დღეს, ვაზიანის პოლიგონზე ინციდენტებზე რეაგირების მართვის სწავლების ფარგლებში, საჩვენებელი წვრთნა გაიმართა. სწავლება შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების მხარდაჭერით ჩატარდა. სამი კვირის განმავლობაში სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის საინჟინრო ბრიგადის ასეულის 12 სამხედრო მოსამსახურეს თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ჩაუტარდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო სტანდარტებით მომზადდნენ და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების ჭურვებისა და ნაღმების სახეობები, ასევე, მათი განადგურების მეთოდები შეისწავლეს. ინციდენტებზე რეაგირების მართვის სწავლება ნატოს ნდობის ფონდის (NATO/PFP Trust Fund) პროექტის „საქართველო IV”-ის ფარგლებში ხორციელდება. „საქართველო IV” სკრის საბრძოლო მასალების საცავის გასუფთავებასაც ითვალისწინებს, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ტერიტორიის უსაფრთხოდ გამოყენების შესაძლებლობას მისცემს.
სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების საინჟინრო ბრიგადის ხელმძღვანელი პირები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის უფროსი უილიამ ლაჰიუ, ნატოს ნდობის ფონდის პროექტების მენეჯერი დევიდ ტონდროუ, ასევე, პროექტში მონაწილე ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები და ატაშეები დაესწრნენ.