ე.წ. მწვანე ექსპერტების აზრით, მსოფლიოს მთავარი პრობლემა ომი და კლიმატის ცვლილებაა. ამ კუთხით, როგორც იტყვიან, სასათბურე პირობებში არც საქართველოა... რატომ გახშირდა ჩვენში ღვარცოფები და შტორმები? - ამ შეკითხვით “ქართულმა სიტყვამ” „მწვანეთა პარტიის“ ლიდერს, პარლამენტარ გია გაჩეჩილაძეს მიმართა:
- ბოლო დროს გახშირებული წყალდიდობები, ქარიშხლები და, საერთოდ, არამდგრადი ამინდი დედამიწაზე მომხდარი კლიმატური ცვლილებების შედეგია. სწორედ ამიტომ, 1992 წელს, რიო-დეჟანეიროში, გაერო-ს კონფერენციაზე, კლიმატის ცვლილებების კონვენცია მიიღეს, რომლის რატიფიცირებაც საქართველოს პარლამენტმა, “მწვანეთა პარტიის” ინიციატივით, 1994 წელს მოახდინა. 1999 წელს კი, ასევე, ჩვენი ინიციატივით, პარლამენტში “კიოტოს ოქმი” შევიდა. სწორედ ეს ოქმია კლიმატის ცვლილებების მოგვარების ძირითადი დოკუმენტი. გაერო მსოფლიოს ნომერ პირველ პრობლემად ტერორიზმს მიიჩნევს, მეორედ - კლიმატის ცვლილებებს, მესამედ კი, - ებოლას ვირუსთან ბრძოლას. თუ ასე გაგრძელდა და დედამიწაზე გლობალური დათბობის შეჩერება ვერ მოხერხდა, კატასტროფა გარდაუვალია, ანუ საკითხი ასე დგას: კაცობრიობა ისევ იარსებებს თუ არა!
გლობალური დათბობა ატმოსფეროში ნახშირორჟანგის მატების შედეგია, ნახშირორჟანგის მატება კი, თავის მხრივ, ავტომობილების გამონაბოლქვსა და ქვანახშირის წვას უკავშირდება. რაც უფრო მეტი გაზი იხარჯება, დედამიწაზე ტემპერატურა მით უფრო იზრდება. მსოფლიოში ატმოსფეროს ძირითად დამბინძურებლებად ყველაზე დიდი ქვეყნები - აშშ, რუსეთი და ჩინეთი ითვლებიან და თუ ამ ქვეყნებმა შესაბამისი ზომები მიიღეს, მაშინ კაცობრიობაც გადარჩება.
- ამ მიმართულებით საქართველოში რა მდგომარეობაა?
- ჩვენი ტერიტორიების 70 პროცენტი სტიქიებისა და ღვარცოფების არეალშია მოქცეული. დაახლოებით, 3 ათასამდე დასახლებული პუნქტი, ანუ 400 ათასი ოჯახი რისკის ზონაშია და ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სულ 940 ათასი ოჯახია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეკომიგრანტების 50 ათასი ოჯახი უსახლკაროდაა. 35 წლის განმავლობაში კი, სტიქიურ უბედურებებს და ათასამდე ადამიანი შეეწირა.
- ერთი სიტყვით, ბატონო გია, საქართველოში გახშირებულ წყალდიდობებს კლიმატურ ცვლილებებს უკავშირებთ?
- რა თქმა უნდა და ამის თაობაზე სტატისტიკაც არსებობს, მაგრამ ყურადღებას რატომღაც არავინ აქცევს. ბოლო 15 წლის განმავლობაში, საქართველოში ღვარცოფის, მეწყერის, გვალვა-წყალდიდობისა და ქარიშხლის 8 137 შემთხვევა დაფიქსირდა, ზარალი კი, 2 მილიარდ 290 000 დოლარს გაუტოლდა.
სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ საქართველოში მეტეოროლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის კარგი სკოლა არსებობს, რომლის მონაცემებითაც, ბოლო 20 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ 3 გრადუსით, ნალექების რაოდენობა კი, 8%-ით გაიზარდა. აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 6 გრადუსით აიწია, ნალექების რაოდენობამ - 6%-ით. თუ ასე გაგრძელდა, საქართველოში საშუალო ტემპერატურა სამნახევარი გრადუსით მოიმატებს და ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რა იქნება. ხომ გახსოვთ, წლევანდელი ზაფხული როგორი ცხელი იყო და ამაზე მეტ სიცხეს ხალხი, ალბათ, ვერ გაუძლებს.
აღმოსავლეთ საქართველო წყლის რესურსებით დეფიციტურია და იქ ტემეპრატურის 4,1 გრადუსით მომატებას, ნალექების 14%-ით შემცირება მოჰყვება. ყველაფერი ეს მდინარეებზე - იორსა და ალაზანზეც აისახება. თურქეთს, კაშხლის აშენების მიზნით, ჩვენს საზღვარზე მტკვრის გადაკეტვა უნდა, მაგრამ ვინმეს წარმოუდგენია, ამას აღმოსავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობაში რა კატასტროფა მოჰყვება? სხვათა შორის, სწორედ ამ გლობალური დათბობის, კლიმატის ცვლილებისა და არასწორი აგრარული წარმოების გამო, პროდუქტიული ნიადაგები ეროზიას განიცდიან - ჩვენი სახნავი სავარგულების 30% უკვე ისეა ეროზირებული და დეგრადირებული, რომ პროდუქტის მოყვანა შეუძლებელია.
- გლობალური დათბობა კვალს, როგორც ჩანს, შავ ზღვაზეც ტოვებს - აჭარაში რამდენიმე დღის წინაც შტორმი იყო...
- წელიწადში ზღვის დონე, დაახლოებით, 3 მმ-ით იწევს, რაც ტემპერატურის ზრდის შედეგია. სწორედ ამით აიხსნება შავი ზღვის სანაპიროზე გახშირებული სტიქია - ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბათუმის და ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის რაოდენობა 3-ჯერაა გაზრდილი, საუბარი მაქვს 5 და 7-ბალიან ღელვებზე, რომელიც ადრე იშვიათი იყო. ზღვის ზედაპირის ტემპერატურა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 1,3 გრადუსით გაიზარდა. ეს პროცესები უზარმაზარი მსხვერპლისა და დიდი ეკონომიკური ზარალის მომტანია.
- ბატონო გია, საქართველოსთან დაკავშირებით, გაერო-ს მონაცემები როგორია?
- გაერო-ს ეს კვლევა 2013 წელს, საქართველოს მასშტაბით, სიღარიბის კოეფიციენტს ეხება. საქართველოში ოჯახების 9%-ს, ანუ 85 ათას ოჯახს არ აქვს სახლი. იმ ადამიანების რიცხვი კი, რომელსაც სახლი აქვს, მაგრამ იქ ცხოვრება შეუძლებელია, 42%-ია. სახლების 54%-ს კი, არც წყალმომარაგება აქვს და არც - სანიტარული კვანძი. თუკი ამ პრობლემებს დროულად არ მივხედეთ, ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდებით. ჩვენ, “მწვანეებმა”, რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. გარემოს დაცვის „ღირსეულმა“ მინისტრმა კი, ნიუ იორკიდან განაცხადა, საერთაშორისო ხელშეკრულებას მიერთებული არ ვართო. გარემოს დაცვის მინისტრმა, რომელიც გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაზე მიდის, კარგი იქნება, ის მაინც იცოდეს, რა ხელშეკრულებებზე გვაქვს ხელი მოწერილი. ასეთი საკადრო პოლიტიკის ფონზე, როგორ შეიძლება, იმედი მქონდეს, ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოება მოწესრიგდება?
მდგომარეობა რომ განიმუხტოს, სასწრაფოდ უნდა დაიწყოს წყალგამოყენების სისტემის სრული რეაბილიტაცია-გაფართოება. ასევე, ახალი წყალდამზოგავი სისტემების შექმნა. მკაცრი კონტროლი უნდა დაწესდეს არანორმირებული რწყვის აღსაკვეთად. გარდა ამისა, აუცილებელია ქარ და მინდორსაცავი ზოლების აღდგენა-რეაბილიტაცია... ამ პროცესებში ტყე უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. საქართველოში ტყის 97% მთაგორიან ადგილასაა განლაგებული. ტყე გვიცავს ეროზიისგან, ღვარცოფისგან, წყალდიდობისგან და ა.შ. ტყის საფარის გასაზრდელად თანხა უნდა გამოიყოს. საერთოდ, ამ სენსიტიური პრობლემების მოგვარებაში პროფესიონალები უნდა ჩართონ.