ას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლების ცვლილება მოხდა და ძველი, გახმაურებული საქმეების ხელახლა გამოძიება დაიწყო, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები ღიად აცხადებდნენ, პოლიტიკური დევნა დაიწყოო. ამტკიცებდნენ, ამჟამინდელი ხელისუფლება შეგნებულად ცდილობს წარმოჩენას, თითქოს 2012 წლამდე ქვეყნის სათავეში კრიმინალები იყვნენ და ამიტომ, ყოფილი ხელისუფლების უმაღლეს პირებს პოლიტიკური სარჩულით დევნის. სწორედ ამიტომ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურის მოწვევით, 22 ივლისს თბილისში ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოს სპეციალისტთა ჯგუფი, იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი, ისრაელის ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კაფი.
შესაბამისად, მთავარი პროკურატურის ინიციატივით მოწვეული სპეციალისტებისგან შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს, ქართველი პროკურორებისთვის მათი გამოცდილებისა და სამართლის სფეროში არსებული მსოფლიო პრაქტიკის გაზიარება, რაც მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების წარმოებისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის. გარდა იმისა, რომ მოწვეული პროკურორები რჩევებს აძლევენ ქართველ კოლეგებს, იმასაც ადევნებენ თვალს, რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს ამ გახმაურებული საქმეების გამოძიება. აღნიშნული კონტროლი არამარტო საზოგადოებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ყოფილი ხელისუფლებისთვისაც. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა მოწვეულ სპეციალისტებს მადლობას უცხადებს და მათთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს. პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა „2005 წლის 14 ივლისს ვალერი გელაშვილზე განხორციელებულ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით და მოამზადა დასკვნა. საქმის შესწავლის პროცესში უცხოელ სპეციალისტებს პროკურატურის მიერ მიეწოდათ საგამოძიებო მასალები, მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები. მათზე დაყრდნობით, პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის მიერ საქმეზე მომზადდა წინასწარი დასკვნა, რომლის თანახმად: „გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები და მასალები სამართლებრივად და ფაქტობრივად საკმარისია იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის, ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიმართ გაგრძელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა, ვალერი გელაშვილის მიმართ 2005 წლის 14 ივლისს განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით და საქმე წარიმართოს სასამართლოში“.
იმავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ უცხოელი პროკურორები ქართველი კოლეგების მიმართ ვალერი გელაშვილის საქმის გამოძიების წარმოებასთან დაკავშირებით კმაყოფილებას გამოთქვამენ. აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო პროცესი კანონის სრული დაცვით მიმდინარეობს და შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებთან. ეს კი მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურა კანონის სრული დაცვით მოქმედებს, არანაირ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ადგილი არ აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმის მტკიცება მოუწევთ, რომ საერთაშორისოდ აღიარებული პროკურორები ტყუიან და ყოფილ მაღალჩინოსნებს პოლიტიკური ნიშნით ისინიც დევნიან, რაც, რბილად რომ ვთქვათ, არასერიოზული იქნება.