მაღალი სახელმწიფო თანამდებობის პირების სამგზავრო ხარჯები უამრავი პუბლიკაციისა და მითქმა- მოთქმის საგანი გამხდარა. მოცემული საკითხი აქტუალური წინა ხელისუფლების პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის პერსონის გამო გახდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ჰაერიდან არ ჩამოდიოდა. მისივე ერთ-ერთი განცხადებით, ის მსოფლიოს ყველა ცნობილ კურორტზეა ნამყოფი. რა თქმა უნდა ადგილის გაცნობისა და საუკეთესო გამოცდილების საქართველოში გაზიარების მიზნით. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების საქმიანობისას საერთაშორისო სტანდარტების შესატყვისი პირობების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე 2007 წელს შეიქმნა სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტო. 2012 წელს სააგენტო სახელმწიფო კონტროლი, მათ შორის ფინანსებიც დაექვემდებარა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას წარმომადგენლობითი ხარჯების - საქართველოს პრეზიდენტისა და მისი მეუღლის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების, საპრეზიდენტო ღონისძიებების განხორციელებისათვის და ა.შ 2009-2012 წლებში დაიხარჯა სულ 19 მილიონი ლარი.
წარმომადგენლობით და სხვა ხარჯების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე გადატანით პრეზიდენტმა სააკაშვილმა ერთის მხრივ მოსახერხებელ საფულედ აქცია სამსახურის ანგარიში, მეორეს მხრივ კი გაასაიდუმლოა წარმართული ხარჯები, რაც მოქმედების სრულ თავისუფლებას ანიჭებდა. მის მიერ გაწეული დანახარჯები მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გამოაშკარავდა. გარდა წარმომადგენლობითი ხარჯებისა, ასტრონომიულ რიცხვს აღწევდა მისი დაცვის მრავალმილიონიანი ხარჯი. ამჯერად ჩვენ მხოლოდ საზღვარგარეთის ვიზიტებისას გაწეულ ხარჯებს შევეხებით. სააკაშვილისა და მისი თანმხლები პირების საზღვარგარეთის ვიზიტებზე 2009-2013 წლებში მარტო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან დახარჯულია 5 მილიონამდე ლარი. ცალკეული შემთხვევები ცხადყოფს, რომ სააკაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტსა და ანგარიშებს საკუთარი საფულესავით იყენებდა, ნებისმიერი ხარჯის გასაწევად. ამ მხრივ ერთ-ერთი თვალსაჩინო ვიზიტი იყო სააკაშვილის ვოიაჟი ავღანეთში 2013 წლის ახალი წლის შესახვედრად. საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 25 დეკემბრის #25/12/03 განკარგულებით დამტკიცდა სამუშაო ვიზიტი ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში და გასამგზავრებელი დელეგაციის შემადგენლობა. მოგვიანებით, დელეგაციის შემადგენლობა შეიცვალა, ხოლო ვოიაჟს თან დაერთო დუბაიში გაჩერება 3 დღით, რომლის ჯამურმა ხარჯმაც 214 ათასი ლარი შეადგინა. არანაკლებ სკანდალური იყო 2012 წლის 22-24 მარტს ტაილანდში, ქ. ფხუკეთში სააკაშვილისა და მისი თანმხლებების, დავით ბაქრაძის, ლევან ვარშალომიძის და რაფაელ გლუქსმანის მოგზაურობა. 2 დღის მანძილზე ქართველებმა ტაილანდში 128 ათასი ლარი დატოვეს. ქართული დელეგაცია ფხუკეთში დიდხანს არ შეყოვნებულა, უკან გზა სამშობლოსკენ სინგაპურის გავლით გამოიარეს. სინგაპურში 2012 წლის 24-25 მარტს ბიუჯეტიდან გაწეულმა ხარჯმა 61 ათასი ლარი შეადგინა. თუკი ჩამოთვლილ ხარჯებს დავამატებთ რაფაელ გლუქსმანისა და დავით ბაქრაძის ავიაბილეთების ღირებულებას, რაც ცალკე იქნა გადახდილი, ტაილანდსა და სინგაპურში გატარებული სამი დღე მთლიანობაში 213 ათასი ლარი დაუჯდა სახელმწიფო ბიუჯეტს.
ათობით და ასობით ათასობით ლარია დახარჯული ექსპრეზიდენტის და თანმხლები პირების სამართლებრივი საფუძვლის არმქონე ვოიაჟებში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში სხვადასხვა დროს. საქართველოს დღევანდელი პრემიერ- მინისტრის ვიზიტის ხარჯებზე ინფორმაციას ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები ავრცელებენ. რატომღაც ასეთ თემებზე ნაციონალურ მოძრაობაში სპიკერად ირმა ნადირაშვილს ირჩევენ, რომელიც პირადად ხელმძღვანელობდა სააკაშვილის საპრეზიდენტო ადმინისტრაციასა და მისი ყველა ვოიაჟის დაგეგმვას. წარსული გამოცდილება როგორც ჩანს აიოლებს მისთვის წარმოდგენილი ხარჯების ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოებით გაფორმებას. თუმცა ალბათ გასაკვირი არც უნდა იყოს, თუ როგორი გაწიწმატებით ცდილობენ ფუქსავატობაში გადახდილი ასტრონომიული ხარჯების გამართლებას ნაციონალური მოძრაობის წევრები, რასაც მათი პრეზიდენტის დაუოკებელი მადა მოიხმარდა. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის არათუ პირველი კლასით, არამედ ზოგადად თვითმფრინავით მგზავრობაა ფუფუნება. მავანი პოპულისტი რომ მიუშვა, სავარაუდოდ ყოველგვარ ხარჯებს შეზღუდავს, თუმცა პოპულისტი იმიტომაა პოპულისტი, რომ ამგვარად მხოლოდ საუბრობს, საქმეში პირიქით იქცევა და ნაციონალური მოძრაობის მაგალითზე ქრესტომათიულად კარგად ჩანდა ეს. გაპრეზიდენტებისთანავე სააკაშვილი დაგვპირდა, რომ ოროთახიან ბინაში იცხოვრებდა და ეკონომკლასით იფრენდა. ერთხელ საჩვენებლად ასეც მოიქცა. თუმცა ძალიან მალე ეს რეალობა შეიცვალა. ბოლო პერიოდში კი სააკაშვილი ტელეკამერების წინაც კი განცხადებას პერსონალური ავიალაინერის ფონზე აკეთებდა, რომლითაც ჩარტერულ რეისებს ასრულებდა მისთვის სასურველი მიმართულებებით. მისი გუნდის წევრები დღეს დროს ამ უაზრო ვიზიტების გამართლებაში ხარჯავენ. 1 საათი ფრენის ფასი ჩარტერული რეისით მცირე მანძლზე 5000 ევროს შეადგენს, დიდ მანძილზე 8-9000 ევროს და კიდევ უფრო მეტს, გააჩნია საფრენ ბორტს. ნიუ-იორკამდე საფრენი მინიმუმ 11 სთ-ია, ესე იგი გამოდის, რომ მთლიან დელეგაციას დაუხარჯავს ის თანხა სასტუმროიანად, რასაც სააკაშვილი მარტო გადაფრენაში ხარჯავდა. მხოლოდ მოცემული მაგალითიც კი საკმარისია შედარებისათვის, თუ როგორ ხარჯავენ მთავრობები ბიუჯეტის ფულს. ფულის დახარჯვის გარეშე ვერანაირი აქტივობა ვერ განხორციელდება. ამიტომ, გარდა კითხვისა, თუ რამდენი ფული დაიხარჯა ამა თუ იმ ვიზიტზე ან აქტივობაზე, მალე ხალხში გაჩნდება კითხვაც, თუ რა მივიღეთ (ვიყიდეთ) ამ ფულით. გარდა მოგზაურობის ხარჯების რეალურ მაჩვენებლებამდე დაყვანისა, ახალმა მთავრობამ ერთი პრინციპული სიახლეც შემოგვთავაზა. სააკაშვილის ვოიაჟებისთვის ჩვეული იყო ვიზიტის გაშუქებაზე ზრუნვა, რაც ტელეჟურნალისტების წაყვანასა და ვიზიტში ჩართვას გულისხმობდა, რომლის ხარჯებსაც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებები ანაზღაურებდნენ, ძირითადად კი მთავრობის სარეზერვო ფონდი. დღეს ჟურნალისტები დელეგაციებს მხოლოდ საკუთარი ხარჯებით მიყვებიან და სახელმწიფო ბიუჯეტი ამ ზედმეტი ხარჯისგან თავისუფალია.
სიახლეა ხარჯების გამჭვირვალობაც, როდესაც დღეს აღარავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის მოპოვება ნებისმიერ საბიუჯეტო ხარჯთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც წინა ხელისუფლების დროს თანხები ძირითადად არამიზნობრივად, შეუსაბამო უწყებიდან და „საიდუმლო“ გრიფით იხარჯებოდა. გამჭვირვალობა და წინა ხელისუფლების ხარჯების გამოქვეყნება საშუალებას აძლევს არამხოლოდ ცალკეულ ანგაჟირებულ პოლიტიკოსებს, არამედ რიგით მოქალაქეებს, შეაფასოს მთავრობის საქმიანობა, გაწეული ხარჯი და მისი ეფექტურობა. ასეთი შეფასება საზღვრავს ელექტორატის დამოკიდებულებას პოლიტიკური ფიგურების, პარტიებისა და ხელისუფლების მიმართ.