აზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი "ნაციონალებთან" არის შეკრული. ამას ხელს უწყობენ თავად "ნაციონალები" და მათი ადვოკატებიც. მაგალითად, ყოფილი პოლიცმაისტერი და 2012 წლის შემდეგ გაადვოკატებული გოგა ონიანი, რომელიც თავის დროზე მიტინგებს არბევდა, სადაც მომენტი ჩაუვარდება, ყველგან აცხადებს, რომ ზაზა ხატიაშვილი მათთანაა და მათ ინტერესებს იცავს. მეტიც, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ ხულიგნობის ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს, გოგა ონიანი აცხადებდა, რომ ზაზა ხატიაშვილთან ერთად შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიჭრებოდა.
ამ თემაზე "ალიასთან" საგანგებო განმარტებებს ზაზა ხატიაშვილი აკეთებს:
- ზაზა, ძალიან ცუდად ხვდება ყურში საზოგადოებას, როცა "ნაციონალების" ადვოკატი, გოგა ონიანი გამოდის და აცხადებს, ზაზა ხატიაშვილი ჩვენ გვერდით დგას, თუ საჭირო გახდება, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შევიჭრებითო. გარდა ამისა, როცა 2014 წლის მარტში გოგა ონიანი დროებით დააკავეს და მისი ბინა გაჩხრიკეს, შენ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადე, იქნებ აგვიხსნა, რა ხდება?
- მე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ვხელმძღვანელობდი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. როცა პირის დაკავება ხდება სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სადაც არ არის მითითებული ჩხრეკის შესახებ მოთხოვნა, ჩხრეკა ითვლება უკანონოდ. არ ვიცი, ახლა რას ლაპარაკობს გოგა ონიანი, მე ასეთი რაღაცა სიცოცხლეში არ გამიკეთებია, არსად არ შევჭრილვარ, მით უმეტეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში. თუ ეგ თქვა ონიანმა, არის არასწორი. 21 ოქტომბერს, ალბათ, ნახე, "რუსთავი 2"-ის ეთერშიც ვიყავი და 80 პროცენტით გადავუარე ძველ ხელისუფლებას, ანუ "ნაცმოძრაობას", ხოლო 20 პროცენტით - ახალს. მე ვარ უფლებადამცველი, ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვისი უფლება დაირღვევა. როცა ადამიანს უკანონოდ ექცევიან, ვერ გაარჩევ, ის ვისი პარტიის წევრია. როდესაც კლიენტთან ადვოკატს არ უშვებენ, აქ ადგილი აქვს გაეროს კონვენციის დარღვევას. ამაზე მე მაქვს მკაცრი რეაქცია. თუ ადამიანმა კანონი დაარღვია, შენ, სახელმწიფო ასევე არღვევ კანონს, როცა მასთან ადვოკატს არ უშვებ.
გოგა ონიანი ხშირად ჩანს, თორემ მე ყოველდღიურად მიხდება სირბილი სხვადასხვა ადგილებში, სადაც ადვოკატებს არ უშვებენ. მაგალითად, ერთი კვირის წინ დააკავეს ჯეიხუნ მამედოვი, მარნეულში ვიყავი ჩასული, სანამ არ გამოვიყვანე, არ წამოვედი. დააკავეს ადამიანი, რომელსაც ედავებიან, შენ არასწორად დაარეგისტრირე მიწის ნაკვეთიო. წმინდა წყლის სამოქალაქო საქმეა. მე ვარ ადვოკატების ომბუდსმენი და რომ მოგიყვე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რა ამბები მოხდა, შენც ჩემს აზრზე დადგები. თუ გოგა ონიანი აქტიური ადვოკატია, სხვები არ ჩანან, მე რომ დავყო ადვოკატები "ლეიბორისტებად", "ნაციონალებად", "ოცნებისტებად" და ასე შემდეგ, არ გამოვა. შენ კარგად გახსოვს, 2012 წლის არჩევნებამდე "ქართული ოცნების" ადვოკატებზე რა ზეწოლები მიდიოდა და მე რა დღეში ვიყავი. ახლა ხომ არ შეიძლება, სხვანაირად მოვიქცე? თუ ონიანი დადის და ასე ლაპარაკობს, ეს არის არასწორი ინფორმაცია.
- ტიპი დადის და ლაპარაკობს, ზაზა ხატიაშვილი ჩვენს მხარეზეაო.
- არ ვიცი, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან ხალხი დააკავეს, მათთან ადვოკატებს არ უშვებდნენ, როგორც კი მე გამოვჩნდი, ყველასთან შეუშვეს. რა საჭიროა ჩემი გამოჩენა? სახლში ვიყავი, სიცხე მქონდა, ვიწექი, დამირეკეს და წავედი. მე ვეკითხები ხელისუფლებას: ასეთი სისულელეები რა საჭიროა? ეს არის ელემენტარული საკითხი, დაკავებულთან ადვოკატი უნდა შეუშვა. ამაზე ევროსაბჭოსაც ექნება რეაგირება და გაეროსაც, ისინი არ გეუბნებიან, ადამიანი არ გაასამართლო, არ დააკავო, არ დასაჯოო, როცა ადვოკატს არ უშვებ, უკვე ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დევნაა. ეს ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, უკვე დავიღალე ამაზე ლაპარაკით. გამოდიან ხელისუფლების პირველი პირები და ადამიანს წინასწარ აცხადებენ დამნაშავედ. ადამიანს ძალიან ბევრი დანაშაულიც რომ ჰქონდეს ჩადენილი, სანამ სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, არ შეიძლება, დამნაშავედ გამოვაცხადოთ. ერთ მაგალითს გეტყვი: ჩემი ინფორმაციით, როცა საფრანგეთში დავით კეზერაშვილის ექსტრადაციასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაიწყო, მისმა ადვოკატებმა წარადგინეს საქართველოს ხელისუფლების პირველი პირების განცხადებები და ამის შემდეგ მოსამართლემ შეწყვიტა განხილვა. აი, ასეთმა დაუფიქრებელმა განცხადებებმა შეიძლება ყველაზე საშიში დამნაშავე აქციოს პოლიტპატიმრად.
როცა ადვოკატს არ უშვებ, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა. მაგალითად, ვილაპარაკოთ ირაკლი ზაქარეიშვილზე. ეს ადამიანი 20 წელი არის ადვოკატი, სხვაგან არ უმუშავია, მაგაზე ვერ იტყვი, რომ ან პოლიციაში იყო, ან ვინმეს მხარს უჭერდა პოლიტიკური თვალსაზრისით. პირიქით, მე ეს ადამიანი 2007 წელს ნანახი მყავს მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო აქციაზე. ალბათ, გახსოვს, "ზონდერები" რომ გამოგვიდგნენ და დაგვცხეს. როცა ირაკლი კაკაბაძე აანონსებს, უნდა მივიდე და ზაქარეიშვილს უნდა მივაფურთხოო, მერე მიდის, მართლა აფურთხებს და 100 ლარით აჯარიმებენ, ეს ფაქტები მე გავაგზავნე ევროპის ადვოკატთა ასოციაციაში, რომლის პრეზიდენტმაც მოსწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ეს საქმე გამოიძიეთო და ამათ პასუხიც არ აღირსეს, პასუხის გაგზავნაც არ იკადრეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტმა ყველაფერი გაგზავნა ევროსაბჭოში, რასაც ექნება ძალიან მკაცრი შეფასება.
ამათ ეს ვერ გაუგიათ, თავიანთი არასწორი ნაბიჯებით ქვეყანა მიჰყავთ კატასტროფისკენ. მე ძალიან აქტიურად ვკითხულობ "ალიასაც" და "ქრონიკასაც", იქაც იმავე პათოსს ვხედავ, სიმართლე უნდა თქვა. ბოლოს და ბოლოს, რაღაცები ხომ უნდა ისწავლონ და ის შეცდომები აღარ დაუშვან, რასაც მიხეილ სააკაშვილი სჩადიოდა? ბიჭო, მე რომ ამათ სიმართლეს პირდაპირ ვეუბნები, გამოვდივარ მტერი, ზოგიერთი რომ მიხეილ სააკაშვილის მანქანაზე იყო გამოკერებული "ზაპასი" საბურავივით, ის გამოდის მაგარი კაცი. როცა ვეუბნები, სისულელე არ ჩაიდინო-მეთქი, ვარ მტერი... აი, ამათი ლოგიკა!