"ქართული ოცნების" მხრიდან ნეპოტიზმის ფაქტებმა უკვე ამაზრზენი ხასიათი მიიღო. ხელისუფლების სხვადასხვა დონის ლიდერები, საკუთარი ოჯახის წევრების, ნათესავ-მეგობრების სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმების მეტს მართლა არაფერს აკეთებენ. ამასთანავე, უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო პარტიული ნიშნით დასაქმებამ. ახლახან ორგანიზაცია "მონიტორინგის ცენტრი - მედიატორმა" გამოაქვეყნა ნეპოტიზმის ახალი ფაქტები. ამ სიაში ვიცე-პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ლიდერობს. კალაძემ ცოლისძმა გიორგი არეშიძე, თბილისის მერიაში სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურში უფროსის მოადგილედ დანიშნა. ასევე, მისი მეუღლის, ანუკი არეშიძის ბიძა ბესიკ ჭუმბურიძე - დოლიძე-ბახტრიონის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარედ. ვიცე-პრემიერის მეუღლის დეიდაშვილი ლუკა კანკავა კი საბურთალოს რაიონის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებს. კახი კალაძემ ამ ფაქტებზე ასეთი კომენტარი გააკეთა, - მე მათ დანიშვნაში არანაირი წვლილი არ მიმიძღვის, ჩემი ცოლის ბევრ ნათესავს საერთოდ არ ვიცნობო. ძნელი დასაჯერებელია, რომ კალაძე ამ შემთხვევაში გულწრფელია. მალე შეიძლება ისიც თქვას, არც ჩემს ცოლისძმას ვიცნობო და დავუჯეროთ? კი, მაგრამ კახი კალაძე ხომ ერთ-ერთი იყო "ქართული ოცნებიდან", რომელიც წინასაარჩევნოდ ხალხს საკუთარი ნიჭითა და ცოდნა-გამოცდილებით დასაქმებას ჰპირდებოდა? კალაძე, სხვებთან ერთად, გმობდა "ნაცმოძრაობის" ნეპოტიზმის პოლიტიკას და ირწმუნებოდა, ხელისუფლებაში მოვალთ და არც ერთი ჩვენიანი, "ქართული ოცნების" არც ერთი წევრი, დაუმსახურებლად არ გაჭაჭანდება სახელმწიფო სამსახურში, მხოლოდ კონკურსების წესით დავასაქმებთ ღირსეულ და პროფესიონალ ადამიანებსო.
განა რა დამსახურება აქვს მის ცოლისძმას, 23 წლის გიორგი არეშიძეს, რომ თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშნეს? რა გამოცდილება აქვს 23 წლის ბიჭს, რომ 1.5-მილიონიანი ქალაქის მერიაში, ერთდროულად, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროებს რომ გაუძღვეს? ვინმეს დათო კირკიტაძე და დავით კეზერაშვილი ხომ არ გაგახსენდათ, სწორედ ამ ასაკში. 2004 წელს ერთი დეპუტატი გახდა და მეორე - ფინანსური პოლიციის უფროსი და გიორგი არეშიძის მსგავსად, არც მათ ჰქონდათ მანამდე არსად ნამუშევარი, პირდაპირ ამხელა პოსტებზე დანიშნეს. აშკარაა არა "ნაციონალებთან" მსგავსება? ახლა რა ვქნათ, კახი კალაძეს მადლობა გადავუხადოთ იმის გამო, რომ გიორგი არეშიძე პირდაპირ პარლამენტში არ დაგვისვა დეპუტატად? თუ უმუშევარი ნათესავები ბევრი ჰყავს ანუკი არეშიძეს, მის მეუღლეს მრავალმილიონიანი, სხვადასხვა სახის ბიზნესი აქვს საქართველოში, უკრაინასა და იტალიაში. ადექი და ეგ ხალხი იქ დაასაქმე. თუ კახი კალაძის მეუღლის ამ ნათესავებს, ვინც ზემოთ ვახსენე, ყველას ერთდროულად აღმოაჩნდა სახელმწიფო მოხელის ნიჭი და ბიზნესში არც ერთი არ გამოდგება? ეს უკვე ხალხის აბუჩად აგდებაა და მეტი არაფერი.
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, სოსო ჯაჭვლიანის ბიცოლა ციური ჭანტურია მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში დაინიშნა. ქალაქ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის, ჯაბა სამუშიას ცოლმა კი, თბილისის ბავშვთა ბაღების მართვის სააგენტოში დაიწყო მუშაობა. ისნის გამგებლის, ვახტანგ ქიზიყურაშვილის ვაჟი, ირაკლი ქიზიყურაშვილი დიდუბის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილებაში დასაქმდა. სამგორში გამგეობის აპარატის უფროსისა და გამგებლის მეუღლეები არიან მეჯვარეები. დიდუბის რაიონში კი გამგებლის, ირმა ზავრადაშვილის დეიდაშვილის მეუღლე, ნატო დარჯანია დიდუბის უბნის სამსახურის უფროსის მოადგილედ მუშაობს. თბილისის საკრებულოს დიღმის დეპუტატის, თარაშ შურღაიას ბიძა, ალექსანდრე ავთანდილაშვილი ამავე გამგეობაში განყოფილების უფროსად დაინიშნა. გივი ჩხარტიშვილი, დიდუბის რაიონის "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე დიდუბის უბნის სამსახურის რწმუნებულია, გამგეობის კადრების სამსახურის უფროსად თამარ მაისურაძე გაამწესეს, რომელიც ასევე "ქართული ოცნების" დიდუბის ოფისის მდივანი იყო.
პარტიული ნიშნით სახელმწიფო სტრუქტურები "ნაცმოძრაობამ" გაავსო, თუ ამ პარტიის წევრი და აქტიური მხარდამჭერი არ იყავი, სახელმწიფო სამსახურისკენ გზა დახშული გქონდა. ამის გამო, ძალიან ბევრი ნიჭიერი და გამოცდილი ადამიანი გარიყა "ნაცმოძრაობამ", ბოლოს კი, ვინც თავისიანი არ იყო, ადგნენ და უბრალოდ, ჩარეცხეს. "ქართული ოცნებაც", ჯერჯერობით, ამ გზას ადგას. ვისაც ყველაზე გრძელი დროშის ტარი ეჭირა საპროტესტო აქციების წინ, ისინი კი არ უნდა დანიშნო თანამდებობებზე, პროფესიონალები უნდა მოიყვანო სახელმწიფო სამსახურებში. არაპროფესიონალებმა დაღუპვის პირას მიიყვანეს ეს ქვეყანა, დაანგრიეს და დააქციეს და რაც დარჩა, იმის განადგურებას "ქართული ოცნება" აპირებს იმავე გზით თუ რაშია საქმე? "ქართულმა ოცნებამ" ხალხის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოიგო. მმართველ პარტიას ყველა საკრებულოში უმრავლესობა ჰყავს, საქართველოში ყველა ქალაქის მერი და ვიცე-მერები, ყველა რაიონის გამგებლები და მათი მოადგილეები "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არიან. ამას დამავატოთ მინისტრთა კაბინეტი - ყველა მინისტრი და მინისტრის მოადგილე "ქართული ოცნების" წევრია, ამ პარტიის მხარდამჭერები დაინიშნნენ ყველა სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამსახურების უფროსებად. ეს უკვე რამდენიმე ათასი დასაქმებული ადამიანია პარტიული ნიშნით. მეტი რაღა გინდათ, თქვე დალოცვილებო, ყველა საკვანძო პოსტი საქართველოში თქვენია და პატარ-პატარა თანამდებობები, უბრალო სამსახურები მაინც დაანებეთ იმ ხალხს, რომელიც არც ერთი პარტიის წევრები არაა. არადა, ასეთი ნახევარ საქართველოზე მეტია.
აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსად საკუთარი თანასოფლელი და მეგობარი, ჯოკია ბოდოკია დანიშნა. არა, იმას არ ვამბობ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კოკის მკვიდრთ ეკრძალებათ თბილისის მერიაში მუშაობა, ბოლოს და ბოლოს, თავად თბილისის მერია კოკიდან, მაგრამ საქმე ისაა, რომ ნარმანია ვერაფრით ვერ დაამტკიცებს, რომ ამ თანამდებობაზე ჯოკია ბოდოკიაზე უკეთესს ვერავის დანიშნავდა. იმ ხალხს, ვინც თავის დროზე "ნაციონალებმა" უმუშევრად დატოვეს და მოიძულეს, ახლა "ქართულმა ოცნებამ" შეაქცია ზურგი. არადა, ეს "ქართული ოცნება" სწორედ ხალხის თავდადებისა და თავგანწირვის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში. დღეს კი, ის ადამიანები, ვინც ესენი ქვეყნის სამართავად მოიყვანა, საერთოდ აღარ ახსოვთ.
მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ საპროტესტო აქციების დაწყება დააანონსა. "ნაციონალები" 15 ნოემბერს იწყებენ ამ აქციებს და გაზაფხულამდე გაჩერებას არ აპირებენ. სააკაშვილმა ცალსახად განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებამდე მოცდას არ აპირებს და მანამდე უნდა მოიცილოს ეს ხელისუფლება. ეს, ფაქტობრივად, ახალი რევოლუციის ანონსი იყო და სხვა არაფერი. სააკაშვილი და "ნაცმოძრაობა" კარგს რომ არაფერს უქადიან ამ ქვეყანას, ეს ყველამ იცის.
"ქართული ოცნების" ლიდერები ახლა იმაზე უნდა იყვნენ გადართულნი, რომ ამ დამთხვეულ სააკაშვილს, ეს რევოლუციური გეგმა ჩაუგდონ, პოლიტიკური და უშეღავათო ბრძოლის ბოლო ეტაპი დაწყებულია და ამ გაგანია ბრძოლაში, რა დროს ნათესავებისა და თანაპარტიელების დასაქმებაა, ხალხო?! თუ "ნაცები" დაბრუნდნენ, ეგ სამსახურებიც ოხრად დაგრჩებათ, იმ დამსაქმებლებსაც შავ დღეს დააწევენ "ნაცები" და ამ ქვეყანასაც საბოლოოდ ეტირება დედა. ცოტა გამოფხიზლდით და მიწაზე დაეშვით. ხალხს იმიტომ არ მოუყვანიხართ ხელისუფლებაში, რომ კოჰაბიტაცია უსაშველოდ გაჭიმოთ, "ნაციონალების" ლიდერების დანაშაულებზე გაზეთებში ტომებია დაწერილი და ამ შავი ჭირის მოუსავლეთში გასაგზავნად მოგცათ ხმა ხალხმა.