მუსლიმებთან დაკავშირებული შეშფოთება საქართველოში

მუსლიმებთან დაკავშირებული შეშფოთება საქართველოში

სოფელ მოხეში ნახევრად დანგრეულ ნაგებობასთან დაკავშირებული მოვლენების მიღმა მე-3 სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები შემაშფოთებელ ტენდენციებს ხედავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არასაკმარის ყურადღებას უთმობს რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებულ პრობლემებს და განსხვავებულია დამნაშავეთა მიმართ მიდგომა, რელიგიური კუთვნილების მიხედვით.

სახელმწიფოს კუთვნილ ნახევრად დანგრეულ ნაგებობაში, რომელსაც ადგილობრივი მუსლიმი თემი ისტორიულ მეჩეთს უწოდებს და მის დაბრუნებას 2007 წლის შემდეგ ამაოდ ითხოვს, ადგილობრივ ხელისუფლებას ბიბლიოთეკის განთავსება უნდა. ამ გეგმას ემხრობიან ადგილობრივი ქრისტიანი მართლმადიდებლები, რადგანაც, მათი აზრით, მუსლიმებს სოფელში ერთი მეჩეთი უკვე აქვთ, ხოლო ბიბლიოთეკით სარგებლობა შესაძლებელი იქნება ყველასთვის, რელიგიური კუთვნილების მიუხედავად. ეს ლოგიკა, ცხადია, მიუღებელია მუსლიმი თემისთვის, რომლის წარმომადგენლებმაც, შს სამინისტროს ინფორმაციით, 22 ოქტომბერს წინააღმდეგობა გაუწიეს ”ერთ-ერთი შენობის” აღდგენით სამუშაოებს, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა განახორციელოს.

”პოლიციელებმა მოქალაქეებს სიმშვიდისკენ და კანონის დაცვისკენ მოუწოდეს. შეკრებილმა მოქალაქეებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და პოლიციის ავტომანქანები დააზიანეს”, - ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ინციდენტის შედეგად სამართალდამცველებმა 11 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ხოლო კიდევ სამი პირი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დააკავეს. ადგილობრივი მუსლიმების მონათხრობის თანახმად კი, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება გამოვლინდა.

22 ოქტომბერს მომხდარის გამო მუსლიმებს ბოდიში მოუხადა და პატიება სთხოვა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ:

”ხელისუფლებამ იმიტომ შექმნა სწორედ რელიგიის საკითხთა სააგენტო, რომ ასეთ საკითხებზე ემსჯელა და მსგავსი ტიპის კონფლიქტები აღმოფხვრილიყო. ამიტომ მივმართავ რელიგიათა სააგენტოს, რომ რაც შეიძლება უმოკლეს ვადაში შეისწავლოს და განიხილოს ეს საკითხი”.

თავად რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კი ოთხშაბათ საღამოს გამოქვეყნებულ წერილში გამოხატავს წუხილს მომხდარის გამო, მაგრამ ასევე მიუთითებს, რომ სოფლის მუსლიმ თემს ამ პრობლემასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსათვის ოფიციალურად არ მიუმართავს, ხოლო ამ ეტაპზე სააგენტო საკითხის ”უფრო ღრმად“ შესწავლის აუცილებლობას ხედავს და ამისათვის მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტისაგან.

სააგენტოს სოფელ მოხეს სადავო ნაგებობასთან დაკავშირებული პრობლემა რომ არ განუხილავს, ეს 23 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ სადავო ნაგებობის დაბრუნებასთან დაკავშირებით მას ბათუმში ყოფნის დროს სამცხე-ჯავახეთის მუფთმაც მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარი ძირითადად სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის, აკაკი მაჭუტაძის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა:

„ვესაუბრე გუბერნატორს, რომელსაც ჰქონდა კომუნიკაცია რეგიონის მუფთთან. ჩამოყალიბდნენ იმაზე, რომ მუფთისთვის სოფელში არსებულ მეჩეთთან ახლოს სახელმწიფო სახსრებით აშენდებოდა პატარა ზომის რეზიდენცია, რადგან მთავარი მოთხოვნა სწორედ ეს იყო. სოფელში უკვე არსებობს მეჩეთი და მუსულმანებს ლოცვის პრობლემა არ აქვთ. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს იყო ნორმალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტი. რა თქმა უნდა, დასაგმობი და მიუღებელია ის, რაც მოხდა გუშინ, იგივე პოლიციის მანქანების დაზიანება ქვებით. ყველა მოქალაქე კანონთან თანასწორია“.

კანონი ყველასთვის რომ უნდა კანონობდეს, ამ ჭეშმარიტებას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც იზიარებს, თუმცა, როგორც ორგანიზაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეს ასე უნდა იყოს რელიგიური კუთვნილების მიუხედავად, თუმცა სახელმწიფო რიგ შემთხვევებში პირიქით იქცევა:

”გავიხსენოთ ქობულეთში განვითარებული მოვლენები, როდესაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოახდინა პანსიონის ბლოკირება. იქ არ უშვებდნენ მუსლიმ ბავშვებს, აღმართეს ბარიკადები და ადამიანებს გადაადგილების თავისუფლება შეუზღუდეს. ამ ადამიანებმა აშკარად დაარღვიეს კანონის მოთხოვნები და დღემდე გრძელდება ეს კანონდარღვევა, მაგრამ პოლიციამ უუნარობა გამოავლინა და, იმავდროულად, 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში არათუ რეაგირება მოახდინა, არამედ აშკარად გადამეტებული, არაპროპორციული ძალა გამოიყენა დემონსტრანტების მიმართ. ეს ორი ფაქტი აშკარად ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფო უფრო კეთილგანწყობილია და თვალს ხუჭავს რელიგიური უმრავლესობის მიერ ჩადენილ კანონდარღვევებზე”.

ქობულეთის ინციდენტს, რომლის დროსაც მხოლოდ 3 პირი გასამართლდა ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, როგორც სახელმწიფოს მხრიდან არათანაბარი მიდგომის მაგალითს, ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი ნათია კაციტაძეც იხსენებს. ამასთან, მისი თქმით, სადავო ტაძრებთან დაკავშირებული პრობლემა წლების განმავლობაში იჩენდა თავს სახალხო დამცველის ანგარიშებში და ასეა წლევანდელ ანგარიშშიც. ნათია კაციტაძე თვლის, რომ საქმე დაპირისპირებამდე არ მივიდოდა, ამ პრობლემასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დროული და ადეკვატური რეაქცია რომ ჰქონოდა:

”მუსლიმები ამბობენ, რომ ისინი არ ყოფილან ჩართული ამ პროცესში და, პირიქით, ისინი ფაქტის წინაშე დააყენეს, რომ უკვე გადაწყვეტილება მიღებულია და თქვენს პოზიციას მნიშვნელობა არა აქვს... რაც არის არასწორი მიდგომა, თუკი ეს ასე მოხდა. საჭიროა ყველა ასეთი ფაქტის გამოკვლევა, შესწავლა, დალაპარაკება ყველა დაინტერესებულ მხარესთან”.

სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო ყურადღებით ადევნებს თვალყურს ადიგენის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებს. ყურადღება ასევე საგანგებოდ არის გამახვილებული მე-3 სექტორის მხრიდანაც.

”არასამთავრობო ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას ბოლო პერიოდში აჭარელ მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებისა და სახელმწიფოს არაეფექტური და რეპრესიული პოლიტიკის მიმართ და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა, რომელმაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო”, - ნათქვამია წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 23 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში, სადაც ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები ხელისუფლების შტოების მიხედვით.

ამავე განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ 23 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება ”აშკარად არაადეკვატურია და არ პასუხობს ადგილობრივი მუსლიმი თემის საჭიროებებსა და ინტერესს”.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ”მუსლიმებთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტის მინდობა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის აკაკი მაჭუტაძისთვის, რომელიც სოფელ ჭელაში შსს-ს მიერ განხორციელებული ძალადობრივი სპეცოპერაციის ხელმძღვანელი იყო და, ადგილობრივი მუსლიმების თქმით, მათ მიმართ აგრესიული  ქცევით გამოირჩევა, მთავრობის მხრიდან უპასუხისმგებლო ნაბიჯია”.