ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო ძლიერი პარტნიორია და ავღანეთის ოპერაციაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, აშშ-ის „გერმანიის მარშალის ფონდში“ გამოსვლის შემდეგ კითხვა-პასუხის დროს განაცხადა.
კითხვაზე, შესთავაზებს თუ არა ნატო საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, იენს სტოლტენბერგმა უპასუხა: „ნატოს ღია კარის პოლიტიკა კვლავ ძალაში რჩება. მე ვესწრებოდი ბუქარესტში ნატოს სამიტს, სადაც საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მივიღეთ გადაწყვეტილება. ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, საქართველოსთან შემუშავებული არსებითი პაკეტი განვახორციელოთ. მე ახლო მომავალში ვაპირებ შევხვდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა აღნიშნული პაკეტის განხორციელების დეტალები განვიხილოთ. გარდა ამისა, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ნატოს ძლიერი პარტნიორია. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში. ასევე, მივესალმები იმ რეფორმებს და პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, განსაკუთრებით, შეიარაღებული ძალების განვითარების კუთხით. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ერთად მუშაობას და ნატოს უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის განხორციელებას.“