აი, ასე: მიშა რევოლუციურ ტურბულენტობას განიცდის და ერს, პრაქტიკულად, სახელმწიფო ამბოხისკენ მოუწოდებს. მართალია, პრეზიდენტყოფილს სიტყვა აჯანყება არ უხსენებია და, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, იტყვის, რაღაცებს მიგონებენო, მაგრამ ბოლო სატელევიზიო გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ ,,ოცნების’‘ არჩევნების გზით შეცვლა წარმოუდგენელია, რადგან ,,შუშის კოლბაში მჯდარმა, კანონიერი ქურდის სტილის’‘ ოლიგარქმა ანუ ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა საარჩევნო სისტემა გააუქმა და საქართველო ,,დააპრივატაო’‘ ამავე გამოსვლისას სააკაშვილმა რამდენჯერმე ისიც თქვა, ,,ოცნებამ’‘ საქართველო ,,გააბანძაო’‘.
რა უნდა მიშას და, საერთოდ, ნაცმოძრაობას? _ ეს, რასაკვირველია, გულუბრყვილო კითხვაა, რამეთუ ბავშვმაც კი იცის, რომ ,,ყოფილები’‘ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად იბრძვიან. შეიძლება, ვინმემ თქვას, ნაციონალების ბრძოლა რაში გამოიხატებაო, მაგრამ, თუკი ბოლო მოვლენებს კარგად დავაკვირდებით, ყველაფერი გასაგები გახდება. დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე კვირაა, შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, 315-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმეა აღძრულიო. ეს მუხლი პირთა ჯგუფის ან პოლიტიკური გაერთიანების მიერ სახელმწიფო წყობილების დამხობას ითვალისწინებს. მართალია, ოფიციალური უწყებებიდან არავის მიუნიშნებია, რომ ეჭვი ნაცმოძრაობაზე არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიშას პოლიტიკური და-ძმები ერთ ამბავში არიან, ,,ოცნება’‘ ოპოზიციურ პარტიას რაღაცებს აბრალებსო. მოგეხსენებათ, ქართული სიბრძნეა, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო... ჰოდა, ნაციონალებმაც ითმინეს, ითმინეს და ,,აიწყვიტეს’‘: ვიდრე მიშა ზემოხსენებულ განცხადებას გააკეთებდა, ნაცმოძრაობის ოფისში ,,ყოფილების’‘ ,,ნაღები საზოგადოება’‘ შეიკრიბა და მრავალმნიშვნელოვნად გვამცნო, 15 ნოემბერს, აფხაზეთისა და სხვა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით, მიტინგს გავმართავთ და ვისაც გული შეგტკივათ, გვერდით დაგვიდექითო.
დაკარგულ ტერიტორიებზე ზრუნვა, რასაკვირველია, კარგი და მისასალმებელია, მაგრამ ყველაფერი ეს, ისეთი პირი უჩანს, დიდი პოლიტიკური თამაშის დასაწყისია ანუ ნაცებმა გადასარევად იციან, რომ ქართველებისთვის ყველაზე სუსტი წერტილი ღირსება და სამშობლოა. შესაბამისად, ,,ყოფილებს’‘ რომ ეთქვათ, ,,ოცნების’‘ შეუსრულებელ დაპირებებს ან, სულაც, ნაცების წინააღმდეგ დაწყებულ პოლიტიკურ დევნას ვაპროტესტებთო, ხალხი ქუჩაში არ გავიდოდა, ახლა კი, სასწორზე აფხაზეთი დევს, თავისი 300 ათასი დევნილით. აკი, მიშამაც თავის ბოლო ,,ტურბულენტობაში’‘ სწორედ აფხაზეთზე იუბნა და თვალცრემლიანმა მოგვახსენა, მსოფლიოში აფხაზეთი აღარავის ახსოვსო. ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ნაციონალებს მუხტის ასაწევად თემა სჭირდებათ და, ალბათ, თვლიან, რომ 15 ნოემბრის აქცია მრავალრიცხოვანი იქნება, მაგრამ აქედანვე ჩანს, რომ ეს ,,მრავალრიცხოვნობა’‘ ილუზიაა და აი, რატომ: გარდა იმისა, რომ ნაცმოძრაობას რეიტინგი არ აქვს და ხალხს აქციაზე დაშინებითაც ვეღარ მიიყვანს (როგორც ამას 9 წლის განმავლობაში აკეთებდა), დიდი ,,ხვითოები’‘ არც არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები არიან. კი ბატონო, ნაც-ფართიზე, ალბათ, ბაჩუკი ქარდავაც მივა, პაატა დავითაიაც და ზურაბ ხარატიშვილიც, მაგრამ ამ პოლიტიკურ ლიდერებს ხომ საზოგადოებაში არც წონა აქვთ და, შესაბამისად, არც მხარდამჭერთა არმია ჰყავთ?! ასე რომ, 15 ნოემბერი, ლოგიკას თუ გავყვებით, წმინდა პროვოკაციის იმედად უნდა იყოს. რისთვისაა პროვოკაცია საჭირო? - ხომ გახსოვთ, მიშამ რაც თქვა, ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა წარმოუდგენელიაო. ჰოდა, ერთი- ორი პროვოკაცია და მისი ჯანი - ვთქვათ, რომელიმე მართლმორწმუნე ნაციონალს თავისივე თანამოძმეები გაასილაქებენ ან, უკიდურეს შემთხვევაში, დაჭრიან და ერთი ამბავიც ატყდება. სხვათა შორის, ამავე სცენარზე საუბრობს ,,თავისუფალი თაობის’‘ ლიდერი ლადო სადღობელაშვილიც. ,,როგორც ჩვენთვის დადასტურებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, 3 დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეკრიბა თავისი ბანდის წევრები, ე.წ. დეპუტატები და ,,თავისუფალი ზონის’‘ კრიმინალურ- ექსტრემისტული დაჯგუფების ლიდერები.
ამ შეხვედრაზე სააკაშვილმა ღიად განუცხადა თავისი კრიმინალური ბანდის ლიდერებს, რომ აუცილებელია საქართველოში პოლიტიკური ვითარების ესკალაცია, პროვოკაციების მოწყობა, რელიგიურ და სოციალურ ნიადაგზე დაძაბულობა და სხვა უკანონო ქმედებები. მან უსაყვედურა ,,თავისუფალი ზონის’‘ ლიდერებს იმის გამო, რომ იმ კოლოსალური თანხის სანაცვლოდ, რასაც უხდიან, არაფერს აკეთებენ. როგორც ცნობილი გახდა, ნაცკრიმინალთა პროვოკაციული ქმედებები უნდა დაიწყოს შედარებით მცირე აქციებით, უნდა აიწიოს დაძაბულობის ტემპერატურა და ყველაფრის საბოლოო დაგვირგვინება უნდა გახდეს 23 ნოემბერი ანუ ე.წ. ვარდების რევოლუციის წლისთავი. 23 ნოემბრისთვის უნდა მოხდეს მთელი ნაცმოძრაობის მობილიზაცია საქართველოს მასშტაბით, რაიონებიდან ხალხის თბილისში ჩამოყვანა, ექსტრემისტული დაჯგუფებების მიერ უნდა განხორციელდეს პროვოკაციები, რაც სააკაშვილის დავალებით უნდა გახდეს არეულობის დაწყების საბაბი. გვინდა, მივმართოთ მიხეილ სააკაშვილს, ნაცმოძრაობას, ,,თავისუფალ ზონასა’‘ და სხვა მარგინალურ- ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. კარგად მოისმინეთ და გაითავისეთ ის, რასაც ქვევით წაიკითხავთ: არც გაბედოთ, რომ თქვენი სისხლიანი ხელები აფათუროთ ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებისთვის, ნუ გააკეთებთ იმას, რომ ხალხმა და საქართველოს პროგრესულმა საზოგადოებამ თქვენი ე.წ. ვარდების რევოლუციის წლისთავზე საბოლოოდ დაასამაროს ყველაფერი, რაც თქვენთან ასოცირდება, ნუ აყვებით მშიშარა, ავანტიურისტ და ავადმყოფ სააკაშვილს, მისთვის ყველაფერი დამთავრებულია და თქვენ გიყენებთ საზარბაზნე ხორცად, რათა თავისი მანიაკალური სურვილები აისრულოს, მისთვის თქვენ არაფერს წარმოადგენთ და, თუ მაინც გაბედეთ და მოაწყვეთ პროვოკაცია, იცოდეთ, რომ ისევე მიგატოვებთ, გაიქცევა და საზღვარგარეთ დაიმალება, როგორც 2008 წლის აგვისტოში მიატოვა ჩვენი გმირი ჯარისკაცები რუსული არმიის პირისპირ. ჩვენ თქვენ გაგაფრთხილეთ და ამიერიდან, თქვენი ნებაა, რასაც იზამთ. საქვეყნოდ პირობას ვდებთ, რომ მთელ პროგრესულ ქართულ საზოგადოებას დავრაზმავთ თქვენი კრიმინალურ- ექსტრემისტული ჩანაფიქრის ასალაგმად’‘, - აცხადებს სადღობელაშვილი, რომელმაც ,,თავისუფალი თაობა’‘ ე.წ. ყაზარმულ მდგომარეობაზე გადაიყვანა.
სადღობელაშვილის მონაცემები, შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ ის, რომ რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილი ბაქოში იმყოფებოდა, თავად ნაციონალებმაც დაადასტურეს. ყველა მონაცემით, ,,ყოფილები’‘ ვარდების რევოლუციის მე-11 წლისთავის აღნიშვნას, როგორც ჩანს, პომპეზურად აპირებენ. ამის დასტურად, ნაცაქტივისტების Fაცებოოკ- სტატუსტებიც გამოდგება. ასე, მაგალითად, ერთ-ერთი ნაციონალი სოციალურ ქსელში ლექსად წერს: ,,ამაღამდელო ღამეო, ნუ გათენდები მალეო, თავს ურტყამს ,,ქოცი’‘ კედელსა, მიშა ჩამოვა მალეო...’‘ მიშას ჩამოსვლამდე, როგორც ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა, არაფერი გვეტკინოს, მაგრამ საქმე სახუმაროდ ნამდვილად არ არის, მით უმეტეს, რომ ხელთათმანი უკვე ნასროლია და ახლა ჯერი ,,ოცნებაზეა’‘: თუ ხელისუფლება წაუყრუებს, 15 ნოემბერს შესაძლოა, ისეთი მოვლენები მართლაც დაიწყოს, რომელიც 2003 წლის ნოემბერში უკვე ვნახეთ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მიშას სიმბოლოები უყვარს - ,,ვარდების რევოლუცია’‘ თავის დროზე ერთ გიორგობას დაამთხვია, ასლან აბაშიძის საქართველოდან გაშვება მეორეს. ახლაც თუ კარგად დავაკვირდებით, სიმბოლოების ენით ,,გვეღაღადება’‘, თან ეკრანზე ,,ჩაკასტუმებული’‘ კი არა, კუბოკრული პერანგითა და პულოვერით გამოგვეცხადა ანუ ისე, როგორც ტიპურ რევოლუციონერს შეშვენის. მოკლედ, მიშა თავის ამპლუაშია და, პრინციპში, ასეც უნდა იყოს, რადგან სხვა გზა არ დარჩენია: ქართულ სამართალდამცავებს თავი რომ გავანებოთ, უცხოელი ექსპერტებიც ადასტურებენ, რომ ნაციონალების მმართველობის 9 წელი რეჟიმი იყო ანუ, ადრე თუ გვიან, სამართალი იზეიმებს და მიშას, როგორც ჩანს, ურჩევია, ციხეში გმირად წავიდეს, ვიდრე დამნაშავედ. ყოველ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო გადატრიალების საბაბით ექსპრეზიდენტი გისოსებსმიღმა აღმოჩნდება, მისი მცირერიცხოვანი ფანები იტყვიან, ,,ოცნებამ’‘ პუტინის დავალება შეასრულაო. ისე, ეს ის პუტინია, რომელსაც სააკაშვილი 2004 წლის თებერვალში, როგორც პრეზიდენტი, კრემლში ეახლა და, როგორც ამბობენ, საიდუმლოდ რაღაცებზეც მოეთათბირა. ისიც ფაქტია, რომ სწორედ მიშას პრეზიდენტობის დროს, გენერალოვი და სხვა რუსი ინვესტორები, რომლებიც ფსბ-სა და სხვა რუსულ სპცესამსახურებთან ,,მეგობრობაში’‘ არიან შემჩნეულნი, საქართველოში თავიანთ ნებაზე ,,დაკუნტრუშობდნენ’‘. ჰოდა, ახლა აფხაზეთის დაცვის მოტივით ნაციონალთა ,,ცრემლების ღვრა’‘ ცოტა დაუჯერებელია. ყოველ შემთხვევაში, 15 ნოემბერს დიდი პროვოკაციის სუნი ასდის...