავცემდი, მეორეს კი გაზეთ ,,ვერსიის’‘ რედაქციაში გადავგზავნიდი. მითხრეს, არა, კაცო, ორი თავი კი არ გვაქვსო, დაფაცურდნენ და მე-11 კორპუსში ერთსაწოლიან ოთახში გადამიყვანეს. წერილი მაინც გამოვგზავნე ,,ვერსიის’‘, პრეზიდენტისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სახელზე. ისიც უნდა გითხრათ, რომ ყოველდღიურად 6 აბი ძლიერი საძილე საშუალება ,,ზოპინი’‘ დამინიშნეს. 48 საათის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ, ერთი აბი დავლიე და ორჯერ ძლივძლივობით წამოვდექი, საპირფარეშოში გასასვლელად’‘. ,,ვერსიისთვის’‘ გამოგზავნილ წერილში, პატიმარი ვინმე თენგო ექიმსაც ახსენებს, რომელიც დაპირდა, რომ ერთ თვეში ციხეში დააბრუნებდა. შაინიძეს, როგორც ამბობს, პირობა დაადებინეს, რომ პრესას აღარ მიმართავდა: ,,გაზეთი მთელი ფსიქიატრიულის ექთნებს, ექიმებს, დაცვის ბიჭებსა და დამლაგებლებს ვაჩვენე და ერთი ამბავი ამიტეხეს, ეს გაზეთი შენს ხელში როგორ მოხვდაო.

,,ვერსია’‘ ერთ-ერთ ექთანს ჩუმად შემოვატანინე, მაგრამ ამას ხომ არ ვიტყოდი. არავის აწყობდა, პრესისთვის იქაური ამბები მომეყოლა, ამიტომ ექიმები დაცვის ბიჭებს მკაცრად აფრთხილებდნენ, კარგად გააკონტროლეთ, წამლები ნამდვილად დალიოსო. ამ წამლებს არ ვიღებდი, ენის ქვეშ ვმალავდი და საპირფარეშოში ვყრიდი. ამასაც რომ მიმიხვდნენ, მერე აბები დამიფშვნეს და ისე მაძლევდნენ. თურმე, 4 აბს ვღებულობდი და ერთ-ერთმა ექთანმა მითხრა, ეს წამალი ყოველდღე 6-6 აბი რომ დაგელია, როგორც დაგინიშნეს, ორი თვის განმავლობაში, მერე მთელი შენი ცხოვრება ჭკუაზე ვეღარასოდეს მოხვიდოდიო. არც იმას მალავდნენ, ჯერ არ გვინახავს, ამ დაწესებულებიდან ვინმე განკურნებული წასულიყოო. ...პაციენტებს, უმეტესწილად, გაფუჭებულ სოსისსა და ხორცს აჭმევდნენ. ოთახები საშინლად მოსაწესრიგებელი იყო. იმ ერთკაციან პალატაში, სადაც შემიყვანეს, ხის იატაკზე ზემოდან ლინოლიუმი იყო გადაკრული და ჭუჭყით გაჟღენთილი, გაშავებული იყო. ყოველ 20 სანტიმეტრში იატაკი იყო ჩატეხილი და წყალი იდგა. ერთი ღამე რაღაცნაირად გადავაგორე და მეორე დილიდან ისევ კორიდორში დავწექი, პროტესტის ნიშნად. ამის მერე მშრალი შიმშილობა გამოვაცხადე და ნორმალურ ოთახში გადაყვანას ვითხოვდი. ადმინისტრაციას ისევ დავემუქრე, როგორც კი ტელეფონი ჩაირთვება, მაშინვე პრესასთან დავრეკავ- მეთქი. მაშინვე მითხრეს, ოღონდ შენ დაწყნარდი და ორ-სამ დღეში ოთახს გაგირემონტებთ და ისე შეგიშვებთო. ანალოგიურ მდგომარეობაში იყო დამლაგებელი ქალების ოთახიც. ძალიან შევწუხდი, ქალებს 120 ლარის გამო, ასეთ პირობებში რომ ამყოფებდნენ და იმდენი ვქენი, რამდენიმე დღეში ორივე ოთახი გავარემონტებინე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთ ნემსებს მიკეთებდნენ, მეტყველების უნარი მეკარგებოდა. ამ ამბავს ჩემი და და დისშვილიც შეესწრნენ და ნახეს, რა მდგომარეობაში ვიყავი’‘. როგორც შაინიძე ამბობს, ორჯერ მისწერა წერილი მთავარი პროკურატურის გენინსპექციას. უნდობლობას უცხადებდა ციხეების ექსმინისტრ სოზარ სუბარს და მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპირებდა. ამავე განცხადებაში ირწმუნებოდა, რომ მისი ლიკვიდაცია დიმიტრი დარბაისელმა და სხვა პირებმა დაუკვეთეს. განცხადებაზე პასუხს კი შაინიძე 25 ოქტომბრამდე ელოდა. პაციენტი იმასაც გვწერს, რომ პრეზიდენტისა და პრემიერისგან საპასუხო წერილები მიიღო, თქვენი განცხადებები, შესაბამისი რეაგირებისთვის სასჯელაღსრულების სამინისტროს გადავუგზავნეთო.

უკმაყოფილო პაციენტი გვარ-სახელის შეცვლასაც კი აპირებს ციხისა და საავადმყოფოს პირობების გამო და საქართველოს მთავრობას მიმართავს: ,,ამ მივიღე- გადავგზავნეთი რომ მკვებავთ და არანაირი რეაგირება არ არის, ერთს გეტყვით: თუ აქედან ცოცხალი გამოვედი, საქართველოს მოქალაქეობაზე კი არა, ქართულ გვარ-სახელზეც უარს ვიტყვი და ნათესავებს ანდერძად დავუტოვებ, საფლავის ქვაზე წააწერონ, ,,ქართული ოცნების’‘ მთავრობისგან მიყენებულმა უმძიმესმა ტკივილმა, ქართველი კაცი, რევაზ შაინიძე აიძულა, იგორ პოპოვი გამხდარიყო- მეთქი. აქ მძიმე ფსიქოლოგიური და მორალური წამების მსხვერპლი ვარ. უსამართლობამ და ბოროტებამ იქამდე მიმიყვანა, ცოტა ხნის წინ ჩემი ქალიშვილის მამობაზეც უარი განვაცხადე’‘. რევაზ შაინიძე იმასაც გვწერს, რომ მისი ნამუშევრები ხონის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის სახელით, სოციალურ ქსელშიცაა გამოფენილი, მის ხატებს კი ასეთი მინაწერი აქვს: ხელოვანი რევაზ შაინიძე. მისი ნამუშევრები სვეტიცხოვლობას გამოფენაზე თბილისშიც ჩამოუტანიათ.